როგორც რუსული სახლი (“რუსეთის თანამშრომლობის” წარმომადგენლობა სომხეთში) ერევანში იტყობინება, სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის რომან ბერეზოვსკის ჯილდოს საფეხბურთო ტურნირი განახლდა. სექტემბერში სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში შექმნილი რთული ვითარების გამო თამაშები დასაწყისშივე იძულებითი შეჩერდა – ვაიოც ძორსა და სიუნიქში შეხვედრები 15 და 17 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, ხოლო 13-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაცია მოხდა. ასე რომ, სექტემბერში, თამაშების პირველი სერიის შეხვედრა მხოლოდ ტავუშის მოსწავლეებს შორის ჩატარდა, ხოლო დანარჩენი მატჩი გადაიდო და მათი ჩატარება 9 ნოემბერს (ვაიოც ძორი) და 10 ნოემბერს (სიუნიკი) მოხერხდა.
მოედანზე, ვაიკელი ბავშვების გარდა, საკუთარი შესაძლებლობები იეგნაძორელმა, ჯერმუქელმა და სოფელ არენელმა მოზარდებმაც აჩვენეს. «მათ ნამდვილი კლასი აჩვენეს, ვინაიდან თავად რომან ბერეზოვსკის თანდასწრებით, რომელიც სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მოტივაცია მეტი ჰქონდათ. ბიჭებმა თავიანთი სკოლის გუნდები ღირსეულად წარადგინეს», — ნათქვამია ერევნის რუსული სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამაშის შედეგების მიხედვით, თასი ვაიკელთა გუნდს ერგო, მეორე ადგილი იეგეგნაძორის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაიკავეს. მესამეები — არენელი ბიჭები, ხოლო, მეოთხეები ჯერმუკის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ტურნირის მიმდინარე სერიის დასკვნითი თამაშები ერთი დღის შემდეგ, 10 ნოემბერს, კაპანში გაიმართა.
სხვათა შორის, ლეგენდარული მეკარის რომან ბერეზოვსკის კარიერა, 90-იან წლებში სწორედ იქ დაიწყო. ამის შესახებ სომხეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ სექტემბერში, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მომავალი საფეხბურთო ტურნირიც დააანონსა.
90-იან წლებში, ჯერ კიდევ 18 წლის რომანი კაპანის „სიუნიკში “ თამაშობდა და ომიც კარგად იცოდა რა იყო. ვარჯიშები ხშირად ტყვიების ქვეშ ტარდებოდა, ხოლო საღამოობით თავშესაფარში უწევდათ დამალვა. ცნობილმა ფეხბურთელმა იმ რთულ პერიოდებზე ღიმილით ისაუბრა და იხუმრა კიდეც: «კაპანამდე ცოტა ხანს ერევანში, “კოშკაგორეცში” ვთამაშობდი. მაგრამ ჩემი განუმეორებელი და მრავალფეროვანი მოგონებები ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს, როცა სიუნიქში ვიყავი, უკავშირდება. ძალიან ლამაზი ადგილები. ყველაფერი ლამაზია. Ბუნება. ხალხი… თავიდან უბრალოდ ვთამაშობდით, ვვარჯიშობდით და მერე დაიწყო დაბომბვა. სროლები ვარჯიშის დროს, მოედანზე ყოფნისას მიმდინარეობდა… დროთა განმავლობაში შევეჩვიეთ და ხმით ვხვდებოდით, რომელი კალიბრის იარაღით ისროდნენ… საღამოობით თავშესაფარში ვიმალებოდით. საშინელება იყო… მეტი რა ვთქვა?.. გულახდილად რომ ვთქვა, ამ ადგილებს მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებითა და მოლოდინებით ვუბრუნდები. და მთავარი მოლოდინი არის, რომ ახალგაზრდა სპორტსმენების საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ, წარმატებული იყოს. ხშირად მეკითხებიან, რას მისცემს ეს ბავშვებს, რატომ სასაზღვრო ტერიტორია? ომი საშინელებაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამიტომ, ჩვენ ძალიან გვსურს, რომ ამ მატჩებმა ნაწილობრივ მაინც გაათავისუფლოს ისინი სტრესისგან, რომელსაც ისინი ნებით თუ უნებლიეთ განიცდიან. რათა ბავშვებმა იცოდნენ, რომ ცხოვრება გრძელდება და მომავალს გაცილებით მეტი ოპტიმიზმით უყურონ“.
10 სექტემბერს ტავუშში, პირველ მინი ტურნირზე გადაღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა: ბავშვებმა ენით აუწერელი დადებითი ემოციები განიცადეს და ძლიერი დადებითი მუხტი მიიღეს. სოფელ აიგეოვიტში თამაშები ანშლაგით ჩატარდა. ფეხბურთის მოედანზე ღირსეულ ბრძოლაში ადგილობრივი საშუალო სკოლის, ასევე ტავუშის, იჯევანის, ბერდის, ნოემბერიანისა და დილიჯანის სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულთა თასი ტავუშელ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რა თქმა უნდა, თავად ბერეზოვსკიმ გადასცა!
«დღეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კარგი თამაში აჩვენეს. ჩვენი ძალებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ , რათა სომხეთის რეგიონების ახალგაზრდა ფეხბურთელები პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში დავაწინაუროთ.», — განაცხადა რომანმა თამაშის ბოლოს.
თავისი განზრახვა იმის შესახებ, რომ ყურადღება მიაქციოს ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენებს, ბოლო თამაშის შემდეგ, ვაიკში გამართულ პრესკონფერენციაზეც გაახმოვანა. შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს სომხეთის რეგიონებში მეკარეების, მწვრთნელების არარსებობისა და ბავშვებში ბერეზოვსკისთვის მიბაძვის მწვავე სურვილის გაჩენისთვის, ყოფილმა მეკარემ განაცხადა, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ამ საკითხის მოგვარებას შეეცდებიან. «ვეცდებით შევარჩიოთ გარკვეული პერიოდი და მსურველებთან ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩავატაროთ“.
იმავდროულად, ბერეზოვსკის ჯილდოს ტურნირის ორგანიზატორებმა – რუსული სახლი ერევანში (ვადიმ ფეფილოვის ხელმძღვანელობით), სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია (არმენ მელიქბეკიანის თავმჯდომარეობით) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიკეთის გზა“(,რომან ბერეზოვსკის უფროსი ძმის ალექსანდრე ბერეზოვსკის ხელმძღვანელობით) — პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ წამოწყების მიზანი მხოლოდ ნიჭიერი ფეხბურთელის გამოვლენა არ არის. პროექტი, პირველ რიგში, სოციალური მიმართულებისაა: საუბარია, მოზარდების ადაპტაციაზე (მაგალითად, სასაზღვრო ზონაში რუსეთიდან ჩამოსულ უამრავ ოჯახზე – ავტორი.), ბავშვების ფიზიკურ განვითარებაზე, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.
«ერთხელ სომხეთის საზღვრო სოფლებს ვაკვირდებოდით. კერძოდ, სიუნიქის რეგიონში ვიმყოფებოდით და ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სკოლის დირექტორებს ერთი და იგივე კითხვა დავუსვით: ვისი უნდა ჩავიდეს მათთან, რომ ვიწრო სპეციალისტების სიმცირის ადგილობრივი უფსკრული ამოავსოს. გაგვიკვირდა, როცა გვითხრეს, რომ მათ ფსიქოლოგები, კარგი მწვრთნელი ან ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი სჭირდებათ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა და შევუდექით მის განხორციელებას. საბედნიეროდ, ბედმა რომანის უფროს ძმას – ალექსანდრეს შეგვახვედრა და თანდათან დავიწყეთ სვლა იმისკენ, რომ მას სოციალური საქმიანობით დაკავება გადაეწყვიტა. ასე დარეგისტრირდა ორგანიზაცია „სიკეთის გზა“ და ჩვენ ერთად დავადექით სიკეთის ამ “გზას”, ერთობლივად დავიწყეთ დიდი საფეხბურთო ტურნირის პოპულარიზაცია საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის», — განაცხადა ერევნის რუსული სახლის ხელმძღვანელმა ვადიმ ფეფილოვმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტურნირი არ ჩაანაცვლებს ბავშვთა შეჯიბრებებს, რომლებიც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით დიდი ხანია სისტემატურად იმართება.
«პირიქით, ეს არის კიდევ ერთი ტურნირი, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს ატმოსფეროს, გააუმჯობესებს ვითარებად იმ ადგილებში, სადაც რომან ბერეზოვსკიმ ოდესღაც ბრწყინვალედ დაიწყო გზა საფეხბურთო ოლიმპოსკენ», — განაცხადა ფეფილოვმა.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის „სიკეთის გზა“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბერეზოვსკიმ განაცხადა: «მადლობელი ვარ, რომ აღნიშნული ტურნირის მოწყობის შესახებ სწორედ ვადიმ ფეფილოვის შუამავლობით შევიტყვე. პირველი თამაშები მაისში, გიუმრიში გაიმართა და საკმაოდ წარმატებით. სისტემა ასეთია: თითოეულ რეგიონი ოთხ გუნდს წარადგენს. მოთამაშეები 12-13 წლის ბიჭები არიან. ერთ დღეს იმართება 4 მინი თამაში – ორი ნახევარფინალი და ორი ფინალი. მათ წინ უძღვის საზეიმო გახსნის ცერემონია, გუბერნატორების, მერების, ჟურნალისტების და უბრალოდ სპორტის მოყვარულთა მონაწილეობით. ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ დიდ ფეხბურთში”.
ალექსანდრე ბერეზოვსკის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს – წარსულში იგი სომხეთის ველოსპორტის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. სწორედ ამიტომ, მომავალი თამაშების ორგანიზებას სრული სერიოზულობით მიუდგნენ. შემთხვევითი არ არის, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მაშინვე გამოეხმაურა ამ იდეას და ბავშვებს ყველაფერი მიაწოდა რაც სჭირდებოდათ: თასები, მედლები, დიპლომები. მოედანზე მსაჯებიც კი გამოცდილნი და პროფესიონალები იყვნენ.
«წინასწარი მონაცემებით, ტურნირების მიმდინარე სერიაში სულ 144 მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. ეს მხოლოდ დასაწყისია», — განაცხადა ერევნის რუსული სახლის ხელმძღვანელმა ვადიმ ფეფილოვმა და იმედისმომცემად დასძინა: «რომან ბერეზოვსკის ჯილდოს საფეხბურთო ტურნირი სომხეთის სასაზღვრო ზონის ბავშვებისთვის მრავალსაფეხურიანია და ყოველწლიურად ჩატარდება». ჰოდა, ღმერთმა ქნას, პროექტმა “ფესვები გადაიდგას” და ხელი აღარაფერმა შეუშალოს.
ირინა გრიგორიანი