სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო. ქალაქის მიტოვებული ქუჩები, დახურული რესტორნები, თეატრები, მუზეუმები, სკოლები. ნიღბიანი კაცები და უნიფორმიანი ექიმები, მაღაზიების ცარიელი თაროები და მედიაში ომის ქრონიკების მსგავსად ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მთელი წლის განმავლობაში ფილმ-კატასტროფაში ვცხოვრობთ. ვისურვებდი, ეს ფილმი საბოლოოდ, „ჰეფი ენდით“ დასრულებულიყოს და სასურველია, გაგრძელება არ ჰქონდეს. ვირუსმა შეიძლება ისტორიის მიმდინარეობა შეცვალოს, მაგრამ დროს ნამდვილად არ შეაჩერებს; ახალი წელი მაინც დადგება, თუმცა კოვიდშეზღუდვებით.
საკონტროლო შესყიდვა
საახალწლო სუფრა, პანდემიის ეპოქაშიც კი პირველ ადგილს იკავებს. გარეთ 21-ე საუკუნის ჭირი დადის, თუმცა დღესასწაული არავის გაუუქმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის მწვერვალების დაპყრობას ველით და ყველაზე შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ამ დღეს ძალიან ბევრი უნდა ვისეირნოთ! ბაზრების შესასვლელთან ტემპერატურის შემოწმება თითქმის ჩვეულებად იქცა, თუმცა ყველა შესასვლელ-გასასვლელი არ მოწმდება. ბაზრის ტერიტორიაზე დიქტორი ნიღბების ტარების აუცილებლობაზე და ჯარიმების თავიდან აცილებაზე საუბრობს. გამყიდველებს, მართალია სიმბოლურად, თუმცა ნიღბები მაინც უკეთიათ. მომხმარებლები უფრო კეთილსინდისიერად გამოიყურებიან: ისინი მაღაზიის წინ რიგში დგებიან, სოციალურ დისტანციას იცავენ და ნიღბებს ყველა წესის შესაბამისად ატარებენ.
სურსათის ფასები ზოგადად იგივეა, გარდა ინდაურისა და გოჭისა, რომლებიც ახალი წლის წინა დღეებში გაძვირდა. პირველით ტრადიციულ ქართულ საახალწლო კერძს – საცივს ამზადებენ, ხოლო მეორეს – ღუმელში წვავენ. ამასთან, ბოლო დროს ურყევ ტრადიციებს თავისუფალი აღქმა მიეცა. სავალდებულო ინდაურის ნაცვლად საცივში მის მონათესავე ქათამს იყენებენ, ხოლო მთლიანი გოჭის ნაცვლად ღორის ხორცის ნაჭრებს წვავენ. ის, რაც ყოველთვის უცვლელია, არის ტრადიციული დელიკატესი – გოზინაყი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ახალი წლის სუფრაზე ტკბილეული აუცილებლად უნდა იდოს და მეორეც, ეს დელიკატესი ძალიან გემრიელია და მარტივად მზადდება: საჭიროა ნატურალური და ხარისხიანი, თითქმის ქარვისფერი თაფლი, ნიგოზი, ან თხილი.
– ასეთ თაფლს სხვაგან ვერ იყიდი, – გამყიდველი ჩემს მოხიბვლას ცდილობს – ეჭვის თვალით ნუ მიყურებ, სიმართლეს გეუბნები, – თაროდან ლიტრიანი ქილით თაფლს იღებს და მაჩვენებს.
– გადამყიდველი არ ვარ, ამ თაფლს მე თვითონ ვასხამ, ისევე, როგორც ღვინო. მუკუზანიდან ვართ. – მოშორებით ღვინის ბოთლებია ჩამწკრივებული.
თაფლს მართლაც რომ კარგი სუნი აქვს.
– “აქედან გაქცევას არ ვაპირებ. ჩემს თაფლზე თავს დავდებ. ჩემი მეუღლე ტატიშვილის კლინიკაში მკურნალობდა, გაგიგონიათ, ალბათ, ამ კლინიკის შესახებ. ასე რომ, იქ ექიმებმა ერთხელ ჩემი თაფლი გასინჯეს, ახლა ჩემი მუდმივი “კლიენტები” არიან. ჩემს ტელეფონის ნომერს მოგცემ და თაფლი თუ დაგჭირდა, დამირეკე და მოგიტან”, – ამ სიტყვებით სიმონმა, ასე ჰქვია მას, მომაწოდა ფურცელი თვისი საკონტაქტო ტელეფონის ნომრით.
ნახევარი სამეფო ცხენის სანაცვლოდ
გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ტალღის პიკის დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა კომიკური ვიდეო, რომელშიც თბილისის, რომელიღაც უბანში ახალგაზრდა უხუცესი ცხენს აჭენებდა და აცეკვებდა. დიახ! ნამდვილ ოთხფეხა, ოთხჩლიქიან, კუდიან და ჩლიქოსანთა ოჯახის წარმომადგენლის სხვა მახასიათებლის მქონე ცხოველზე ვსაუბრობ. სოცქსელის მომხმარებლები ხუმრობდნენ, რომ ეს ყველაზე შესაფერისი სატრანსპორტო საშუალებაა. არჩევანზე აღარც არის საუბარი, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია. ვიღაც ავტომობილიდან ველოსიპედზე გადაჯდა, ვიღაცა კი ისე განერვიულდა, რომ 17 კილომეტრი ფეხით გაიარა. თქვენი მონა-მორჩილის ბიოგრაფიაში ასეთიც მომხდარა. ვიღაც კი, უკვე გამოცდილ ცოცხალ ტრანსპორტზე გადაჯდა, როგორც ზემოთ ნახსენები ახალგაზრდა. როგორც ამბობენ: “мы поедим, мы помчимся на оленях утром ранним”.
შემოდგომაზე საქართველოში შეზღუდვები კვლავ დაწესდა. ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდი მოიხსნა. პაციენტებს ექიმები ვეღარ ეხმარებოდნენ, რადგან თავად ექიმები გახდნენ კოვიდის მსხვერპლნი. ვითარება თითქმის კატასტროფული იყო. ამიტომ, მთავრობამ „ლოქდაუნდის“ გადაწყვეტილება მიიღო. ეს სიტყვა ჩვენს ლექსიკონში პანდემიასთან ერთად შემოვიდა.
ბოლოს ნაწილობრივი ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ავტომობილებით გადაადგილება არ აიკრძალა, ისე როგორც ეს გაზაფხულის ჩაკეტვის დროს იყო. თუმცა, აპოკალიფსი 24-ში დილით მოხდა. ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრამდე მოიაზრებოდა. მაგრამ, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, მთავრობამ შეზღუდვების ახალი სია დაამტკიცა, რომელიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე იმოქმედებდა. რა თქმა უნდა, პანდემია პანდემიაა, თუმცა საშობაო საჩუქრები ხომ არავის გაუუქმებია. თოვლის ბაბუა წელს მკაცრი გრაფიკით მუშაობს. კონკიას მსგავსად, რომელსაც სახლში მისვლა 12 საათამდე უნდა მოესწრო, თოვლის ბაბუასაც სერიოზულად უნდა ევაჟკაცა და საღამოს 9 საათამდე ყველა საქმე უნდა მოეთავებინა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ თუ კონკიას ტრანსპორტი გოგრად გადაიქცა, თოვლის ბაბუას წესების დარღვევის სანაცვლოდ სერიოზული ჯარიმის გადახდა მოუწევდა. 21:00-დან 05:00 საათამდე ქვეყნის ქალაქებში გადაადგილება აიკრძალა.
ამიტომ, დილიდან, დიდ სავაჭრო ცენტრებთან კილომეტრიანი რიგები დადგა. ცენტრალური შესასვლელის გარდა, თითოეული მაღაზიის რიგში უნდა ჩამდგარიყავი. გაუთავებელ რიგებში დგომისას საათები ქვიშასავით იცლებოდა. შენობებში ძალიან ცხელოდა და რამდენიმესაათიან რიგში დგომისას სამედიცინო ნიღაბი იორთქლებოდა და სახეს სველი პირსახოცივით ეკვროდა.
სუპერმარკეტებზე მასობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით, ტაქსის მძღოლებმა თავიანთი მომსახურება ერთმანეთის მიყოლებით გააძვირეს. ცდუნებას ვერ გაუძლეს და ფასებს ერთი-ორად მოუმატეს. ამგვარად, წინასაახალწლო დღეებში თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე საცობები იყო. ტაქსის მომსახურება 10 ლარის ნაცვლად 15 და 20 ლარი გახდა. მოკლედ, ტაქსისტებს საუკეთესო დრო დაუდგათ.
– ახალი წლის მოახლოვებას საერთოდ ვერ ვგრძნობ,- მითხრა ტაქსისტმა სახლისკენ მიმავალ გზაზე.
“მე თვითონ არავის ვესტუმრები, არც სტუმარი მეყოლება. ადამიანი ხომ უცებ არ წამოხტება და გაიქცევა, 9 საათამდე სახლში მისვლა რომ მოასწროს. ამიტომ, უმეტესობა სახლში დარჩება. სახლში კი ჩემთვის კვერცხს შევიწვავ და ესეც შენი ახალი წელი. ხვალ რა იქნება, არავინ ვიცით. შანსი ჩავარდა და ჩვენც ვმუშაობთ, 31-ის მერე რა იქნება, ვინმემ იცის? უკანასკნელი ფული დახარჯო, სუფრა გაშალო, არავინ გესტუმროს და მერე მშიერი დაჯდე?! არა, ასეთი რამ არაფერში მჭირდება. ახალი წელი ის არის, როდესაც ოჯახში სიუხვე და ყველა ჯანმრთელია”,- დასძინა მძღოლმა.
რა თქმა უნდა, 2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი. თუმცა, მედალს ხომ ორი მხარე აქვს? გასული წლისგან რა ვისწავლეთ? მივხვდით, რომ ვივიწყებთ ჭეშმარიტ ფასეულობებს. პირველად დავფიქრდით მსოფლიოს სისუსტეზე და მოწყვლადობაზე; იმაზე, რომ იგი დღეს უფრო კონტროლირებადია, ვიდრე უსაფრთხო, რაც თავისუფლების ილუზიას ქმნის; იმაზე, რომ უმაღლესი ტექნოლოგიები და ეკონომიკის საუკეთესო მაჩვენებლები ეპიდემიასთან ბრძოლაში წარმატებას სულაც არ ნიშნავს და რომ არ არსებობს საქმე, რომლის გადადებაც შენი და შენი ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად არ შეიძლება; და კიდევ იმაზე, რომ შენი სახლი, შენი ციხე-სიმაგრეა.
ხომ გახსოვთ, ბიოლოგიური კატასტროფების შესახებ ფილმები როგორ მთავრდება? დიახ, ესეც „ჰეფი ენდით“ დასრულდება და ჩვენ გადავრჩებით, მაგრამ ამ გამოცდის შემდეგ აბსოლუტურად სხვები ვიქნებით. სწორედ ამაშია ამ ბლოკბასტერის შემქმნელის მთავარი იდეაც – გვაიძულოს გავჩერდეთ, გავიაზროთ საკუთარი გზა და უკეთესები გავხდეთ.
ახალ წელს გილოცავთ!