რაოდენ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, ჯერ კიდევ ერთი საუკუნით ადრე, სანამ ევროპის ქვეყნები საერთო ფულად ერთეულზე შეთანხმებოდნენ და ევროკავშირის ოფიციალურ ვალუტად ევროს გამოაცხადებდნენ, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთიანი ფინანსური სისტემა ჰქონდათ. ამიერკავკასიის ამ სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს საერთო ფულადი ერთეული აერთიანებდა. ფულის ნიშნებზე წარწერები განთავსებული იყო ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, რათა ისინი გასაგები ყოფილიყო ამიერკავკასიაში მცხოვრები ყველა ხალხისათვის.
ამიერკავკასიის ერთიანი ფინანსური სისტემა ორჯერ – 1918 და 1924 წლებში შეიქმნა და ორივეჯერ რეგიონში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო დაიშალა. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიაში ქართველმა მეცნიერმა, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა წარმოადგინა.
28-30 მარტს სომხეთმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: „სომხეთი, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინი: ისტორიულ-კულტურული კავშირები“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: სომხეთის მეცნიერებათა აკადემია, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო-ანალიტიკური ფონდი „გეღარდი“ და „ორბელის ცენტრი“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც სომხეთის სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრების წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-დან, ბელორუსიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, იტალიიდან, რუსეთის ფედერაციიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან და სხვ. აღნიშნულ სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოდან 9 მეცნიერი მონაწილეობდა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოხსენება – „ამიერკავკასიის უნიფიცირებული ფინანსური სისტემა (1918-1919 და 1923-1924 წლები)“, კონფერენციის პირველ დღეს, სექციაში: „სომხეთი – გლობალური და რეგიონული ეკონომიკური და პოლიტიკური დინამიკის ჩარჩოში“ იყო წარმოდგენილი. ქართველმა მეცნიერმა მიმოიხილა ის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, რამაც განაპირობა ამიერკავკასიის ერთიანი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება ორჯერ, პირველად – 1918 წლის დასაწყისიდან 1919 წლის ზაფხულამდე, ხოლო მეორედ – 1923 წლის დასაწყისიდან 1924 წლის ზაფხულამდე. პარალელურად, ვიზუალური თვალსაჩინოებისათვის, მონიტორზე წარმოადგინა პრეზენტაცია, თუ როგორ გამოიყურებოდა ამიერკავკასიური ქაღალდის ფულადი ნიშნები.
„სად იყო ევრო, როდესაც ამიერკავკასიაში საერთო ვალუტა გვქონდა? უნიფიცირებული ფინანსური სისტემის შექმნით და ფუნქციონირებით, საუკუნისწინანდელი ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები წარმოჩინდნენ ნოვატორებად მსოფლიო მასშტაბით. მე, როგორც ქართველი, გულწრფელად ვისურვებდი, რომ ამიერკავკასიელებმა კვლავაც შევძლოთ პოზიციათა დაახლოება და ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ და კულტურის სფეროებში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
როგორც ნიკოლოს ჯავახიშვილი განმარტავს, მისი კვლევა ეყრდნობა საარქივო მასალას – იმდროინდელ სამეცნიერო ლიტერატურასა და პრესას. აგრეთვე შეისწავლა ამიერკავკასიის კომისარიატის (1918-1919 წწ) და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (1923-1924 წწ) დროს გამოშვებული ბანკნოტებისა და ობლიგაციების ნიმუშები.
“კვლევის მიზანია, ამ რეგიონის ერთიანი ფინანსური სისტემის ისტორიის ძირითადი საკითხების შესწავლა, რომლებიც, ბოლო დრომდე, არ გამხდარა სპეციალური შესწავლის ობიექტი”, – განუცხადა მეცნიერმა Dalma News-ს.
ამიერკავკასიის ერთიანი ფინანსური სისტემის პირველი ეტაპი 1918 წლის 29 იანვრიდან 1919 წლის 11 ივლისამდე გაგრძელდა. ამიერკავკასიის კომისარიატის ობლიგაციები მიმოქცევაში დარჩა და მათი ბეჭდვა გაგრძელდა მაშინაც, როცა ამიერკავკასია, როგორც ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობდა. ეს მრავალი გარემოებით იყო განპირობებული, თუმცა, ამ ფენომენს ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე.
“თითოეული რესპუბლიკის ცალკეულ ფულად ერთეულთან შედარებით, ამიერკავკასიის ობლიგაციებს ბევრი უპირატესობა ჰქონდა. დროთა განმავლობაში, მიუხედავად გარკვეული სარგებლისა, რაც ამიერკავკასიაში ფინანსური ერთიანობის განვითარებამ მოიტანა, ამ გარემოებამ შეზღუდა სუვერენული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა სავალუტო სფეროში და, შესაბამისად, შემდგომი შენარჩუნება ვერ მოხერხდა”, – ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მისივე თქმით, საერთო ფულადი ერთეული 1918 წლის 29 იანვრიდან 26 მაისამდე იბეჭდებოდა ამიერკავკასიის კომისარიატისა და ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, ხოლო 1918 წლის 26 მაისიდან 1919 წლის 11 ივლისამდე ობლიგაციები იბეჭდებოდა ამიერკავკასიის სამი დამოუკიდებელი რესპუბლიკის – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფინანსური შეთანხმების საფუძველზე. ამიერკავკასიის რესპუბლიკები ერთიანი სავალუტო სისტემის შემოღებას 4 წლის შემდეგ შეეცადნენ. ერთიანი ფედერალური ვალუტის შემოღების მომხრეები თვლიდნენ, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერ გავლენას მოახდენდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკების აღორძინებაზე და ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
“1923 წლის 10 იანვარს ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების საკავშირო საბჭომ ერთიანი ბანკნოტების გამოშვების დადგენილება მიიღო. ფინანსურ გაერთიანებას მნიშვნელოვანი გავლენა არ შეეძლო ფედერაციაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკის ზრდაზე. უფრო მეტიც, ფინანსურმა კრიზისმა დაიწყო გაღრმავება, ინფლაცია ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა, ფასები ქაოსურად მატულობდა, მაგრამ ცენტრალური კავკასიის ერთიანი ფინანსური სისტემის საბოლოოდ გაუქმების მთავარი მიზეზი, ამიერკავკასიის ვალუტის გაუფასურებასთან ერთად მოსკოვის პოზიცია იყო”, – ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
საქმე იმაშია, რომ 1924 წლის 4 აპრილის დადგენილებით სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის დავალებით ამიერკავკასიაში დაიწყო ფულადი რეფორმა, შედეგად, 14 აპრილს შეწყდა ადგილობრივი ფულის ბეჭდვა. ფედერალური ვალუტა სსრკ რუბლით შეიცვალა.
“ამიერკავკასიის ერთიანი ფინანსური სისტემა ძირითადად პოზიტიურ როლს თამაშობდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცხოვრებაში. იქნებ დადგეს ისეთი დრო, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობამ დაისადგუროს და სამივე ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს… ღმერთმა ინებოს!”, – ამბობს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
ქართველი მეცნიერი სომეხი კოლეგების მხრიდან გამოჩენილ მასპინძლობას დადებითად აფასებს. იმავე საღამოს გულთბილი შეხვედრა გაიმართა მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში, რომელსაც ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საკუთარი მონოგრაფია: „ქართულ-ბალტიკური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები“ (2019) უსახსოვრა.
“კონფერენციაზე ჩასული სტუმრების მიმართ მასპინძლებმა სანიმუშო სტუმართმოყვარეობა და ყურადღება გამოიჩინეს. ამას ქართველი დელეგატები გამორჩეულად ვგრძნობდით. შთამბეჭდავი იყო ჩვენი სტუმრობა მატენადარანში (ხელნაწერთა ინსტიტუტი), ასევე, ექსკურსიები გეღარდსა და გარნიში და სხვ”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
იგი მადლობას უხდის: პროფესორ გორ მარგარიანს, აკადემიკოს აშოტ მელქონიანს (სომხეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს), სამეცნიერო-ანალიტიკური ფონდის „გეღარდის“ დირექტორს რობერტ ღაზარიანს და დოქტორ ჰარუთიუნ ხუდანიანს.
შორენა პაპაშვილი