ჰონგ-კონგის, კატარის, სინგაპურის, ჩინეთისა და მალდივების მსგავსად ქალაქი წყალზე მალე ბათუმშიც გაშენდება. კონცეფცია გულისხმობს მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვასა და ბათუმის საზღვრების რამდენიმე ათეული ჰექტრით გაფართოებას, ბარცხანასა და თამარის დასახლებების სანაპირო აკვატორიის ათვისებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენებას.
პროექტს კომპანია Ambassadori Batumi Island-ი ახორციელებს. საქართველოს მთავრობასთან 2021 წლის 30 სექტემბერს გააფორმეს აღნაგობის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განკარგულ ქონებაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა (12 ჰა და 15 ჰა) და ერთი ხელოვნური კუნძულის (5 ჰა) შექმნას და მათ ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) ჯამურად არანაკლებ 500-ნომრიან სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, ზღვისპირა ბულვარს, საზოგადოებრივ პლაჟებს, აკვაპარკებს, იახტკლუბს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს. როგორც საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, ეს არის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი რეგიონში
აღსანიშნავია, რომ მდინარე ბარცხანიდან თამარის დასახლების სანაპირომდე არსებული საჯარო პლაჟის სიგრძე ამჟამად 1,7 კილომეტრია. მოცემული პროექტის მიხედვით, ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლის ხარჯზე ეს მაჩვენებელი გაორმაგდება 3,6 კილომეტრამდე.
“სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართობი: 20,0 ჰა-მდე; ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართობი: 20,0 ჰექტრამდე; ღუზას [ანჩორის] კუნძულის ფართობი: 10,0 ჰექტრამდე; დამცავი მოლის სიგრძე: 1,3 კილომეტრი; ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: მინიმუმ 100 მილიონი აშშ დოლარი; კუნძულზე 2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება”, – ვკითხულობთ პროექტის ანოტაციაში.
100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების ვადა 7 წელია. პირველი ეტაპი, რომელიც 2,5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გულისხმობს ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის მშენებლობას; მეორე ეტაპი 2-წლიანია და მოიცავს სამხრეთ ნახევარკუნძულის მშენებლობას, ხოლო III ეტაპი, დარჩენილ 2,5 წელში კუნძულისა და დამცავი მოლის აგებას. ნახევარკუნძულებზე დაგეგმილია კასკადური საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა.
ზღვის სიღრმეები თურქულმა კომპანია „ზემინ ტექნიკმა“ შეისწავლა. კუნძულის პროექტიც თურქულმა მხარემ, კომპანია „იუქსელ პროჟეს“ ინჟინრებმა დააპროექტეს.
„ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვისთვის. მთლიან სივრცეში უნდა გაშენდეს კუნძული, ამიტომ მთელი 2 წლის განმავლობაში ტალღების მიმოქცევას ვსწავლობდით. ბათუმი დიდი პროექტია, მაგრამ უფრო დიდზეც გვიმუშავია“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე შეფასებით შავი ზღვა საკმაოდ წყნარია. აჭარის სანაპიროს ეს ყველაზე შლილი სეგმენტია, რომელიც საუკეთესოდ არის დაცული ტალღებისგან და გამოირჩევა განსაკუთრებული სტაბილურობით სანაპირო მორფოდინამიკის თვალსაზრისით.
პროექტის საინჟინრო მოდელის ტესტირება, რომელსაც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობს ანკარაში 2023 წლის 21 ივლისს დაიწყო. ტესტები ტარდება ჰიდრავლიკურ ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ტალღის ავზითა და არხით. ნაკადის მოდელირების სისტემების ზომაა 40X0, 6X1.2 მეტრი.
მათივე ინფორმაციით, მოდელირების პროცესში გულდასმით განიხილება ორი ტალღის ურთიერთქმედება და იზომება სიჩქარე, რომლითაც ისინი ჰიდრავლიკურად გადახურდებიან. ტესტირებები 20 სექტემბრამდე გაგრძელდა.
„ამბასადორი ჯგუფის“ ქართველი იურისტების განმარტებით, ეს იქნება მსოფლიო მნიშვნელობისა და გამორჩეული არქიტექტურის მქონე ნიმუში, რომელიც ცნობილი იქნება მსოფლიოში. როგორც ირწმუნებიან, პროექტი ისე დაიგეგმა, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს. თუმცა ქართველ სპეციალისტებს პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები აქვთ.
გათვლა ძირითადად არის ბიზნესზე, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე, მაგრამ არის თუ არა მსგავსი მშენებლობა სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი და გლობალური ეკოლოგიური ცვლილებებისა და კატასტროფების პირობებში, საქართველოში, ახალი კატასტროფის ზონა ხომ არ შეიქმნება? ამ კითხვებით Dalma News-მა ოკეანოლოგ ნოდარ ძიძიკაშვილს მიმართა. მისი მთავარი კითხვაა, ხელოვნური კუნძულებისთვის მასალის ამოღებას საიდან აპირებენ?
ძიძიკაშვილის განმარტებით, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან მასალის ამოღება არ შეიძლება მყარი მასალის დეფიციტის გამო. მას შემდეგ, რაც მდინარე ჭოროხი ჰესებით დარეგულირდა, აჭარის მდინარეებს მყარი მასალა აღარ ჩამოაქვთ. ეს საფრთხეს უქმნის აჭარის სანაპიროს მომარაგებასაც. ნოდარ ძიძიკაშვილი კუნძულების პროექტს უარყოფითად აფასებს და მიმბაძველობას უწოდებს. მისი აზრით, პროექტის მიზანი თუ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა, უკეთესი იქნებოდა საქართველოს მთავრობას მაგ ლოკაციაზე ბათუმის ახალი პორტის აშენებაზე ეზრუნა და არა, ახალი ტურისტული ზონის შექმნაზე, თავისი მდიდრული ვილებითა და სასტუმროებით.
“მომავალი კუნძულის მშენებლობისთვის გათვალისწინებულ ადგილს ეძახიან „ბარცხანას“, სადაც მდინარე ბარცხანა ჩამოედინება. გასული საუკუნის 80-იან წლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვას“ დაგეგმილი ჰქონდა ბათუმის ახალი პორტის აშენება, რომელიც ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით ვერ აშენდა. ვისთვის შენდება ამდენი შენობები? საქართველოს მოსახლეობისთვის? ვინ უნდა იცხოვროს მანდ?”, – ამბობს ნოდარ ძიძიკაშვილი.
რაც შეეხება ბათუმის არსებული პორტის განვითარებას, რომელსაც უცხოური კომპანია მართავს, ძიძიკაშვილის განმარტებით, ის ექსტენსიურად ვერ გაფართოვდება, იმიტომ, რომ ის ქალაქის მარწუხებშია მოქცეული.
“კარგი იქნებოდა მთავრობას ბათუმის მეორე პორტის აშენებაზე ეზრუნა. რაც მეტი უპრობლემო პორტი იქნება მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ბათუმის არსებული პორტი პრობლემურია, რადგან სპეციალური ტალღები, „ტიაგუნი“ წარმოიქმნება, რომელიც საშიშია გემებისთვის. ხელოვნური კუნძულებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე კი, უპრობლემო პორტის აშენება არის შესაძლებელი. ამით სანაპირო ზოლსაც ეშველება. ფაქტობრივად ზღვას წავართმევდით ტერიტორიას და სავაჭრო ნავსადგურიც შეგვრჩებოდა”, – ამბობს ოკეანოლოგი და აქტუალურ კითხვას სვამს, – “რომელი სჯობს, აშენდეს საერთაშორისო დიდი პოტენციალის პორტი, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი იქნება, თუ სასტუმროები და ვილები უცხოელებისთვის?
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელოვნური კუნძული ბიზნესისთვის ერთჯერად მოგებას იძლევა, ხოლო სახელმწიფოსთვის შემოსავალს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით. რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურს, ის სხვადასხვა შემოსავლებით უზრუნველყოფს ქვეყანას გრძელვადიან პერიოდში.
ქართველი ოკეანოლოგი იხსენებს XX საუკუნის დასასრულს ექსპრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდს, როდესაც, თურქეთთან გაფორმდა საქართველოსთვის წამგებიანი ხელშეკრულება მდინარე ჭოროხის ჰესებით დარეგულირების შესახებ. ამ ხელშეკრულებით თურქეთმა ჭოროხზე ააშენა ათამდე ჰესი, რომელმაც შეწყვიტა ქალაქ ბათუმის პლაჟების მყარი მასალით მომარაგება.
„ბათუმის მთელი სანაპირო შექმნილია მდინარე ჭოროხის მიერ გამოტანილი მასალით. მაგრამ, ჰესებით დარეგულირების შემდეგ მდინარეს მყარი მასალა აღარ ჩამოაქვს და მოდის მხოლოდ წყლის ნაკადი. შესაბამისად, ბათუმის სანაპირო ვეღარ მარაგდება პლაჟწარმომქმნელი მასალით. დროთა განმავლობაში ეს პროცესები გართულდება. ბათუმის სანაპიროს მყარი მასალით მომარაგების სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როდესაც მდინარე აჭარისწყალზე კიდევ 2 ჰესი ააშენეს. შედეგად, აჭარისწყალსაც აღარ გამოაქვს ბათუმის პლაჟების მოსამარაგებლად საჭირო მასალა. ამ ვითარებას ემატება სამშენებლო ბუმი, რასაც ჭოროხიდან ამოღებული მასალა ხმარდება, ახლა კიდევ ხელოვნური კუნძულის იდეა”, – ამბობს ნოდარ ძიძიკაშვილი.
სპეციალისტის შეფასებით, მალე შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ბათუმის პლაჟები, დაიწყოს მათი ინტენსიური გარეცხვა. ამის სიმპტომები უკვე ჩანს ადლიაში, ბათუმის აეროპორტთან. გარდა ამისა, პლანეტაზე გლობალური დათბობის აქტიური პროცესია. მოსალოდნელია ზღვის დონის აწევა. იმ შემთხვევაში თუ დაიწყო შავი ზღვის დონის აწევა, დიდი საფრთხე ემუქრება ბათუმის და ფოთის სანაპიროებს, რადგან აქ არსებული შენობები ზღვის დონის აწევაზე გათვლილი არ არის. ყოველი წვიმის შემდეგ ბათუმი იტბორება. ბათუმსაც და ფოთსაც ზღვის დონესთან მიმართებით დახრილობა ფაქტობრივად არ გააჩნია.
“ბათუმს და ფოთს, ორივეს ერთი და იგივე პრობლემა აქვს. ზღვის დონის აწევასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ, რაზედაც მთავრობა ჯერჯერობით არ რეაგირებს. მთავრობას აქვს 4-წლიანი სამოქმედო გეგმები, არ აქვთ გრძელვადიანი ხედვები, რომ 25-30 წლით წინ იყურებოდნენ. თუმცა, ახლა შეიმუშავეს შვიდწლიანი „ხედვა-2030“, მაგრამ იქ ასეთი საკითხები არ არის განხილული”, – ამბობს იგი.
ძიძიკაშვილის აზრით, მნიშვნელოვანი პროექტები მთავრობებს მემკვიდრეობით უნდა გადაეცემოდეს. ასეთებია ინფრასტრუქტურული და სტრატეგიული პროექტები, რომლებსაც ხანგრძლივი ამორტიზაცია გააჩნიათ. ამასთან, ასეთი მასშტაბური პროექტების საჯარო განხილვები უნდა იმართებოდეს. მაგალითად, რომელი კარიერიდან მომარაგდება მშენებარე კუნძულისთვის მყარი მასალა? რა სიმსხო ექნება ამ მასალას, რადგან ყველა მასალა საამისოდ არ გამოდგება. ის უნდა შეესაბამებოდეს ბათუმისთვის დამახასიათებელ მასალის სიმსხოს, რომელიც თავის მხრივ კორელაციაში უნდა იყოს მშენებლობის ადგილზე სანაპიროს დახრილობასთან და ლითოდინამიკასთან․
ბათუმის სანაპიროსთან დუბაის პალმის კუნძულების მსგავსი ამბიციური პროექტისთვის – ხელოვნური კუნძულების არქიპელაგის ასაშენებლად საქართველოს მთავრობამ „საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. ცვლილებებით დარეგულირდება კუნძულების შექმნის, ფუნქციონირებისა და ლიკვიდაციის საკითხები.
შარშან აგვისტოში მთავრობამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა, კომპანია Ambassador Batumi Island-ს კი 90 ჰექტარი საზღვაო წყლები გადაეცა. შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღნაგობის უფლებით გადაეცა, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ არსებული, 891 258 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 551 965 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამომავლო მშენებლობის ადგილის მონახულებისას დასამახსოვრო კაფსულა პირადად ჩადო.
შორენა პაპაშვილი