ქართული ოპოზიცია საკუთარი გადაწყვეტილებების მძევლად იქცა. 1%-იან ბარიერგადალახული 7 პარტიის ლიდერები საგონებელში არიან, – შევიდნენ ახალი მოწვევის პარლამენტში, თუ არა? ევროპარლამენტარები გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან და ორმხრივ კომპრომისზე საუბრობენ. მათი შეფასებით, 31 ოქტომბერს არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რამაც გზა გაუხსნა უფრო პლურალისტულ პარლამენტს.

“კიდევ ერთხელ ვულოცავთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ ადგილებისთვის მეორე ტურში. ჩვენ ვითხოვთ, დარჩენილი ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით. ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით”, – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ნაციონალებთან გაერთიანებულმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მისი ხელახლა ჩატარება მოითხოვეს (პროტესტის მიუხედავად “პატრიოტთა ალიანსი” ნაციონალებთან ერთ გაერთიანებაში ყოფნას არ აპირებს), არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათ საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდეს არჩევნებზე არ მისულიყვნენ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს კი, საარჩევნო უბნებთან ე.წ სირცხვილის დერეფნების მოწყობით დაემუქრნენ. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის, არც შეურაცხმყოფელი ეპითეტები დაიშურეს.

21 ნოემბერს, საქართველოში არჩევნების II ტური ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი 17-მაჟორიტარულ ოლქში განმეორებით დააფიქსირა. Dalma News -ი შეეცადა საარჩევნო პროცესისთვის ადგილზე ედევნებინა თვალი. დამკვირვებლის რანგში გლდანს ვეწვიეთ. თბილისის ამ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების პირველი ტური საარჩევნო უბნებზე დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ოპოზიციურმა პარტიებმა II ტურის გამართვამდე 2 დღით ადრე გაიწვიეს საარჩევნო კომისიებიდან თავიანთი წარმომადგენლები. ამის გამო, რამდენიმე უბანი თავმჯდომარის გარეშე დარჩა. საარჩევნო კომისიების დარჩენილ წევრებს, რამდენიმე ფუნქციის შეთავსება მოუხდათ.

არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური ლიდერების ისტერიული განცხადებებისა და საარჩევნო უბნებთან მისული მოქალაქეების დემონიზირების მცდელობის ფონზე წარიმართა. ოპოზიციური ტელეარხები ერთპარტიულ არჩევნებზე საუბრობდნენ და კომუნისტების ეპოქასთან ავლებდნენ პარალელს. პარალელურად კი ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. როგორც დღის ბოლოს გაირკვა, არჩევნების II ტურში საკუთარი ნება ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერებმაც დააფიქსირეს.

საარჩევნო უბნებთან, მთელი დღის განმავლობაში პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ჩანს, ხელისუფლება ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ მისი ოპონენტები საარჩევნო უბნებთან დაძაბულობის შექმნას არ ეცდებოდნენ. გლდანში საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმები დაითვალეს. არჩევნების პირველ ტურში ოქმების შევსებისას დაშვებული შეცდომების შემდეგ, კომისიის წევრებმა ცესკოსგან მიიღეს მითითება, მაქსიმალური ყურადღებით დაეცვათ კანონით გათვალისწინებული ყველა წესი. ერთხელ დათვლილ ბიულეტენებს, რამდენიმეჯერ ითვლიდნენ და ისე ადგენდნენ ბალანსს. ხმების დათვლის შედეგად აღმოჩნდა რომ ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციის ელექტორატის თუნდაც მცირე ნაწილი, მაინც მივიდა არჩევნებზე.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ოპოზიციის ამომრჩევლის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილი მხარს არ უჭერს ბოიკოტის გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციის კანდიდატები სრულფასოვნად არ მონაწილეობდნენ, მათივე ამომრჩევლის ნაწილი მაინც მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. ამ არჩევნების შედეგებით ოპოზიციის კანდიდატებმა 7-დან 10 %-მდე მიიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს ლეგიტიმაცია ჰქონდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამით პოლიტიკური მოცემულობა არ შეცვლილა, 17-ვე მაჟორიტარული ოლქი “ქართული ოცნების” პორტფელში დარჩა.

როგორც Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა, შანსი იმისა, რომ პარტიების ნაწილი შევა პარლამენტში 50/50-ზე არსებობს. ისიც ფაქტია, რომ 5 პარტია ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სურვილების მძევლად იქცა. პარალელურად შექმნეს განწყობა, რომ პარლამენტში შევა მოღალატის ტოლფასია.

“ამ პოლიტიკურ პარტიებს განვითარება და თვითკმარ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება, თუ სურთ, საკუთარ ამომრჩეველს უნდა მოუსმინონ და არა სააკაშვილს. ეს პარტიები ახლა არიან ორჭოფულ მდგომარეობაში. კარს ბოლომდე არ იჯახუნებენ და ამბობენ, რომ გარკვეული პირობებისა და კომპრომისების შემთხვევაში, შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალონ”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

იგი ხელისუფლებას ურჩევს, ბარიერგადალახულ პარტიებთან შეხვედრა ევროპელი ფასილიტატორებისა და აშშ-ს ელჩის მონაწილეობით გამართოს, სადაც მხარეები განიხილავენ იმას, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, კერძოდ, ოპოზიციას გარკვეული თანამდებობები შესთავაზონ პარლამენტსა და მთავრობაში.

“როდესაც ეს პოლიტიკური პარტიები აცხადებენ პრეტენზიას პროდასავლურობაზე, დასავლურ პოლიტიკურ კულტურასაც უნდა იზიარებდნენ. ისინი კი, დღეს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად გვევლინებიან. ქუჩის აქციებით ხელს უწყობენ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას და იმას, რომ ქვეყნის იმიჯი შეილახოს”, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, ოპოზიცია მისდევს პრინციპს, – “რაც უარესი ის უკეთესი!”.

ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს, რომც დასთანხმდეს, არ არის გამორიცხული ოპოზიციამ კიდევ უფრო ნაკლები ხმები მიიღოს, ვიდრე 31 ოქტომბერს მიიღეს, შესაბამისად, ათასჯერაც რომ ჩატარდეს არჩევნები, ისინი არასდროს იქნებიან კმაყოფილნი შედეგით.

“არასოდეს დაელევათ მიზეზი, რომ არჩევნები გაყალბდა”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამომრჩეველმა ნდობა 8 პარტიას გამოუცხადა. შესაბამისად, მათ უნდა იგრძნონ ეს პასუხისმგებლობა, რომ პანდემიისა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე.

“რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ.

ვაჟა ბერიძე

ანალიტიკოს ვაჟა ბერიძეს მიაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტური ფაქტობრივად არ შედგა იმდენად, რამდენადაც ის უკონკურენტო იყო, არა მხოლოდ ოპოზიციის მიზეზით, არამედ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგადაც.

მისივე შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ეს ფაქტია, თუმცა პოლიტიკური პროცესი, ვერც ერთმა მხარემ ვერ მართა, აქედან გამომდინარე ქვეყანა დარჩა წაგებული. პროცესები გავიდა საარჩევნო პროცესიდან და საკმაოდ ფეთქებადსაშიშ ვითარებაში გადაიზარდა. ანალიტიკოსის აზრით, ეს არ არის ქართული საზოგადოების ინტერესი, რომელიც იძულებული გახდა ბიძინა ივანიშვილის თამაში ეთამაშა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაეკეთებინა.

“სოციოლოგია საქართველოში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ემსახურება. ხელისუფლება ამტკიცებს რომ გაიმარჯვა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ოპოზიციაში მყოფმა პარტიებმა მთლიანობაში მეტი ხმა მიიღეს. საზოგადოების რიგით წევრებს, მოქალაქეებს არ გვაქვს არგუმენტები, რომელიმე მხარეს დავუჯეროთ. ცოტა სიღრმეში თუ შევალთ და ვნახავთ ეგზიტპოლების, პარალელური დათვლის და ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მათ შორის, ოპოზიციური ტელეარხების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს, არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის სახარბიელო დასკვნა არ გაკეთდება. ყველა ეს მაჩვენებელი მიახლოებულია ცესკოს მაჩვენებლებთან 3-4%-ის ფარგლებში სხვაობით”, – განუცხადა Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას, არ აქვს პასუხი კითხვაზე, – კიდევ 4 წლით, რატომ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში? მაგრამ, მეორე მხრივ, არც “ენმ”-ს აქვს იმის საფუძველი, რომ ოპოზიციური პარტიების ყველა ხმა თავისად მიითვალოს.

“დანარჩენ ოპოზიციას მოსწონს თუ არა, მთავარი ოპოზიციური ძალა დღეს სწორედ ექსპრეზიდენტი სააკაშვილია. მისი სახით კი ყოველთვის იქნება სიტუაციის ამოტრიალების საფრთხე, რაც ამ ქვეყანას არ წაადგება”, – ამბობს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს ისეთი განწყობა შექმნას, რომ სწორედ მან დათვალოს ხმები და რეალური შედეგების 4-5 %-ის ფარგლებში კორექტირება შეძლოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

“ევროსაბჭოში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში იციან რეალური ვითარება, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ამიტომ აქტიურად არ უჭერენ მხარს ოპოზიციას. “ენმ”-ს ერთპიროვნული მხარდამჭერი, არც ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება, როცა დასრულდება აშშ-ში არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები. ამგვარად ნაციონალებსა და მის მოკავშირეებს, ხელისუფლებაში მოსვლის სხვა გზა არ აქვთ, გარდა ქუჩის პროცესებისა და რევოლუციისა”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ვადამდელი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, რაც შეეხება, რაც ოპოზიციის მხრიდან ერთ-ერთ კომპრომისულ მოთხოვნად გაისმა, ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ძალიან სულელური აზრია.

“სად არის ფინანსები? ქვეყანას რა დაუჯდება ეს არჩევნები 6-თვეში? შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები მოდის. ხალხმა რა ვქნათ? სულ არჩევნების რეჟიმში ვიყოთ? ამას დამატებული პანდემია. საერთოდ, სად შოულობენ პარტიები ფულს, ესეც ხომ საინტერესოა? მიშას არ უყვარს პოლიტიკაში ფულის ხარჯვა”, – განუცხადა Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ.

საბოლოო ჯამში, არჩევნების II ტურში მონაწილეობა 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო. დაახლოებით 0,5 მლნ-მა ადამიანმა კი, მხარი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატებს და 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში დაუჭირა.

არჩევნების შედეგების ცხრილი:

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი  

მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები

№1 – მთაწმინდა, კრწანისი №2 – შალვა შავგულიძე – 8.43% (1 727)

№41 – ბექა ოდიშარია – 91.57% (18 769)

№2 – ვაკე

 

№2 – ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)

№41 – ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549)

№3 – საბურთალო

 

№24 – ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2 770)

№41 – დავით სერგეენკო-89.92% (24 697)

№4 – ისანი

 

№5 – ხატია დეკანოიძე – 7.85% (1879)

№41 – კახა კახიშვილი -92.15% (22 055)

№5 – სამგორი

 

№5 – ლევან ხაბეიშვილი – 11.32% (3 573)

№41 – სოზარ სუბარი -88.68% (27 993)

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი

 

№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 10.05% (3 188)

№41 – გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522)

№7 – ნაძალადევი

 

№10 – შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)

№41 – მიხეილ ყაველაშვილი – 91.4% (23 629)

№8 – გლდანი

 

№5 – ნიკანორი მელია – 10.64% (3 032)

№41 – ლევან კობიაშვილი – 89.36% (25 474)

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

 

№5 – გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)

№41 – ირაკლი ქადაგიშვილი – 88.83% (44 616)

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

 

№5 – ცეზარი ჩოჩელი – 7.47% (2 076)

№41 – შალვა კერესელიძე -92.53% (25 728)

№12 – რუსთავი, გარდაბანი

 

№5 – დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)

№41 – ნინო ლაცაბიძე – 89.79% (35 297)

№16 – ხაშური, ქარელი

 

№5 – ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)

№41 – ზაალ დუგლაძე – 91.72% (30 602)

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი №5 – კახა გეწაძე – 8.06% (3 488)

№41 – ბეჟან წაქაძე – 91.94% (39 810)

№23 – ქუთაისი

 

№5 – გრიგოლ ვაშაძე – 8.08% (2 626)

№41 – ზაზა ლომინაძე – 91.92% (29 866)

№27 – ზუგდიდი №5 – მალხაზ ჯალაღონია – 6.12% (2 064)

№41 – ირაკლი ჩიქოვანი – 93.88% (31 678)

№28 – ბათუმი

 

№5 – ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)

№41 – რესან კონცელიძე – 87.81% (30 057)

№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო №5 – მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)

№41 – ანზორ ბოლქვაძე – 88.19% (32 062)

 

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

 

საარჩევნო ოლქი

 

 

მეორე ტურში გასული კანდიდატები

№59 – ქუთაისი №5 – გრიგოლი შუშანია – 7.98% (2 595)

№41 – იოსები ხახალეიშვილი – 92.02% (29 911)

 

შორენა პაპაშვილი