მიილია 2023 წელიც თავისი მიღწევებითა და ჩავარდნებით, აშენებული გზებით თუ ჯერ კიდევ დაუძლეველი უმუშევრობის პრობლემით, იზრდება ციფრები, მაგრამ არ მცირდება სიღარიბე. Dalma News–ი გთავაზობთ ეკონომიკის სფეროს ექსპერტების – გიორგი ცუცქირიძისა და ნიკა შენგელიას შეფასებებს იმაზე, თუ როგორი იყო 2023 წელი და რას უნდა ველოდეთ 2024 წლისთვის?
გიორგი ცუცქირიძე: ეს წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ წელს უნდა ეჩვენებინა რამდენად მზარდი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დინამიკა. 2020 წელს, როდესაც კოვიდ პანდემიური შოკი იყო, ჩვენ ძალიან დიდი ვარდნა გვქონდა. შემდეგ 2022 წელს გვქონდა ორნიშნა ზრდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო 2023 წელი, თუ როგორ გაგრძელდებოდა ზრდის დინამიკა, გამოვიდოდა თუ არა ეკონომიკა რეცესიული ციკლიდან. 2020 წელს თითქმის 7%-იანი ვარდნა გვქონდა, საგარეო ვალი გაზრდილი იყო 39%-დან 61 %-მდე. იმის გამო, რომ ეკონომიკა ჩაიკეტა, იძულებული ვიყავით ვალები აგვეღო საჭმლის ბიზნესის მხარდასაჭერად და მეორე – ბიუჯეტის დეფიციტი. რომელიც 3%-დან ერთბაშად 9%-მდე ავარდა.
2023 წელს, 2019 წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტი, როგორც მომსახურების, ისე საქონლის ექსპორტი. აქ ველოდებით რომ შემოსავალი 6 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც მთავარია, ბიუჯეტის დეფიციტი დავიდა 3%-ზე რაც არ იყო მარტივად მისაღწევი. არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო ვალი, რომელიც 38%-მდე შემცირდა. ამ მონაცემებს თუ შევხედავთ, ეკონომიკა გამოვიდა საბოლოოდ რეცესიული ციკლიდან, ამით არის 2023 წელი წარმატებული.
ასევე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს სხვა მაჩვენებლები, ეს არის უმუშევრობის შემცირება. უმუშევრობა 2020 წელს სერიოზული პრობლემა იყო მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც. საქართველოში ეს მაჩვენებელი შემცირებულია 15%-მდე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ინფლაცია. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მაღალი ფასები. დღეს ინფლაცია, ფაქტობრივად 1%-ის ფარგლებში გვაქვს.
ნიკა შენგელია: 3 კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 14,7 %-ით არის გაზრდილი, აქედან ექსპორტის ზრდა არის 11%, იმპორტის – 16,3%-მდე. ჩავიხედოთ დეტალებში, თუ რამ გაზარდა ექსპორტი? პირველ ადგილზეა ავტომობილების ექსპორტი. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა ავტომობილებს არ აწარმოებს, აშკარაა, რომ ავტომობილების იმპორტის ზრდა გამოიწვია იმ სანქციებმა, რომელიც დაწესებული აქვს ჩვენ მეზობელ ქვეყანას – რუსეთს. ავტომობილების ექსპორტი გაზრდილია ყაზახეთისა და უზბეკეთის მიმართულებით. შესაბამისად, იქიდან ხვდებიან რუსეთის ბაზარზე. ციფრები გაზრდილია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდს ვერაფერს წარმოადგენს. რაც შეეხება, ინფლაციას – 0,8%-ის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია ფაქტობრივად არ გვაქვს, მაგრამ ვერც ეს არის დიდად მოსაწონი, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დაბალია, ფასები არის საკმაოდ მაღალი.
უმუშევრობის დონე შემცირებულია იმის ხარჯზე, რომ 26 000 კომპანია გახსნეს საქართველოში რუსეთის ემიგრირებულმა მოსახლეობამ. ამას დამატებული მთავრობის დასაქმების პროგრამა, როდესაც სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასეთი დაახლოებით 30 000 ადამიანია აღრიცხული. მაგრამ, რეალურად რომ დავაკვირდეთ, შრომისუნარიანი ადამიანების მხოლოდ 41 %-ია საქართველოში დასაქმებული, დანარჩენები, ან გადიან ქვეყნიდან, ან სამსახურს ვერ პოულობენ.
რაც შეეხება ვალუტის კურსს, აქ გვაქვს შედარებით სტაბილური მდგომარეობა. აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსი 2.68 – 2.72 -ის ფარგლებში დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება. თუ გადავხედავთ იმასაც, რომ 2024 წელი საარჩევნო წელია ვალუტის კურსის მერყეობა დიდად არ იქნება მოსალოდნელი.
რომელ უარყოფით შედეგს გამოყოფდით?
გიორგი ცუცქირიძე: პირველი პრობლემა არის სამუშაო ძალის პრობლემა. ხელფასები გაზრდილია მნიშვნელოვნად, როგორც საჯარო ისე კომერციულ სექტორში, საშუალო ხელფასი 1700 ლარამდეა, მაგრამ დასაქმების პრობლემა მაინც არსებობს. ბევრი ბიზნესკომპანია უჩივის იმას, რომ სამუშაო ძალა ქვეყანაში არის პრობლემა და შრომითი მიგრაცია გრძელდება. მომავალ წლებში სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტა მოგვიწევს. გაზრდილი ეკონომიკა ქმნის სამუშაო ძალის მოთხოვნას. სამუშაო ძალის დეფიციტი თუ შექმნა, შეიქმნება ინვესტიციების პრობლემაც, იმიტომ, რომ ბიზნესმენები დასაქმების ბაზარს უყურებენ. გაზრდილი ეკონომიკა საჭიროებს სამუშაო ძალის ადეკვატურ შევსებას. ევროკავშირის დონის ხელფასები, არც დღეს გვაქვს და არც ხვალ გვექნება, მაგრამ მაღალი ხელფასების გამო, ყველა თუ ევროპაში წავიდა, აქ, მალე, სამუშაო ძალის სერიოზული პრობლემა გვექნება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელიც მომავალ წელს არის მოსალოდნელი, ჩვენთან მოლაპარაკების ფანჯარა გაიხსნება. ამ პერიოდში ხდება ძალიან დიდი დახმარებების გამოყოფა, ბევრი ინვესტიცია შემოვა ევროკავშირიდან, დიდი პერსპექტივა გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. მომსახურების სფერო არის სარეკორდო, დაახლოებით 6 მლრდ-ს ასცდება. ტურიზმმა ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო – 4,4 მლრდ დოლარი მთლიანი მომსახურების ექსპორტში. ჩვენ მივიღებთ ახალ ფაბულას, სადაც ტურისტები იქნებიან უკვე ევროკავშირის ქვეყნებიდან. 2030 წლამდე ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. საერთო ჯამში 2023-ის ეკონომიკურ წელს პოზიტიურად ვაფასებ.
ნიკა შენგელია: დიახ, კომპანიები აკეთებენ განცხადებას, რომ საქართველოში საჭირო კადრებს ვერ პოულობენ. გამოსავალი არის ის, რომ საქართველოში უნდა გაძლიერდეს პროფესიული კუთხით განათლების მიწოდება და ის სპეციალისტები აღიზარდონ, რომლებიც ქვეყანას რეალურად სჭირდება, იქნებიან მშენებლები, ელექტრიკოსები, ელექტროშემდუღებლები თუ სხვა. საქართველოში ბევრი უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, მაგრამ ძირითადი მიმართულება არის იურიდიული, საბანკო საქმე და სამედიცინო. ეს არ არის ის პროფესიები, რომელიც დღეს ქვეყანას ასეთი დიდი რაოდენობით სჭირდება. არ გვყავს აგრონომები, ასეთი ჩავარდნები რომელ სფეროშიც არის, იმას სჭირდება მიხედვა.
რა არის 2023 წლის მიღწევა?
ნიკა შენგელია: მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც მოსახლეობაზე აისახა, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები. გაკეთდა რიკოთის გვირაბი, ეს ძალიან დიდი შვებაა. ბევრ სოფელში ისეთ ადგილას არის გაკეთებული გზები, სადაც 40 წლის წინ, საერთოდ არ იყო გზა. ყველაფერი ეს კარგია, ჩვენი ეკონომიკა თუ იზრდებოდა წელიწადში 4,5%-ით (არ ვგულისხმობ პანდემიის შემდგომ ზრდას, რაც უკავშირდება ტრანსაქციებს, ემიგრანტებისგან გადმორიცხვებსა და რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას), ეს ხდებოდა იმ ვალუტის ხარჯზე, რასაც ქვეყანა იღებდა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
რა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა?
გიორგი ცუცქირიძე: ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიიღებდა, თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? პოლიტიკური რყევები, რომელიც ქვეყანაში იყო, სამწუხაროდ, არ შემიძლია არ ვთქვა, ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა, ხელს უშლის პირველ რიგში საინვესტიციო გარემოს და ინვესტორებსაც სიფრთხილისკენ უბიძგებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სიგნალია. ინვესტორი უყურებს რისკებს, ქვეყანა როდესაც იწყებს გაწევრიანების პროცედურას, ეს არის საგარეო რისკების შემცირება, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე. ყველაზე მეტი ინვესტიცია, სწორედ ამ პერიოდში შემოვა.
როგორი იყო 2023 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის?
ნიკა შენგელია: არ ვცდებით იმ ტრადიციას, რასაც ჰქვია ციფრების ეკონომიკა. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრები პოზიტიურია, მაგრამ ეს ზრდა ვერ აისახება მოსახლეობაზე.
რას უნდა ველოდოთ 2024 წელს?
გიორგი ცუცქირიძე: საარჩევნო წელს ახასიათებს თავისი სპეციფიკა. როგორი იქნება 2024 წლის ეკონომიკური წელი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი პოლიტიკური პროცესები განვითარდება ქვეყანაში. თუ არჩევნებს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, ავტომატურად მივიღებთ გაწევრიანების ფანჯარას და მინიმუმ 2028 წლისთვის ქვეყანა გააორმაგებს დღევანდელ მშპ-ს. ეს არის 2-3-ჯერ გაზრდილი ხელფასები. სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს წინსვლა. ის პოლიტიკური ხაზი, რომელსაც ახორციელებს: ბიზნესის მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი. უკვე უნდა დაიწყოს ფინანსური ინოვაციები, რაც საშუალო და მცირე ბიზნესს საშუალებას მისცემს ალტერნატიული ფინანსური რესურსები იშოვოს და ბანკის კრედიტზე არ იყოს ძალიან დამოკიდებული.
ნიკა შენგელია: მთავარ მოვლენად ქვეყნისთვის შეიძლება შევაფასოთ სტატუსის მიღება, თუმცა ის მოგვანიჭეს გეოპოლიტიკური ვითარების გამო. გათვლა იყოს ის, რომ თუ საქართველოს არ მიანიჭებდნენ სტატუსს, ის რუსეთისკენ გადადგამდა ნაბიჯებს. არ მგონია, რომ სტატუსის მონიჭების გამო, 2024 წლისთვის დიდი ცვლილებები გვქონდეს ეკონომიკაში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პრობლემა არის ფულად საკრედიტო პოლიტიკის არასწორი კურსი. ინფლაცია 1%-იც არ არის და საპროცენტო განაკვეთი 9,5%-მდე ჩამოიყვანეს, მაშინ, როდესაც თავისუფლად შეიძლება 4,5 %-მდე იყოს და ეკონომიკას განვითარების საშუალება მისცენ. უფრო მეტი ფული შეუშვან ეკონომიკაში. საქართველოს ეროვნული ბანკი არასოდეს ყოფილა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში ჩაბმული, ის უფრო არის კომერციული ბანკების ინტერესების გამტარებელი, რომ გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
ქვეყნის მთავარი პრობლემაა ნეპოტიზმი და არაპროფესიონალი კადრები გარკვეულ თანამდებობებზე, რაც არც 2024 წლისთვის შეიცვლება. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ქვეყანაში რომ რამე კარგი კეთდებოდეს, ჯერჯერობით არ შეინიშნება. პროგრამა „აწარმოვე საქართველოს ფარგლებში“ გახსნილი საწარმოების 50 პროცენტი ფაქტობრივად გაჩერებულია. ძალიან მეშინია საარჩევნო პერიოდის, რომ არ ვიხილოთ არჩევნების გაყალბება, რასაც აუცილებლად მოჰყვება ნეგატიური პროცესები ეკონომიკაში. ინვესტორები არ უყურებენ მარტო ეკონომიკურ ციფრებს, ისინი კარგად ხედავს, რომ მშპ-ს ზრდაში მარტო თბილისის რეგიონის წილი არის 50%-ზე მეტი. ეს არ არის ეკონომიკის სწორი გათვლა, სამრეწველო სიმძლავრე რეგიონებზე სწორად არ არის გადანაწილებული. ინვესტორი იმასაც უყურებს, თუ როგორია სასამართლო სისტემა, რამდენად სამართლიანია კანონმდებლობა. სერიოზული ინვესტორი ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა, რომ რომელიმე რეგიონში დასაქმების კუთხით ბუმი მოეხდინა. ინვესტიციები ძირითადად სარესტორნო ბიზნესში იდება.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი