საქართველომ შესაძლოა “ევრო-5”-ის სტანდარტი აამოქმედოს და ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს. მიზეზად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა სახელდება. ხელისუფლებაში კარგად ესმით, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მტკივნეული იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არა თუ ძველ, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის ავტომობილებს არ დამშვიდობებია და ტაქსისტობით არჩენენ ოჯახებს. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს დაბინძურებული გარემო და ამის გამო დაავადებების ზრდის მაჩვენებელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში, ქვეყანაში, სადაც არც წარმოება და არც ქიმიური ინდუსტრია არ არის განვითარებული, ჰაერის დაბინძურებით ხარისხით მსოფლიოს ქვეყნებს შორის 70-ე ადგილზეა. რამდენად გამოდგება ავტოპარკის განახლება ამ პრობლემის მოგვარების რეალურ გზად ძნელი სათქმელია, მაშინ, როდესაც მძღოლები ამბობენ, რომ მთავარი დამაბინძურებელი ქვეყანაში შემოტანილი საწვავია, რომლის შემადგენლობის შესახებ მხოლოდ არასაიმედო ინფორმაცია აქვთ და მდგომარეობის გაუმჯობესება არც იგეგმება. ავტოპარკის გაახალგაზრდავების პარალელურად გაუმჯობესდება თუ არა საქართველოს ბაზარზე შემოსული ბენზინისა და დიზელის ხარისხი, ძნელი სათქმელია.
მანამდე კი თბილისის მერია ავტოპარკის განახლებას მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესებით იწყებს. ტენდერი გამოცხადებულია, მაგრამ მსურველი არ ჩანს. საუბარია 90 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენაზე, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი გამოიყოფა. დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს. ძრავი განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალური ავტობუსის შესაძენად ტენდერი მერიამ მანამდეც გამოსცა.
როგორც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, დაძველებული ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის იდეა განიხილება საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, უნდა შეიზღუდოს დიდძრავიანი ავტომობილების იმპორტიც. როდიდან შევა კანონი ძალაში, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ემუქრება პერსპექტივა, ევროპული და ამერიკული დამტვრეული ავტომობილების სასაფლაოდ იქცეს.
მისი აზრით, 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამის შეზღუდვა ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს. მაგალითად ვადაგასული კარაქის შემოტანის შეზღუდვა ვიღაცას სწყინს, ასეთებს დეპუტატი ცივი წყლის დალევას ურჩევს.
“შესაძლოა ვადაგასული კარაქის შემოტანის აკრძალვაც ვიღაცას სწყინდეს. მათთვის მაქვს პასუხი, – ცივი წყალი დალიონ, იმიტომ, რომ ასეთმა კარაქმა ჩემი შვილიშვილი არ უნდა მოწამლოს, ეს არის პასუხი. როდესაც ადამიანის საქმიანობა მეორე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უქმნის რისკს, იქ ენის მოჩლექით საუბარი ზედმეტია. უნდა იყოს წახალისებული ახალი ავტომობილები, ეკოლოგიურად სუფთა, რომ არც ჯიბეს დაარტყას მაინცადამაინც და ადამიანს უღირდეს იყიდოს სრულიად ახალი, კომპაქტური, თანამედროვე “ევრო 5″-ის პარამეტრების მქონე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში ზეთისა და სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის მეტი არაფერი დასჭირდება”, – აცხადებს შალვა ოგბაიძე.
ავტოპარკის განახლებასთან ერთად, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, როგორ მოიქცეს ის ადამიანი, რომლის ავტომობილს ამოწურული აქვს ყველა რესურსი, ხოლო ფინანსურად ხელმოკლე მფლობელს უკეთესის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. არადა მისთვის ავტომობილი კომფორტის საგანი და ახირება კი არ არის, არამედ საარსებო წყარო.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე გელა კვაშილავა პირდაპირი აკრძალვის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ გარკვეული ასაკის ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე უკეთესია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისება.
“სახელმწიფოსგანაც უნდა წამოვიდეს ინიციატივა, რომ ადამიანები დაინტერესდნენ და მეტი საშუალება გაუჩნდეთ გამართული ტრანსპორტის შეძენისთვის”, – აცხადებს კვაშილავა.
“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” კიდევ ერთი წევრი, ირაკლი იზორია აცხადებს, რომ 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას არასამთავრობო ორგანიზაციები დაახლოებით ერთი წლის წინაც მოითხოვდნენ. ამ მხრივ საქართველოს მეზობელმა აზერბაიჯანმა აჯობა, სადაც მსგავსი აკრძალვა უკვე არსებობს და კარგი იქნება, თუ ამ იდეას სახელმწიფო ბოლომდე მიიყვანს.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხზე რამდენჯერმე ჩატარდა ტენდერი და ჩავარდა, დიზელზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანაზე იყო საუბარი, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა არასამთავრობოების მხრიდან, მათი არგუმენტია ის, რომ არ ვიცით, როგორი დიზელი შემოდის ქვეყანაში ზოგადად რა ხდება ამ სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, თუ გვინდა მწვანე ქალაქზე, მაშინ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დანერგვაზე უნდა იზრუნოს ქალაქის მერიამ, აქცენტი უნდა გაკეთდეს გაზზე მომუშავე ავტობუსებზე, ან ელექტროავტობუსებზე”, – აცხადებს ირაკლი იზორია.
მისივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ავტობუსები მართლაც ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით 800 ავტობუსიდან, რაც თბილისს ემსახურება მხოლოდ 150-ია მწყობრში, დანარჩენი, კომპანია “ბოგდანის” ავტობუსია და კვირა არ გავა არ დაზიანდეს.
“რამდენიმე დღის წინ ცეცხლი გაუჩნდა ყვითელ ავტობუსს. მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს. მივესალმებით თანამედროვე ნაბიჯებს, თუ ის გადაიდგმება ქალაქის სასიკეთოდ”, – აცხადებს ირაკლი იზორია.
საინტერესოა როგორ შეხვდება მოსახლეობა ასეთი კანონის მიღებას. თბილისის ქუჩებში, არა თუ 2005 წლამდე გამოშვებულს, ძველ საბჭოთა ავტომობილებსაც ხშირად შეხვდებით. როგორ უნდა დაარწმუნონ მათი მფლობელები, მოიშორონ სახლიდან ისტორიად ქცეული ავტომობილი, ძნელი სათქმელია.
“ძველ ავტომობილებს თუ შევზღუდავთ, ეს დაბალი შემოსავლების ადამიანებისთვის პირდაპირი დარტყმა იქნება, მაგრამ გარემო იმდენად დაბინძურებულია, ცვლილებები უნდა შევიტანოთ კანონმდებლობაში და გადაიდგას ნაბიჯი ჩვენი შვილების ჯანმრთელობის სასარგებლოდ. დღეს არსებული საბაჟო რეგულაციებით წახალისებულია ძველი ავტომობილები. ავტომობილებზე უფრო დაბალი უნდა იყოს საბაჟო გადასახადი, ამის შეცვლა გვინდა ჩვენც”, – აცხადებს ირაკლი იზორია.
მისივე თქმით, გადასახადები უნდა შემოვიღოთ ძალიან სწორად. არ უნდა იყოს დაბეგვრა ავტომობილის წლების მიხედვით, არამედ ეკოლოგიურობის მიხედვით. ეს გააჯანსაღებს საქართველოს ავტოპარკს.
საინტერესოა როგორ შეხვდება მოსახლეობა ასეთი კანონის მიღებას. თბილისის ქუჩებში, არა თუ 2005 წლამდე გამოშვებულს, ძველ საბჭოთა ავტომობილებსაც ხშირად შეხვდებით. როგორ უნდა დაარწმუნონ მათი მფლობელები, მოიშორონ სახლიდან ისტორიად ქცეული ავტომობილი, ძნელი სათქმელია. მანამადე კი თბილისის მერია ტაქსის კომპანიებს საკუთარ მოთხოვნებს უყენებს, პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომობილებზე ყვითელი მანიშნებლის განთავსება სავალდებულო იქნება. ნებართვის აღების საფასური ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ნებართვისასაღებად ფიზიკურმა პირმა განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსონ და ნებართვის დოკუმენტი მუდმივად თან იქონიოს.
ახალი წესი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც, საკანონმდებლო ინიციატივას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი, შესაბამისი ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის მომსახურების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
შორენა პაპაშვილი