წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ კვლავ კარგად გამოცდილ ხრიკს მიმართავს. მოგეხსენებათ საქართველოში 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, შესაბამისად, მმართველ პარტიას საკუთარი ელექტორატის შენარჩუნება სასიცოცხლოდ სჭირდება. ამიტომ, ის კვლავ ქმნის მოლოდინს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში რუსულ-ქართული ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება.
მოსკოვთან ურთიერთობების მოწესრიგება იყო 2011 წელს ამ პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც, თუმცა ამ მიმართულებით პროცესები „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ ეკონომიკურ ნაწილს ვერ გასცდა. რუსულმა მხარემ მაშინ მკვეთრად დააფიქსირა, რომ ამ ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო პოლიტიკური საკითხების განხილვას არ აპირებდა.
მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გზავნილი იყოს ის, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს მისი კონფლიქტური რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და ყველა იმ დიდ სახელმწიფოსთან ცდილობს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, რომლებიც შესაძლოა, ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობის პოტენციურ ამღიარებლებად მოიაზრებოდნენ, მათ შორის არის ჩინეთი და ინდოეთი. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა მხოლოდ ინერციის ხარჯზე გრძელდება და ხელისუფლება ამ მიმართულებით ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს.
„აბაშიძე-კარასინის ფორმატი“ თითქმის 12 წელია არსებობს, ბოლო ხანებში შეხვედრები საერთოდ შეწყდა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კი, კერძო ბიზნესის ინტერესების სფეროდ იქცა. ამასობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე საკადრო ცვლილება განხორციელდა. ზურაბ აბაშიძემ 12-წლიანი მუშაობის შემდეგ თავად ითხოვა თანამდებობიდან წასვლა. იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, თუმცა აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე კვლავაც გააგრძელებს მუშაობას.
გიორგი ქაჯაია რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.
როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, “ქართული ოცნება” განაგრძობს პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ეკონომიკის მიმართულებით კონკრეტული ამოცანების განხორციელება. სწორედ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით მისცა მან ახალ მრჩეველს მითითებები. უცნობია, როგორია რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგების “ოცნებისეული” სტრატეგია.
“თქვენ იცით, როგორია ურთიერთობების რეჟიმი, ამ რეჟიმის ფარგლებში ჩვენ გვინდა ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამას ეხება ის მითითებები, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო მიცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში საკუთარი ვერსიები აქვთ. ერთ-ერთის თანახმად, გიორგი ქაჯაია პირადად კარასინის რეკომენდაციით დანიშნეს, რადგან ქაჯაია წლების განმავლობაში მოსკოვში მუშაობდა. ის რუსეთში ე.წ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული პირია. ხელმძღვანელობდა მოსკოვში მოქმედ საქართველოს ინტერესების სექციას. ეს ყოველივე კი, ოპოზიციის ლიდერების აზრით, აჩენს ეჭვს, რომ ახალ პრემიერს – ირაკლი კობახიძეს რუსეთთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს, რომ ის მოსკოვთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს.
“ქართული ოცნება” კვლავ თავის მართლების პოზიციაშია. როცა საქმე საქართველო-რუსეთის დიალოგს ეხება, ხელისუფლება მომენტალურად გაუბედავი ხდება. მმართველი პარტიის ლიდერებს უჭირთ იმის ხმამაღლა აღიარება, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება პოლიტიკური ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია. პრორუსულის იარლიყი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია “ოცნებას” ასეთ მომენტებში მიაკრავს ხოლმე, ხელისუფლებას შიშის ზარს სცემს. ახლა კი, წინასაარჩევნოდ ის კვლავ ცდილობს ამომრჩევლის დარწმუნებას იმაში, რომ არჩევნების შემდგომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს.
“ქართული ოცნება” საკუთარ თავთან აშკარა წინააღმდეგობაშია. რა შეიცვლება არჩევნების შემდგომ, მაშინ, როცა არჩევნების წინ მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთთან არანაირი ურთიერთობები არ აქვთ და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
“არანაირი ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ აქ გაღრმავებაზე არ არის საუბარი, საუბარია მთავარ გამოწვევაზე და პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში არის – რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ტერიტორია”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებლის – გულბაათ რცხილაძის შეფასებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი დიდი ხანია აღარ მუშაობს, ის ფაქტობრივად გაუქმებული იყო. ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც ბევრს აღარაფერს ნიშნავს, ამდენად, არ გამორიცხავს, რომ ეს საკადრო ცვლილება მართლაც „ოცნების“ წინასაარჩევნო მანევრი იყოს. თუმცა თავად ზურაბ აბაშიძეს დიდი ხანია პენსიაზე უნდოდა გასვლა, ახალმა პრემიერმაც მისი სურვილი დააკმაყოფილა.
„მან მიიღო მრჩევლის რანგი და ლამაზი, თბილი ადგილი. ისედაც ეს ფორმატი გაჩერებული იყო და არანაირი ვალდებულება აბაშიძეს არ ჰქონდა. ბატონი ზურაბი პატივით გაუშვეს“, – ამბობს Dalma News-თან საუბრისას გულბაათ რცხილაძე.
მისი აზრით, დღეს, რუსეთის ფედერაციასთან საჭიროა პირდაპირი საუბარი და არა ახალი ფორმატების გამოგონება, რისთვისაც მზაობა არც ერთი მხრიდან არ იგრძნობა. რუსულ-ქართული ურთიერთობები მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესებს ემსახურება. ამგვარად, მმართველი პარტია ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოწესრიგების მხოლოდ ილუზიას ქმნის, რომელიც სახელმწიფოებრივ სტრატეგიას არ ემყარება.
„ბიზნესინტერესები პოლიტიკოსების ინტერესებთანაა გადახლართული. პოლიტიკა ჩვენთან არის დიდი ბიზნესი”, – აცხადებს რცხილაძე.
იქონია თუ არა გავლენა ამ ფორმატის შეჩერებაზე უკრაინის მოვლენებმა?
გულბაათ რცხილაძის აზრით, ერთი მეორეს არაფრით უკავშირდება, რა თქმა უნდა, უკრაინის ომი მიზანმიმართულად თუ არ გამოიყენეს ამ ფორმატისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად.
„რუსეთს ყოველთვის ჰქონდა პრობლემა უკრაინასთან. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ არ უერთდება სანქციებს, მაშინ რატომ შეეშალა ხელი მოლაპარაკებებს? მზაობა რუსეთის მხრიდან არის გარკვეული მიმართულებებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქართული მხარე რაღაც პრობლემებშია, პროცესები მიშვებულია. მზაობა არის, მაგრამ ინიციატივა არა”, – აცხადებს გულბაათ რცხილაძე.
მისივე თქმით, საჭიროა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთს აქვს საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში. საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო გარკვეული ფორმულირებით აღედგინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები სწორედ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის საელჩოების მუშაობას კონფლიქტურ რეგიონებში. ეს უფრო გააძლიერებდა საქართველოს პოზიციებს.
„რუსეთმა ფაქტობრივად „3+3 ფორმატის“ ინიციატივით ხელი მოაწერა იმას, რომ კავკასიაში არის საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რუსეთის სს მინისტრმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო უნდა შემოუერთდეს ამ ფორმატს. ვერ გავიგე, ვის ინტერესშია დაფიქსირდეს, რომ ამიერკავკასიაში არის 3 სახელმწიფო და არა 5 – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ ფორმატით რუსეთმა ნაწილობრივ უკვე აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ახლა ჯერი საქართველოზეა, როგორ გამოიყენებს ამ ფაქტს ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებისთვის სასარგებლოდ“, – აცხადებს გულბაათ რცხილაძე.
მისივე თქმით, არავინ იცის რა იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ეს არც „ოცნებამ“ იცის. იმ შემთხვევაშიც კი, “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებში უმრავლესობა რომ მოიპოვოს, საეჭვოა, აღიარებს თუ არა მის გამარჯვებას დასავლეთი. არჩევნების შემდგომ, რცხილაძე საქართველოში მაინც და მაინც კარგი პროცესების განვითარებას არ ელოდება.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა. პრემიერის №1543 ბრძანების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.
თავდაპირველად, საქართველო-რუსეთს შორის, პირდაპირი დიალოგი მოიცავდა სამ, ნათლად გამოკვეთილ და ერთ ბუნდოვან მიმართულებას – სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირებს, ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებს. მეოთხე იყო „თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები“.
გიორგი ქართველი