სომხეთის საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი საკვალიფიკაციო – ამჯერად ევროპული ეტაპი დაასრულა. გუნდის თამაშში ახალმა მწვრთნელმა, ალექსანდრე პეტრაკოვმა ბევრი სიახლე შემოიტანა და საერთო ჯამში, შედეგი შეიძლება დადებითად ჩაითვალოს. თუმცა, სომხური ფეხბურთის ძველი დაავადებები, გაუგებარი წარუმატებლობები, როგორც გაირკვა, არ გამქრალა.
მწვრთნელი და მისი გუნდი
სომხეთის ნაკრებმა გულშემატკივრებს უდიდესი საერთაშორისო ტურნირის ფინალში გასვლის იმედი კიდევ ერთხელ მისცა (ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე), თუმცა სამწუხარო “ტრადიცია” არ დაარღვია და დიდი გაჭირვებით მოპოვებული წარმატება ისევ ქარს გაატანა.
და ეს იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ გუნდს ბოლოსდაბოლოს სერიოზული მწვრთნელი ეღირსა. ვინ აღარ იყო ამ თანამდებობაზე – გუნდის ყოფილი მოთამაშიდან დაწყებული, რომელსაც არც საერთაშორისო გამოცდილება აკლდა და არც მედლები, აშკარა თაღლითებით დამთავრებული. რაც შეეხება ალექსანდრე პეტრაკოვს, მან თავისი პროფესიონალიზმი მაშინ აჩვენა, როცა უკრაინის 20-წლამდე ვაჟთა ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახადა. არავინ თქვას, რომ მოზარდთა ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე -ახალგაზრდული.
შესარჩევ ტურში ჩვენი გუნდი (თუ გულშემატკივრების ემოციურ მოლოდინებს ყურადღებას არ მივაქცევთ და ობიექტურები ვიქნებით) ღირსეულად გამოიყურებოდა, მათ შორის წაგებულ მატჩებშიც. მასპინძელ უელსთან გამარჯვება და მასპინძელ თურქეთთან ფრე, მხოლოდ შეწებას იმსახურებს.
თუმცა ე. წ. ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და ლატვიასთან, მის მოედანზე 2:0 დამარცხდნენ. ალბსთ, იტყვის მკითხველი: ვის აე მოსდის, ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, “დასჯა არ შეიძლება, უნდა შეიწყალო”. ასეც არის, მაგრამ გავიხსენოთ ეროვნული ნაკრების წაგებების სერია სხვადასხვა წლებში – მალტაში, გიბრალტარში, ფრე ესტონეთთან და სამი (!) ფრე ლიხტენშტეინთან. კიდევ ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ.
მოგვიანებით პეტრაკოვმა თქვა, რომ არ მოსწონდა ფეხბურთელების დამოკიდებულება როგორც მატჩიდ, ისე ერთმანეთის მიმართ. ეს ერთგვარი სარკასტული დამოკიდებულება იყო. ამგვარად, ბრძენმა მწვრთნელმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ალბათ პეტრაკოვმა უნდა გადახედოს ეროვნული ნაკრების თამაშების ბოლო წლების სტატისტიკას, გააანალიზოს აუხსნელი მარცხების სერია.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია – ნამდვილად არის სპორტი აპოლიტიკური?
ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ 2018 წლიდან “სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის” კონცეფციაში გაცილებით მეტი პოლიტიკაა, ვიდრე სპორტი. ხელისუფლებაში მოსულმა ხავერდოვანმა რევოლუციონერებმა გაათავისუფლეს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რუბენ ჰაირაპეტიანი, რომელმაც, მიუხედავად მისი გურკვეველი ფიგურისა, სომხური ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა. შემდეგი იყო არტურ ვანეციანი და როცა იდეოლოგიურ ამხანაგებთან ურთიერთობა გაუარესდა და ოპოზიციაში გადავიდა, მისი ადგილი ლოიალურმა არმენ მელიქბეკიანმა დაიკავა. მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ დავასკვნათ: “ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს პირველ რიგში აინტერესებთ”.
არაფერს ვიტყვით იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ფედერაციამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რადგან, ზოგადად, სათქმელი არაფერია. მხოლოდ ერთი: წინა მწვრთნელის, ესპანელი ხოაკინ კაპაროსის დანიშვნა წარმოუდგენელი პომპეზურობით, თითქმის გასაიდუმლოებულ ატმოსფეროში მოხდა – ახალი მწვრთნელის სახელი ბოლო მომენტამდე არ ცხადდებოდა. ინტრიგა იმდენად გამძაფრდა, თითქოს ჩვენთან თავად მაურინიო, ან გვარდიოლა აპირებდა მოსვლას.
ძალიან მალე გაირკვა, რომ კაპაროსი ვერ ასრულებდა მოვალეობას. ამასთანავე ფედერაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იგი მუშაობდა ესპანეთის ლა ლიგის რამდენიმე კლუბში, თუმცა არაფერი თქვა იმაზე, რომ კაპაროსი ამ კლუბებში მხოლოდ თითო წელს მუშაობდა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დროს, სომხეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მყოფი კლუბები ტურნირიდან სწორედ ტურნირის დროს იხსნებიან. თუ არ ვცდები, ხუთი გუნდია ასეთი და ახლა ფედერაციასა და სომხეთის ყველაზე ცნობილ კლუბს – “პიუნიკს” შორის პოზიციური “ომია” გაჩაღებული. კლუბის პრეზიდენტმა არტურ სოგომონიანმა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას რაღაც ვერ ასიამოვნა. ალბათ, იმით, რომ სომხურ ფეხბურთზე ზრუნავს და მზად არის მისთვის იბრძოლოს.
მაგალითად, სოგომონიანს არ ესიამოვმა ის ფაქტი, რომ საკონფერენციო ლიგის ჯგუფური ეტაპის “პიუნიკი” – “ბაზელის” მატჩის წინ, სომხურ კლუბს უარი უთხრეს ავანში მდებარე საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ვარჯიშზე, ხოლო მისი მეტოქე ძალიან კარგად მიიღეს. გარდა ამისა, რესპუბლიკის სტადიონზე “პიუნიკისთვის” გადამწყვეტი მატჩის საყურებლად, ფედერაციის ხელმძღვანელობიდან არავინ მისულა. ესწრებოდა მხოლოდ არმენ მელიქბეკიანი, რომელიც მივიდა “ბაზელის” პრეზიდენტთან სასაუბროდ.
და მაინც, გასაკვირია არჩევანის ალექსანდრე პეტრაკოვზე შეჩერება. პროფესიონალი, რომელიც შეიძლება არ იყოს გლობალური მასშტაბით, მაგრამ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები.
მისცემენ პეტრაკოვს მუშაობის საშუალებას?
დავუბრუნდეთ ახალ მწვრთნელს და სომხეთის ნაკრების შედეგებს. ბევრჯერ ითქვა, რომ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, ისინი სრულად შეესაბამებიან ეროვნული ნაკრების დღევანდელ დონეს. მაგრამ ხვალინდელი დღის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, მიეცემა თუ არა პეტრაკოვს მუშაობის უფლება.
მან გუნდის აგება თავისი ხედვის მიხედვით დაიწყო და პირველი შედეგები უკვე შესამჩნევია: შემადგენლობა დასტაბილურდა, ხოლო სომხური ფეხბურთის ტრადიციულად ყველაზე სუსტ რგოლში – დაცვაში პროგრესია. ამ შესარჩევ ტურში ბევრად უკეთესია: აროიანი, ტიკნიზიანი და მკრტჩიანი. ისინი თავის საქმეს აკეთებენ.
შეტევაც უფრო ეფექტურია. ჰენრიხ მხითარიანის წასვლა, რა თქმა უნდა, უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბმა სელარიანთან და სპერციანთან აქტიური თამაშით ხარისხის დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა მოახერხა. საგოლე შანსების პროცენტული მაჩვენებელი სასურველია უკეთესი იყოს (რამაც სომხებს უელსთან საშინაო მატჩში გამარჯვება წაართვა), თუმცა ამაზე მუშაობა შეიძლება და საჭიროც არის.
ისღა დაგვრჩენია ვისურვოთ, რომ ალექსანდრე პეტრაკოვს მუშაობის საშუალება მიეცეს. წინ ერთა ლიგა გველის (რომელიც თამაშის მექანიზმის დახვეწისა და შემადგენლობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა), მის შემდეგ კი ისევ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია. ვფიქრობ, თუ კიდევ ერთი არასასურველი სიურპრიზი არ მოხდა, შედეგებს ვიხილავთ.
რუვენ გიულმისარიან