როგორ აისახება დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე? შეძლებს ოფიციალური ბაქო ამ საკითხში თბილისთან დათმობებზე წასვლას? როგორ აისახება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო არსებული კონფლიქტი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის საბოლოო დემარკაციის პროცესზე?
ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები ილგარ ველიზადე და ტოფიგ აბასოვი ესაუბრნენ.
– როგორ აფასებთ დავით გარეჯის გარშემო არსებულ ვითარებას და რას უკავშირდება მისი გამწვავება სწორედ ახლა?
ი.ვ. – აღნიშნულ კომპლექსთან დაკავშირებით ვითარების გამწვავება მთელი რიგი პოლიტიკოსების განცხადებებმა გამოიწვია, რამაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გადაფარა. ამ განცხადებებით შთაგონებულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა ამ საკითხის აქტიურად გაბუქება დაიწყეს, რასაც აზერბაიჯანული საზოგადოების საპასუხო რეაქცია მოჰყვა. სამწუხაროდ, დისკუსიები ნორმალური განხილვების ჩარჩოებს გასცდა და ზოგიერთ შემთხვევაში, საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობებში არსებულ მდგომარეობას.
ტ.ა. – ამ საკითხს ცივი გონებით და მშვიდი გულით უნდა მიუდგე, რადგანაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ტერიტორიული პრეტენზიების გამო, საკმარისად არსებობს ცხელი წერტილები. ამიტომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ეროვნებათაშორის ნიადაგზე გამწვავება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, არ ღირს. ამ მომენტში ვხედავთ, რომ ზოგიერთი ძალები კიდევ ერთი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ. ამას ემატება რელიგიათაშორისი ასპექტიც, თუმცა ამის საბაბი არ არსებობს. ქართული საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლები ღია პროვოკაციებს აწყობენ. კომპლექსის საერთო ტერიტორია მდებარეობს, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მხარეს, ამიტომ კრიტიკული ფორმის საპროტესტო აქციები და საზღვრის პრობლემაზე საუბარი უადგილოა. ეს არ შეესაბამება ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სულს. მეორეს მხრივ, ქვეყნები სტრატეგიულ პარტნიორობას ავითარებენ და მიმაჩნია, რომ ხელისუფლებაში სალომე ზურაბიშვილის მოსვლით საკითხი გამწვავდა. მანამდე, ასეთი ღია დემონსტრაციებს ადგილი არ ჰქონია. სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს, ის კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რასაც ამ სახელმწიფოების განაწყენება შეუძლია.
– მოახერხებენ აზერბაიჯანი და საქართველო ამ ფონზე საზღვრის დემარკაციის პროცესის წარმატებით დასრულებას?
ი.ვ. – ეს არის მთიანი ადგილი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამყოფი ხაზის როლს ასრულებს. ამ ბარიერის საფუძველზე, თავის დროზე, აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ სახელმწიფოებს შორის საზღვარი განისაზღვრა. არსებობს 1938 წლის რუკა, კიდევ უფრო კონკრეტული რუკებია 1942 და 1963 წლების, სადაც აღნიშნული ტერიტორიები აზერბაიჯანის ტერიტორიებად არის აღნიშნული. ეს რუკები აღებულია უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე. რუკებზე მკაფიოდ არის მინიშნებული, რომ კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო არც ისე მნიშვნელოვანი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანულმა მხარემ კარგად იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს კომპლექსის ამ ნაწილს ქართველი მომლოცველების და საზოგადოებისთვის, ამიტომ სასაზღვრო ტერიტორიაზე სპეციალური წესების არსებობის მიუხედავად, აზერბაიჯანული მხარე კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, ქართველებისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების გამარტივებული წესები არსებობს. ვფიქრობ, როდესაც დემარკაციის საკითხი მოგვარდება, დიპლომატები ამ საკითხის გადაჭრის გზებსაც იპოვიან.
ტ.ა. – ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ერთობლივად უნდა მოგვარდეს. თუ სურვილი არსებობს, ორივე მხარის განწყობაც უნდა არსებობდეს. ორივე სახელმწიფოს სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელობამ, უკვე გამართეს შეხვედრები და დაამყარეს კონტაქტი. იმედია, საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.
– შეძლებს ბაქო, დავით გარეჯის საკითხში თბილისთან დათმობებზე წასვლას და საქართველოსთვის კომპლექსის მთელი ტერიტორიის გადაცემას?
ი.ვ. – ვინმესთვის ტერიტორიების გადაცემას არავინ აპირებს და საკითხი ამგვარად არ დგას. დასაწყისშივე უნდა თქმულიყო, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მასმედიამ, რომელმაც მოლაპარაკებების პროცესი დამახინჯებულად გააშუქა. კერძოდ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, ხშირია არასწორი ფორმულირება, მაგალითად, როგორიცაა „საზღვრის სადავო მონაკვეთები“. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო მონაკვეთები არ არსებობს. არსებობს საზღვრის არადემილიტირებული მონაკვეთები. ეს ერთი და იგივე არ არის. ამ მონასტრის ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის და საქართველო აზერბაიჯანის მიერ ამ ტერიტორიის ფლობის უფლებას არ აპროტესტებს. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ძეგლის ანსამბლზე, რომელის აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან მოშორებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ტ.ა. – ამ შეკითხვას მხოლოდ სახელმწიფოებმა და იმ ხალხმა უნდა უპასუხონ, რომლებიც ამ რეგიონში, უშუალოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ტრანსსასაზღვრო საკითხები ლოგიკური მსჯელობის თანახმად უნდა გადაიჭრას.
არ უნდა დავუშვათ, რომ ეს საკითხი კონფლიქტურ ვითარებაში გადაიზარდოს. საქმე აქამდე თუ მივიდა, საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათ საზღვრების გადაკეტვა უნდა მოითხოვონ? აზერბაიჯანელები, ხომ საქართველოს ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენენ?! იგივე შეიძლება ითქვას კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებზეც. თუ კომპლექსის, რაღაც ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა გაქართულდეს. ის მოსაზრება, რომ ეს არის ქართული მონასტერი და სხვა მოსაზრება არ არსებობს, სწორად არ მიმაჩნია. სხვა საკითხია, ეკლესიები სავალალო მდგომარეობაში რომ იყოს… აზერბაიჯანის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული ძეგლის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ბაქო წინააღმდეგი არ არის, რომ კომპლექსის მოსანახულებლად ქართველი მღვდლები, მომლოცველები და მორწმუნეები მოვიდნენ, მაგრამ არ შეიძლება ამ საკითხის ფარსად გადაქცევა და იმის მტკიცება, რომ ეს ქართული იურისდიქციის სფეროა.
– როგორ იმოქმედებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე, დავით გარეჯის და საზღვრის დემარკაციის გარშემო განვითარებული მოვლენები?
ი.ვ. – რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებების გარშემო შექმნილი ფონი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მაგრამ, საბედნიეროდ, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია. ვფიქრობ, ამ საკითხისადმი ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებს, ცალკეული პიროვნებების გარდა, თავშეკავებული პოზიცია აქვთ. იმედია, მხარეები დასძლევენ ინტერესთა სხვადასხვაობას და ამ საკითხის მოგვარების გზას იპოვიან.
ტ.ა. – ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ. საქართველოს და აზერბაიჯანს სოციალურ-ეკონომიკური პროექტების ფართო კომპლექსი გააჩნიათ. აზერბაიჯანი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოში, მსგავს საკითხებს კი, ურთიერთობების გაფუჭება შეუძლია. ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ზოგიერთი პიროვნების პროვოკაციული განცხადებების გამო, არსებული ურთიერთობები რისკის ქვეშ არ უნდა დააყენონ. რაკი საქმე ეხება ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკურ მომავალს, პოლიტიკოსებმა დილემის გაჩენა არ უნდა დაუშვან. სწორედ ამ საკითხის პასუხისმგებლობის დიდი წილი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე მოდის.
– შეიძლება თუ არა, სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების პრობლემამ საქართველოში, ანტიაზერბაიჯანული განწყობის ზრდა გამოიწვიოს და როგორ იმოქმედებს ეს რესპუბლიკაში აზერბაიჯანელი სათვისტომოს მდგომარეობაზე?
ი.ვ. – დაუშვებელია, ჯერ კიდევ ვირტუალური კრიზისის ფონზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაციონალური განწყობილების გამწვავება, რადგან, რეალურად პრობლემები არ არსებობს. რეალურად, გარეჯის გარშემო არსებული ვითარება არ შეცვლილა. შესაძლოა დემარკაციის საკითხმა, გარკვეული პრობლემები და უთანხმოება გამოიწვიოს, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. მოცემულ შემთხვევაში, ვითარებაში უნდა გაერკვეს, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ფართო საზოგადოება. ვფიქრობ, ეროვნებათაშორისი დაპირისპირებების ამსახველი მოწოდებების შემთხვევაში, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერევიან და შესაბამისად იმოქმედებენ. ეროვნებათაშორისი განხეთქილების მაპროვოცირებელი ადამიანები საზოგადოებიდან იზოლირებულნი უნდა იყვნენ.
ტ.ა. – საქართველოში, დროდადრო ანტიაზერბაიჯანული განწყობილება იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც ამ ქვეყნის ზოგიერთი პოლიტიკოსი აზერბაიჯანელების დეპორტირებაზე საუბრობს. თუმცა, ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან შეუძლებელია ქვეყნიდან მისი მოქალაქეების გაყრა. აზერბაიჯანელები, ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ეს კარგად იციან. გავიხსენოთ, რა მოხდა გამსახურდიას დროს. ამიტომ მისი ლოზუნგების, კვლავ წინ წამოწევა არ ღირს. ეს პოლიტიკოსების კი არა, პოლიტიკანების თამაშია, რომლებსაც სტრატეგიული აზროვნება და პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ. ისინი უბრალოდ, იაფი ხრიკებით ცდილობენ ქულების დაწერას.