აზერბაიჯანში სამომხმარებლო კრედიტების ახალი ტალღა წამოვიდა. ეს იმ დროს, როდესაც ვადაგადაცილებული სესხების საერთო თანხამ მილიარდ 800-მილიონ მანათს, დაახლოებით 900-მილიონ ევროს მიაღწია. ეს ციფრი ივლისის მონაცემებს 2%-ით აღემატება.
რა ხდება? მოსახლეობას ოპტიმიზმი და ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გაუჩნდა? ხელფასები გაიზარდა, თუ საკრედიტო განაკვეთები შემცირდა? ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ის შეკითხვებს აზერბაიჯანის წამყვანი საბანკო ექსპერტი აქრამ ჰასანოვი პასუხობს.
– აგვისტოს მონაცემებით, ვადაგადაცილებული კრედიტების თანხამ მილიარდ რვაას მილიონ მანათს მიაღწია. ამის მიუხედავად, ხალხი კვლავაც განაგრძობს კრედიტების აღებას და ბანკებიც მათ (არა ყველას) განაცხადს აკმაყოფილებს. რა ხდება და რატომ მაინცადამაინც ახლა?
– მართლაც კრედიტების გაცემის გარკვეული ზრდა შეიმჩნევა. ეს იმას უკავშირდება, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ფასდაკლების განაკვეთი რამდენჯერმე შეამცირა.
2018 წლის თებერვლამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, შენარჩუნებული იყო 15%-იანი განაკვეთი, ახლა – 10%-იანი მოქმედებს. თავდაპირველად, განაკვეთი 15%-იდან 13%-ზე ჩამოვიდა, შემდეგ – 11%-ზე და ბოლოს 10%-ზე.
შეგახსენებთ, რომ სწორედ აზერბაიჯანის ფასდაკლების განაკვეთის მიხედვით გასცემენ კრედიტებს ბანკები და არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები. ე.ი ფული გაიაფდა და დაკრედიტებაც გახშირდა, მათ შორის მოსახლეობაში, თუმცა მათი ძირითადი საქმიანობაც ხომ ეს არის.
საბანკო დეპოზიტების მოცულობა ოდნავ გაიზარდა. ეს ეროვნული ვალუტა მანათის სტაბილიზაციას უკავშირდება, რაც 2017 წლის თებერვლიდან შეინიშნება. ანუ ბანკებს ფული გაუჩნდათ და ბუნებრივია, უფრო მეტის გამომუშავება სურთ. თუმცა ეს ყველა ფინანსურ ორგანიზაციას არ ეხება, რადგანაც მათი უმრავლესობა დღემდე კრიზისს განიცდის.
– ქვეყნის მოსახლეობამ კრედიტების აღება შეწყვეტა?
– ვფიქრობ, არა. აზერბაიჯანის მოსახლეობას უყვარს კრედიტების აღება. შარშანდელი გაკვეთილი საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ. ბევრი ადამიანი ახალ კრედიტს ძველის დასაფარად და რაღა თქმა უნდა, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად იღებს. უბრალოდ, უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ხალხი ფულის სასესხებლად ლომბარდებს მიმართავდა, თუმცა ბუნებრივია, ვერანაირ ანგარიშებში ვერ ჯდებოდნენ.
ახლა კი, როდესაც საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, ისინი არჩევანს ისევ ბანკზე აკეთებენ. თუმცა, უნდა წინა წლებისგან განსხვავებით, მაგალითად როგორც 2015 წლის კრიზისის დროს იყო, ბანკები ყველა განაცხადს არ აკმაყოფილებენ და ფულს ყველას არ აძლევენ.
ფინანსური ზედამხედველობის პალატამ დაკრედიტების პასუხისმგებლობის შესახებ კანონი ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, რომელიც საკმაოდ მკაცრია. თავის მხრივ, ბანკები ფრთხილობენ, რადგან წარსულში გაცემული კრედიტები ვეღარ დაიბრუნეს. სტატისტიკის თანახმად, პრობლემური კრედიტების მოცულობა გაიზარდა. თუმცა, ჩემის აზრით, საუბარია კრედიტებზე, რომლებიც დიდი ხნის წინათ გაიცა. მათი ნაწილი პრობლემური ახლა გახდა.
– რამდენად შესაძლებელია საკრედიტო ბაზარი „გადახურდეს“ და შემდეგ გადაუხდელი ვალის ახალი ტალღა წამოვიდეს?
– რა თქმა უნდა, მომავალში შესაძლებელია ასეც მოხდეს, მაგრამ არა – ახლო მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს თავისუფალი ფული გაუჩნდა. ეს ნავთობის გაძვირების, სამშენებლო ბიზნესის გააქტიურების და სხვადასხვა ფაქტორის შედეგია.
თუმცა, ეს ყველაფერი არასტაბილურია. მას შემდეგ რაც ამერიკული ბანკი Lehman Brothers-ი გაკოტრდა 10 წელი გავიდა. მან უძრავი ქონების ბაზარზე მთელი ფული დაკარგა. ეს შეერთებული შტატების საბანკო ისტორიაში ყველაზე დიდი გაკოტრებაა. ასე, რომ აზერბაიჯანში სამშენებლო ბიზნესის გააქტიურების მიუხედავად ვითარება არც ისე სტაბილურია და ბაზრის “გადახურვაც” არ არის გამორიცხული, თუმცა უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეს ნამდვილად არ გვემუქრება.
– რომელ ვალუტაში იღებს ხალხი კრედიტს, მანათში, დოლარში, თუ ევროში?
– მანათში. ფინანსური ბაზრების კონტროლის პალატის წესების მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდეა დაყვანილი. ასეთი ადამიანები კი რაც ისე ბევრია.
– როგორია კრედიტის პროცენტული განაკვეთი?
– განაკვეთი საკმაოდ მაღალია. საშუალოდ – 20% და უფრო მეტიც.
– მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ასეთი განაკვეთი ნორმალურია?
– განვითარებული ქვეყნებისთვის ეს ნორმალური არ არის. აზერბაიჯანში ბანკები თავდაპირველად მაღალი საპროცენტო განაკვეთის კრედიტებს გასცემდნენ, რადგანაც რისკებიც მაღალი იყო.
აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ მანამდე ბანკების მფლობელები და ადმინისტრატორები მესამე პირებისთვის განაკვეთს თავად იმატებდნენ, რითაც ფარავდნენ იმ სესხებს, რომლებიც თავიანთ კომპანიებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით მისცეს.
როგორც არ უნდა იყოს, ახლა ბანკები ითვალისწინებენ სესხების არდაბრუნების რისკებს, გრძელვადიან სამართალწარმოებას და მათზე გათვალისწინებულ ხარჯებს, როგორც ოფიციალურს, ისე არაოფიციალურს და ა.შ. ამიტომაც ეს ყველაფერი საპროცენტო განაკვეთებით ივსება.
– და მაინც, ბანკებში სამომხმარებლო კრედიტებზე მოთხოვნა რის ხარჯზე გაჩნდა? ჩვეულებრივ, ეს დაბალი ინფლაციის, უმუშევრობის შემცირების, ხელფასების მატების გამო ხდება. რამ გამოიწვია ხალხში ასეთი ოპტიმიზმი? თუ ყველაფერი პირიქითაა და ხალხი კრედიტს ოპტიმიზმის კი არა, გამოსავლის არარსებობის გამო იღებს?
– რასაკვირველია, ზოგი ადამიანი ვალების გამო სასოწარკვეთილია. ზოგს გაუმართლებელი ოპტიმიზმი აქვს, მათ არ ესმით, რა ხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში, საქმე ნავთობის ფულშია.
მიმდინარე წელს ბიუჯეტის გასავლიანი ნაწილი გაიზარდა, სახელმწიფო უფრო მეტს ხარჯავს და ფულის ნაწილი ვიღაცას ხვდება. შედეგად, ვიღაცა რაღაცას აშენებს, არემონტებს. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შემოსავლების ზრდა ფიქსირდება.
– რისი თქმა შეგიძლიათ აზერბაიჯანის საბანკო სისტემის და მანათის კურსის სტაბილურობის შესახებ?
– ეს სტაბილურობა მხოლოდ ნავთობის ფულის მეშვეობით არის შენარჩუნებული. სხვა ფაქტორი არ არსებობს. ფაქტობრივად, საბანკო სისტემა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. მთელი რიგი ბანკები გაკოტრების ზღვარზეა და, სხვათა შორის, დიდწილად ეს მენეჯერების ბრალია.
ისინი ხელმძღვანელობას აჩვენებენ: აი, ჩვენ კვლავ გავცემთ სესხებს, ვზრდით აქტივებს, ვიღებთ შემოსავალს. მე თავად საბანკო სისტემიდან ვარ და კარგად ვიცი, რომ ტოპმენეჯერების უმრავლესობა უბრალოდ „სატყუარები“ არიან.
მოამზადა მამედ მამეზადემ