ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალისგან აღმოცენებული “ევროპული საქართველო”, რუსეთთან კონფრონტაციის გზას განაგრძობს და ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. პარტია “ევროპული საქართველოს” ინიციატივა, რომელიც საქართველო მხრიდან რუსეთზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტში დაიწუნეს. “ევროპული საქართველოს” კანონპროექტის შინაარსს სამი პუნქტი წარმოადგენს:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
2. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას;
3. ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან უკვე შეფასდა მორიგ პროვოკაციად და კანონპროექტის არა თუ მიღებაზე, პარლამენტში მის განხილვაზეც უარი განაცხადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ საგანგებო ბრიფინგი გამართა და დადგენილებას მავნე ინიციატივა უწოდა, რომელიც ქართველი ხალხის დასჯას ისახავს მიზნად. ხოლო თავად კანონპროექტის ავტორები არიან იმ უბედურების შემოქმედნი, რაც ქვეყანას “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის განმავლობაში დაატყდა თავს. გარდა ამისა, ვოლსკის განმარტებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს აღიარებს, აშშ-ს მხრიდან ეკონომიკურ სანქციებს ისედაც ექვემდებარება. ამ მიმართულებით დამატებითი მოძრაობები კი, რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ სანქციებს გამოიწვევს, ეს კი, თავზე უბედურებად დაატყდება ღვინის, ხილის თუ ციტრუსის მწარმოებლებს.
“ევროპული საქართველოს” ლიდერებს არ ამოძრავებთ კეთილშობილური მიზნები, რადგან კარგად იციან, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით “ოცნების” ხელისუფლების მუშაობა უპრეცედენტოა, ევროპასა და ჩინეთთან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ხოლო რუსული ბაზარი მნიშვნელოვნად განაპირობებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვისთანაც საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს”, – აცხადებს ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, 7 წელია, “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციას ცდილობს. საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, გაცილებით მეტი საერთაშორისო რეზოლუცია და მხარდამჭერი აქტია მიღებული.
“ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ არაერთხელ მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისადმი პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს, რადგან ესმით, ე.ი. სწორედ ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. “ევროპული საქართველოს” მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
“ევროპული საქართველოს” ინიციატივას გამოეხმაურა შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი და განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემები მხოლოდ დიპლომატიისა და დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებს ყოველთვის აქვთ საერთო ინტერესები, პრობლემები და ამ პრობლემებზე სწორი, რეალისტური საგარეო პოლიტიკით შეთანხმებაა საჭირო.
“ნებისმიერ წარმომადგენლობას პარლამენტში აქვს უფლება და საშუალება, რომ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინოს. უმრავლესობას აქვს უფლება, რომ მოიწონოს ან დაიწუნოს ინიციატივა. უმრავლესობა რომელიმე ინიციატივას მხარს თუ არ უჭერს, ხალხმა ამას პატივი უნდა სცეს”, – განაცხადა ფრანცენმა.
უცხო ქვეყნის ელჩმა პარტია “ევროპული საქართველოს” ინიციატივის შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ნებისმიერ სანქციას თავისი შედეგები მოჰყვება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, პარტია “ევროპული საქართველოს” ინიციატივას პროვოკაციას უწოდებს და მმართველ პარტიას მოუწოდებს უარი თქვას, ევროკავშირისა და ნატო-ს მოშველიებით, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. უფრო მეტიც, იგი ხელისუფლებას მოუწოდებს ქართველ და აფხაზ მოსახლეობას შორის არსებული ნებისმიერი სავაჭრო-ეკონომიკური ბარიერი მოხსნას და ხალხს ურთიერთობის საშუალება მისცეს.
როგორც Dalma News-ს დემურ გიორხელიძემ განუცხადა, “ევროპული საქართველოს” ამ ინიციატივაზე უფრო ცუდი პოლიტიკური ნაბიჯი ძნელად წარმოსადგენია. მთავრობამ ეს ინიციატივა არც კი უნდა განიხილოს.
“რუსეთი ამ კონტექსტში აბსოლუტურად სახსენებელი არ არის, ეს არის ქართველების მორიგი პოლიტიკური კინკლაობა. 26 წელია, არაფერს აკეთებენ კონფლიქტის ჩასაქრობად. ჩვენსა და აფხაზებს შორის იყო ეროვნული შუღლი, რომელსაც ერთმანეთს ვუმალავთ. გონიერი ქართული სახელმწიფო საზღვრებს კი არ მოაწყობდა, არამედ გახსნიდა ყველაფერს და ადამიანებს თავისუფალი ურთიერთობის საშუალებას მისცემდა. აფხაზები, ქართული კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ქართული სივრცე აფხაზებისთვის, მათი იდენტობის შესანარჩუნებლად ფანტასტიკურად კარგია. ამიტომ სანქციებს და ჯიბრს, თავის დროზე ტერორისტულ აქტებსა და პარტიზანულ მოძრაობებს სჯობს, ღია საზღვრები, რომ ადამიანები ფართოდ ურთიერთობდნენ. პოლიტიკური კონფლიქტი მოგვარებადია თუ მოვინდომებთ, ასეთი ინიციატივები კი, ნულოვანი შედეგის მომტანია. დავსჯით კომპანიებს, გლეხებს, ადამიანებს და რას მივიღებთ?”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
როგორც გიორხელიძემ Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ შედეგი არ მოიტანა, მართალია ქვეყანა დანაკარგებზე გაიყვანა, მაგრამ მეორე მხრივ გააძლიერა. იგი არასწორად მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს რაიმე სახით მონაწილეობას. ამბობს, რომ საერთაშორისო პოლიტიკა იცვლება, ქართველი პოლიტიკოსები კი დროს ჩამორჩნენ. ექსპერტის თქმით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის 26 წლის თავზე, უნდა შეიცვალოს პრობლემისადმი მიდგომა.
“ქართველი პოლიტიკოსები მგონი, რეალობას მოწყვეტილნი არიან. მათ ვურჩევდი, ბოლო რამდენიმე დღის ევროპული პრესა წაეკითხათ. რატომ იცვლება ევროპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ? იმიტომ, რომ სანქციებმა შედეგი არ მოიტანა, მერე რა რომ შეაწუხეს რუსეთი, დანაკარგებზე გაიყვანა, სანქციებს დადებითი შედეგიც ჰქონდა. სანქციები ცუდია, მაგრამ არ წყვეტს არაფერს. ქართველ პოლიტიკოსებს უნდათ ევროპას და ამერიკას ასწავლონ ჭკუა? ქართველი, თითქოს დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, უკმაყოფილონი არიან დასავლეთით, რუსეთთან ურთიერთობას რომ ცვლიან. ეს პოლიტიკა არ არის, ეს ჟინიანობაა”, – მიაჩნია დემურ გიორხელიძე.
2019 წელი კიდევ ერთი რუსული სანქციებით დაამახსოვრდა საქართველოს მოსახლეობას, რაც ტურისტული სეზონის დაწყებამდე საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. მოსკოვმა, 8 ივლისიდან, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რუსულმა ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურების გაყიდვა. ექსპერტების ვარაუდით, ტურისტულმა სექტორმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარი იზარალოს.
გიორგი ქართველი