საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიისგან მორიგი შენიშვნა მიიღო, რომლის შინაარსი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ „რეფორმის სტრატეგია ზედმეტი შეფერხების გარეშე“ განახორციელონ. ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში დადებითად აფასებს „ზოგადი სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში შეტანილ ცვლილებებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ „მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაციები ჯერაც არ არის გათვალისწინებული“, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, რაც “ქართული ოცნების” მთავრობამ, არც ივნისში და არც სექტემბრის ცვლილებების პროექტში არ გაითვალისწინა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებობს არაკეთილსინდისიერების ბრალდება. ვენეციის კომისიაში მიაჩნიათ, რომ გადასახედია საბჭოს წევრთა უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესი. რაც მთავარია, რეფორმის პროცესში ყველა შესაბამისი, დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული.
მეორე საკვანძო რეკომენდაცია ითვალისწინებს მოსამართლეთა გადაყვანის ან მივლინებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას, რაც კვლავ შეუსრულებელი რჩება.
მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულად შეფასდა, ხოლო ნაწილობრივ შესრულდა მეოთხე რეკომენდაცია – მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ნაწილობრივ შესრულებულად არის შეფასებული მეხუთე რეკომენდაციაც, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეფასებები მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეფასებით, საქართველოს სასამართლო, მართლმსაჯულების სისტემა რეიტინგებში არის მოწინავე პოზიციებზე. ხოლო, რაც შეეხება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას, მისივე მოსაზრებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არის “ჩიხში შემყვანი ფორმულა”.
ვენეციის კომისიის შენიშვნები მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ განუხილავთ, თუმცა, ვოლსკის თქმით, ბევრი რეფორმა განხორციელდა და კიდევ არაერთია ინიციირებული იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც გულისხმობს ვენეციის კომისია.
“არც ერთი ფაქტი, რომ სასამართლოში არსებობს პოლიტიკური მიკერძოება, ან არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია ან პროფესიონალიზმი, არსად წერია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ის მექანიზმი, როცა ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილიც 2/3- ით და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, (ორმაგი 2/3 – ით ხდება გადაწყვეტილების მიღება), მე პირადად ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების ვერ მიღების, ჩიხში შემყვანი ფორმულა”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ქმედითი სასამართლო და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები.
საპარლამენტო ოპოზიციაში აღიარებენ, რომ “ოცნების” მხრიდან ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციები შესრულებულია, თუმცა, ძირითადი რეკომენდაციები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და ამას სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხი სჭირდება.
“ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რათა სტატუსი ვერ მივიღოთ. ხელისუფლება რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ამის გამო, შესაძლოა, სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ყოფილა, თურმე, ოპოზიციის დაგეგმილი. ძალიან მარტივი საკითხია, შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი შეთქმულება არ იქნება“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე.
ნანა კაკაბაძემDalma News-ის კითხვაზე არის თუ არა ქართული სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ვინ რას გულისხმობს „პოლიტიკურ გავლენაში“. მედიაში მიმდინარე კამპანიები მოსამართლისა თუ სასამართლოს წინააღმდეგ, თავისთავად არის გავლენის მცდელობა სასამართლოზე, მეორე საკითხია ვინ ექვემდებარება „ბულინგს“ და ვინ არა.
მისივე შეფასებით, სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობა ღიად დაფიქსირდა საქართველოში კელი დეგნანის ელჩობის პერიოდში, როდესაც აშშ-ს ელჩმა მოსამართლე დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. კაკაბაძის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში.
„რა თქმა უნდა არის პოლიტიკური გავლენები. ხელისუფლება საუბრობს აგენტურაზე – გავლენის მქონე პირებზე. სასამართლოზე ვხედავთ საგარეო პოლიტიკური გავლენის მცდელობებს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩაყენებული ქართული მართლმსაჯულება, მარტო ერთი მხრიდან – ხელისუფლების მხრიდან გავლენის მოხსნა ვერ გაათავისუფლებს სასამართლოს, ვერ გახდება ის დამოუკიდებელი, თუ მოსამართლის დამოუკიდებლობა არ იქნება უზრუნველყოფილი“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, იმ მოსამართლის განცხადება, რომელმაც ღიად თქვა, რომ აშშ-ს საელჩოში დაიბარეს და მოსთხოვეს განმარტებები, მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ასეთი ჩარევების შესაჩერებლად.
„მან ფაქტობრივად ამხილა ის, ვინც ცდილობდა მასზე გავლენის მოხდენას. ამას ხელისუფლება უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოჰკიდებოდა. კარგი იქნებოდა ამ ფაქტს საპროტესტო ნოტა მოჰყოლოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მიემართათ ევროსაბჭოსთვის, ვენეციის კომისიასა და ევროპარლამენტში გაეგზავნათ ინფორმაცია, რომ ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი. მსგავს ფაქტებს სჭირდება ფართოდ გახმაურება და არა უჯრაში შენახვა“, – ამბობს კაკაბაძე.
მისი აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ზედმეტია საუბარია, სანამ არ შეწყდება არაკონსტიტუციური და უკანონო ჩარევები, მით უმეტეს, გარე აქტორების მხრიდან.
საინტერესოა, რამდენად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი რეაგირებაც კი,ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აღიქმება. სავარაუდოა, რომ სასამართლო რეფორმა ყოველთვის იქნება ის საკითხი, რომელსაც გარე აქტორები გამოიყენებენ ბერკეტად საქართველოს მათთვის არასასურველი ხელისუფლებების წინააღმდეგ ევროინტეგრაციის გზაზე.
ნანა კაკაბაძის აზრით, როდესაც გეუბნებიან 2×2=15-ო და არ გაქვს ძალა დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ არსებულ მდგომარეობა არის ტრაგიკომიკური. ერთი მხრივ, სასამართლო რეფორმირების თვალსაზრისით საქართველო რეიტინგებში წინ მიიწევს, ხოლო მეორე მხრივ, ვხედავთ წმინდად პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს, როდესაც “საქართველოს ამუნათებენ.
“მაგრამ აქ მთავარია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ყველა მეგობრული რჩევა და არა პოლიტიკური შიგთავსი, რაც ახასიათებს ვენეციის კომისიას, ბრიუსელი სხვადასხვა სტრუქტურებს”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე შეფასებით, საქართველო ახორციელებს იმ რეფორმებს, რაც უნდა გატარდეს თანამედროვე დასავლური სტანდარტებით, მაგრამ, ისევე, როგორც უნგრეთში და პოლონეთში, ზედმეტი ევრო-კრატიული ჩარევა არ არის მისაღები, ამას საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.
„როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის, ან აშშ-ს საელჩოში გიბარებენ, რაღაც ნოტაციების წასაკითხად, იქ უკვე დამთავრებულია შენი პოლიტიკური საზოგადოებრივი გავლენა. ჩვენ და ჩვენს წინა თაობას გვახსოვს რა იყო კომუნისტური პოლიტბიურო, ნოტაციები, ინსტრუქციები, მაგრამ ახალი თაობა არ მიიღებს არავის პოლიტიკურ დაკვეთას, ამაში ძალიან ცდებიან ჩვენი ე.წ. მეგობრები“, – ამბობს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ისიც იხილა, როცა ვენეციის კომისია და ევროკომისია ვერ შეთანხმდნენ დეოლიგარქიზაციის, რომელიც ფორმა იქნებოდა საქართველოსთვის კარგი.
“აქ იყო ძალიან დიდი ჩავარდნა თვითონ ევროპელი ბიუროკრატებისთვის. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვიკითხოთ, რა არის საქართველოსთვის სასარგებლო და რა არა. ეს უნდა ვკითხოთ ევროპელ ბიუროკრატებს“, – აცხადებს გია აბაშიძე.
შ. ქარჩავა