საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დეპუტატების მიერ მომზადებული 2 კანონპროექტი, რომლებიც საქართველოში უცხოური გავლენის კონტროლს გულისხმობს, ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მორიგი მიზეზი გახდა. „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის“ საკომიტეტო განხილვა 2 მარტს პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან მაგიდების აყირავებით დაიწყო და 7-8 მარტს ქუჩის აქციებში გადაიზარდა.
7 და 8 მარტის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებსა და პროტესტანტებს შორის რამდენიმე საათიანი დაპირისპირებით დასრულდა. 8 მარტს მშვიდობიანი მიტინგი ვანდალიზმსა და ქაოსში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჯერ ხელისუფლებას 1 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა. ალყა კვლავ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და წინა დღესთან შედარებით უფრო მეტ ხანს გაგრძელდა. ამასობაში პოლიტიკური ლიდერები ხედვის არედან გაქრნენ, გიორგი ვაშაძე ტელეკამერების წინ პერიოდულად ჩნდებოდა, ისიც კომენტარის გასაკეთებლად.
პარლამენტის დეპუტატი ვაშაძე ერთ-ერთია რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიდან, რომლებმაც “ხალხის ძალის” მიერ მომზადებულ კანონპროექტს “რუსული კანონი” უწოდეს და საქართველოს მოსახლეობა მისი მიღების საშიშროებაში დაარწმუნეს. თუმცა, მარტო ვაშაძისა და რეიტინგ დაკარგული პოლიტიკოსების არგუმენტები საკმარისი არ იქნებოდა, რომ არა ევროპელი პოლიტიკოსებისა და საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანის უარყოფითი შეფასებები. ელჩმა “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს” “ქართული დემოკრატიის დაბნელება უწოდა”.
8 მარტის აქციის ტრიბუნიდან ვაშაძემ “ქართულ ოცნებას” ერთსაათიანი ვადა მისცა კანონპროექტის გაწვევისა და აქციაზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად. ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც დაიწყო მძიმე პროცესები. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის მინები, ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.
პარლამენტის შიდა პერიმეტრზე გამაგრებული საპოლიციო ძალები პროტესტანტების აგრესიას წყლის ჭავლით იგერიებდნენ. მოგვიანებით დაპირისპირება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა, სადაც პოლიციას აგრესიული პროტესტანტების დასაშლელად წყლის ჭავლთან ერთად უკვე, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის გამოყენება დასჭირდა. დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცველებმა 2 დღის განმავლობაში აქციის 134 მონაწილე დააკავეს, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციელებმაც.
აგრესიული პროტესტანტების მიერ ნასროლი ქვებით თავად აქციის მონაწილეებიც არანაკლებ დაზიანდნენ. აქციის მონაწილეები ისროდნენ პიროტექნიკასაც.
რუსთაველის გამზირი კიდევ ერთი სანახაობის მოწმე გახდა – სპეცტექნიკის აკუსტიკურ ბგერებსა და წყლის ჭავლზე აცეკვებული ახალგაზრდები. ეს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდების მეორე ნაწილი ავტომობილებსა და ქუჩაში არსებულ ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ, პოლიციის ავტობუსს ქვებს უშენდნენ. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს რუსთაველის გამზირის ინფრასტრუქტურა, დაამტვრიეს სკამები და ნაგვის ურნებით გზა ჩახერგეს. რუსთაველის გამზირი გამთენიისას “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
9 მარტს 7 საათზე აქცია კვლავ გაგრძელდა, თუმცა მანამდე, მმართველი პარტიის ლიდერებმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტების გაწვევის შესახებ საჯაროდ განაცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განცხადებით ვენეციის კომისიასაც მიმართა და გაგზავნილი კანონპროექტების უკან გამოწვევა ითხოვა. როგორც მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, მათი გადაწყვეტილების მიზეზი მოქალაქეების უსაფრთხოებაა, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავდა, მათ შორის, არც ვინმეს სიცოცხლის ხელყოფაზე იტყოდნენ უარს.
„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენაზე ჩავარდება, გიდასტურებთ, რომ ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს საკითხს. 12-პუნქტთან დაკავშირებით, რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია“, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.
ოპოზიციას მმართველი პარტიის პირობის “არ სჯერა”. შესაძლოა, სჯერათ კიდეც, მაგრამ საპროტესტო მუხტის განელება არ სურთ. მსგავსი მასშტაბის მიტინგებს ისინი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მხოლოდ სიზმარში თუ ხედავდნენ. პოლიტიკურად გაკოტრებული, რევანშისტული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოლო დროს ვერ პოულობდა თემას, რომლითაც აქციებისთვის მუხტს აწევდა. მათ რეიტინგს ვეღარც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის თემის გარშემო ხმაურმა უშველა. საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდები კი აცხადებენ, რომ არ სურთ მათი პროტესტი რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. 9 მარტს, დღის ბოლოს, აქციაზე გამომსვლელთა ტრიბუნაზე მხოლოდ ახალგაზრდები იდგნენ. თუმცა მანამდე, ოპოზიციამ მოასწრო ხელისუფლებისთვის ახალი მოთხოვნების წაყენება – ან ვადამდელი არჩევნები, ან ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
სადაო კანონპროექტის გაწვევის პროცედურებს არც შეეხება, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მისი უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს, თუმცა თუ ამ კანონპროექტის მიღებაზე მართლა უარს ამბობენ, მისი თავიდან მოშორების პროცედურული გამოსავალი არსებობს – შეუძლიათ მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გაიტანონ და კენჭისყრით “ჩააგდონ”.
მისივე თქმით, პარლამენტს ასე მეორე/მესამე მოსმენაზე არაერთი კანონპროექტი ჩაუგდია, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ თაროზე შემოდებენ. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი უკან გაწვევა ბიუროზევე შეიძლება, რადგან ის სესიაზე არ განუხილავთ და პირველი მოსმენითაც არ მიუღიათ.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ირწმუნება, რომ აქცია მშვიდობიანი იყო. თუმცა აღიარებს, რომ იყო ვანდალიზმის ფაქტებიც, მაგრამ ისინი პოლიციის ქმედებით იყო გამოწვეულიო.
ამ დროს, დაპირისპირების ამსახველ კადრებში გარკვევით ჩანს, როგორ ესროლა პოლიციის კორდონს აქციის მონაწილემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და სამართალდამცველების ფარებს ცეცხლი როგორ წაეკიდა. ამას მოჰყვა ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით. მოლოტოვის კოქტეილი პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახშიც შეაგდეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შემდეგ, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილის მიმართ ხელკეტი გამოიყენა.
რაც შეეხება პოლიციელების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ პოლიციელებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ბევრი მათგანი ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას.
„არ ყოფილიყო განხილული კანონპროექტი და არ იქნებოდა ეს პროცესები“, – აცხადებს ჩიტაძე.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “ოცნებამ” კანონპროექტი იმ იმედით გაიწვია, რომ დაიწყებენ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში მის დეტალურ განხილვას და კანონის შინაარსს სტუდენტებსაც გააცნობენ. შეეცდებიან აწარმოონ საინფორმაციო კამპანია და დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ეს კანონპროექტი ხალხის ინტერესებზეა მორგებული და “გრანტიჭამია” არასამთავრობოების დაფინანსების ლუსტრაციას ისახავს მიზნად.
“როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხელისუფლების დათმობას, ეს ნიშნავს, რომ მას დიდი პრობლემები შეექმნება. შესაძლებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაძაბული ვითარება შენარჩუნდეს”, – განუცხადა Dalma News-ს ჩიტაძემ.
ექსპერტი 2019 წლის 20 ივნისის “გავრილოვის ღამეს” იხსენებს და ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ბევრი დანაშაული შერჩა და ახლაც სურდათ, როგორმე გაეტანათ ეს კანონი.
“ხელისუფლების მთავარი კრიტიკოსი სამოქალაქო სექტორია, იფიქრეს, რომ სამოქალაქო სექტორზე ზეგავლენა გაძლიერდებოდა და “ქართული ოცნება” შეინარჩუნებდა ძალაუფლებას. ამით იყო გამოწვეული 2 კანონპროექტის წარმოდგენა. მაგრამ ხელისუფლება არ ელოდა ხალხის პროტესტს. ეს შეეხო საქართველოს ევროპულ მომავალს და ამიტომაც გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
მისივე თქმით, პარლამენტშიც, სავარაუდოდ, უმრავლესობის ბევრ დეპუტატს არ ჰქონდა კანონპროექტი წაკითხული, მაგრამ რადგან ივანიშვილის დაკვეთა იყო, შეასრულეს.
“აქ ნათლად ჩანდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო შეტევა. ამერიკული კანონი, რასაც ხელისუფლება გვატყუებს, 1938 წელს იყო მიღებული და ითვალისწინებდა ლობისტური საქმიანობის კონტროლს და ამერიკის საინფორმაციო თავდაცვას კომუნისტური და ნაცისტური იდეოლოგიისგან. ახალგაზრდობამ ამაში დაინახა საფრთხე”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე ახალგაზრდობა ქუჩაში „ხალხის ძალის“ ქმედებამ გამოიყვანა და არა ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ წინ რთული პროცესების გველის, რადგან კანონპროექტის გაწვევით არაფერი დამთავრდება. ოპოზიციის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათ ეს საკუთარ გამარჯვებად მიიჩნიეს და ახლა უკვე, ეიფორიის ფონზე შეეცდებიან ხელისუფლებაზე წნეხი განავითარონ. შესაძლოა, წინა პლანზე წამოვიდეს სხვა პოლიტიკური მოთხოვნები, როგორიცაა მთავრობის ჩანაცვლება. გაჩნდა პირველი მსგავსი შინაარსის წინადადებები – შეიქმნას ეროვნული თანხმობის ახალი მთავრობა, დღის წესრიგში დააბრუნონ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა და ა.შ.
“ჩემი პროგნოზით ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვითარება არ დამშვიდდეს. ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში. ხელისუფლებამ ისეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა ამ კანონპროექტით ოპოზიციას, რომ ვერც კი წარმოიდგენდნენ. მანამდე ოპოზიცია იყო დასუსტებული, დემორალიზებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული, სამიტინგო თემა არ ჰქონდათ. ხელისუფლებას კი, ყველა პირობები ჰქონდა, ეს ვითარება მშვიდად მიეყვანა 2024 წლის არჩევნებამდე”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის ავტორებს და ხელისუფლებას, თუ ასე პრიორიტეტად მიაჩნდათ არასამთავრობოების გარედან დაფინანსების პრობლემა და ამაზე კანონის ინიციირებას აპირებდნენ, უფრო კარგად უნდა მომზადებულიყვნენ. უნდა სცოდნოდათ, რომ ის სამიზნე ჯგუფი, რომელსაც ეს კანონპროექტი ეხებოდა, არიან პირდაპირ დასავლეთის მხარდაჭერილი ორგანიზაციები და ფაქტობრივად მათი საყრდენი საქართველოში, გარკვეულ წილად არიან კიდეც გავლენის აგენტები. დასავლეთი მათ დაფინანსებას აძლევს, რათა საქართველოში საკუთარი პოლიტიკა გაატარონ.
საბოლოოდ, 10 მარტს, 1 – მომხრე, 35 – წინააღმდეგ – პარლამენტმა სადაო კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი პროტესტი დასრულებულად გამოაცხადეს, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ მოითხოვეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება.
შ. ქარჩავა