იმ დღისით სახლიდან ძალიან ადრე გამოვედი, რადგანაც ყველგან მინდოდა მისვლა მომესწრო: რიყეზე, აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანზე და ყველგან , სადაც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, იმისათვის, რომ პერიფერიებიდან დედაქალაქის ცენტრში მოხვდე, საკმაო დროა საჭირო. გლდანში უკვე დიდი ხანია გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ამ აპოკალიფსს ბოლო არ უჩანს. ეს სხვა საკითხია და ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა იმაზე საუბარი, თუ როგორ უმკლავდებიან გლდანელები ამ პრობლემას – საჭიროა. მეტრომდე სამარშრუტო ტაქსის მივყვები ხოლმე.

არა რა… გზაზე სამუშაოდ არავინ არის გამოსული!, – წყრება ერთი ქალბატონი.

სამარშრუტო ტაქსიში იგი ორ ბავშვთან ერთად ამოვიდა, პატარა გოგონა კალთაში ჩაისვა, ცოტად მოზრდილი ბიჭუნა – გვერდზე.

ბებო, რა ჰქვია იმ ნამცხვარს, მე რომ მომწონს?, – ეკითხება ბიჭუნა ბებიას.

როგორც ვიცი, შენ ბევრი რამე მოგწონს. წყნარად იჯექი და ბევრს ნუ ლაპარაკობ, – ეუბნება ქალბატონი ჩუმად.

აი ის, გრძელი რომ არის და შიგნით კრემია.

“ტრუბოჩკას” რომ ეძახიან?! – პასუხობს ბებია. – საღამოს დედიკომ ისეთი გემრიელი რამ მოგიტანა და მაცივარში დევს…

ბე, მითხარი, რა არის.

სახლში მიხვალ და ნახავ, – მშვიდად პასუხობს ბებია.

ტკბილეულია?

მორჩა, გეყოფა ლაპარაკი, – მოუჭრა ბებიამ.

აყრილ გზაზე სიარულისას სამარშრუტო ტაქსი ხშირად შეგვახტუნებდა ხოლმე, თუმცა ბებია-შვილიშვილის დიალოგმა რაღაც დადებითი მუხტი შემოიტანა. მოულოდნელად ახალგაზრდა გოგო მობრუნდა, ზურგჩანთიდან შოკოლადი ამოიღო და ბიჭუნას გაუწოდა.

ეს მე?, – სიხარულისგან შეჰყვირა ბიჭმა,- დიდი მადლობა.

ერთ სიკეთეს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე: ახალგაზრდებმა ადგილი ასაკოვნებს და ქალბატონებს დაუთმეს, ადამიანები ერთმანეთს უმიზეზოდ უღიმოდნენ და სიხარულს გადასცემდნენ. ეს თბილისი და მისი მკვიდრნი არიან,- სახეზე სიამოვნების ღიმილი დამთამაშებს და მეტროსადგურ “ახმეტელთან” ჩავდივარ.

თბილისური პულსაცია – დრო სვლას ანელებს

სადღესასწაულო ქალაქში გასეირნება ცნობილი “ღვინის აღმართიდან” დავგეგმე. ჩემს ბავშვობაში იქ დურგლები და კინტოები ისხდნენ, ახლა იქ აქტიური სავაჭრო ობიექტებია. იქვე ამზადებენ ტკბილ ბამბას, რომელსაც შეფერილობას მომხმარებლის სურვილისამებრ აძლევენ. კარგად დავიწყებული, ჩვენი ბავშვობისდროინდელი “მამალო”, ფერად-ფერადი ჰაერის ბურთები, ყველასათვის საყვარელი ჩურჩხელა, ტყლაპი, ფელამუში, სხვადასხვა სახეობის ჩირი და რაღა თქმა უნდა – ხინკალი და მწვადი. თუ თბილისის ქუჩები მწვადის სურნელში გაეხვა, ე.ი. შემოდგომაა და ამ დროს ქალაქი საკუთარ დღესასწაულს ზეიმობს.

ატრაქციონები, საბავშვო მუსიკალური სტუდია “ანა-ბანას” კონცერტები, პატარა ტანმოვარჯიშეების წარმოდგენები და ცნობილი ზღაპრების გმირები, რომლებიც თბილისელებს შორის სეირნობენ. ეს ყველაფერი ხდება ადგილზე, რომელსაც თბილისელები რიყეს უწოდებენ.

მწვანე ბალახზე სხედან გოგონები, რომლებიც “მეჰინდით” არიან დაკავებულები. ეს არის დროებითი სვირინგი, რომელიც სხეულზე 7-10 დღის განმავლობაში რჩება და იგი უმტკივნეულოდ იხატება. როგორც გოგონები ამბობენ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოუვლით სვირინგს.

გოგოები რუსეთიდან ჩამოვიდნენ: იანა – კრასნოდარიდან, დაშა – მოსკოვიდან.

გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, რომ ნახატი კარგი გამოგივიდეთ?

მნიშვნელოვანია პიროვნებასთან სწორი კონტაქტის დამყარება. ზოგჯერ ცდილობთ ლამაზად დახატო, მაგრამ არ გამოდის, რადგანაც ვერ ხერხდება ერთ ტალღაზე შერწყმა. თუმცა, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

იანა ხატავს, დაშა განმარტავს:

მომრგვალებული ფორმები – მათ აღმოსავლურ კიტრს, ან წიწაკას უწოდებენ.

ეს წიწაკა უფროა, – ამბობს კლიენტი და აღფრთოვანებული უყურებს თითქმის დასრულებულ სურათს. – წიწაკა ინდოეთშია, იქ სადაც ძალიან ცხელა ბუნებრივი ანტისეპტიკის როლს ასრულებს. საკვები ისეთი მწარეა, რომ ჭამა შეუძლებელია. იმისდა მიუხედავად, რომ საკვები იდეალურ პირობებში არ არის მომზადებული, ინფექციური დაავადებები იმდენად ბევრი მაინც არ არის.

დაშას მოგზაურობა ძალიან უყვარს, მაგრამ აქამდე იგი მხოლოდ რუსეთში მოგზაურობდა.

ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობა ჯერ არ მქონია. ექვსთვიანი მოგზაურობის ჩემზე მეტად ჩემს ოჯახის წევრებს ეშინოდათ. გამგზავრებამდე ცდილობდნენ შევეშინებინე და დავრჩენილიყავი, მაგრამ მაინც წამოვედი, – ამბობს სიცილით დაშა.

ბათუმის ბულვარში გვერდით ერთი მოხუცებული მომიჯდა და რომ შეიტყო რუსი ვიყავი, მომეხვია და მითხრა, რომ რუსი ხალხი ყველაზე მეტად უყვარს. 

დაშა, საქართველოდან რა მთავარი გამოცდილება მიგაქვს?

იმდენი რამე მოხდა, გამოყოფაც კი რთულია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი შეხვედრა მქონდა: არაბებთან, ირანელებთან, თურქებთან, ბელგიელებთან, პოლონელებთან, სხვადასხვა ევროპელებთან. ამ შეხვედრების განმავლობაში, მათი კულტურების შესახებ ბევრი ახალი და საინტერესო რამ შევიტყვე. მე კი ჩემი მოსკოვური ჩვევები დავივიწყე. როდესაც ბათუმში პირველად ჩამოვედი, ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა – ყველა ისე ნელა მოქმედებდა, არავინ აფასებდა სხვის დროს და ყველა აგვიანებდა. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა მეც მოვდუნდი, – დასძინა მან.

საქართველოში ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებენ. რატომ უნდა იჩქარო, თუ მაინც ვერ დაეწევი. უმჯობესია მოდუნდე და ისიამოვნო იმ მომენტით, რომელიც გაქვს. ასე, რომ მოსკოვში რომ დავბრუნდები, გამიჭირდება ძველ რიტმში დაბრუნება და გზაზე გადასვლაც კი,- იცინის დაშა, – რადგანაც აქ, განსაკუთრებით ბათუმში, მივეჩვიე, რომ სადაც გინდა გზაზე იქ გადახვალ. შეიძლება მწვანე შუქზე ვერ მოახერხო გადასვლა, მაგრამ გზაზე მძღოლები რომ დაინახავენ შენს გაბრაზებულ გამომეტყველებას, აუცილებლად გაგატარებენ. მოსკოვში ამისთვის გადაგივლიან და დაგაჯარიმებენ.

დაშა საქართველოში კიდევ სამი თვე აპირებს დარჩენას, შემდეგ ისევ მოსკოვში დაბრუნდება.

სათამაშოები უფროსებისთვის

გოგონებს დავემშვიდობე და მეტეხის ხიდისკენ გავემართე, რომელიც ტრადიციულად ავტომობილებით ივსება. თანამედროვე, რეტრო, სამხედრო ავტომობილები. ძველი ამერიკული ჯიპის გვერდით ტურისტები ავტომობილის მფლობელს ესაუბრებიან.

1940 წელს აშშ-ს არმიამ გამოაცხადა კონკურსი მსუბუქი სადაზვერვო ყველგანმავალ ავტომობილებზე. ტენდერში Willys-Overland Motors-ის ფირმამ გაიმარჯვა, რომელმაც ავტომობილი Willys MА წარადგინა. “ვილისების” ფართომასშტაბიანი წარმოება ამერიკამ მეორე მსოფლიო ომში ჩართვის შემდეგ დაიწყო. 1942 წელს კომპანია “ფორდმა” Willys MА-ს სახეშეცვლილი მოდელის Willys MB-ს წარმოება დაიწყო, რომელსაც Ford GPW უწოდეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახის ავტომანქანები მრავალი სხვადასხვა დანიშნულებისთვის აღმოჩნდა გამოსადეგი, შემოკლება ჯიპი (GP) მსოფლიოში თანდათან დამკვიდრდა, როგორც ტერმინ უნივერსალურის (ინგლ. General Purpose) აღმნიშვნელი. იმავე 1942 წელს “ვილისები” საბჭოთა კავშირში “ლენდ-ლიზის” პროგრამით შედიოდა.

რეტრო ავტომობილების კლუბის პრეზიდენტის მერაბ გუჯაბიძის თქმით, ასოციაციის ქართულ ავტოფარეხში დაცულია ომისდროინდელი ოთხი ამერიკული “ვილისი”. რადგან კლუბს სხვა ავტოფარეხი არ აქვს, კლუბის წევრები ფალიაშვილის ქუჩის 52-ში იკრიბებიან.

სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ 1959 წლამდე გამოშვებული ავტომობილები ტექდათვალიერების ვალდებულებისგან გაგვეთავისუფლებინა. ისინი ხომ ორიგინალებია და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

მათით აქტიურად ხომ არ სარგებლობთ?

მათი აქტიური გამოყენებაც შესაძლებელია, თუცა მე არ ვიყენებ. ის ჩემთვის დიდ სათამაშოსავით არის. უქმეებზე, თავისუფალ დროს, ხანდახან ქალაქიდან თუ გავალ. ის 67 წლისაა და მისი ამჟამინდელი ღირებულება 100 ათასი დოლარია. მთიანად მქონდა დაშლილი და 24 წლის განმავლობაში სულ ნაწილ-ნაწილ ვაწყობდი. პირველი დეტალი, რითაც რესტავრაცია დავიწყე, იყო საჭე, რომელიც მზიურის პარკში ვიპოვე. მაშინ სტუდენტი ვიყავი. ახლა უკვე ადვილია ნაწილების გამოწერა. ამერიკულ კლუბში გავწევრიანდი და თუ რამე ნაწილს შევიძენ, მხოლოდ მის სტრანსპორტირებაში ვიხდი ფულს. იყო შემთხვევა, როდესაც აქედან ამერიკაში ძალიან პატარა დეტალები გავაგზავნე. – მერაბი ავტომობილზე გვერდიდან მიმაგრებულ პატარა ნაწილებს მაჩვენებს, – აი, ასეთი ნაწილი ამ ავტომობილს 16 აქვს.

გენიასთან გამომშვიდობება

აბანოების რაიონში სეირნობის შემდეგ ორბელიანის მოედნისკენ გავეშურე, სადაც ყვავილების ფესტივალი ტარდებოდა.

განახლებულ მოედანს ტრადიციები შენარჩუნებული აქვს. მათ შორის არის ყვავილების ბაზრობაც, რომელიც ისეთივე მრავალფეროვანი და მედიდურია, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა, ყვავილების ბაზრობის ადგილი კეთილმოწყობილია და დამატებულია ფერწერული ყვავილების პავილიონი. ქუჩებში გასული საუკუნისთვის დამახასიათებელ სამოსში გამოწყობილი გოგონები და ბიჭები დეფილეს აწყობენ. ორბელიანების სასახლესთან ახლოს, იქ, სადაც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა, ძველი კინო კამერები დგას და იმდროინდელი დიზაინის მიხედვით მოწყობილი პავილიონებია.

დღე თანდათანობით მიუახლოვდა დასასრულს. დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი თბილისელები სცენისაკენ მიემართებიან, სადაც ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ. ესენი არიან: ექიმები, მასწავლებლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება თავიანთ პროფესიას მიუძღვნეს. შემდეგ სცენაზე ერთმანეთს სუხიშვილების სახელობის ნაციონალური ბალეტი, ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სტუდია, ვოკალური შემსრულებლები და მუსიკოსები ცვლიდნენ ერთმანეთს.

ყველაზე ხშირად უდიდესი მაესტროს გია ყანჩელის მუსიკა ისმოდა. გალა-კონცერტი სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა. ისე გამოვიდა, რომ ქალაქის ყველაზე სადღესასწაულო დღეები ყველაზე მოწყენილი იყო, რადგანაც თბილისი იმ დღეებში დაემშვიდობა კომპოზიტორს, რომლის მუსიკაც ქალაქისადმი სიყვარულის მოლეკულურ ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს.

ეკატერინე მინასიანი (თბილისი)