საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის გზაზე მწვანე შუქი აენთო. მართალია ჯერჯერობით მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზეა საუბარია, მაგრამ ესეც დიდ ძალისხმევას საჭიროებს ისეთი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც გეოგრაფიული მდებარეობა (როგორც 1 წლის წინ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღნიშნავდა), ამ კავშირში შესასვლელად მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.
2023 წლის 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„გვაქვს ხელშესახები ნაბიჯები, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული საბჭო. მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ეს ჩემი მთავარი გზავნილია. ევროკავშირის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2022 წლის მარტში მიმართა. იმავე წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ხელისუფლება მისი და ქართველი ხალხის დამსახურებად მიიჩნევს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მიიღო და მმართველი პარტია “ქართული ოცნება” აქ არაფერ შუაშია.
ურსულა ფონ დერ ლაიენმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, რაც ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
არსად წასულა არც ის 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ ერთი წლის წინ მიიღო ევროკომისიისგან, თუმცა, იქვე აღინიშნა, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა. უფრო მეტიც, გაჩნდა შედარებით ახალია რეკომენდაციები: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა.
ექსპერტთა ნაწილის აზრით, როდესაც საუბარია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, ევროკომისიის წევრებს მხედველობაში აქვთ ის ბრალდება, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობდა. “ქართული ოცნების” ოპონენტების აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარკვეულწილად აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. აქამდე საქართველოს ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკა სინქრონული ჰქონდა. ეს მინიშნებები შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია.
12 პუნქტიდან მთავარი საკითხები ისევ გადმოტანილია ევროკომისიის ანგარიშში და ამჯერად 9 პირობაშია თავმოყრილი. შეუსრულებელი 5 პუნქტი დღესაც აქტუალურია. შესაბამისად, ისინი შესრულებულად ვერ ჩაითვალა, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. სასამართლო რეფორმა კვლავ დღის წესრიგშია, კვლავ რეფორმაა გასატარებელი იუსტიციის საბჭოსა და პროკურატურაში. დეოლიგარქიზაციის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ, გასაკეთებელია ბევრია; ასევე საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე და ასე შემდეგ.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოუწევს ქვეყანას და მის საზოგადოებას. უპირველესად კი, უნდა ითქვას, რომ საქართველომ და ქართველმა ხალმა, მიუხედავად ბევრი სირთულისა, შეძლო ამ დღემდე მოსვლა. ანალიტიკოსის აზრით, ბევრჯერ იყო რისკი იმისა, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი დახურულიყო გაურკვეველი ვადით ან სამუდამოდ.
ალაფიშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, უფრო მეტიც, კიდევ უფრო მუხლჩაუხრელი, პასუხისმგებლობიანი საქმიანობითა და მიდგომებით მოუწევს ქვეყანას უახლოესი პერიოდის გავლა, მათ შორის, 15 დეკემბრამდე პერიოდის.
“ამ შეფასებით ევროპამ, სინამდვილეში, კი არ შეამცირა რეკომენდაციები, არამედ გამოიკვეთა ისეთი სურათი, რომ ამ ერთ წელიწადში ჩვენ გავაუარესეთ მდგომარეობა. გაჩნდა ჩანაწერი ეროვნული ბანკისა და კომისიების მიმართ. რეალურად არ დარჩა პოლიტიკის მიღმა არაპოლიტიკური, კონსტიტუციური ორგანო, რომლის პოლიტიკურ ლოიალობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეჭვით არ უყურებდეს ევროპა. ეს ნიშნავს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა – სასამართლო, ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი კომისიები – ყველაფერი ერთი პარტიის სამსახურშიაო, – ეს თქვა ევროპამ. ეს გაუარესებაა რეალურად ჩემთვის და არ მგონია, რომ მარტო ვიყო ამ მოსაზრებაში”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეებს, ამ სტატუსის მიღებით საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ და თავისი პასიურობით საქმე არ უნდა გააფუჭონ, ამის მერე მეტად პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და მეტი შრომაა საჭირო ქართული საზოგადოების მხრიდან.
“ვიყოთ მეტად პასუხისმგებლობიანი, თუ ვინმეს საქმეს არ აკეთებს, მოვთხოვოთ. ჩავერთოთ პროცესებში, იქნება ეს საჯარო დისკუსია, შეხვედრები და სხვა. ევროკავშირის წევრობა არ არის ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ამოცანა, ეს საერთო საქმეა”, – ამბობს ალაფიშვილი.
მისივე თქმით, მთელს ამ პროცესში წამყვანი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, შემდეგ კი, დანარჩენ პოლიტიკოსებს.
„სტატუსის მიღებით უფრო სერიოზული საკითხების გადაწყვეტა მოგვიწევს, იგივე ეკონომიკური, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ინსტიტუციური რეფორმები, დაახლოება ევროკავშირთან, რაც კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს მოითხოვს“, – აცხადებს ალაფიშვილი.
მისივე შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარება ერთ-ერთი საკითხია ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში. ეს იკითხებოდა კიდეც ევროპელი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებში.
„ევროპა აღარ დაუშვებს რუსეთს მისცეს საშუალება თავად აწესებდეს წესებს და ამით ცვლიდეს საერთაშორისო წესრიგს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არის გაფორმებული უკვე გაეროს თუ სხვა ორგანიზაციების ფარგლებში“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ კომპრომისულია. მისი აზრით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება.
„ქართველი ხალხი ირჩევს იმ პარტიას, რომელსაც ის ენდობა. ამ შემთხვევაში ეს არის „ქართული ოცნება“, რომელსაც 2012 წლიდან ყველა არჩევნებში ხმას აძლევს. ამ ბობოქარი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს არაფერი დაუკარგავს. ქვეყნის ხელისუფლება არის მშვიდობიანი, სტაბილური ეკონომიკის, პოლიტიკის განმახორციელებელი. საქართველო არის მშვიდობიან რელსებზე“, – ამბობს გია აბაშიძე.
მისი აზრით, იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, მაგრამ მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს არაფერი დაუკარგავს.
ბოლო ხანებში “ქართული ოცნების” ლიდერთა მხრიდან ირიბად მიმდინარეობდა საზოგადოების მომზადება ნეგატიური სცენარისთვის. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან ალიანსში მყოფი რადიკალური ძალები ქვეყანაში ახალი რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის მოქმედებას დაიწყებდნენ.
Dalma News-ის კითხვაზე, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციით ოპოზიციის რევოლუციური სცენარი ჩაიშალა თუ არა, გია აბაშიძემ განაცხადა, რომ “ნაცოპოზიცია” ნებისმიერ მიზეზს, ნებისმიერ შემთხვევას გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება ააყირაონ.
“ისინი დგანან ყველანაირი დესტრუქციის მხარეს”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
შორენა პაპაშვილი