11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, დაეშვა სახელმწიფო დროშები. სრულიად საქართველო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ გლოვობს. 8 დეკემბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. 20 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობის ჰორიზონტალურმა ნგრევამ, შენობაში მყოფი ადამიანების გადარჩენის შანსი ნულს გაუტოლა.
ნანგრევებს შორის მოყოლილი ადამიანების გადარჩენის იმედს მაშველები ბოლო წუთამდე არ კარგავდნენ. ტრაგედიის ადგილთან შეკრებილი ადამიანები კი, სანთლებით ხელში, მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდნენ. პირველი სიხარული იყო მცირეწლოვანი იოანეს გადარჩენა, რომელიც ნგრევის მომენტში ავტომობილში იმყოფებოდა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მძიმე ტრავმებით ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ახალგაზრდა ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის სამი შვილის დედა, 35 წლის ინგა მეკეიძე. იგი კლინიკაში გარდაიცვალა. მისმა გულმა 4-ჯერ შეწყვიტა ფეთქვა, მეხუთე ბოლო იყო. ინგასთან ერთად მისი 2 არასრულწლოვანი (9-ისა და 1 წლის) შვილი და მაზლი დაიღუპნენ, კიდევ ერთი შვილი და მეუღლე შემთხვევითობამ გადაარჩინა. ტრაგედიის მომენტში ბავშვი ბაღში იმყოფებოდა, მეუღლე – მაღაზიაში.
8 ოქტომბერს შინ დარჩენა საბედისწერო აღმოჩნდა 12 წლის დავით შომახიასთვისაც. ის დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში და ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა. პატარა ნიჭიერი მხატვრის დაღუპვის შემდეგ, მისი ნამუშევრები სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მისი ერთ-ერთი ნახატი საზოგადოებამ წინათგრძნობად აღიქვა – მატარებლის ლიანდაგზე მდგარი დედა-შვილი ხელჩაკიდებულნი ჰორიზონტისკენ მიაბიჯებს.
37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა. მთელი დღის განმავლობაში ნანგრევებიდან ეკონტაქტებოდა მაშველებს. მისი მდგომარეობა თავიდან მძიმე იყო, მოგვიანებით კი დადებითი დინამიკა აღენიშნა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
10 ოქტომბერს, ნანგრევებთან ახლოს, სამძიმრის გამოსახატავად მოქალაქეები ყვავილებსა და სათამაშოებს ტოვებდნენ, სანთლებს ანთებდნენ გარდაცვლილი ადამიანების მოსაგონებლად, მათ შორი დაღუპული ბავშვების მეგობრები და თანაკლასელები.
ტრაგედიის პირველივე წუთებიდან გაისმა ვერსია, რომ კორპუსის ერთი სადარბაზოს მთლიანად ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყო. დიდი ალბათობით, სახლს მზიდი კედლები გამოაცალეს. ბინის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია. პოლიციამ ის და მის მიერ დაქირავებული 2 მუშა დააკავა. ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილის შეფასებით, ბათუმის ტრაგედია არაპროფესიონალური ჩარევის შედეგია. ნანგრევებიდან გამომდინარე სპეციალისტი ასკვნის, რომ შენობა მსხვილბლოკოვანი კონსტრუქცია იყო, რაც ძალიან მდგრადი და გამოცდილი სისტემაა. ამგვარად აშენებული სახლი ათეული წლების განმავლობაში მდგრადია და ძლიერ მიწისძვრასაც უძლებს. თუმცა, არაკვალიფიციური ჩარევის შედეგად, როცა, რომელიმე სეგმენტს შეეხებიან, – ამ შემთხვევაში სახეზეა მზიდი კედლების უხეში ხელყოფა – ნგრევა გარდაუვალია.
ერთი სიტყვით, მოშალეს ის მზიდი კონსტრუქცია, რომელსაც ყველაზე ძლიერი მიწისძვრის დროსაც კი, უნდა გადაერჩინა ადამიანი. არაკვალიფიციურმა ჩარევამ 9 ბალიანი მიწისძვრის ტოლფასი ნგრევის პროვოცირება გამოიწვია. როგორც არქიტექტორი განმარტავს, პირველი სართულის კონსტრუქციული სივრცე, ყველაზე საპასუხისმგებლოა, განსაკუთრებით, თუ მას ზევიდან 7 სართულის წონა აწევს.
“მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს სახლი ძალიან მდგრადი შენობა იყო, როგორც კი ერთ ელემენტს შეეხები არასწორად, შეიძლება მთელი სისტემა დომინოს ეფექტით დაიშალოს. რაც მოხდა კიდეც. ეს იყო ძალიან თამამი, გაუაზრებელი ჩარევა. დემონტაჟის მცდელობა, რამაც დააზიანა მზიდი კედლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი”, – განუცხადა Dalma News-ს თამაზ დოგრაშვილმა.
მისივე განმარტებით, მსხვილბლოკოვანი ნაგებობა საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული გადაწყვეტაა. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ელემენტები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რომელიმე მათგანისთვის ადგილის შეცვლა, ან მათი მზიდუნარიანობას დარღვევა (დავუშვათ კარის გაჭრა, როდესაც ვერტიკალურ ელემენტზე კარის პროპორცია ვერტიკალური დეტალის ნახევარზე მეტს იკავებს), უკვე სასიკვდილო განაჩენია.
შესაძლებელი იყო, თუ არა ტრაგედიის თავიდან არიდება? ალბათ, კი და ეს შესაძლებელი იყო სხვადასხვა ეტაპზე. როგორც თამაზ დოგრაშვილმა გვითხრა, ბინის პატრონის იდეა ესკიზის დონეზე მაინც, პროფესიონალი მშენებლების მცირე საბჭოს რომ განეხილა, ისინი კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც დავინახეთ, ზაურ ბუდაგოვი საკუთარ ინტუიციას და დაბალი კვალიფიკაციის მქონე, დაქირავებულ მშენებლებს “ენდო”.
“ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს მომხდარს და ასეთი რამ მოვისმინე, რომ მუშებმა შეიტანეს დომკრატები. სამშენებლო პროცესში დომკრატი შეგაქვს, როცა მას რაღაც მნიშვნელოვან ელემენტს აცლი და ცდილობს, გარკვეული დროის განმავლობაში დაჭიმულმა დომკრატმა აიღოს ეს ფუნქცია თავის თავზე. დომკრატის შეტანის ფაქტი კვალიფიციურ მშენებელს რომ შეემჩნია, აუცილებლად მიხვდებოდა, რომ შენობის კონსტრუქციაში ძალიან უხეში ჩარევა მიმდინარეობდა. ამის ანალიზი ვერ მოხდა და ტრაგედიაც გარდაუვალი იყო”, – დარწმუნებულია არქიტექტორი, თამაზ დოგრაშვილი.
არქიტექტორის აზრით, მსგავსი სტრაგედია რომ აღარ განმეორდეს, საჭიროა კაპიტალურ ნაგებობაში ჩასატარებელი ნებისმიერი სამუშაო, აუცილებლად შეთანხმდეს შესაბამის ორგანოებთან. პირველ რიგში არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურთან.
კიდევ ერთი მძიმე და პრობლემური საკითხია საცხოვრებელი ფუნქციით აშენებული ნაგებობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება. მძიმე 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოში მყარად მოიკიდა ფეხი საცხოვრებელი ბინებისა და სარდაფების საჯარო სივრცეებად გადაკეთების არასწორმა პრაქტიკამ, რაც დღემდე გრძელდება. დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ სავაჭრო და საბინაო სივრცის კონსტრუქციაც და შიდაინტერიერიც სრულიად განსხვავებულია. ალბათ, საჭიროა მსგავსი რეკონსტრუქციები შეიზღუდოს.
არქიტექტორის განმარტებით, როცა მრავალსართულიანი ნაგებობის პირველი სართული კომერციული მიზნებისთვისაა გათვლილი, ის თავიდანვე არის პროექტით გათვალისწინებული. ასეთ დროს მზიდი კედლების ნაცვლად გამოიყენება მზიდი კოლონები. ასევე საჯარო სივრცის ჭერის სიმაღლე გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე საცხოვრებლის. მაგრამ, როცა საცხოვრებელ სივრცეს, შენი ფანტაზიით გინდა საზოგადოებრივი დატვირთვა მისცე, ანგრევ იმ სტრუქტურას და ცდილობ ახალ ფუნქციას მოარგო, ასეთი მცდელობა კრახით დამთავრდება.
“არის რაღაც, რასაც ნაგებობა გპატიობს, მაგრამ არის ზონები, რომელსაც ხელი არ უნდა ახლოთ”, – ამბობს დოგრაშვილი.
Dalma News-ის კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა სახლის ზედა სართულების მცხოვრებლებს ეგრძნოთ საშიშროება, არქიტექტორი განმარტავს, რომ ტრაგედია ერთი წუთის დიაპაზონში მოხდა. მზიდუნარიანობის თვისების მქონე წერტილის ერთბაშად ხელყოფამ სისტემის ვერტიკალურ ჩამოშლა გამოიწვია.
დღეს უკვე მოქალაქეები ღიად საუბრობენ საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ რამდენად ხშირია ბინების რემონტის დროს საყრდენი კონსტრუქციების ხელყოფის მცდელობა და პრაქტიკა. ამასთან ბრძოლა ცხადია საჭიროა, ნებისმიერი ჩარევა უნდა შეთანხმდეს კომპეტენტურ გამოცდილ სპეციალისტებთან. მხოლოდ მათი რჩევითა და მითითებით მოხდეს ან არ მოხდეს ჩაფიქრებული საქმის განხორციელება.
შენობა, რომლის მცხოვრებლებს მიწისძვრის შემთხვევაშიც კი გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდათ, ერთ წამში მტვრად იქცა. მიწისძვრის დროს შენობას განმეორებადი ბიძგები ანგრევს. სპეციალისტები გვირჩევენ ასეთ დროს, კარის ზღუდარის ქვეშ დავდგეთ, ან მძიმე მაგიდის ქვეშ შევძვრეთ. დავძლიოთ ინსტიქტი და არავითარ შემთხვევაში არ გავიდეთ კიბის უჯრედში, რომელიც ყველაზე პირველად ინგრევა. დიაგონალზე თუ დაეცემა ზღუდარი, ადამიანს აქვს შანსი მოხვდეს ცარიელ სივრცეში, შეიძლება ისეთი ბედნიერი შემთხვევაც მოხდეს, რომ მას სიმძიმე არ დააწვეს.
ახალგაზრდა არქიტექტორი და დიზაინერი, ლელი შევჩენკო, კონტროლის მექანიზმის გაძლიერების მომხრეა და ამბობს, რომ ბათუმის ტრაგედიის განმეორების საფრთხე ქვეყნის სხვა ქალაქებშიც არსებობს. მისი თქმით, ერთი მხრივ, პროექტის დამტკიცებისას ზედმეტად მკაცრი შეზღუდვები და მზარდი ბიუროკრატიული სირთულეებია, მეორე მხრივ კი ბევრი მიშენება და შეუმოწმებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.
“ერთ-ერთ მსხვილ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი კორპუსების არქიტექტურულ პროექტირებაზე. ერთი პროექტი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს პოზიციას ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ინვესტორს მიაჩნდა, რომ ასწლოვანი ხეების მოჭრა პრობლემას არ წარმოადგენდა, მთავარი იყო კორპუსი მომგებიან ადგილას აშენებულიყო. მაქსიმალურად ვეცადე ადგილმდებარეობა შემეცვალა კორპუსისთვის და დავითანხმე”, – იხსენებს ლელი საკუთარი პრაქტიკიდან.
თბილისის გენგეგმის ჯგუფის წევრი, არქიტექტურის დოქტორი მამუკა სალუქვაძე ამჯერად ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს.
როგორც Dalma News-ს მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ქაოსური და უსისტემო განაშენიანება ბათუმსაც ისევე აწუხებს, როგორც თბილისს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. არის უკვე აშენებული, მშენებარე და მშენებლობის მომლოდინე ძალიან ბევრი ისეთი ობიექტი, რომელთა სწორად დაგეგმარებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. სიმაღლის კოეფიციენტები ასტრონომიულ ციფრებს აღწევს, რადგან დეველოპერები ადვილად იღებენ ნებართვებს.
“ძალაუფლება დღეს, პრაქტიკულად დეველოპერების ხელშია. ასე იყო თბილისშიც. დეველოპერები თვითონ კარნახობდნენ მერიას სად, რა კოეფიციენტის შენობა უნდა აშენებულიყო. გენგეგმის მიზანია, სწორედ ეს არგუმენტაცია და ბერკეტები მისცეს მერიას ხელში, სად, როგორი და რა ტიპის მშენებლობები უნდა იყოს დაშვებული“, – ამბობს მამუკა სალუქვაძე.
მიშენება-დაშენების დამღუპველი პრაქტიკა, ქალაქისთვის ბომბია. დაშენება ზოგან დაშვებულია, მაგრამ ამას სერიოზული განხილვა სჭირდება. ბათუმმა არ იცის, როგორ უნდა განვითარდეს.
მამუკა სალუქვაძის აზრით, კონტროლის მექანიზმები გასაძლიერებელი და ჩამოსაყალიბებელია.
“ბათუმის ტრაგედიას ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. უნდა არსებობდეს კონტროლის მექანიზმი. როდესაც კონსტრუქციას ეხები, იქ ნებართვაც გჭირდება და თვალყურის დევნებაც. მსგავსი შემთხვევები სხვაგანაც შესაძლებელია მოხდეს”, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
როგორ წარიმართება გამოძიება ბათუმის ტრაგედიაზე, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გვიწევს იმ შეგრძნებით ცხოვრება, რომ ერთ დღეს, ვიღაცის უგუნურებით, შესაძლოა სახლი აღარ იყოს შენი თავშესაფარი და უსაფრთხო გარემო.
შორენა პაპაშვილი