საბაჟო გამშვები პუნქტ “ყაზბეგის” მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დღეებში სატვირთო ავტომობილების რიგები შეინიშნება. საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა 20.30-დან 06.00 საათამდე შეზღუდულია, რაც მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება.
როგორც Dalma News-ს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პუნქტს საგანგებო რეჟიმით უწევს მუშაობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგს” ამ ეტაპზე ორჯერ მეტი სატვირთოს გატარება შეუძლია. მაგრამ ავტომობილების რიგები მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოიქმნება.
“დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედარაციის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტი დღის განმავლობაში მაქსიმუმ 250 სატვირთოს ატარებს. იგულისხმება შემოსვლაც და გასვლაც. როდესაც ავტომობილების რაოდენობა მეზობელი მხარის მიერ მათი გატარების შესაძლებლობებს აღემატება, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, წარმოიქმნება რიგები. ამას დაადასტურებენ ამ რიგებში მდგომი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებიც,” – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ამ მიმართულებით ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვნადა მოიმატა საზღვრის კვეთამ. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა გაზრდილია დაახლოებით 56%-ით, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების – დაახლოებით 39%-ით, სამგზავრო ავტობუსების – დაახლოებით 72%-ით, ხოლო სატვირთების მოძრაობა გაზრდილია დაახლოებით 19%-ით.
შემოსავლების სამსახური საზოგადოებას არწმუნებს, რომ სამსახურის ყველა რგოლი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს და ყაზბეგში ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად მოკლებულია რეალურ საფუძველს.