25 წელზე მეტია, ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი სამშობლოდან შორს, გერმანიაში, წარმატებით მოღვაწეობს. თუმცა წარმატებული გერმანული კარიერა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. ენის ბარიერს თან ახლდა სამშობლოს მონატრება და დეპრესია. ამის გამო მსახიობი საავადმყოფოშიც კი მოხვდა. მაგრამ დაუღალავი შრომისა და პროფესიის სიყვარულის წყალობით, ის მალე, ქალაქ ესენის გრილოს სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა. თავის ცნობილ კინოროლებსა და ემიგრანტის ცხოვრებაზე Dalma News-ს რეზო ჩხიკვიშვილი ესაუბრა.

როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა ესენის თეატრთან?

– 1993 წელს, თბილისში, ქართულ-გერმანული პროექტი – “ოიდიპოს მეფე”, უნდა შემდგარიყო, სადაც ოიდიპოსს ვითამაშებდი. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო პროექტი გერმანიაში, ესენი გრილოს სახელობის თეატრში გადაიტანეს. სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩიარა. მალე თეატრის მმართველმა, იურგენ ბოსემ თავისთან მიმიწვია და ერთწლიანი ხელშეკრულება შემომთავზა, ისე, რომ მე მაშინ გერმანული ენა საერთოდ არ ვიცოდი. ეს გამოწვევა და რისკი გავამართლე და უკვე 26 წელია ესენის სახელმწიფო თეატრში ვმუშაობ.

შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. რამდენ ხანში დაძლიეთ ების ბარიერი?

– დიდი მონდომების შედეგად. მას შემდეგ, რაც მომიხდა ერთკაციანი სოლო პიესა “ჭუჭყის” (ავტ. რობერტ შნაიდერი) თამაში, სადაც ჩემი გმირი 2 საათის განმავლობაში მარტო იდგა სცენაზე და გერმანულად ყვებოდა არალეგალის დრამატული ცხოვრების შესახებ. გერმანულმა კრიტიკამ ძალიან შეაქო ქართველი მსახიობი, რომელიც მხოლოდ ერთი წელი ცხოვრობდა გერმანიაში და მის შესრულებას გრანდიოზული უწოდა.

საქართველოში წარმატებული კარიერა გქონდათ, ის მძიმე 90-იანი წლები რომ არა, დარჩებოდით უცხოეთში?

– რომ არა ის წლები, მე უცხოეთში ასე დიდხანს ნამდვილად არ დავრჩებოდი. უბრალოდ უცხოეთი მე ძალიან დამეხმარა პროფესიული თვალსაზრისით – ენა მასწავლა. ვამაყობ, რომ ჩემს პროფესიაში დავრჩი, არ გავჩერდი. გარდა იმისა, რომ სცენაზე უკვე 100 როლზე მეტი მაქვს ნათამაშები, კარგი პროფესიული გამოცდილება მივიღე.

რა გზა გაიარა რეზო ჩხიკვიშვილმა გერმანიაში, წარმატებისთვის რომ მიეღწია?

– ძალიან რთული გზა გავიარე გერმანულ სცენაზე თავის დასამკვიდრებლად. მახსოვს პირველ წელს დეპრესიაშიც ჩავვარდი და საავადმყოფოშიც მოვხვდი. უბრალოდ არ ვიცოდი როგორ გამემართლებინა თეატრის ხელმძღვანელის ნდობა. მე გერმანული ძლიერი თეატრალური დასის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, რომელიც გერმანულად ვერ ლაპარაკობდა და “ადგილს იკავებდა” უდიდესი კონკურენციის პირობებში. ყოველი დღე 100 -100 მსახიობი გამოთქვამდა შტატში აყვანის სურვილს. მე ამ ფიქრებმა ჭკუიდან კინაღამ გადამიყვანეს და როდესაც, თეატრის ნებაყოფლობით დატოვებას ვაპირებდი, იმიტომ, რომ არ მეგონა თუ მე ოდესმე შილერის და გოეთეს ენით გერმანელ მაყურებელს გავაოცებდი, სწორედ მაშინ მივიღე ერთი მსახიობის პიესაში მონაწილეობის შეთავაზება. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ როლს გავაკეთებ, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს ყველა მსახიობურ რეგისტრს გამოვიყენებ და ამის მერე ღირსეულად დავტოვებ გერმანიას- მეთქი. სწორედ ეს როლი აღმოჩნდა ჩემი მშველელი, ქართული კულტურის დიდი გამარჯვება და ჩემი სავიზიტო ბარათი. ამ როლის შემდეგ, თითქოს, ჩემი თეატრალური ცხოვრებაც სულ წარმატებისკენ შეიცვალა და განვითარდა.

რეზო ჩხიკვიშვილი

როგორია გერმანელი მაყურებელი, გრძნობთ მათგან, რომ უცხოელი ხართ?

– გერმანელი მაყურებელი ძალიან სამართლიანი და იმავე დროს პირდაპირია. თუ ხედავენ, რომ მსახიობი მონდომებულია, გპატიობენ აქცენტს, რომელიც პირველ წლებში მქონდა, გულთან მიგიშვებენ, მაგრამ თუ არ მოეწონე, არ დაგინდობენ და სპექტაკლის ბოლოს მოგაძახებენ – ბუუუუ. ეს არის “ბრავოს” საპირისპირო, რაც მსახიობისთვის დიდ დარტყმას ნიშნავს. ჩემდა საბედნიეროდ მხოლოდ ბრავოს მიყვირიან.

ამბობენ გერმანელები ცივი ხალხიაო, თქვენ როგორ დაახასიათებთ მათ?

– ჩვენ ჩვენი ცხოვრების სტილი და მენტალობა გვაქვს, გერმანელებს თავისი. ძალიან მიყვარს ეს ერი, შრომისმოყვარე, დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნებით, იმდენად განსხვავდება ქართველისა და გერმანელის მენტალობა, რომ თავიდან ისე ჩანს, თითქოს ცივები არიან. აქ, გერმანელ პატარა ბავშვს რომ მოვეფერო და სულში ჩავიძვრინო, ცოტა უკვირთ ამდენი სითბო. გერმანელებს ბავშვის მოვლის და გაზრდის მეთოდებიც სხვა აქვთ, ბავშვიც თავიდანვე, თავისი ქცევის საზღვრებში ზის, თუმცა, ამავე დროს თავისუფლებას აძლევენ. აქ, ამ ქვეყანაში პრიორიტეტი ენიჭება მუშაობას. თითქოს ცხოვრობენ იმიტომ, რომ იმუშაონ.

ჩვენთან პირიქითაა, მუშაობენ იმიტომ, რომ იცოცხლონ. ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ერთმანეთს ჩვენს პრობლემებზე ვუყვებით, ან ერთმანეთს შევეხუმრებით. გერმანელთან მაინც ფრთხილად უნდა იყო, აკონტროლო რას ეტყვი, რომ იმან სხვანაირად არ გაიგოს. დროის მატარებელი კი მიჰქრის. აქ სიყვარული გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარს თავისუფლება მისცე. გერმანელს პრობლემა რომც ჰქონდეს, არ გეტყვის, თავის იმიჯს უფრთხილდება. არ უნდა სხვას მოახვიოს თავისი პრობლემა თავზე. ყველა თავის ტერიტორიაზე აგვარებს თავის პრობლემას და არ გადადის სხვის ტერიტორიაზე.

ყველაზე ხშირად რა გენატრებათ?

– ქართული ენა, ქართული სულიერება, ურთიერთობები, ერთმანეთის მოკითხვა, დარდის გაზიარება, მეზობელი რომ მეზობლობს; ღამით ჩუმად, ფეხის წვერებზე რომ არ უნდა იარო, მეზობელმა საყვედური რომ არ გისაყვედუროს. მენატრება თონის პური, სულგუნი, ნაბეღლავი… საქართველოში ფილმ “ექვთიმეს” წყალობით 2,5 წელიწადში, 24-ჯერ ჩამოვედი. აუტანელი მგზავრობის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვიყავი ჩემს სამშობლოში ყოფნით.

იღბლიანი ხართ, თუ დაუღალავი შრომა გიწევთ წარმატებისთვის?

– მე მართლა იღბლიან მსახიობს მიწოდებენ. თუმცა შრომა მიყვარს და ვიცი გერმანული დისციპლინა. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ყველა რეჟისორი ბედნიერია ჩემთან მუშაობით. წარმატება კი შრომის, თან დიდი შრომის გარეშე არ მოდის.

ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია?

– მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი. მართლაც შემიძლია ამით ვიამაყო. არაჩვეულებრივი მეუღლე ხათუნა ჩაგელიშვილი, რომელთან ერთადაც უკვე 35 წელია ვცხოვრობ. მისი დამსახურებაც არის ჩემი ყოველი წარმატება. მყავს მართლაც კარგი და საამაყო შვილები, სანდრო და ლევანი. გერმანულ კომპანიებში მუშაობენ. საზღვარგარეთ ცხოვრებას და მოღვაწეობას ოჯახის გარეშე ვერ შევძლებდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი – ეს ჩემი სამშობლოა, რომელიც მენატრება და რომელიც ძალიან ახლოს უნდა მყავდეს.

არ შემიძლია მირზა გელოვანის როლზე არ გკითხოთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ამ შესანიშნავი პოეტის სახე უკვდავყავით.

– მიზრა გელოვანის როლი იყო ღვთის საჩუქარი. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდებული ქართველი პოეტის ეკრანიზაციაზე მუშაობა მხვდა წილად. ბევრი რამ ვისწავლე მისი ხანმოკლე ცხოვრებიდან. ბევრი შემძინა ფილმზე მუშაობამ. რა უნდა იყოს მსახიობისთვის იმაზე უფრო საამაყო და ძვირფასი, რომ მირზას ეკრანზე გაცოცხლებით, ბევრმა შეიტყო მისი ხანმოკლე ცხოვრების, მისი ქართული სულისა და ბუნების, მისი არაჩვეულებრივი ლექსების, ვაჟკაცური ხასიათისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის შესახებ. თავისი ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, ის გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი ლექსები დაუტოვა შთამომავლობას. მისმა საქმემ ის უკვდავყო.

როლმა, რომელიც თავიდან დიდად არ მოგეწონათ, უდიდესი პოპულარობა მოგიტანათ. კოკა, თქვენ ყველა თაობის მაყურებელს შეაყვარეთ. რაში მდგომარეობს საიდუმლო?

– სპექტაკლ “დარაბებს მიღმა გაზაფხულიას” მთავარმა გმირმა კოკამ, საერთოდ შეცვალა და გამილამაზა ცხოვრება, მილამაზებს დღესაც, უკვე თითქმის 42 წლის შემდეგ. დაუჯერებელიც კია, მაყურებლების მეორე და მესამე თაობა, ისევ ამ სპექტაკლზე ლაპარაკობს. ინტერნეტში სულ ატრიალებენ. ამ სპექტაკლის საიდუმლო იყო მხოლოდ ერთში, გულწრფელობაში. ძალიან გულწრფელები ვიყავით. ამას თამაშსაც ვერ ვუწოდებ. 400-ჯერ დავატრიალეთ კოკას და ნინიკოს სიყვარულის ისტორია სცენაზე და ამდენჯერვე გულწრფელები ვიყავით. ალბათ, იმ ასაკშიც ვიყავით, სიყვარულის ენაზე უფრო ნატურალურად რომ მეტყველებს ადამიანი. ძალიან ახლოს მივედით ყველა ადამიანის გულთან. უნდა ვაღიარო, რომ იმ დროს შეყვარებული არ ვყოფილვარ, თუმცა, დადიოდა ხმები, თითქოს მე და ეკა ქუთათელაძეს (ნინიკოს როლის შემსრულებელი) გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ გვქონდა ძალიან სუფთა, კოლეგიალური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ყოველი სპექტაკლის წინ, ჩუმად ფარდას გავწევდი, ერთ ლამაზ გოგოს ამოვირჩევდი და იმისთვის ვთამაშობდი.

 

კინო ინახავს მსახიობს კონკრეტული ეპოქით, კონკრეტული როლით. თეატრი კი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, მუდმივად საჭიროებს ცვლილებებს, რიტმს. თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია?

– ჩემთვის თეატრი და კინო ერთმანეთს ავსებს. თეატრი იმით არის ძვირფასი, რომ აქ ხელს არ გიშლის ამინდი, საათობით არ აყენებენ განათებას და უწყვეტად შეგიძლია შენს გმირში იცხოვრო. მახსოვს მირზა გელოვანზე ფილმის გადაღება, რომ დავიწყეთ, პირველად ფილმის დასასრული – მირზას სიკვდილის სცენა გადავიღეთ. წარმოიდგინეთ, როგორ გამიჭირდებოდა ამ სცენის გადაღება, როცა, ჯერ მისი ცხოვრება არ მქონდა გათავისებული. კინოს აქვს თავისი უპირატესობა, როგორიცაა მსხვილი ხედი. თეატრში მსახიობი ფაქტობრივად მოკლებულია საშუალებას, საკუთარი შესაძლებლობები უდანაკარგოდ მიიტანოს მაყურებლამდე, რადგან მაყურებელი შორიდან ისე ვერ ხედავს მის სახეს, თვალებს, ძარღვის ფეთქვას. კინო პროფესიული დაოსტატების დიდი საშუალებაა. ეკრანზე დანახული შეცდომები შეგიძლია გამოასწორო.

თქვენ განასახიერეთ კიდევ ერთი შესანიშნავი და ისტორიული პიროვნება, ექვთიმე თაყაიშვილი. ამ როლზე ჰონორარის გარეშე იმუშავეთ.

– მე წილად მხვდა ბედნიერება, ალბათ, ესეც იღბალია, ეკრანზე გამეცოცხლებინა ჩვენი უშესანიშნავესი პიროვნება, ექვთიმე თაყაიშვილი – ექვთიმე ღვთის კაცი, ღმერთის სიკეთის მატარებელი. ექვთიმეს სახელის გაგონებაც საკმარისი იყო, რომ თანხმობა მეთქვა. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ეს გამოწვევა. ვიცოდი რაზე მივდიოდი, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი ჩემი ერისა და ხალხის წინაშე.

ექვთიმე საქართველოს მასშტაბებს ცდება თავისი არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ პიროვნული, სამოქალაქო მოღვაწეობით. მე ვგრძნობდი, თუ რამხელა წვლილს შეიტანდა ფილმი დღევანდელ რეალობაში, როცა ხალხი მონატრებულია ეროვნულ, სულიერსა და კულტურულ ფასეულობებს. თუ ფილმი შედგებოდა, ამას შეეძლო მოტივაციის ამაღლება ახალგაზრდებში. ექვთიმეს ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ერის სულიერ და კულტურულ საგანძურს, რაც ერისთვის და მისი მომავლისთვის ძვირფასია, მნიშვნელოვანია. ფილმს იმდენად მწირი დაფინანსება ჰქონდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი შექმნის სურვილი, რომ მე რეჟისორს მოვუხსენი ჩემი ხარჯი, ანუ უარი ვთქვი ჰონორარზე, რათა ჩემი ჰონორარით ფილმის ხარჯი დაეფარა.

რა შეხების წერტილები მონახეთ ექვთიმესთან?

– ფილმის გადაღება 2,5 წელი გაგრძელდა. მთელმა გადამღებმა ჯგუფმა თითქოს, ექვთიმესავით გავიარეთ ურთულესი გზა. 24-ჯერ ჩამოვფრინდი გერმანიიდან საქართველოში გადაღებებზე. 3-4 დღით ჩამოვდიოდი და დილის 8 საათიდან, მეორე დილამდე არ წყდებოდა მუშაობა. მე და ექვთიმეს საერთო სოფელი გვაქვს, ლიხაურში ჩვენი სახლები 400 მეტრში მდებარეობს. მეც წლებია ემიგრაციაში ვარ და ვიცი რა არის სამშობლოს სიყვარული. ძალიან დამეხმარა დოკუმენტური კადრები, როდესაც სამშობლოში ჩამოდის ექვთიმე, ღრმად მოხუცებული, მის სახეს რომ შევხედე მაშინვე გადმომედო მისი გაუტეხელი ბუნება, მტკიცე ხასიათი, ბუნება, რაც შემდგომ, როლზე მუშაობისას გამოვიყენე.

– სომხეთსა და აზერბაიჯანში თუ გიწევდათ თეატრალურ ან კინოფესტივალებზე ჩასვლა?

– სომხეთში, ერთხელ. გასტროლებით ვიყავით. “ოტელო” ვითამაშეთ ერევანში. აზერბაიჯნთან ერთი კარგი მოგონება მაკავშირებს. 1980 წელს, მიმიწვიეს ოქტაი მირკასიმოვის ფილმში “მსურს გავერკვე” მთავარ როლზე. ჩემდა გასაოცრად და საბედნიეროდ ფილმი კარგი გამოვიდა. დღემდე უჩვენებენ მას ტელეეკრანებზე და აზერბაიჯანელი მოსახლეობა მცნობს ქუჩაში. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა ფილმის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ, გერმანიაში. 3 ქალბატონი მიდიოდა ქუჩაში და რომ დამინახეს, დაიწყეს ერთმანეთში კამათი. დანაძლევდნენ ვიყავი თუ არა რუსტამი ფილმიდან “მსურს გავერკვე”. გაუხარდათ მართლა მე რომ აღმოვჩნდი. ასეთი შემთხვევა რამდენიმე იყო.

ერთხელ, თქვით, რომ აღარასოდეს ჩამოხვიდოდით სამშობლოში, რატომ?

– უბრალოდ გავბრაზდი, შემეცოდა ჩემი ქვეყანა. შესაბრალისი რა სჭირს ამ ღვთისგან დალოცვილ ქვეყანას. ქვეყანას კიდევ შია. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი. ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს განძს, ამას გვასწავლის ექვთიმე. განძი შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობის იყოს – ნივთიერი და სულიერი. განძი არის ჩვენი ქვეყანა, ხალხი, სარწმუნოება, ტრადიცია, ჩვენი ქართველობა, ქართული ენა, ოჯახი, შვილები, ის ცოდნა, რაზეც ჩვენი შვილები იზრდებიან. მეტი სიყვარული და პატივისცემა გვმართებს ერთმანეთის მიმართ ქართველებს.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი