მარინა გიორგის ასული ფერაძე, იგივე ჭრიჭინა, მაია წყნეთელი, ლალი მინდელი, აბეზარა, ძიძია… ამ სახელების გახსენებისას ქართველ მაყურებელს, კიდევ დიდხანს წარმოუდგება თვალწინ ქართული კინოს ვარსკვლავის, ლეილა აბაშიძის სახე. ​დღეს, ხშირად ამბობენ, რომ ლეილა აბაშიძე გულნატკენი წავიდა, რომ მისი ნიჭი და შესაძლებლობები სათანადოდ ვერ დააფასა და გამოიყენა ქართულმა კინომ, რომ კიდევ უამრავი დაუვიწყარი, სახასიათო სახის შექმნა შეეძლოო. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ეს მსახიობის ხვედრია და ამაში გასაკვირი არაფერია.

ლეილა აბაშიძე

თავად ლეილა აბაშიძესაც არაერთხელ უსაუბრია ამის შესახებ, თუმცა, 88 წლის იუბილეზე, Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად მადლიერია ქართველი მაყურებლის იმ დიდი სიყვარულის გამო, რომელსაც წლების განმავლობაში გრძნობდა და იღებდა.

“ხალხის სიყვარულმა გამაძლებინა. ეს მაძლევდა სტიმულს, რომ კიდევ, რაღაცას ველოდებოდი. იმიტომ, რომ ხალხი ელოდებოდა ჩემგან, მაგრამ, ალბათ, სრულებით საკმარისი იყო, ის როლები, რაც მე ვითამაშე”, – ამბობდა ლეილა აბაშიძე. მისთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა, შემოქმედებით ზენიტში მყოფი უცებ, რატომ აღმოჩნდა უმუშევარი, ვის უშლიდა ხელს?

“ლეილა ძალიან კეთილი ადამიანი იყო, დიდი ქველმოქმედი, უშურველი. არ მახსოვს მისგან ჩვენი პროფესიისთვის დამახასიათებელი შური, მას არავისი შურდა, ის უპრეტენზიო იყო”, – იხსენებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

როგორც მან Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, ლეილა აბაშიძის მიმართ განსაკუთრებულად თბილისი მოგონებები აკავშირებს. როდესაც ქეთი დოლიძის მამა, ასევე ცნობილი რეჟისორი სიმონ დოლიძე “ჭრიჭინას” იღებდა, პატარა ქეთევანს დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. ახალგაზრდა მსახიობს ეცოდებოდა ნაადრევად დაობლებული გოგონა და გვერდიდან არ იშორებდა.

“ლეილა იყო ქართული კინოს ერთადერთი ნამდვილი ვარსკვლავი. მამამ მოიყვანა ის კინოში “ჭრიჭინას” როლით და დიდი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მამამ დააბრუნა ბრწყინვალე დრამატული როლით ფილმში “შეხვედრა წარსულთან”. ლეილას გარდაცვალებით, ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ფურცელი დაიხურა. დედა ადრე გარდამეცვალა, როდესაც “ჭრიჭინას” გადაღება დაიწყო მამაჩემმა. ლეილას ძალიან ვეცოდებოდი, სულ გვერდით ვყავდი და მეც არ ვცილდებოდი. ​ახალი თაობა თითქმის არ იცნობს ძველი ქართული კინოს ვარსკვლავებს, ეს ჩვენი დღევანდელობის ტრაგედიაა”, – აცხადებს ქეთი დოლიძე.

ლეილა აბაშიძისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა ფილმი “შეხვედრა წარსულთან”, ის ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა და პრიზიც მიიღო, მაგრამ იმავე დროს შეწყდა მისი მიწვევა ფილმებში. ქალაქელი, ლამაზმანი გლეხის გოგონად რომ გარდასახულიყო, ჩითის კაბა ჩაიცვა და ფეხშიშველმა, ყანის გათოხნა გადაწყვიტა. საღამოს შრომით დაღლილი შარაგზაზე ჩამომჯდარა და შავ პურს შეექცეოდა დაღლილი, როდესაც ექსკურსანტებს შეუმჩნევიათ, შეცოდებიათ და საჭმელი შეუთავაზებიათ.

“ვერ მიცნეს ვინ ვიყავი. – ვიღაც უქნარა არის, თორემ ვის უჭირს ასე ჩვენს დროშიო? ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი იყო. იმ დღიდან ძალიან გამიადვილდა ამ როლზე მუშაობა”, – იხსენებდა ლეილა აბაშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობილ მსახიობს ბევრი სანატრელი როლი დარჩა შესასრულებელი. განსაკუთრებით დრამატული როლები ხიბლავდა, რადგან მიაჩნდა, რომ კომედიური ჟანრი გაცილებით ადვილად გამოსდიოდა, დრამატული როლის შესრულებისას კი შინაგანად მთლიანად იხარჯებოდა. ძალიან უნდოდა შუშანიკი განესახიერებინა. სცენარიც მზად ყოფილა, მაგრამ ფილმი ვერა და ვერ გადაიღეს.

საყვარელ როლებზე საუბრისას, განსაკუთრებით თავის პირველ როლს, ფილმ “ქაჯანაში” კატოს, მოგვიანებით კი მაია წყნეთელს გამოყოფდა, – მაია წყნეთელის განსახიერება, ერთგვარად ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა სამშობლოს წინაშეო, – ამბობდა, თუმცა წლების შემდეგ, როდესაც ფილმს უყურებდა, უკვირდა, როგორ მოახერხა ბიჭად გარდასახვა.

“ჩვეულებრივი ქალური ქალი ვარ ცხოვრებაში, იმ ფილმში კი სრულიად ბიჭს ვგავარ”, – ამბობდა იგი.

როგორი იყო ლეილა აბაშიძე ეკრანს მიღმა?

როგორც Dalma News-ს მისმა ძმის შვილმა, თეა აბაშიძემ უამბო, ის საოცრად ოპტიმისტი ადამიანი იყო. არ უყვარდა გულისტკივილის გამოხატვა და სილამაზის საკუთარი რეცეპტი ჰქონდა. კოსმეტიკურ ნიღბებს იკეთებდა ხშირად, განსაკუთრებით ბანანის ნიღაბს.

“დინდგელს ხმარობდა კვერცხის გულთან ერთად. მეც მიცდია და კარგ შედეგს იძლევა. მეუბნებოდა, – პომიდორს რომ დაჭრი, არ დაიზარო და სახეზეც წაისვიო. კვერცხს გატეხავ – ცილა წაისვი, სახის კანს ჭიმავს და სილამაზის გახანგრძლივებაში დაგეხმარებაო. მეც ვითვალისწინებდი მის რჩევებს, თუმცა მამიდას სახის კანის მსგავსი იშვიათია. თხელი, სპილოს ძვლის ფერი კანი ჰქონდა. ეს გენეტიკის დამსახურებაა. მისი სამი მამიდა 100 წელს მიტანებულები, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ერთი ნაოჭი არ ჰქონიათ”, – გვითხრა თეა აბაშიძემ.

ლეილა აბაშიძე მუდამ ფორმაში იყო. განსაკუთრებულ დიეტებს არ იცავდა, უბრალოდ მსუბუქად ვახშმობდა. ქართული კერძებიდან განსაკუთრებულად ბადრიჯანი ნიგოზში და ღომი უყვარდა.

“ის საოცრად ოპტიმისტი იყო. ლეილა მამიდა ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული იყო და თავსაც საკმაოდ დაფასებულად მიიჩნევდა. ის იყო ადამიანი, რომელიც გვერდით მყოფებს აბედნიერებდა, ისეთი უშუალო და თავმდაბალი იყო”, – იხსენებს თეა აბაშიძე.

ლეილა აბაშიძე კინოში 8 წლის მოხვდა და მას შემდეგ, არც უფიქრია ამ პროფესიის მიტოვება. ის 1929 წლის პირველ აგვისტოს, თბილისში დაიბადა. მამა რეპრესირებული ჰყავდა, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ციმბირში ცხოვრობდნენ. ეკრანზე პირველად 1941 წელს, ფილმ „ქაჯანაში“ გამოჩნდა, სადაც კატოს როლი შეასრულა. პარტნიორობას ლეგენდარულ ნატო ვაჩნაძეს უწევდა. 68 წლის შემდეგ, თბილისში, ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ, სწორედ ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა.

“ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე, ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პატივია ეს ჩემთვის”, – განაცხადა ვარსკვლავის გახსნაზე ლეილა აბაშიძემ და მადლობა გადაუხადა ქართველ ერს დაფასებისთვის.

ლეილა აბაშიძეს საქართველოს გარდა, ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტიც იყო. მიაჩნდა, რომ ​მსახიობს ნიჭის გარდა, ადამიანური ხიბლი და შრომისუნარიანობა სჭირდება. ამბობდა, – კინო ურთულესი დარგია და დიდი გამძლეობაა საჭიროო.

მოგონებები…

ლეილა აბაშიძეს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იხსენებენ ადამიანები, რომლებსაც მასთან ცოტა ხნით მაინც ჰქონიათ ურთიერთობა. რეჟისორმა მაია შენგელიამ, ლეილა აბაშიძე, მისი საიუბილეო საღამოს – “60 წელი ეკრანზე”, სცენარზე მუშაობისას გაიცნო.

“ჩემდა გასაოცრად, ლეილა აბაშიძე უაღრესად თავმდაბალი და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ოჯახის მოყვარული ქალბატონი აღმოჩნდა. მაშინვე შევამჩნიე, რომ ყოფითი პრობლემებისგან დაღლილი იყო. ლეილა აბაშიძე რეპრესირებული ოჯახიდან იყო და მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. მისი ფოტოები ძალიან ხშირად იბეჭდებოდა. ის საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, რომლის შესახებაც მაშინდელი ამერიკული პრესა წერდა. მადლობელი ვარ იღბლის, რომ ნამდვილ ლეგენდასთან მომიწია მუშაობა”, – განუცხადა Dalma News-ს მაია შენგელიამ.

ჟურნალისტ გიორგი ბერიძის ნაცნობობა ლეილა აბაშიძესთან უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო, რასაც ყოველთვის გულისტკივილით იხსენებს, თუმცა მიაჩნია, რომ იმ დროს, ვითარების შესაბამისად, სწორად მოიქცა.

“წლების წინ, სასტუმრო “რედისონში” ერთ-ერთ წვეულებაზე მიიწვიეს. ღონისძიებაზე მისვლა შეაგვიანდა და სასტუმროს ფოიეში მარტო მოუხდა შესვლა. ამ დროს ფეხი დაუცურდა და იატაკზე დაეცა. ყველაზე ახლოს მე ვიდექი და მაშინვე შევეცადე ფეხზე წამომეყენებინა. დასახმარებლად სასტუმროს თანამშრომლებსაც დავუძახე. ამ დროს, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა იატაკზე წაქცეული მსახიობის გადაღება დაიწყეს. როცა ქალბატონი ლეილა სკამზე დავსვით, კოლეგებთან მომიხდა უსიამოვნო საუბარი. ვაიძულე ყველა კადრი წაეშალათ, სადაც სირცხვილისა თუ ტკივილისგან ატირებული ლეილა აბაშიძე იყო გადაღებული. ვარჩიე კოლეგები გამენაწყენებინა, ვიდრე ქართველ მაყურებელს იატაკზე წაქცეული ვარსკვლავი ენახა. ის ხალხის მეხსიერებაში ბრწყინვალე მსახიობად დარჩა”, – გვითხრა გიორგი ბერიძემ.

მოგვიანებით მან ლეილა აბაშიძესთან გადაღებული ფოტოები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა, რასაც გამოხმაურება მოჰყვა ისრაელიდან. აღმოჩნდა, რომ ერთი თბილისელი ებრაელი მესაათე – შალვა, ლეილა აბაშიძეზე ყოფილა შეყვარებული და მის საპატივსაცემოდ შვილისთვის ლეილა დაურქმევია. მოგვიანებით, როდესაც ბატონი შალვა, სხვა ებრაელებთან ერთად ისრაელში წავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად, უკვე შვილიშვილებს უყვებოდა ლეილას სილამაზესა და ადამიანობაზე. პაპის ნაამბობის გამო, თბილისელი მესაათის შვილიშვილს ქართველი კინოვარსკვლავის პირადად გაცნობა მოუსურვებია, საქართველოშიც ჩამოსულა, მაგრამ ასაკოვანმა მსახიობმა, ავადმყოფობის გამო ვეღარ მიიღო შორიდან ჩამოსული სტუმარი.

“ლეილა აბაშიძე ამბიციებისა და ვარსკვლავური სენისგან თავისუფალი ადამიანი იყო. უაზროდ შეყვარებული თავის ქვეყანაზე და შვილიშვილზე. რამდენიმე ფილმისთვის სცენარი დაწერა, რომლებიც განუხორციელებელი დარჩა. უყვარდა ჟურნალისტები, ხალხთან ურთიერთობა, თუმცა ავადმყოფობის გამო, აღარავის ენახვებოდა”, – ამბობს ჟურნალისტი გიორგი ბერიძე.

დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ლეილა აბაშიძემ უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინოში და დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. ქართველ მსახიობს ახალგაზრდობაში ოდრი ჰეპბერნსა და სოფი ლორენს ადარებდნენ. მისით მოიხიბლა გრეგორი პეკი, როდესაც ლეილა აბაშიძე ლანა ღოღობერიძის ფილმ “ორომტრიალში” იხილა.

ლეილა აბაშიძე ჩვენს გვერდით აღარ არის. თბილისმა უკანასკნელ გზაზე ის ტაშიც გააცილა, მაგრამ მის მიერ განსახიერებული როლები, კიდევ დიდხანს შეგვახსენებენ ვარსკვლავს საოცრად ნაღვლიანი მზერით.

აღარ გვყავს ჩვენი ჭრიჭინა…

შორენა პაპაშვილი