რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შექმნილი „რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს“ სხდომა 19 სექტემბერს ვლადიკავკაზში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს გავლით სატრანსპორტო კავშირების გაფართოება, კერძოდ, გაიხსნას რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზა ცხინვალის გავლით.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების თვალსაზრისით შემდეგი შეთავაზებები წარმოადგინა. მათ შორის, ყოველწლიური საბორნე მიმოსვლა, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და თურქეთთან დააკავშირებს, დაგეგმარების გვიან და რეალიზაციის ადრეულს სტადიაზეა. ამ ეტაპზე ამოქმედდება 150 ავტომობილსა და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი.
“ეს მოაგვარებს საქართველოსთან ლოჯისტიკის პრობლემას”, – განაცხადა მან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციასაც. მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, აშენდეს თუ არა ახალი რკინიგზა ინგუშეთის (ჩრდილოეთ კავკასია) გავლით, თუ გაიხსნას ძველი რკინიგზა აფხაზეთის გავლით, რაც პადალკოს აზრით, ეს იქნება “გარღვევის მომენტი”.
გარდა ამისა, ავიაკომპანიებს მოსთხოვეს შეამცირონ ბილეთების ფასები მგზავრებისთვის, რომლებიც მგზავრობენ ორივე მიმართულებით რუსეთსა და საქართველოს შორის. ტრანზიტში ჩართულმა ბიზნესმენებმა მოითხოვა ლარსის გამშვები პუნქტი აღიჭურვოს ელექტრონული ტვირთის გაფორმების შესაძლებლობით; აღდგეს ავტომობილების ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის – ცხინვალის რეგიონის გავლით.
სხდომაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დიასპორის ხელმძღვანელ დავით ცეცხლაძის შეფასებით, საქართველო ხდება ეკონომიკური ჰაბი და მიმზიდველი. როგორც ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ისე ინვესტიციების მიმართულებით .
“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ საქართველო მაქსიმუმს აკეთებს და რუსული მხარეც, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, შემხვედრ ნაბიჯებს დგამს”, – აცხადებს დავით ცეცხლაძე.
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით ქართული დიასპორა რუსეთში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით.
“საბჭოს სხდომა არ უნდა აღვიქვათ, რომ ეს არის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პროდუქტი. მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები არ გამართულა ორ ქვეყანას შორის. ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს წინ უნდა უძღოდეს მნიშვნელოვანი ფორმატები. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ოდესმე გვეღირსოს და დაიწყოს ქართულ-რუსული მოლაპარაკებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასის განსაზღვრა”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, საგზაო მიმოსვლა იქნება, რკინიგზა თუ გაზსადენი, ან ნავთობსადენი, ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო ურთიერთობა არის პოლიტიკური ფასის განმსაზღვრელი პირობა. აქედან გამომდინარე, თუ კი დიასპორული ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები დააჩქარონ და რეალურ პოლიტიკას იმპულსი მიანიჭონ, ლორთქიფანიძის შეფასებით, მხოლოდ მისასალმებელია.
“მეც, ჩემს კოლეგებთან ერთად, არაერთხელ დამიყენებია, მაგალითად ერგნეთის ბაზრობის რეაბილიტაციის საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნო, რომ სამოქალაქო რეინტეგრაციის პროცესები ძალიან სწრაფი და დიდი ნაბიჯებით ვითარდებოდა, მაშინ, როდესაც ეს ბაზრობა მოქმედებდა. თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მიხეილ მაჭავარიანისა და ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, ეს ბაზრობა დაიხურა იმ მოტივით, თითქოს ის საქართველოს ეკონომიკაში “შავ ხვრელებს” ქმნიდა. სინამდვილეში მოიშალა ის მთავარი კომუნიკაციური ღერძი, რომელსაც ქართველი და ოსი უნდა შეერიგებინა”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
შემდგომში, როცა საქართველოს ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოდიოდა, 2012 წლის 14 აგვისტოს მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორის კომბინატთან ხალხმრავალი შეკრება გამართა, სადაც საჯაროდ დადო პირობა, რომ აუცილებლად აღდგებოდა ერგნეთის ბაზრობა, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა. მაშინ, ივანიშვილის ამ დაპირებამ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა მოიპოვა.
“ეს არის სრულიად ნორმალური მოლოდინი, რომ ქართველებსა და ოსებს შორის, პოლიტიკური ნიადაგითა და მოტივით გაღვივებული შუღლი, რასაც ეთნოსს შორის ადგილი ნამდვილად არ აქვს, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრილიყო. მაგრამ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს თავისუფალი სავაჭრო ზონის გაკეთება – ერგნეთის ბაზრობის აღდგენა, რაც დააჩქარებდა ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვას”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
იგი დადებითად აფასებს რუსეთში ქართული დიასპორის მცდელობას და აქტიურ მონაწილეობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესების დაჩქარებაში.
რაც შეეხება უშუალოდ საბჭოს სხდომის მთავარ საკითხს – გაიხსნას რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზა ცხინვალის გავლით, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, თუმცა პოზიტიურია პათოსი. საჭიროა ყველა ასეთი საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში განიხილებოდეს.
“ჩვენ ტერიტორიები გვაქვს აღსადგენი. ეს ჩვენთვის “წითელი ხაზებია”. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ რეინტეგრაციის პროცესი იყო შეუქცევადი, არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ პოლიტიკური პირობით”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
აღსანიშნავია, რომ “რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო” რუსეთში მოქმედი ორგანიზაცისაა. ის 2023 წლის თებერვალში შეიქმნა. მის შემადგენლობაში, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების გარდა, რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენებიც შედიან. საბჭოს სხდომებში საქართველოში შექმნილი ბიზნეს კომპანიების ოფიციალური მონაწილეობა ჯერ არ დაფიქსირებულა. ოფიციალური მონაცემებით, საბჭოს ხელმძღვანელობს იური ბალაშოვი, რომელიც შპს ინოვაციური კომპანია RUMB-ის გამგეობის თავმჯდომარეა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პატარა კომპანია, რომელიც ძირითადად ჩართულია სანავიგაციო, მეტეოროლოგიური და გეოდეზიური აღჭურვილობის წარმოებაში.
გიორგი ქართველი