საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს, დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 67,5%-ით გაიზარდა და 2,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (97,9 მლნ მეტი, ვიდრე 2023 წლის მარტის წინასწარი მონაცემებით), – ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის, “საქსტატის” კვლევაში.
“ინვესტიციების ზრდის მიზეზი არის კომპანიების საწესდებო კაპიტალის და რეინვესტირების ზრდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლიდერთა სამეული ასეთია:
ქვეყანა | მოცულობა, მლ. დოლარი | ინესტიციების წილი, % |
დიდი ბრიტანეთი | 437,0 | 20,8 |
ესპანეთი | 360,5 | 17,2 |
ნიდერლანდები | 196,2 | 9,4 |
საქართველოში ინვესტიციები შემოვიდა ასევე აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წამყვანი სექტორებია:
სექტორი | მლნ, აშშ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 538,0 | 25,6 |
უძრავი ქონება | 366,5 | 17,5 |
წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა | 197,2 | 9,4 |
გარდა ჩამოთვლილი სექტორებისა, 2022 წელს ინვესტიციები განხორციელდა აგრეთვე ვაჭრობაში, მშენებლობაში, ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, წარმოებაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.
“საქსტატში” აცხადებენ, რომ 2022 წელს ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რეინვესტირების დიდი მოცულობა, რომელიც 78,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (2021 წელს 772 მილიონი აშშ დოლარი).
ექსპერტების აზრით, რეინვესტირების დიდი მოცულობის მთავარი მიზეზი ქვეყანაში საგადასახადო სისტემის ე.წ. „ესტონური მოდელის“ დანერგვაა. ასე რომ, 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საწარმოები გათავისუფლდნენ მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისაგან, რომელიც წარმოების განვითარებაში იდება. გარდა ამისა, მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 15%-ია.
ეკონომიკის ექსპერტს იოსებ (სოსო) არჩვაძეს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებული კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორების ნდობა და ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო იზრდება, რასაც ინვესტიციების ზრდა ადასტურებს.
“უცხოურ ბიზნეს წრეებსა და ინვესტორებს აქვთ ხედვა საქართველოს, როგორც მათი ფინანსური საინვესტიციო ფონდების განთავსების ობიექტის შესახებ. ამიტომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი თავიანთ ეკონომიკურ სარგებელს საქართველოს უკავშირებენ. ეს აისახება არა მარტო უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე, არამედ მაკროეკონომიკური, მშპ-ის ზრდის მაჩვენებლებზეც. უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა ივნისში, იყო 7,7%. დაახლოებით 30 აგვისტოს ახალი მაჩვენებლები დაიდება და ვფიქრობ, წინა მაჩვენებლებისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება“, – განაცხადა ექსპერტმა ქართულ მედიასთან ინტერვიუში.
გარდა ამისა, არჩვაძის თქმით, თუ ინვესტიციების ხარისხობრივ მაჩვენებელს შევადარებთ, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, რაც მიუთითებს ქვეყნის ღრმა და სტაბილურ ჩართულობაზე მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში.
„უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვლსაზრისით, 2022 წელს მიღწეულია ისტორიული მაქსიმუმი – 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი. მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ 12%-ით შემცირდა. ჩვენთან კი 2021 წელთან შედარებით 1,7-ჯერ, ხოლო 2020 წელთან შედარებით 3,5-ჯერ გაიზარდა”, – დასძინა მან.
ინვესტიციებზე საუბრისას არჩვაძემ ორი გარემოება აღნიშნა: ადგილობრივი (შიდა) ინვესტიციები და უცხოეთიდან ფულადი ტრანზაქციების გაზრდილი მოცულობა.
„საინვესტიციო დატვირთვა უცხოეთიდან ფულადი ტრანზაქციების გაზრდილ მოცულობასაც აქვს. 90-იან წლებში ფულადი გზავნილები გამიზნული იყო ძირითადად პირველადი საჭიროების და კვების უზრუნველყოფის მიზნით სასურსათო კალათის ხარჯების დასაფარად. ამჟამად ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება: საინვესტიციო ფაქტორად, საცხოვრებელი ფართის ასაშენებლად, ან შესაკეთებლად, ბიზნესის დასაწყებად, ბავშვების ადგილობრივ თუ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მისაღებად“, – დასძინა მან.