ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, ალბათ, ვერასდროს დაივიწყებს საქართველოში განცდილ “ფიასკოს”, როცა, მისი ავტორიტეტი და ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ჯიუტი თხებივით ჭიდილი შეეწყვიტათ და 5-თვიანი პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ, ორმხრივი კომპრომისით დაესრულებინათ.
კრისტიან დანიელსონი, რომელიც თბილისში “ქართველების შესარიგებლად” ჩამოვიდა, 19 მარტს ხელმოცარული გაემგზავრა უკან. ერთი კვირის კვირის განმავლობაში ცდილობდა “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას. ამ დროის განმავლობაში, ხან ოპოზიციის, ხანაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდა. ბოლოს, ორივე მხარე ერთ მაგიდასთან 18 მარტს, დღის სამი საათისთვის შეკრიბა. შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა, მაგრამ შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს. თუმცა დანიელსონი გვარწმუნებს, რომ ზოგ მონაკვეთში მაინც მოხერხდა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, ძირითადად პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმასთან დაკავშირებით, მაგრამ კრიზისის დაძლევაში ნაკლები პროგრესი და ნაკლები წინსვლა იყო.
დანიელსონის გასტუმრების შემდეგ, ოპოზიცია საწყის წერტილს დაუბრუნდა. 20 მარტს პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს და ხალხს მათი სამოქმედო გეგმა გააცნეს. გეგმა კი იმაში მდგომარეობს, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია კვლავაც “მთავარი ძალის” გავლენის სფეროში დარჩება და მისი გეგმითვე იმოქმედებს. ოპოზიცია კვლავ წინასაარჩევნო კამპანიას უბრუნდება, – ასე უწოდა მათ ახალ სტრატეგიას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ექსმერმა გიგი უგულავამ. პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ კი, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე) შეახსენა, რომ არ შეეგუება მის ბოსტანში ბოსტნეულის როლში ყოფნას, თუ, რაღაც ამდაგვარი.
როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ოპოზიციამ უნდა დაანახოს საქართველოს დასავლელ მეგობრებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რომ 1%-იან ბარიერგადალახული, თუ ვერ გადალახული პარტიები ამ შედეგებს არ შეეგუებიან.
“ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის საკუთარ ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე, როგორც ბოსტანში ექცევიან ბოსტნეულს. საქართველოს მოსახლეობა უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დიახ, ჩვენ გვინდა, ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო და სახელმწიფი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ აქციაზე.
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აქციის მონაწილეებსა და მათ მხარდამჭერებს “ენმ”-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააცნო. მისი ინფორმაციით, ოპოზიცია ბრძოლის სრულიად სხვა რეჟიმზე გადადის. ისინი ქვეყნის რეგიონებში ჩავლენ, რათა თითოეულ ამომრჩეველთან მიიტანონ მათივე ხმა და მოუსმინონ ადამიანებს. 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კი მრავალათასიან მიტინგს გამართავენ. ბოკუჩავას აზრით, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირს და ძალიან კარგად ესმით, რომ “ივანიშვილის რეჟიმის მოშორების გარეშე” ვერ დაიძლევა პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური სიდუხჭირე.
იგი ახალგაზრდებს მოუწოდებს, გვერდზე გადადონ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატია თუ ანტიპატია და ოპოზიციას შეუერთდნენ.
“ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო, ზოგს მოგწონთ ერთი პარტია, ზოგს არა, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო და ახლა საქართველო მართლაც არის გადასარჩენი. საქართველოს გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ. ამისთვის გავალთ რეგიონებში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
15 მაისს, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოსახლეობას ციხიდან მოუწოდა ნაციონალების თავმჯდომარე ნიკა მელიამაც, თუმცა საკუთარი გულისტკივილიც გაამხილა. მელია უკმაყოფილოა 20 მარტის აქციაზე თავად ოპოზიციის ლიდერების სიმწირით.
“კარგი დასაწყისი არის კარგი დაბოლოების საწინდარი, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანია. სხვა უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ, ვფიქრობ, მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება”, – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია “მთავარი არხთან” პირველ სატელეფონო ინტერვიუში.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების რესურსი არ ამოწურულა და კომპრომისული წინადადებები, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან წამოვიდა, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდასთან. ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება და მიიღოს კომპრომისის “ოცნებისეული” ვარიანტი.
“ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა. ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, ანუ მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის ეთქვა სიმართლე, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას არ ცვლის. არც სისხლის სამართლის ბრალდებულების მელიასა და რურუას (“ტვ პირველის” დამფუძნებელი) ციხიდან “პოტპატიმრის” სტატუსით გამოყვანაზე ამბობენ უარს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად უღირს თავად ნიკა მელიას 15 მაისამდე ციხეში ჯდომა, სანამ ოპოზიცია დაასრულებს ქვეყნის რეგიონებში დაანონსებულ ტურებს.
ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ შატალოზე მყოფ ოპოზიციასთან საუბარს აზრი არ აქვს და ხელისუფლებას ურჩევს შეცვალოს სამოქმედო სტრატეგია და დიალოგი ოპოზიციის ნაცვლად მოსახლეობასთან დაიწყონ.
მისივე თქმით, შატალოზე მყოფი 6 პარტიიდან გადაწყვეტილებას მხოლოდ 2 პარტია იღებს – “ენმ” და “ევროპული საქართველო”, შესაბამისად ამოიწურა მოლოდინი, რომ, რომელიმე პარტია, ან ცალკეული წევრი მიიღებს გადაწყვეტილებას და შევა პარლამენტში. ერთადერთი გამონაკლისი, შესაძლოა, “გირჩი” აღმოჩნდეს, ოღონდ ყოფილი ლიდერის, ჯაფარიძის გარეშე. ამირან სალუქვაძის აზრით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერც “ლელო” გაბედავს, რითაც დაამტკიცებენ, რომ, არც დასავლეთია მათთვის პრიორიტეტი, არც ქვეყნის ინტერესები, არც ზოგადად პოლიტიკა.
“ოპოზიციამ უკეთესი დღის წესრიგი უნდა შემოგვთავაზოს. აღარ გვაინტერესებს დანგრეული საქართველოს ცრუ სურათი და დაპირებები, მოვლენ და ააშენებენ. იმაზე გვესაუბრეთ, რას და როგორ ააშენებთ ხელისუფლებაზე უკეთ. პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ეს დაძაბულობები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას. ოპოზიციას არ ესმის, რომ პარლამენტიდან გაცილებით მეტ დისკომფორტს შეუქმნიდნენ “ქართულ ოცნებას”. დასავლეთისთვისაც მეტად მისაღები გახდებოდნენ”, – აცხადებს ექსპერტი.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ხელისუფლება, დიდი ალბათობით, მზად იყო მელია გამოეშვათ ციხიდან, ოღონდ ამისთვის, ჯერ ოპოზიცია უნდა შესულიყო პარლამენტში, რადგან ეჩვენებინათ ოპოზიციის სისუსტე. ოპოზიცია კი პირიქით, ერჩივნათ ჯერ მელია გამოეშვათ და შემდეგ შესულიყვნენ პარლამენტში, რაც დაადასტურა პლებისციტის იდეაზე ოპოზიციის მზადყოფნამ. თუმცა, ბოლო მომენტში ყველაფერი ისევ შეიცვალა.
ზაქარეიშვილის თქმით, პლებისციტი თეორიულად უშვებს იმ ვარიანტს, რომ ხალხს ეთქვა, – არ გვინდა ვადამდელი არჩევნებიო.
“ვადამდელ არჩევნებზე საუბარი უკვე ზღაპარია. დარწმუნებული ვარ, რომ პლებისციტი დადებდა უარყოფით პასუხს. ოპოზიცია ეძებდა საბაბს შესულიყო პარლამენტში, ოღონდ არ უნდა ყოფილიყო დამარცხებული, ჯერ მელია უნდა გამოსულიყო ციხიდან”, – განუცხადა Dalma News-ს პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ არაფრით არის უკეთესი ოპოზიციაზე, მაგრამ ის ვალდებულია დათმოს, რადგან არის ხელისუფალი და, თუ უნდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თუმცა, მეორე მხრივ, ზაქარეიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში არის არა პოლიტიკური, არამედ პოლიტიკური ელიტის კრიზისი.
“ქართული ოცნება” პარლამენტში მარტოა, აქვს ლეგიტიმაცია, აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას. არჩევნებს იგებს, გზებს აშენებს და ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.
“ხელისუფლებას შეეძლო ეთქვა დანიელსონისთვის, – მოდი, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე ვილაპარაკოთ. ერთ ღამეში გაასამართლებდნენ მელიას და მეორე დღეს, პრეზიდენტს სთხოვდნენ შეეწყალებინა. ყველაფერი იქნებოდა მოგვარებული და ევროპაში გამოვჩნდებოდით სახელმწიფო, რომელსაც აქვს სამართალი და ოპოზიციას აჯობებდა ყველა პარამეტრში. ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, ამას ხედავს ევროპა. მათ კარგად იციან, რომ ჩვენთან არ არის სასამართლო დამოუკიდებელი, არა მარტო ჩვენთან, ძალიან ბევრ ქვეყნებში. საქართველო არ არის სხვაზე უარესი, ქვეყნების უმრავლესობა ასე ცხოვრობს, მაგრამ მათ დაინახეს, რომ ხელისუფლებამ არ მოისურვა მის ხელში არსებული ბერკეტის გამოყენება, რათა მელია გამოეშვა”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, 5 თვეა ეჭიდავება ხელისუფლება ოპოზიციას, რის გამოც, უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი გადადის უკანა პლანზე.
Dalma News-ის კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდეთ 15 მაისის შემდეგ, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ 15 მაისს, შესაძლოა ოპოზიციამ შეძლოს თბილისში მრავალათასიანი მიტინგის ორგანიზება, მაგრამ ეს იქნება ერთდღიანი აქცია.
მისი თქმით, ოპოზიციას დააგვიანდა, 2021 წლის ოქტომბერში უკვე ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, მაისში უკვე ხალხი სოფლებში წავა, უამრავი სამუშაოა იქ, ამასობაში მოიხსნება პამდეემის გამო დაწესებული შეზღუდვები, ხალხს უამრავი საქმე აქვს, ტურისტებზე იქნება “ნადირობა” და არავის ეცლება მიტინგებზე სიარულისთვის.
ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობდეს ადგილობრივ არჩევნებზე, რეგიონების პრობლემებზე, მისი მთავარი საზრუნავი – მიტინგია. ნამახვანის აქციაზე 50 000 კაცი გამოვიდა, ოპოზიციის მიტინგზე კი, არ გამოდის ხალხი, არა იმიტომ, რომ პრობლემები არ აწუხებთ. უბრალოდ, პოლიტიკოსების მიმართ ნდობა დაკარგეს.
შორენა პაპაშვილი