თურქეთის სამხრეთით, სირიის საზღვარზე, 6 თებერვალს, გამთენიისას, როცა ადამიანებს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინათ, დამანგრეველი, 7,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 101 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწასთან გასწორდა დასახლებული პუნქტები, მსხვერპლი ათეულობით ათასი ადამიანია. უმეტესად დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები.
6 თებერვლის დამანგრეველმა მიწისძვრამ საქართველოს მოსახლეობაში ბუნებრივად გააჩინა პანიკა. ბოლო დღეებია ისმის კითხვები: რა მოხდება მიწისძვრის შემთხვევაში საქართველოში, რამდენ ბალიან რყევებს გაუძლებს ახალი კორპუსები და რა მდგომარეობაშია ძველი შენობები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გავიდა?
გეოლოგების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველო 7-ბალიან მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს და შემზარავ მოსალოდნელ სურათს ხატავენ, თუმცა ქართველი გეოლოგების უფრო ოპტიმისტურად განწყობილი ნაწილი გვაიმედებს, რომ საქართველო არის საშუალო სეისმური საფრთხის ქვეყანა და ძლიერი მიწისძვრები აქ იშვიათად ხდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშენებლო სექტორი მოდუნდეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, არსებული სტანდარტებით, თბილისში შენობებმა 8-ბალიან მიწისძვრას უნდა გაუძლონ.
მართალია, თბილისისთვის შედარებით დაბალი სეისმური აქტივობაა დამახასიათებელი, თუმცა არსებობს ისტორიული ცნობები დამანგრეველი მიწისძვრის შესახებაც. საქართველოს დედაქალაქში 1896 წელს მომხდარი მიწისძვრის ინტენსივობა 7 ბალზეა შეფასებული. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო თბილისის ისტორიაში. მეორე მიწისძვრა გვახსოვს 2002 წელს – დარტყმების სიმძლავრე იყო 4.3 და 4.8 მაგნიტუდა. მიწისძვრამ ნგრევა ძირითადად ქალაქის ძველ უბანში გამოიწვია. მაშინ 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 – შიშის გამო, გულის სტენოკარდიული შეტევით გარდაიცვალა. შედეგად, ათასობით სახლი გახდა ავარიული.
საქართველოს უახლეს ისტორიაში 7-ბალიანი მიწისძვრაც გვახსოვს. 1991 წელს რაჭის მიწისძვრას შენობების ნგრევის გარდა, სტიქიური მოვლენების განვითარება მოჰყვა. მაშინ 270 ადამიანი დაიღუპა. დაზარალდა 700 სოფელი და ქალაქი, დაინგრა 46 000 სახლი და 100 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1992 წლის 23 ოქტომბერს, ბარისახოში დაფიქსირდა, მაგნიტუდით – 6.4. აღსანიშნავია, რომ დიდი მსხვერპლი და ნგრევა თავად რყევებს არ გამოუწვევია. 7-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ რაჭაში ჩამოიშალა კლდის ქანები, კლდოვანმა ზვავმა უამრავ ბუნებრივ ნამსხვრევებთან ერთად თითქმის მთლიანად გაანადგურა სოფელი ხოხეთი. იმ დღეს, კლდოვან ზვავს ამ სოფლის 50 მაცხოვრებელი ემსხვერპლა. ქანების ნგრევის შედეგად წარმოიქმნა 100 მეტრის სიმაღლის ბუნებრივი კაშხალი და დაგროვდა წყალი. წყლის კოლოსალურად დიდმა რაოდენობამ ბუნებრივი ჯებირი გაარღვია და კიდევ უფრო მეტი ნგრევა გამოიწვია. ამ პროცესების ლოგიკური დასასრული, მიწისძვრის შემდგომი მთავარი ბიძგი 1991 წლის 15 ივნისს მოხდა. რყევების ეპიცენტრი ჯავაში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი ხოლო დაშავდა 200. რაჭის მიწისძვრით გამოწვეული რყევები თბილისშიც მძაფრად იგრძნობოდა.
როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ბოიჩენკო განმარტავს, სეისმური რისკის რუქა, რომლითაც საქართველო დღემდე ხელმძღვანელობს, 1999 წელს არის შემუშავებული. ბოიჩენკო საჭიროდ მიიჩნევს, რუკის ყოველ 5-10 წელიწადში განახლებას. 2020 წელს მათ უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეადგინეს ახალი რუკა, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული.
“შენობების დიზაინში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს რუკას, რომელიც ბევრ დეტალს ითვალისწინებს, რადგან მიწის თითოეულ ნაწილს აქვს სეისმური რისკის საკუთარი პარამეტრები. საქართველოში არ არის გამორიცხული 6,5 – 7 მაგნიტუდის მიწისძვრა, მაგრამ თუ თურქეთში სიხშირე დაახლოებით ას წელიწადში ერთხელ არის, მაშინ ეს ინტერვალი გაცილებით დიდი გვაქვს, მაგალითად, შეიძლება რამდენიმე საუკუნეც იყოს”, – აცხადებს გეოლოგი.
რაც შეეხება მთავარ კითხვას, – გაუძლებს თუ არა საქართველო 8-ბალიან მიწისძვრას და რამდენად საიმედოა ის ცათამბჯენები, რომელთა გამო, თბილისი სულ უფრო ემსგავსება “ბეტონის ჯუნგლებს”. სეისმომედეგობის მაჩვენებელი 8 ბალზე თბილისში 1992 წელს შეიცვალა. ამ პერიოდის მერე დაპროექტებული შენობები ამ სტანდარტებს შეესაბამება. თუმცა, ცხადია „ბეტონის ჯუნგლებს“, დედაქალაქის იერსახეს და უსისტემო განაშენიანებას არაფერი აქვს საერთო შენობის კონსტრუქციულ მდგრადობასთან.
ერთია ქალაქის იერსახე და მეორე უსაფრთხო შენობები. თბილისში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავარიული შენობები. ასეთი დედაქალაქში მრავლად არის. ძირითადად 1992 წლამდე აშენებული – 1800-1900 წლების შენობებია, რომლებიც 6-7 ბალზე იყო თავის დროზე გაანგარიშებული. კიდევ ერთი მწვავე პრობლემაა კორპუსების გაუაზრებელი მიშენებები, დაშენებები და გადაკეთებები.
არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად საქართველო თურქეთისა და სირიის ბედს გაიზიარებს. მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ სოციალიზმის ეპოქაში და მანამდეც, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სეისმიკას. ამ საკითხში ძირითად ამოცანას წყვეტს ინჟინერ-კონსტრუქტორი და მისი ანგარიში.
“ჩვენ ვიღებთ რეალურ გეოლოგიას და აქედან გამომდინარე ინჟინერ-კონსტრუქტორი ასრულებს სპეციფიკურ გაანგარიშებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შენობის უსაფრთხოება. ჩვენ ძალიან მყარი ტრადიციები გვაქვს სეისმიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი იყო ტყიბულში, რაჭის ზონაში მომხდარი მიწისძვრა. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რა შენობაც დაპროექტდა და აშენდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ, არც ერთი არ დანგრეულა”, – განუცხადა Dalma News-ს დოგრაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სამშენებლო გამოცდილების თურქეთის შემთხვევასთან შედარება უადგილოა. ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, თურქეთში, თვალნათლივ გამოჩნდა საინჟინრო საიმედოობის უგულებელყოფა. ყურადღება გადატანილი იყო ეკონომიურობაზე.
“თუ დააკვირდებით თურქეთის კადრებს, იქ, დგას შენობები, რომლებსაც აბსოლუტურად არ აქვთ ცვლილება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შენობების შემთხვევაში, წინ და წინ იყო ჩადებული ძალიან ჭკვიანური, ინჟინრული გათვლები და ამ შენობებმა მიწისძვრას გაუძლეს. სადაც სამწუხაროდ, არ იყო ასეთი გათვლები, ისინი დაინგრა”, – აცხადებს არქიტექტორი.
მისივე თქმით, თურქეთი არ იყო განვითარებული ქვეყანა, როგორიც ბოლო წლებში გახდა. XX საუკუნის 50-60-იან წლებში მათ ინჟინერ-კონსტრუქტორებს ვერ მოვთხოვდით იმ გადაწყვეტას, რა გადაწყვეტაც მუშავდებოდა საქართველოში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ხალხური არქიტექტურა გასაოცარ ნიმუშებს იძლეოდა.
“1991 წლის მიწისძვრის დროს, როცა დავაკვირდით ხალხურ არქიტექტურას – ოდა სახლებს რაჭაში, საერთოდ არაფერი აკლდათ. ოდა სახლების პრინციპი იმდენად ბრძენი ხალხის მიერ გადაწყვეტილი, რომ აბსოლუტურად შენარჩუნებული იყო ყველა. ზარალი მიიღო მხოლოდ იმ შენობებმა, რომლებიც მფლობელის მოსაზრებით იყო აშენებული და მისი იდეით იყო განხორციელებული”, – განაცხადა თამაზ დოგრაშვილმა.
თურქეთის მიწისძვრამ საქართველოს მოსახლეობაში ბუნებრივად გამოიწვია პანიკა, თუმცა, არქიტექტორი გვამშვიდებს, რომ შენობების უმეტესობა, რომლებიც დღეს საქართველოში შენდება 8 ბალზეა გათვლილი და საქართველო გაუძლებს. თუმცა, სრული გარანტიისთვის, დოგრაშვილის აზრით, საჭიროა აღდგეს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო, რომელიც “ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა და სამშენებლო სფეროს აკონტროლებდა.
ქართველი არქიტექტორის თქმით, არავითარი ამერიკული სქემის გადმოტანა არ არის საჭირო, საჭიროა ქართული მშენებლობის ტრადიციების აღდგენა, რომელიც თავს მოიყრიდა სამინისტროში.
ერთია ქალაქის იერსახე, როდესაც გვაწუხებს ის, რომ „ბეტონის ჯუნგლებად“ იქცა ქალაქი და მეორე ამ შენობების მდგრადობა, უსაფრთხოება. შესაძლოა არ მოგვწონდეს ქალაქის ცათამბჯენებად გადაქცევას, თუმცა აპრიორი არ ნიშნავს ეს, რომ ახალი შენობები საშიშია.
შ. ქარჩავა