პოეტი და მთარგმნელი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების საპატიო წევრი გივი შაჰნაზარი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ძველი თბილისის კოლორიტში მთლიანად და სამუდამოდ ჩაეწერა. აკი თავადაც ამბობს, რომ ძველი თბილისი მისი მშობლიური ქალაქი და ცოცხალი მუზეუმია. ადამიანის უპირველეს ღირსებად მშობლიური ენის ცოდნას მიიჩნევს, თავის თავს კი, 2 ერის შვილის სტატუსის ღირსეულ მატარებლად.
„მე, როგორც ორი უძველესი ერის შვილი მათი ურთიერთობის ბევრი გზის კვალში მადევრის როლს ვერასოდეს ვუღალატებ“, – წერს გივი შაჰნაზარი თავის დღიურში.
ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გივი შაჰნაზარს “ხელოვნების ქურუმის” წოდება მიენიჭა. ის ასევე არის, საქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი, საგურამოსა და მაჩაბლის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 23 აგვისტოს მას 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი პოეტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიულოცა.
„მისი თარგმანები არ არის მხოლოდ ნათარგმნი ლიტერატურა, ეს ქართული პატიოსნებით გაჯერებული პოეტური სიტყვაა. განუმეორებელი სტილი, სიტყვისა და ფრაზის სწორად შერჩევა მის თარგმანებს ორიგინალს ამსგავსებს და მკითხველს ზედმიწევნით ზუსტად აცნობს არაქართველ ავტორთა შემოქმედებას. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივისცემითა და მადლიერებით ულოცავს ბატონ გივი შაჰნაზარს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას”, – ნათქვამია წერილში.
გივი შაჰნაზარის სახელი ყველა წიგნიერმა ქართველმა იცის. ის არის პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატორი, მწიგნობარი, რომლის ადამიანურ მაგალითებსა და შემოქმედებაზე არაერთი თაობა აღიზარდა.
მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 60 წელზე მეტია, იგი სომხური, რუსული, ოსური და აფხაზური პოეზიის მთარგმნელია. პირველი თარგმანები 1952 წელს გამოაქვეყნა. გივი შაჰნაზარის თარგმანებს შორის აღსანიშნავია: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების – გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის ნაწარმოებები; მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზეთუნციანის, ჟ. არუთინიანის პიესები.
გივი შაჰნაზარს 1989 წელს მიენიჭა ეღიშე ჩარენცის სახელობის პრემია, 1998 წელს კი – ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია.
“დაბადებული ადამიანი თვითონაც უნდა იყოს მზესავით, ყველანი ხომ სინათლეს და მზეს შევნატრით? უშურველები უნდა ვიყოთ ყველას მიმართ ყოველმხრივ, ადამიანური ურთიერთობების აურა უნდა იქმნებოდეს შენს გარშემო. ეს განცდა ადამიანური ურთიერთობებისა, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება”, – ამბობს გივი შაჰნაზარი.
ლიტერატურა ბავშვობიდან მისი დიდ სიყვარულად იქცა. 13 წლის იყო, როდესაც პირველად, შემთხვევით მოხვდა მწერალთა კავშირში და ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და პოეტების ცრემლნარევი გამოსვლები მოისმინა. ეს იყო სტალინური რეპრესიების სახელით ცნობილი XX საუკუნის 30-იანი წლები. მერე იყო მეორე მსოფლიო ომი და სიდუხჭირე.
“მშობლები საკუთარი ცხოვრების მაგალითით გვაჩვენებდნენ თუ, როგორ უნდა გვეცხოვრა, როგორ გვყვარებოდა დედმამიშვილებს ერთმანეთს. თუ კი რამ ეფუძნება ცხოვრების აზრსა და სიყვარულს, ეს არის ის, რომ დედმამიშვილები სიცოცხლის ბოლომდე უერთმანეთოდ არ უნდა იყვნენ. ეს იყო ჯილდო ჩვენი ცხოვრების. ჩვენი სულიერება ყალიბდებოდა მშობლების ერთმანეთისადმი სიყვარულითა და პატივისცემით, არ აშინებდათ ხელმოკლეობაც კი”, – ამბობს გივი შაჰნაზარი.
იგი დედით ქართველია. თავის შემოქმედებასაც ქართულ შემოქმედებად მიიჩნევს.
“ჩვენი გვარის ხალხი ქართველ ქალებს ირთავდნენ, დედა – მარიამი ქართველი იყო, ბებია – მაკაც. ძირძველი თბილისელები ვართ. ისეთი, სოფელიც კი, რომ არ ჰქონდათ. ამის გამო, ომის წლებში თავის რჩენა ძალიან გაგვიჭირდა. შეძლებული მამიდა მყავდა და ის გვეხმარებოდა”, – იხსენებს უკვე ასაკოვანი პოეტი.
ენების ნიჭი მამისგან ერგო. მამამისმა ბევრი ენა იცოდა, უმეტესად კავკასიური ენები, თუმცა თურქულსა და სპარსულსაც ფლობდა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სომხური ენა გივი შაჰნაზარმა უნივერსიტეტში ისწავლა.
“სომხური ენა, რაც ვიცოდი, ცოდნას ვერ ვუწოდებდი. სანამ უნივერსიტეტში შევიდოდი და სპეციალურად არმენოლოგიას დავამთავრებდი, “ბარო-მაროს” მეტი არაფერი ვიცოდი. სომხური ენა მერე ვისწავლე, სალაპარაკო მიჭირდა და პასიური, წიგნის ენა ვიცოდი, ასე ვთარგმნიდი, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით. ზოგადად, ჩემი შემოქმედება ქართული შემოქმედებაა… ვერ დავიკვეხნი, რომ გადასარევად ვიცი სომხური სალაპარაკო ენა, მაგრამ გაქცეულს კი მოვაბრუნებ. ასევე ვიტყოდი რუსულზეც”, – ამბობს გივი შაჰნაზარი.
“ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი ადამიანი, ვინც კი შემხვედრია ცხოვრების განმავლობაში. დაიბადა ან ჩამოყალიბდა მხოლოდ გამორჩეულად დადებითი თვისებებით შემკულ ადამიანად და მხოლოდ იმისათვის, რათა თავისი უხვი სიყვარული, სიკეთე, ერთგულება, სითბო, ცოდნა, გონიერი რჩევა და უცდომელი შეფასება უშურველად, დაუზარლად გაგიზიაროს”, – ასე ახასიათებენ მეგობრები გივი შაჰნაზარს და “ძვირფას გიგუშად” მოიხსენიებენ.
პოეტი თამარ გაბროშვილი Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ გივი შაჰნაზარის დახმარებით გაიცნო მისი შემოქმედება სომეხმა მკითხველმა.
„2010 წელს ჩემი შვილი ერევანში ოლიმპიადაზე მიდიოდა და მეც მივყვებოდი. გივი შაჰნაზარს ვუთხარი, – სომხეთში მივდივარ და ვინმეს ხომ არ იცნობთ, რომ ჩემი შემოქმედება გავაცნო იქაურ მწერლებს -მეთქი. მომცა სათვისტომოს ნომერი, მაყვალა გევორქოვა-სააკიანს დაუკავშირდიო. რომ ჩავედი, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები მატარებელთან დამხვდნენ. მათ გავატანე ჩემი წიგნი ქალბატონ მაყვალასთან. მეორე დღეს თავად დამირეკა და თავისი აღფრთოვანება გამოხატა ჩემი წიგნის მიმართ. მისი თარგმნის უფლება მთხოვა“, – ამბობს თამარ გაბროშვილი.
ამგვარად გაუკაფა გზა გივი შაჰნაზარმა ქართველ მწერალს სომეხი მკითხველის გულებისკენ. თამარ გაბროშვილის წიგნი ერევანში სომხურად გამოიცა და იქაური მკითხველის ინტერესი და სიყვარულიც მოიპოვა.
“ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაზე გივი შაჰნაზარი ყოველდღიურად ზრუნავს. ეს არის ძალიან გულიანი, პროფესიონალი ადამიანი. მისი ბუნებაა სიკეთის კეთება“, – ამბობს თამარ გაბროშვილი.
სომხეთის და საქართველოს მწერალთა კავშირების წევრი, პოეტი და მთარგმნელი ნინო სპანდერაშვილი გივი შაჰნაზარს თარგმნის დიდოსტატს, სომხურ-ქართული მეგობრობის გზამკვლევს, ლიტერატურული ხიდების მშენებელს უწოდებს.
“გივი შაჰნაზარი ორი უძველესი ერის შვილი და ქართულ-სომხური ურთიერთობის კვალში მდევარია. მისი სიტყვებით, ღმერთს ეს ორი ქრისტიანი ერი, თავისი უძველესი კულტურით, სამყაროს გადასარჩენადაც შეუქმნია. ქართველებისა და სომხების უკვდავება ამ ორი ერის ურთიერთშორის სიმტკიცითაა განპირობებული და ხსნის ერთადერთ გზას წარმოადგენს. მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, გივი შაჰნაზარი უანგაროდ ემსახურება ქართულ ენას”, – განუცხადა Dalma News-ს ნინო სპანდერაშვილმა.
მისი თქმით, გივი შაჰნაზარი ხაზს უსვამს მთარგმნელის მიერ მწერლის არჩევის, სათარგმნი მასალის სიღრმისა და განწყობის სათარგმნ ენაზე გადატანის მნიშვნელობას. თარგმნის განუმეორებელი სტილის, სიტყვების სწორი და შესაბამისი შერჩევის წყალობით, მისი თარგმანები ქართველი მკითხველის სამაგიდო წიგნებად იქცა. მათ შორისაა მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს მიკუთვნებული სომეხი ლირიკოსის, ნაჰაპეტ ქუჩაკის სატრფიალო „ას ერთი ჰაერენი“, ნაწყვეტები გრიგორ ნარეკაცის „ტრაგედიის მატიანე“-დან და სხვ.
“გივი შაჰნაზარს უზომოდ ენატრება ძველი თბილისი, ამ ქალაქისთვის თანდაყოლილი საოცარი თვისებები, ღირებულებები და ღირსებები, თბილისური ურთიერთობები, სადაც ყველაფერი იყო უფრო ამაღლებული. მზეგრძელობა ამაგდარ მთარგმნელს და თბილისის კოლორიტ გივი შაჰნაზარს, დიდხანს დამტკბარიყოს ნამდვილი თბილისური სიყვარულითა და განწყობით”, – ამბობს ნინო სპანდერაშვილი.
შორენა პაპაშვილი