სანამ, საქართველოს მოსახლეობის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩეული პარტიები სადეპუტატო მანდატების გამოყენება-არგამოყენების დილემის წინაშე დგანან, სანამ ოპოზიცია ცდილობს დემოკრატიული მსოფლიო დაარწმუნოს საქართველოს ერთპარტიულ მმართველობაში და თავად, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ, პარტია “ქართულმა ოცნების” მთავრობამ პარლამენტს 2020-2024 წლების სამთავრობო პროგრამა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ”, წარუდგინა. პროგრამა 4-ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომელთაგან პირველია ეკონომიკური განვითარება. მეორე – სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა, მესამე – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები და მეოთხე – სახელმწიფო მმართველობა.
მეათე მოწვევის პარლამენტს, რომლის უმრავლესობას “ქართული ოცნების” დეპუტატები წარმოადგენენ, მთავრობის გეგმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააცნო. მსოფლიო პანდემიის პირობებში სახელმწიფოს წინაშე არსებულ სტრუქტურულ გამოწვევებსა და პრობლემებს დღეს, ვერც ერთი პარტია ვერ აუვლიდა გვერდს, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლას იმედოვნებდა. გიორგი გახარიას შეფასებით, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ თითოეულ მოქალაქეს. 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც აორმაგებს, როგორც მთავრობის, ისე – პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც მისივე თქმით, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია.
“ოპოზიციასთან ერთად, თუ მის გარეშე “ქართული ოცნების” მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ”, სრულად განხორციელდეს და 4 წლის თავზე საქართველომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. მანამდე კი სიღარიბე და უმუშევრობა კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერი გახარია აცხადებს, დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა, რომელიც დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშეა და სახელმწიფოს მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებს. თუმცა, მეორე მხრივ, ქართულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობა – პანდემიის პირობებში შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები.
“საქართველოს ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში, ჩვენი ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დავუბრუნოთ იმ სტანდარტს, რომლითაც ვიწყებდით 2020 წელს. ჩვენ მოგვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის შეფასებით, საგადასახადო სისტემაში დღეს, უამრავი ისეთი შეღავათი არსებობს, რომელიც ეფექტიანი აღარ არის. ახალ პარლამენტს მოუწევს განიხილოს საგადასახადო შეთანხმების “მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები”, ან საერთოდ გაუქმდეს ეს პრაქტიკა.
“დადგა დრო, სერიოზულად განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტიანობა და მათ შორის სამართლიანობაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების, მათ შორის, მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვაზე. მისივე თქმით, მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა პრობლემა უშლიდა ხელს, თუმცა საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა მოახერხა და მიწის საკუთრების და მართვის ნაწილში საკანონმდებლო წესრიგი დაამყარა. ასევე საუბარია სახელმწიფო ქომების პრივატიცაზიის გაგრძელებაზე. კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ყველა იმ სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს.
“ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი. ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ, როგორც ჩვენი ეკონომიკა, ასევე მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 20 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა და სხვა…
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს რაც შეეხება, გიორგი გახარიას შეფასებით, უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და დღეს, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ამას დასჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.
პრემიერმა ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხელმისაწვდომობის გაგრძელებაზეც და აღნიშნა, რომ პროგრამის საბოლოო მიზანია სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეს არ ჰქონდეს საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა – მედიკამენტებზე, თუ ჯანმრთელობის მართვაზე. მისივე თქმით, სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, იზრუნოს ხანდაზმულ მოქალაქეებზე და პენსიის ზრდა არ იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი.
“ეს იყო სწორი, თამამი და ძლიერი გადაწყვეტილება, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, თუმცა ეს არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასა და ეკონომიკურ ზრდაზე”, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, როდესაც საქართველო შეძლებს გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე – გლობალურად.
“ჩვენ არაორდინარულ გარემოში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება; გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ყველა ამ გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.
ნებისმიერი რეფორმა, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში გატარდება ქვეყანაში, შეუძლებელია მმართველობითი სისტემის და საჯარო მოხელის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, ამიტომ, გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში საჯარო მოხელეების საქმიანობა და კეთილსინდისიერება მთავრობის ყურადღების ცენტრში იქნება.
ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა პრაქტიკულად პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც აღმოჩნდება ქვეყანა პოსტპანდემიურ პერიოდში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ეხება ყველა იმ მექანიზმის ამოქმედებას, რაც პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ეკონომიკური კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად გადალახვისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი.
მისივე თქმით, მთავრობას რთულ ვითარებაში უწევს გადაწყვეტილებების მიღება. ერთი მხრივ სავაჭრო ქსელების ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხრივ, კოვიდპანდემიური სიტუაციის აფეთქების პრევენცია და რისკების მართვა. სიტუაცია კი მთელ მსოფლიოში არაორდინარულია. პრაქტიკულად, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ლოქდაუნების მოხსნის შემდეგ, გაიხსნა ეკონომიკები და პირველ რიგში ეს მომსახურების სერვისებს ეხება, ყველგან ვირუსმა იფეთქა.
“გერმანიაშიც კი, სადაც დისციპლინირებული მენტალობა მძლავრობს, წინასაახალწლოდ მთავრობა არა თუ შეზღუდვების შერბილების, არამედ გამკაცრების სტრატეგიაზე გადავიდა. იგივე შვედეთმა, რომელმაც თავის დროზე ლიბერალური მიდგომა არჩია და ეკონომიკა არ ჩაკეტა, მკაცრი შეზღუდვების პრაქტიკაზე გადავიდა და აღიარა, რომ ე.წ ჯოგურმა იმუნიტეტმა ფიასკო განიცადა”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ვიღაცის კომერციულ ინტერესებზე თარგის მოჭრა.
როგორც Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა, საქართველოში დღეს, არც ისე საგანგაშო ვითარებაა, როგორც ამას გარკვეული პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფები ხატავენ. პანდემიამ ხელი შეუწყო დისტანციური სერვისების განვითარებას და ტრადიციული გაყიდვების ალტერნატიულ არხად აქცია, შედეგად დისტანციური გაყიდვების სერვისები სულ უფრო პოპულარული ხდება. პრაქტიკულად ყველანაირი საქონლის შეძენაა შესაძლებელი, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ტანსაცმლის, ასევე აგროპროდუქციის თუ საზკვების მზა პროდუქტების ჩათვლით.
მისივე თქმით, ეკონომიკა დღეს პანდემიის მძევალია, იმ შემთხვევაში, თუ მედიცინა პანდემიის პრობლემას მოხსნის, ეკონომიკაზე ეს პირდაპირპროპორციულად დადებითად იმოქმედებს. პროგნოზი, რომ 2021 წელი მძიმე იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, – გიორგი ცუცქირიძის აზრით, გადაჭარბებულია და ყველაფერი სამედიცინო სფეროზეა დამოკიდებული.
“ჩვენ დღეს არ გვაქვს ფინანსური, ან სხვა გლობალური ფაქტორებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემა. ეს წმინდა მედიცინის თემაა. თუ მედიცინა შეაკავებს ვირუსს, ეკონომიკაც ამოისუნთქებს და გადავა ბუნებრივი განვითარების ჩარჩოში. არ მგონია 2021 წელი ძალიან მძიმე წელი იყოს”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა.
შორენა პაპაშვილი