2019 წელი ნამდვილად არ იყო იოლი. მთელი წლის განმავლობაში მუდმივად დაძაბულები ვიყავით, რადგანაც მოდუნების შემთხვევაში მთელი რიგი საკითხები არასასურველი შედეგებით დასრულდებოდა. ეს ეხება როგორც ბელორუს, ისე სომეხ პარტნიორებს. ამის შესახებ Dalma News-ის წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში, იგორ ნაზარუკმა ისაუბრა.
მისივე თქმით, ვაჭრობა – ეს არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა და 2019 წელს ეს მოძრაობა ერთობ საინტერესო იყო.
“ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მიმდინარე სასაქონლო ბრუნვას წინა წელს თუ შევადარებთ, 40%-იან ზრდას მივიღებთ. ეს ორივე მხრიდან გაწეული ყოველდღიური დაძაბული მუშაობის შედეგია და ცხადია, ურთიერთსასარგებლო ორმხრივ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ”, – დასძინა მან.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის წლებში, როგორც ბელორუსში, ისე სომხეთში სავაჭრო კონტაქტები სადღაც გაწყდა, სადღაც სხვა პარტნიორების სასარგებლო აქცენტების აღრევა მოხდა, ხოლო სადღაც დაფინანსებასთან დაკავშირებული სირთულეების წყალობით ამა თუ იმ პროექტის, ან კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობდა მთელი რიგი მიზეზები – როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური, – რამაც ორივე მხარეს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებაში შეუშალა ხელი. თუმცა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყოფნით შესაძლებელი იქნება ურთიერთმომგებიანი სავაჭრო ურთიერთობის თანმიმდევრული და ეტაპობრივი ზრდა.
თავად იგორ ნაზარუკი დღევანდელ კარგ შედეგებს, პირველ რიგში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ურთიერთსასარგებლო მუშაობას უკავშირებს, რადგანაც წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთვაჭრობაში მოხსნილია ის საბაჟო პროცედურები, რომელიც ბიზნესს ძალიან არ უყვარს:
“პრაქტიკაში, გამოცხადდა და განხორციელდა ეკონომიკური თავისუფლება – საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და შრომის გადაადგილება. ჩვენ ამას საკუთარი თვალით ვხედავთ, ეს არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ურთიერთქმედების შედეგი”, – განაცხადა მან.
– ბელორუსულ ბიზნესს სომხეთში, რომელი საინვესტიციო პროექტი აინტერესებს?
- ელჩის თქმით, პირველ რიგში, ეს არის მანქანათმშენებლობა, ზუსტი მექანიკა, IT, ელექტრონული მმართველობის პროგრამა, პროექტზე “ჭკვიანი ქალაქი” მუშაობა, კლიმატურ ცვლილებებზე მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირება, სასურსათო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და სხვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი წინადადება, ასევე თანამშრომლობის სფეროები და არც ის არის შემთხვევითი, რომ სომხეთსა და ბელორუსს შორის პარლამენტთაშორისი ორმხრივი, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების მთავრობათაშორისი, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის კომისიები არსებობს.
“გარდა ამისა, ბელორუსს და სომხეთს შორის საკმაოდ კარგი, ძმური კავშირებია. ჩვენს შორის ოცამდე შეთანხმებაა გაფორმებული, რომლებსაც ან რეგიონალურ, ან მუნიციპალურ დონეზე მოეწერა ხელი. სხვათა შორის, მინსკსა და ერევანს შორის არსებობს პარაფირებული შეთანხმება, რომელსაც მხოლოდ მერების ხელმოწერები აკლია. თუმცა, ცხადია, ამ ფორმალური კომპონენტის გარეშეც საკმაოდ საინტერესო ურთიერთქმედება არსებობს”, – განაცხადა ელჩმა.
ეკონომიკიდან პოლიტიკამდე: შემოდგომაზე, თავის სამუშაო ვიზიტის დროს ერევანში, უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე მონაწილეობის ფარგლებში, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ოფიციალურ მინსკსა და ერევანს შორის ურთიერთობა თბილად დაახასიათა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზად არის ერევანს მხარი დაუჭიროს და მის წინააღმდეგ არავის დაუმეგობრდეს. იგორ ნაზარუკის თქმით, ლუკაშენკოს და პაშინიანს შორის მართლაც კარგი ურთიერთობაა, ლიდერები ერთმანეთს სხვადასხვა მოედნებზე ხვდებიან – როგორც ევრაზიული ინტეგრაციის, ისე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციით და დსთ-ს ხაზით. გარდა ამისა, მსგავსი შეხვედრებისთვის ალექსანდრე ლუკაშენკო განსაკუთრებულად ემზადება – მოსალოდნელ შეხვედრებზე ლიდერებთან საურთიერთო თემები მას ყოველთვის მზად აქვს.
“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან არის გადაჯაჭვული, ჩვენს ლიდერებს განსახილველი თემები ყოველთვის აქვთ. ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ რუსეთთან გარკვეული დაძაბულობა, პრობლემები და ა.შ. გვაქვს. რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კარგი ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ იქ, სადაც ასეთი მჭიდრო და მრავალფეროვანი კავშირები, კონტაქტები და პროექტებია, ყოველთვის იქნება უფრო მეტი კითხვა და ნიუანსი, რომლებსაც მოგვარება და მხარეებს შორის განხილვები სჭირდება”.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში მოსალოდნელი არ არის:
“როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე იგეგმება. ახლა სომხეთის ჯერია. ამგვარი მოწვევა თუ იქნება სომხური მხრიდან, ჩვენ სახელმწიფოს მეთაურის სომხეთში ვიზიტის ორგანიზებისთვის ვითანამშრომლებთ”, – დასძინა ელჩმა.
დავუბრუნდეთ რუსეთთან ურთიერთობას: ამ დღეებში ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანმა განაცხადა, რომ ევრაზიული ინტეგრაციის მთავარი მამოძრავებელი და საყრდენი ბელორუსის და რუსეთის ურთიერთკავშირია. იგორ ნაზარუკმა დასძინა, რომ 20 წლის წინ მოსკოვსა და მინსკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას “მოკავშირე სახელმწიფოების შექმნის შესახებ” და ბევრისთვის ეს მაგალითია, თუ როგორ მიაღწიო მსგავს ურთიერთობებს ბევრ სფეროში – სოციალურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ და სხვა სფეროში.
“აბსოლუტურად ვეთანხმები ტიგრან სარქისიანს, რომ ეს სხვებისთვის ორიენტირია, რადგან ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ევრაზიულ ინტეგრაციაში ხშირად ამბობს, რომ ისინი მზად არ არიან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ბელორუსია და რუსეთი ამ მხრივ ბევრად უფრო სერიოზულად განვითარდნენ”, – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.
რადგან ძალიან ხშირად ისმის განცხადება იმაზე, რომ სომხეთისთვის ევრაზიული ინტეგრაცია უალტერნატივოა, ელჩს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი-ქვეყნების შესახებ ვკითხეთ და დავინტერესდით, სხვა ქვეყნებს თუ ჰქონდათ ალტერნატივა.
“წლების განმავლობაში ჩვენ ერთი ქვეყანა გვაერთიანებდა. ეს იყო ერთიანი სოციალური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური პლატფორმა. დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ გარე კონტურზე არავის ვაინტერესებთ, არც ჩვენი პროდუქციით, არც ჩვენი კულტურული მიღწევებით, ან ჩვენი წინადადებებით სხვადასხვა სფეროებში. ამავე დროს, ჩვენი გარე პარტნიორები ამბობენ, რომ ყველაზე სწორი ის არის, რაც თავად მოიფიქრეს, ან თავად გვთავაზობენ. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ გზას უსიტყვოდ დავეთანხმოთ. ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტი, კულტურა და ისტორია გვაქვს. შედარებით ახლო ურთიერთობები სწორედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან გვაქვს. ახლა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნით, ჩვენ რაღაცნაირად ვქმნით იმას, რაც იყო ადრე – საერთო სახელმწიფოებრივი სტანდარტები, საერთო მიდგომები ხარისხის კონტროლის და პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესებისადმი, თუმცა, ეს ყველაფერი ურთიერთქმედების აბსოლუტურად განსხვავებული პრინციპებით. მოვიშორეთ ზედმეტი და ხელის შემშლელი ფორმალობები. ჩვენი ინტეგრაციული გაერთიანება, მათ შორის, იმისთვისაც შენდება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობა ამაღლდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ევრაზიული ინტეგრაცია – სწორი გზაა”.
იგორ ნაზარუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენს სივრცეში მრავალდონიან ინტეგრაციას განსხვავებული შედეგები აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ის მიღწევები, რომლითაც ყოველთვის ვამაყობდით. 2020 წლიდან მოლოდინები მარტივია – თანამშრომლობის გაღრმავება, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ისე სომხეთსა და ბელორუსს შორის.
“მინდა, მაქსიმალურად მოვხსნათ ის ბარიერები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. მათი უმრავლესობა, არც თუ ისე კრიტიკულია, მაგრამ მათ გარეშე ურთიერთობა გაცილებით მარტივი და მსუბუქი იქნება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისბალანსი, თუმცა იმავე საბჭოთა კავშირში სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკაში, ადამიანების კეთილდღეობის დონე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყო. ჩემი მოლოდინი ზუსტად ამ ხალხების კეთილდღეობის დონის მაქსიმალური მიახლოებაა. ორიენტირად უნდა ავიღოთ მაღალი ნიშნული და მისკენ ვისწრაფოთ”, – დასძინა თანამოსაუბრემ.
ესაუბრა ლია ხოჯოიანი