2023 წლის 3 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა. ზაფხულის ცხელ დღეებს რაჭაში, შოვის კურორტს თავშეფარებული დამსვენებლები, ალბათ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საზარელი სტიქიის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ.
კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად ღვარცოფი 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 4 საათზე ჩამოწვა. სტიქიამ დაანგრია ხიდები, ინფრასტრუქტურა, შეიწირა ადამიანების სიცოცხლე. დაღუპულებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სტიქიიდან დაახლოებით 2-საათში შოვში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, მაშველები და საპოლიციო დანაყოფები იყო მობილიზებული. შოვიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს. დღის ბოლომდე, უსაფრთხო ადგილას 70 ადამიანის გადაყვანა მოხერხდა. 2 გარდაცვლილი იპოვეს. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ცხელი ხაზის შეიქმნა და მოსახლეობას სთხოვდნენ დაკარგული პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. შსს-ს ინფორმაციით, შოვის მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, ამ დროისთვის,18-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ასევე, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებიც.
სამაშველო ოპერაციის გაჭიანურებასთან ერთად რთულდება დაღუპულთა იდენტიფიცირება, ღვარცოფის მასიდან ამოღებული გვამები ცუდი მდგომარეობაშია.
ტრაგედიის ადგილზე ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები. პრემიერმა საზოგადოებას 410 გადარჩენილი ადამიანის შესახებ აცნობა. შოვში არ ჩასულა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ ტრაგედიას ორბელიანების სასახლიდან, ბრიფინგით გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მთავრობის საგანგებოს შტაბის გადაწყვეტილებით რაჭაში დაამონტაჟეს დროებითი ხიდი, თუმცა, საჯარისო ნაწილები და მაშველები მდინარის მეორე მხარეს ხიდის დამონტაჟებამდე გადაიყვანეს. გაიჭრა ახალი დროებითი გზაც, რომლითაც სტიქიის ადგილთან სხვა მხრიდან მისვლა გახდა შესაძლებელი. სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრი ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერებინეს, რათა საკუთარი თვალით ენახათ ღვარცოფის მიერ შექმნილი სურათი, თუ რა მძიმე პირობებში ცდილობენ მაშველები დაღუპულების პოვნას.
რამ გამოიწვია სტიქია?
მსგავსი მასშტაბის სტიქია რაჭისთვის უკვე მეორეა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ მაშინ, ერთი სოფელი მთლიანად შთანთქა. ის ტრაგედია საქართველოში დღემდე ახსოვთ.
სპეციალისტების განცხადებით, სტიქია, რომელიც 3 აგვისტოს რაჭაში განვითარდა, დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან; ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს.
3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბას ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სახიფათო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. წინასწარი შეფასებით, ბოლო თვეებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურულმა ფონმა და თანმხლებმა ნალექებმა, ხელი შეუწყო მყინვარების ინტენსიურ დნობას, მყინვარ ბუბას ენასთან მყინვარული მასის ან/და კლდე ზვავის ჩამოშლას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მყარი ნატანის დინამიკაში მოყვანას. ამავე დროს, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოიშალა კლდეზვავური მასა. დინამიკაში მოსვლის შემდეგ, შეეჯახა მყინვარს, ჩამოანგრია მისი გარკვეული ნაწილი, რამაც შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამორეცხა ფერდობების ძირი და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულები წარმოქმნა და გააქტიურა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა, როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.
შოვის ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროს ავთანდილ ქვაჩაკიძეს. მისი აზრით, ტრაგედია გამოიწვია მდინარე ბუბაში საგუბრის გაჩენამ. როგორც ადგილზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, მდინარეს ძალიან ძველი, უფოთლო ხეები მოჰქონდა, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ გარკვეულ მონაკვეთში, გაკეთებული იყო ბუნებრივი საგუბარი, რომელიც ერთიანად გასკდა და გამოიწვია ასეთი კატასტროფული მოვლენა.
“თუ ჩემი ვარაუდი სწორია და დაგუბება მოხდა, მაშინ ამის პრევენცია შეიძლებოდა იმით, რომ მოსახლეობას წინასწარ გავხიზნავდით სტიქიის ზონიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საკურორტო ზონებში იყოს მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომლებიც დრონებით დაათვალიერებენ ამ ტერიტორიებს. დღეს ამას ეპიზოდური ხასიათი აქვს. დრონებით ტერიტორიების დათვალიერება საჭიროა თუნდაც, საკურორტო სეზონის დაწყების წინაც”, – აცხადებს ავთანდილ ქვაჩაკიძე.
მეორე პრობლემაა ის, რომ მოსახლეობას არ აქვს უფლება ტყეებიდან მოტეხილი ხეები გამოიტანონ და შეშად გამოიყენონ. დროთა განმავლობაში ასეთი ხეებით ივსება მდინარეების კალაპოტები და ხევები და ქმნის პრობლემას.
“ამ საკითხის დაყენებას ვაპირებთ მთავრობასთან, რომ მოჭრილი, მოტეხილი, თუ მოთხრილი ხეები, რომლებიც ტყეში ყრია, მათი გამოტანის უფლება მისცენ მოსახლეობას. კადრებში ჩანს, რომ პირველი ხიდი, რომელიც წაიღო წყალმა, გამოიწვია ღვარცოფის მიერ წამოღებულმა უამრავმა საშეშე მასალამ. როდესაც დავდივართ საქართველოს რეგიონებში, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ ადგილას, მდინარი კალაპოტებში დატოვებულია მდინარის მიერ მოტანილი მორები, ხეები, რომლის ამოღების უფლება მოსახლეობას არ აქვს. თუ ამოიღებენ, დააჯარიმებენ. მგონი, პირიქით, უნდა წავახალისოთ მოსახლეობა, რომ მდინარი კალაპოტები გაწმინდონ ხეებისგან”, – ამბობს ავთანდილ ქვაჩაკიძე.
რაც შეეხება მოვლენის პრევენციას, მისი აზრით, ამის წინასწარ პროგნოზირება, თუ სად წამოვა მეწყერი და სად ჩამოვა ღვარცოფი, შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ღვარცოფის წინასწარ შესწავლა, მაგრამ მეწყერი არის მყისიერი მოვლენა, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს.
“როგორ ფიქრობთ 2 აგვისტოს, რომ მისდგომოდით შოვში მყოფ დამსვენებლებს და მათთვის გეთქვათ, უნდა დატოვოთ კურორტიო, დაგთანხმდებოდნენ. მახსოვს ქუთაისში, როგორ გაგვიჭირდა წერეთლის ქუჩიდან მოსახლეობის გამოყვანა. წყალდიდობა იყო ქუთაისში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. მთელი ბროლა იყო მოსახლეობასთან. ახლა მთავარია უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები ვიპოვოთ და გავასუფთაოთ ეს ტერიტორია”, – ამბობს იგი.
დამოუკიდებელი სპეციალისტები კი, შოვის ტრაგედიაში გულგრილობას ხედავენ. მათი ინფორმაციით, 2005 წლის სატელიტური გამოსახულებით ჩანს, რომ ხეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, ჭალა კი, ხეებით მეჩხრად შევსებული, 2018 წლის ფოტოებში უკვე აშკარაა ღვარცოფული ნაკადის გავლის კვალი, გარდა ამისა, გაუარესების ტენდენცია უკვე 2020 წლის სატელიტურ ფოტოზეც ჩანს.
დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, როცა შოვის ხელახალი განვითარება დაიწყო სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დათვლილიყო მდინარეების – ბუბის და ჭანჭახის წყალდიდობის ალბათობა, შესაბამისი დონეების მიხედვით და რისკის ზონაში არაფერი უნდა აშენებულიყო, რაც ადამიანთა საცხოვრებლად ან მასობრივი თავშეყრის ადგილად იქნებოდა გამოყენებული. გარდა ამისა, ადრეული გაფრთხილების შემთხვევაში სრულებით შესაძლებელი იქნებოდა, 10-წუთში, ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, თუ, წინასწარ იქნებოდა შერჩეული უსაფრთხო ადგილი. ამისთვის კი, წყალდიდობის მოდელირება კურორტის განვითარების საწყის ეტაპზე იყო საჭირო.
როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს?
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ასეთ დროს მაქსიმალურად შემაღლებული ადგილი მოვძებნოთ, რომ გაქცევით გავასწრებთ სტიქიას, იმიტომ, რომ ღვარცოფის მაქსიმალური სიჩქარე 15-20 კმ საათშია. ხეზე ასვლა არ არის სასურველი, ხე შეიძლება მოთხაროს წყალმა. მთიან რაიონებში ერთადერთი გამოსავალია მაღლობზე ასვლა. ჭალას და ხეობას უნდა მოვცილდეთ.
შორენა პაპაშვილი