ახლა უკვე ჩვენი შესაძლო შეხვედრის შესახებ წარმოსახვით ფორმაში უნდა დავწერო. გიორგი შენგელაიას 2019 წლის აპრილში, გენიალური კინორეჟისორის, გიორგი დანელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვესაუბრე.
“სიკვდილი – ყველაზე დიდი უსამართლობაა”, – ამბობდა გიორგი შენგელაია, – ცხოვრება საოცრადაა მოწყობილი. ადამიანი მაშინ ტოვებს ამ ცხოვრებას, როდესაც იგი სრულყოფილებას აღწევს. შემოქმედი იმაზე უნდა დაფიქრებულიყო, რომ ნიჭიერი ხალხი მარადიული ცხოვრებისთვის დაეტოვებინა”.
ხანმოკლე საუბრის შემდეგ, დიდი ინტერვიუს ჩასაწერად შეხვედრაზე შევთანხმდით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. სამწუხაროდ, ადამიანები ასე ვართ მოწყობილები, ყოველთვის გვგონია, რომ წინ დიდი დრო გვაქვს და, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მხოლოდ მაშინ ვფიქრობთ იმ საქმეებზე, რომლის გაკეთებაც, ვერ მოვასწარით. გიორგი შენგელაიასთან ჩვენი შეხვედრა, რომ შემდგარიყო, აუცილებლად ვკითხავდი ფილმ “ფიროსმანის” შესახებ.
ნიჭიერი მხატვრის ტრაგიკული ბედის შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს. მისი ცხოვრება საიდუმლოებით იყო მოცული. მისი ბიოგრაფია ფრაგმენტული ნაწილებისგან შედგება, რომლებსაც ძირითადად მისი შემოქმედება გვაცნობს. როგორ გამოიყურებოდა, ან სად არის დაკრძალული ზუსტად არავინ იცის და რომ არა მისი შეუდარებელი სურათები, რომლებიც დღეს, მილიონ დოლარად იყიდება, ალბათ, უბედური მხატვრის ცხოვრება სიზმარი იქნებოდა. სწორედ ასეთი ნახევრად ცხადი ისტორია მოგვითხრო გიორგი შენგელაიამ ფილმით “ფიროსმანი”.
ფილმი საბოლოოდ ისეთი გამოვიდა, რომ მასში მოთხრობილი ისტორიის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ გეპარება. თითქოს რეჟისორმა მხატვრის ნახატებს სული ჩაჰბერა და მათ ავტორის რეალობა გააცოცხლა. ის, რომ ნიკალა პატიოსანი, გულუბრყვილო და სევდიანი იყო, მისი სურათებიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მისი მოძრაობის, საუბრის და მუშაობის მანერა შენგელაიამ გააცოცხლა.
– ისე არ გამომდის, როგორც სხვებს, – ამბობს ნიკო ფილმში, – ყელში გავეჩხირე ამ საშინელ ცხოვრებას, არც მყლაპავს და არც მიშვებს, – წუხდა თავისი რთული ცხოვრების გამო ნიკალა.
ამასთანავე, ცხოვრებაში იმედგაცრუებულს აბსოლუტურად მიწიერი ოცნებები ჰქონდა.
– რომ გავმდიდრდები დავდგამ ერთ ხის სახლს, მაღლობზე, ქალაქს რომ გადაჰყურებდეს, – ეუბნება ფილმში მეგობარს, – ვიყიდი ერთ დიდ სამოვარს. მოხვალთ თქვენ. ვსვათ ჩაი და ეს დრო მოვიგონოთ. მეტი რა უნდა ადამიანს.
ღარიბ და გენიალურ მხატვარზე ამბის ასე ცოცხლად გადმოცემა, საეჭვოა, კიდევ ვინმემ შეძლოს. არცერთი ზედმეტი ხმა, ზედმეტი ჩურჩული. მხოლოდ იმ დროის შესაფერისი დიალოგები, ისეთივე აზრიანი და ბრძნული, როგორც თავად ფილმის გმირი. გონივრულად და მოხერხებულად გადაღებული კადრები. რასაც არ უნდა აკეთებდეს ნიკალა – ტფილისის ქუჩებში სეირნობს, დუქანში შედის, თუ ორთაჭალის ბარში ისვენებს – თითქოს იქ ხარ და საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ცოცხლდება გაყინული სურათები, როგორ მოძრაობენ დახატული ადამიანები. რეჟისორმა თავის ფილმში ისეთ ჭეშმარიტებას მიაგნო, თითქოს მოკვდავისთვის დამალული და აკრძალული, საიდუმლოებით მოცული ზღვარი გადალახა.
გიორგი შენგელაიას “ფიროსმანი” მის სავიზიტო ბარათად იქცა. ორიოდე წლის შემდეგ, რეჟისორმა აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის ფილმი – მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები” გადაიღო. ეს ორი ფილმი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი ჟანრითა და დრამატურგიით, რომ მხოლოდ ღვთისგან ბოძებული ნიჭის პატრონს შეეძლო მსგავსი ჟანრობრივი ამპლიტუდის გადალახვა. შენგელაიამ გარისკა და საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიუზიკლი გადაიღო. კრიტიკოსებმა ფილმს პირველი და უკანასკნელი ქართულ მიუზიკლი უწოდეს. აი, რას ამბობდა თავად ამ ფილმის შესახებ:
“ჩემს უმცროს ვაჟს ძალიან მოსწონდა მიუზიკლები და მე იგი კინოთეატრებში დამყავდა. მან ფილმი “ჩემი მშვენიერი ლედი” ნახა.
ერთხელ ასეთი კითხვა დამისვა: – “შენ ასეთი ფილმის გადაღება არ შეგიძლია?”
სერიოზული იდეები მქონდა, დისიდენტურიც კი… და ამ პაუზის შევსება ჩემი შვილის შემოთავაზებით შევსება გადავწყვიტე. თუმცა, მიუზიკლი ძალიან სახასიათო რამ არის. ეს ზღაპარია. კარგი მიუზიკლი ყოველთვის წარსულში ხდება. მაყურებელი თითქოს ამ დღესასწაულის, ისტორიის მონაწილეა, რაც ყოველთვის კარგად მთავრდება. მიუზიკლის ტრადიცია ინგლისიდან იწყება, ეს იყო ქუჩის, რელიგიური წარმოდგენები, სადაც ხალხი, რატომღაც სიმღერას იწყებდა. ჩვენი მიუზიკლის საფუძვლად ერთი ძველი პიესა ავიღეთ. ეს არის მრეცხავის და მედროგეს ისტორია. ვეცადე ფილმი თანამედროვე ამერიკული მიუზიკლების დონეზე გადამეღო. მყავდა შესანიშნავი კომპოზიტორი გოგი ცაბაძე და და ჩვენ ერთად ვუყურებდით მიუზიკლებს, სანამ ფილმს გადავიღებდით. ამაში სამარცხვინო არაფერია. გვყავდა შესანიშნავი მსახიობები: დოდო აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ბუბა, სოფიკო ჭიაურელი და სხვები. მაგრამ ყველაზე დიდი აღმოჩენა იყვნენ გოგონები – ია ნინიძე და მაია კანკავა, რომლებმაც მედროგეს ქალიშვილების როლი შეასრულეს. ამ გოგონების შემდეგ უფროსი ასაკის მსახიობები შევკრიბე და ვკითხე: შეძლებთ, ამ გოგონებივით თამაშს? მიუზიკლში არ შეიძლება დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვით თამაში. ეს რაღაც ბავშვური თავისუფლებაა. ჩემის აზრით, რაღაც გამოვიდა”.
“ვერის უბნის მელოდიები” – ეს არის ზღაპარი მრეცხავის და მედროგეს სიყვარულზე. სითბოთი და სინათლით სავსე ფილმი ნამდვილ შლიაგერად იქცა. ცხადია ფილმის წარმატებაზე სერიოზულად იმოქმედა შესანიშნავი მსახიობების გუნდმა და ცაბაძის ჯადოსნურმა მელოდიებმა. სხვათა შორის, უკვე დიდი ხანია, რაც ამ ფილმის სიმღერებმა დამოუკიდებელი სიცოცხლე შეიძინეს და ხალხი მათ გამუდმებით მღერის. დღეისათვის ქართულ ესტრადაზე ეს ყველაზე ცნობადი და პოპულარული სიმღერებია. მაგრამ შესანიშნავმა რეჟისორმა, გიორგი შენგელაიამ ეს ყველაფერი ერთ მთლიანობად გააერთიანა და კეთილი ზღაპარი შექმნა.
ჩვეულებრივ, მსახიობებისა და რეჟისორების ნიჭი მათი კარიერის დასაწყისიდანვე განისაზღვრება, თუმცა შენგელაიას ეს ზოგადი განმარტება არ მიესადაგება, რადგანაც მისი შემოქმედების ჟანრობრივი სპექტრის დიაპაზონი იმდენად დიდია, ასკვნი, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. იგი არ უშინდებოდა იმას, რომ ყოფილიყო პიონერი. შენგელაია პირველი იყო, ვინც ფიროსმანის შესახებ სახალხო და სევდიანი ისტორიის ეკრანიზაცია შექმნა; გადაიღო პირველი ქართული მიუზიკლი – “ვერის უბნის მელოდიები”; პირველი ფილმი ეროტიკული ელემენტებით – „სიყვარული ვენახში“; ფილმი, რომელიც მოგვითხრობს 90-იანი წლების კორუმპირებული საქართველოს შესახებ – „მიდიოდა მატარებელი“. შენგელაიას მდიდარ ფილმოგრაფიაში კომედიაც არის, დრამაც და მიუზიკლიც და თითოეული მათგანი, როგორც წესი, არის მოვლენა. ქართული კინემატოგრაფიისთვის დამახასიათებელია ისტორიის იგავად თხრობის მანერა. შენგელაია სწორედ ის რეჟისორი იყო, რომელმაც ქართულ კინოს უნიკალური მიმზიდველობა შესძინა, მისი საფირმო ხელწერა ყოველთვის ეროვნული მოტივების სიუჟეტზე იყო ამოქარგული.
რეჟისორის დაკრძალვის დღეს ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა: “მიდიან ქართული კინემატოგრაფიის უკანასკნელი მოჰიკანები, ჩნდება უდიდესი სიცარიელე”. უკანასკნელები მათ შორის, ვინც ქართული კინემატოგრაფის განუმეორებელი ფენომენი შექმნეს. რა თქმა უნდა, ცხოვრება ამით არ მთავრდება. ქართულ კინემატოგრაფიაში მოვლენ სხვები, შეიძლება უფრო ნიჭიერებიც და შექმნიან არანაკლებ შესანიშნავ ფილმებს, მაგრამ ეს უკვე სხვა ეპოქა, სხვა კინემატოგრაფია იქნება…
ეკატერინე მინასიანი