ალექსანდრე გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდის ორგანიზებით ტრადიციული საერთაშორისო ფორუმი წლეულს 21 ნოემბერს, დაღესტნიდან დაიწყო. ფორუმ “კავკასიური დიალოგი 2022”-ის წლევანდელი თემაა “კავკასია ცვალებად მსოფლიოში”. დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სესიებში მონაწილეობდნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, თურქეთისა და ირანის აკადემიური წრეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მიზანია, რეგიონული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმების მოდელირება და ანალიზი. ფორუმი 24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში, ქართულ-რუსული ახალგაზრდული ფორუმის საზეიმო გახსნით დამთავრდება.
ფორუმის შინაარსსა და ქართულ-რუსული დიალოგის პერსპექტივაზე Dalma News-ს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.
– ფორმატის ნაწილია ქართული კულტურის დღეები, რასაც საქართველოში არც თუ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, რატომ თქვენი აზრით?
– 11-13 დეკემბერი მთლიანად ეძღვნება რუსეთში ქართული კულტურის დღეებს, რასაც სხვათა შორის ძალიან არაადეკვატური და აშკარად თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები მოჰყვა ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. ვაი-ვიში ატეხეს, – კრემლში უნდა გამოვიდნენ ქართველებიო. პირველ რიგში, ნურავის ავიწყდება, რომ რუსეთის ფედერაციაში ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს. როგორ ფიქრობენ ე.წ ოპოზიციონერები, ამ ერთ მილიონ ქართველს ნაკლები ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები ჰყავთ? ნაკლები ფოლკლორული შემოქმედებითი ჯგუფებია აქ, თუ ჰგონიათ, რომ აუცილებლად საქართველოდან უნდა ჩამოვიდეს ვინმე, რომ მოსკოვის ქართული კულტურის დღეები გამართოს? რუსეთში კი არა, სადაც არ უნდა იყოს, რამდენადაც მძიმე პოლიტიკური ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, კულტურა ეს არის დიპლომატიის ფლაგმანი, რომ უარესი უკეთესით შეიცვალოს. რად მინდა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ერთ ადგილს ტკეპნის და არაფერს აკეთებს პროგრესისთვის.
კულტურის დღეების გამართვა ეს არის სახალხო დიპლომატიის გამოვლინების უმნიშვნელოვანესი აქტი და მადლობას ვუხდი რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელ დავით ცეცხლაძეს ამ დიდი საქმისთვის.
– თქვენი ინფორმაციით, რას მოიცავს ქართული კულტურის დღეები?
– ჩატარდება 3 კონფერენცია სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ქართულ ეთნოფსიქოლოგიას, ქართულ თავისებურებებს ისტორიული რაკურსით და მთავრდება გალა კონცერტით, რომელშიც არა თბილისიდან ჩასული მუსიკალური შემოქმედებითი ჯგუფები, არამედ ადგილობრივი, რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე ქართული შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობენ. სანქტ-პეტერბურგში მოქმედებს ახალგაზრდული ორგანიზაცია “თერგდალეულები”. ეს ახალგაზრდები ინახავენ ქართულ კულტურას თავიანთ წიაღში. ყურებს არ ვუჯერებდი, როგორი ლიტერატურული ქართულით საუბრობენ, როგორი აღზრდა და შინაგანი კულტურა აქვთ. იქ ვნახე ტრადიციული ქართული ღირებულებების მატარებელი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში სანთლით არის საძებნელი. ხვალ და ზეგ, როდესაც სახალხო დიპლომატია მისცემს იმპულსს რეალურ პოლიტიკას, ეს ახალგაზრდები თავისი სიტყვას იტყვიან.
– “ხვალ და ზეგში” რა დრო იგულისხმება?
– სულსწრაფი მოლოდინი არ უნდა გაგვიჩნდეს, რომ “ხვალ და ზეგ” ძალიან სწრაფად იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები გვაფიქრებინებს, რომ ეს პროცესი ძალიან დაჩქარდება. ჩემი პროგნოზით, 2024 წლისთვის, ქართულ-რუსული ურთიერთობები მაქსიმალურად მიაღწევს ფირნიშს იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ რუსეთის ფედერაციის ისტორიულ ინტერესებს შეეხება მთლიანად კავკასიის რეგიონში და რაც ამავე დროს თანხვედრაში მოვა ქართულ ეროვნულ ინტერესებთან.
ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მისი პოლიტიკური ფასის განსაზღვრა, უკლებლივ ყველა დევნილის დაბრუნება და სოციალური სიდუხჭირის ფონზე მოსახლეობისთვის იმ საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც ემიგრანტებს სამშობლოში ნებაყოფლობით ჩამოყვანას შევძლებთ, გარკვეული ეკონომიკური პრეფერენციების გათვალისწინებით.
– ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გქონდათ მოსკოვშიც…
– მოსკოვში გაიხსნა ევგენი პრიმაკოვის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია. ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის სახლი, რომელშიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ათასობით ექსპერტი მონაწილეობს. აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური ფორუმია, რომელიც კი იმართება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. შევესწარი, ერთი მაღალი დონის სპეციალისტი ამბობდა, – ვინ წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკური პრაგმატიზმის კუთხით ფინეთი იქნებოდა სრულიად ირაციონალური და საქართველო, რომელთანაც ასე დრამატულად განვითარდა ბოლო წლებში ურთიერთობები, თავისი ინტერესების ყველაზე უფრო სწორად განმსაზღვრელი აღმოჩნდებოდაო.
– ეს იმას ნიშნავს, რომ აფასებენ საქართველოს ხელისუფლების ომის რიტორიკისგან თავის შეკავების პოზიციას?
– არაფორმალურ შეხვედრებში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოითქვა აზრი, რომ ის არის შემდგარი პოლიტიკოსი, რომელმაც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ძალიან სერიოზული გამოცდილება შეიძინა ბოლო 10 წლის განმავლობაში. რომ ეს არის ლიდერი, რომელსაც გემი მიჰყავს რიფებს შორის ძალიან ბრძნულად და ოსტატურად. ძალიან გამიხარდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედება საერთაშორისო ასპარეზზე შეუმჩნეველი არ რჩება ასეთ დრამატულ ვითარებაში.
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას, ინარჩუნებს მშვიდობას, არანაირ საფუძველს არ აძლევს არავის, რომ პროვოკაციებისთვის პლაცდარმი შეიქმნას და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. როგორც მე ვხედავ, ამას ძალიან დადებითად აფასებენ.
– თუმცა მეორე მხრივ არის ოპოზიცია, რომლის სურვილია საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ოპოზიციის ქმედებები როგორ ჩანს შორიდან?
– ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არის ტოლობის ნიშანი. კონსოლიდაციის ერთადერთი ფაქტორი, რაც კი “ენმ”-ს გარშემო კრავდა ინსტიტუციური პარტიის იმიჯს, იყო დაკავშირებული მხოლოდ იმ ერთ კაცთან, რომელიც დღეს არის სრულიად გაკოტრებული, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი და შემდგომ იმავე ქვეყანაში შემოძვრა იმისთვის, რომ შეესრულებინა კონკრეტული დავალება, რომ თბილისის ქუჩებში მორიგი სისხლიანი მაიდანი გაეთამაშებინა.
– ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატებისა და ოჯახის წევრები მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს უკავშირებენ. თუ გქონდათ ამ თემაზე საუბარი საექსპერტო წრეში?
– არაფორმალურ გარემოში იყო საუბარი ამ თემაზეც და უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება დაემთხვა ერთმანეთს. სააკაშვილის ავანტიურისტული და ფანტაზიის უნარის მქონე ბუნებიდან გამომდინარე არ გამორიცხეს, რომ წინასწარ შეიძლება ყოფილიყო გარკვეულ, არალეტალურ შედეგზე გათვლილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მის ორგანიზმში უბრალოდ, რაიმე მძიმე მეტალის კვალს დააფიქსირებდა. ძალიან კარგად ხედავთ, მათი მიზანი რა იყო. ე.წ კონსილიუმები რატომ შეიქმნა, ან უცხოელი ექსპერტები რატომ ჩამოიყვანეს. ასეთი რა მძიმე და უკურნებელი სენი სჭირს სააკაშვილს, ვერ ვეღირსეთ ეს რომ გვითხრან. თუ დაავადებულია მძიმე და უკურნებელი სენით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეკუთვნის გათავისუფლება სასჯელის მოსახდელი ნაწილისგან, ან გადავადება.
– ბოლო დროს ხშირად იბლოკებით ქართულ მედია სივრცეში, რატომ, ვინ გებრძვით?
– რა პრინციპებზეც თავიდან ვიდექი, ის პრინციპები შევინარჩუნე ბოლომდე. 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც სათავეში ჩავუდექი პოლიტიკური პარტია “საქართველოს გზის” პოლიტიკურ საბჭოს, დღემდე იმ იდეალებისა და პრინციპების ერთგული ვარ. 2006 წლის მთავარი სლოგანი იყო ის, რომ ევროპული ფორმა და ქართული ეროვნული შინაარსი უნდა ყოფილიყო ჩვენი მამოძრავებელი ქართულ პოლიტიკაში, შევეცადე ეს ბოლომდე შემენარჩუნებინა. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ალღო და იდგეს იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა, მაშინაც კი თუ მისი ნაბიჯები ნაკლებად პოპულარულია დროის მოცემულ მომენტში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნიშის არჩევას, როდესაც საზოგადოებაში სტიგმა საკმაოდ გაბატონებული იყო ამ ურთიერთობების საწინააღმდეგოდ, მაგრამ 5 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემენარჩუნებინა ჩემი სტატუსქვო, არ მომხდარიყო ჩემი პიროვნების მარგინალიზება პოლიტიკურ სივრცეში და დღეს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ათეულობით ქართველი მონაწილეობს რუსეთში გამართულ ფორუმებში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეალურმა პოლიტიკამ გაიმარჯვა. არ შეიძლება გეოპოლიტიკური მიზნებისა და არსებული ჩანაფიქრების ხელშემწყობი იყო როგორც ბრმა იარაღი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალური და ინდივიდუალური გონივრული თამაშის შედეგად, საქართველო არ აღმოჩნდა 51 არამეგობარი ქვეყნების სიაში.
– აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი რომ არა, იქნებოდა თუ არა დღეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში სულ სხვა მოცემულობა?
– რა თქმა უნდა, ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დევნილებისა და ემიგრანტების დაბრუნება. ჩვენი მთავარი გზავნილი რუსეთთან ეს არის წითელი ხაზები საქართველოსთვის. ვცდილობთ სიტყვა “ოკუპაციასაც” მოვუძებნოთ სწორი დიპლომატიური შესატყვისი. ის, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიების 1/5-ს, ეს არის დროის საკითხია. ჩვენ მოთმინებით ველით, როდის აღდგენა სამართლიანობა. მოსკოვი წელიწადში 7 მლრდს ხარჯავს ცხინვალზე, 5,5 მლრდს აფხაზეთზე. ეკონომიკის მინისტრი მოადგილე გამოვიდა და თქვა, რომ აღარ შეუძლიათ ანკლავების შენახვა. უნდა განვითარდეს ინვესტიციებიო.
თუ მოხდება ეკონომიკური ინტეგრაცია, გაიხსნება გზები, თუ გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოჰყვება კეთილდღეობის აღქმა, რაც ჰქონდა ერგნეთის ბაზრობას, როგორც პოლიტიკური ეფექტის მქონეს. ერგნეთის ბაზრობას სრული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი უნდა მოეხდინა და დაესრულებინა კონფლიქტი ეთნიკურ ქართველსა და ეთნიკურ ოსს შორის. ერგნეთის ბაზრობამ თავისი ფუნქცია რომ განახორციელა, ამერიკულმა სპეც. და ანალიტიკურმა სამსახურებმა დაწერეს დიდი მოხსენება, რომ ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი, რასაც აუცილებლად მოჰყვება ქართულ-რუსული ურთიერთობების დაახლოება და ეს უნდა ჩავშალოთო. რა გააკეთეს? შინაგან საქმეთა ექს მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გაგზავნეს და დაატერორებინეს ეს ბაზრობა მიშა მაჭავარიანთან ერთად. მე მახსოვს ეს.
– ასევე გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება – რუსეთთან დიალოგის დაწყება, რის გამოც 2012 წელს აირჩია ხალხმა, რატომ ვერ მოხერხდა პოლიტიკური დიალოგის დაწყება?
– იმიტომ, რომ ამ პროცესის წინააღმდეგ მას დაუპირისპირდა დასავლეთის მთელი პოლიტიკური სისტემა.
– ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების სურვილი თუ დაინახეთ ამ ფორუმის ფარგლებში?
– კეთილგანწყობა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 17 ივლისს დანიშნული რეფერენდუმი ჩაშალეს. რა თქმა უნდა ამას ჩვენი ხელისუფლება ღიად შეფასებას ვერ მისცემს, რაც ძალიან კარგად არის გასაგები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ახალი პოლიტიკური ძალა არის “ხალხის ძალა”, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ღიად ამხილა დასავლური გეოპოლიტიკის მსახვრელი ინსტრუმენტები, რომლებიც ფაქტობრივად სწირავდნენ ქვეყანას ახალი ომისთვის.
გარკვეული იმპულსები მოდის. სავიზო რეჟიმს თუ მოგვიხსნიან და ავიამიმოსვლას აღგვიდნენ, ამის შემდეგ დღის წესრიგში თუ დადგება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი ჩვენი დევნილების უკან დაბრუნების პირობით, თუ კი ღრმაწყლოვან პორტში შემოვა ჩინური ინვესტიციები, თუ კი ამას ექნება რეგიონული თანამშრომლობისთვის ძლიერი იმპულსის მინიჭების ეფექტი, თუ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რეგიონულ დონეზე ჩაეყრება საფუძველი, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მალე მოვესწრებით აღმავლობის გზაზე მდგარ ქვეყანას.
– საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. როგორ ფასდება ეს ამბავი მოსკოვში?
– ევროკავშირი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მას აქვს ძალიან მძიმე პრობლემები, უკრაინის კრიზისის ფონზე ამ პრობლემებმა კიდევ უფრო გაღრმავება დაიწყო. ევროკავშირი, რომელიც სტაბილური გეოპოლიტიკური ცენტრის იმიჯს ტოვებდა, დღეს უკვე განიხილება, როგორც გარდამავალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელმაც ახლო მომავალში, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადოს. ქართული საზოგადოებისთვის ეს გასაგები რამ არის. ამიტომ, არის, რომ როდესაც ევროკავშირმა საქართველოს სტატუსი არ მიანიჭა, ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია მრავალი ათასი ადამიანის მონაწილეობით. გამოვიდა ის ხალხი, რომელსაც გააჩნდა სრულიად ლეგიტიმური პოზიცია და პროტესტი ევროკავშირის მიმართ. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სანიმუშოდ ასრულებს ძალიან ბევრი ტიპის საშინაო დავალებას, რაშიც უკრაინა და მოლდოვა მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან.
ესაუბრა გიორგი ქართველი