ტურიზმის ინდუსტრიის, როგორც ეკონომიკის დარგის აქტიური განვითარება საბჭოთა პერიოდში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პერიოდში დაიწყო ტურისტული ბაზებისა და სასტუმროების მშენებლობა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში. პარალელურად დაიწყო ტურიზმის აღორძინების პროცესი გაგრაში, ქობულეთში, აბასთუმანში. 80-იან წლებში საქართველოში უკვე არსებობდა 624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, მოტელი, ბანაკი და ა.შ.
სსრკ-ის პერიოდში საქართველოში სწრაფად განვითარდა როგორც შემომავალი, ისე გამავალი შინასაკავშირო ტურიზმი. საქართველო არა მხოლოდ ტურისტებს მასპინძლობდა, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად მოგზაურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. თუმცა, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. აფხაზეთის კონფლიქტმა და მწვავე ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გავლენას ახდენდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ხელი შეუშალა ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შექმნას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. საქართველოს ეკონომიკა კრიზისში იყო და მისი რესტრუქტურიზაციისთვის მთავრობას საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.
XXI საუკუნის დასაწყისში ვითარება შეიცვალა. 2003 წლის “ვარდების რევოლუციისა” და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ შეძლო მოლაპარაკება უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი ზრდის მიღებაზე. რეფორმები გატარდა გადასახადების, კერძო საკუთრების ლეგალიზაციის, საწარმოების პრივატიზების სფეროში, რამაც გამოიწვია უცხოური ინვესტიციების შემოდინების და ქვეყნის მშპ-ის ზრდა. ძირითადად არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაარსების, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების გამო, დაიწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის გამოცოცხლება, თუმცა ტურისტული სექტორი მაინც ნაკლებ-კონკურენტუნარიანი იყო.
2008–2009 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც დიდად არის დამოკიდებული გარე დაფინანსებაზე (პირველ რიგში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე), არ ჩამოყალიბებულა სტრუქტურები, რომლებიც მდგრად განვითარებას უზრუნველყოფენ. 2009 წლის კრიზისი საქართველოს არასტაბილურ ეკონომიკაზეც მკვეთრად აისახა და 2008 წელთან შედარებით მშპ-ს 3,7%-იანი კლება დაფიქსირდა. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების დაძლევით, საქართველომ აქტიურად დაიწყო პოზიტიური ტურისტული იმიჯის შექმნა.
პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურისტული ცენტრებისა და ობიექტების მძლავრი მშენებლობა და რეკონსტრუქცია დაიწყო. 2010 წელს შემუშავდა საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგია 2017 წლამდე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრიორიტეტებს, როგორიცაა ტურიზმის განვითარება და გარემოს დაცვა. გარდა ამისა, მიღებულ იქნა არაერთი კანონი, რომლებიც ინვესტორებისა და ტურისტების მოზიდვას უწყობდა ხელს.
სახელმწიფო სტრატეგიამ, ყველა გატარებულმა ღონისძიებამ და სტუმართმოყვარეობამ ტურისტული ინდუსტრია თანდათანობით აქცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად. 2009-2017 წლებში საქართველომ მსოფლიოში ტურიზმის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. ამ პერიოდში მთლიანი ტურიზმიდან შემოსავალი 475 მილიონი დოლარიდან 2,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
განსაკუთრებული აღმოჩნდა 2017 წელი, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს 2016 წელთან შედარებით 18,8%-ით მეტი ტურისტი ეწვია, ხოლო ტურიზმიდან საქართველოს მთლიანი შემოსავალი 2017 წელს $584 მილიონით გაიზარდა, რაც 2016 წელთან შედარებით 27. 6%-ით მეტია.
2019 წელს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ქვეყანას 9,3 მილიონი ადამიანი ესტუმრა. ტურისტების ძირითადი ნაკადი თურქებზე, რუსებზე, აზერბაიჯანელებზე, ყაზახებსა და სომხებზე მოდის. ბოლო მონაცემებით, საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი 607 მლნ აშშ დოლარად შეაფასა, რაც 176,9%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ტურისტული სექტორი მართლაც მრავალფეროვანია და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა აღიარა, რომ ევროპის არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ისეთი მდიდარი ფლორა და ფაუნა, როგორც საქართველოს. ლანდშაფტების მრავალფეროვნებით გამორჩეულ მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველო მე-12 ადგილზეა. ქვეყნის ტურისტული და რეკრეაციული რესურსები პერსპექტიულია ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის. შავი ზღვის სანაპიროს არსებობა ხელს უწყობს პლაჟის ტურიზმის ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე პერიოდში.
დიდი კავკასიონის ქედის ფერდობები, რომელთა სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება, სათხილამურო ტურიზმის, ალპინისტური, ეკოლოგიური და სალაშქრო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. 120 ათასი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლის არსებობა, მათ შორის 4 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და 150 მუზეუმი საექსკურსიო ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ქვეყანაში ასევე შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს აგროტურიზმისთვის: ღვინის, კულინარიული ტურების მოსაწყობად, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის და ა.შ.
საქართველომ ტურიზმის სფეროში ერთმნიშვნელოვნად შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და ცხადია, გაჩერებას არ აპირებს.
ქვეყნის ეკონომიკაში ტურისტული ბიზნესის მნიშვნელობას და მისი განვითარებისადმი ინტერესს მოწმობს საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს მიღებული „ტურიზმის განვითარების სტრატეგია საქართველოში – 2025“, რომელიც ორიენტირებულია რვა სტრატეგიული მიზნის მიღწევაზე.
ესენია:
- საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება და რეგენერაცია, ასევე მათ მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბება;
- ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ცოდნაზე დაყრდნობით, ტურისტებისთვის უნიკალური და ავთენტური გამოცდილების შექმნა;
- დარგის კონკურენტუნარიანობის გაზრდა ტურისტებისთვის მსოფლიო დონის სერვისების მიწოდებით;
- ტურისტული სერვისების მარკეტინგისა და პოპულარიზაციის გაფართოება და გაუმჯობესება უფრო მაღალი ხარჯების ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად;
- ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის შესაძლებლობები და ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის ეფექტიანობის შეფასების განვითარება;
- ტურიზმის სექტორში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
- ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება უცხოური და შიდა ინვესტიციების მოსაზიდად;
- ყველა ამ მიზნის მისაღწევად მთავრობას, ტურიზმის ინდუსტრიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის პარტნიორობის ჩამოყალიბება.
გოარ ბადალიანი