საქართველოს მოსახლეობა მალე ქვეყნის, რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მმართველი პარტიას არ ჰყავს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა ჰყავს ფავორიტი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. ქართველი ემიგრანტების შთამომაბალი, ისტორიულ სამშობლოში ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას, საფრანგეთის ელჩის რანგში ჩამოვიდა და მას შემდეგ ქართული პოლიტიკური ცხოვრების აქტიური და არაორდინალური მონაწილეა.
არც თუ დიდი ხნის წინ, საქართველოში სამთავრობო ცვლილება განხორციელდა, შეიცვალა ქვეყნის პრემიერი და მთავრობა ახალი წევრებით გადახალისდა. ახალმა პრემიერმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის შესაქმნელად უკეთესი იქნება მმართველ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა თუ არ ეყოლება. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ პარტიას არა ერთი კანდიდატი ჰყავთ, რომლებსაც ღირსეული შედეგის ჩვენება პირველივე ტურში შეუძლიათ. მამუკა ბახტაძის არგუმენტი არის ის, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნის პარლამენტსა და საკრებულოებში დიდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი და სამართლიანი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა პარტიებს მისცენ შანსი.
სალომე ზურაბიშვილის მიმართ კეთილგანწყობას არ მალავენ უმრავლესობის დეპუტატები, თუმცა არიან იდეის მოწინააღმდეგენიც. “ოცნების” რეგიონულ ორგანიზაციებს უკვე დაევალათ იზრუნონ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე, თუმცა თავად დეპუტატს, პრეზიდენტობაზე ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია. ზურაბიშვილმა საფრანგეთის მთავრობას მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამბობენ, ყველაფერი პარიზის პასუხზე იქნება დამოკიდებულიო.
უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს შეეფერება და ამიტომ მას დაუჭერს მხარს.
“მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში იზრდებოდა, ყოველთვის იყო საქართველოს პატრიოტი და საერთაშორისო დონეზე იცავდა თავისი ისტორიული სამშობლოს ინტერესებს, არის გამოცდილი პოლიტიკოსი”, – აცხადებს დეპუტატი.
მირიან წიკლაურისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრადიციულ ქართულ ოჯახშია გაზრდილი, რომ მისმა ოჯახმა საფრანგეთში შეინარჩუნა თავისი ეროვნული საწყისები, რომ სალომეს მამას სიცოცხლის ბოლომდე არ მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა და თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევდა.
“შესაძლოა ეს აღარ არის დღეს მოდაში, მაგრამ მე ასეთ დეტალებს ძალიან ვაფასებ”, – აცხადებს მირიან წიკლაური.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელი კანდიდატის მიმართ გამოხატავს კეთილგანწყობას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. საინტერესოა რას ეფუძნება დეპუტატების ასეთი მაღალი ნდობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურაც ივანიშვილის მოწონებული იყო და მოგვიანებით ის “ქართულ ოცნებას” ნამდვილ თავისტკივილად ექცა.
“ბიძინა ივანიშვილი გაცილებით დემოკრატიული პიროვნებაა, ვიდრე მასმედია ქმნის მის გარშემო განწყობას, ის რომ ბიძინა ივანიშვილი ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს, ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც არ არის სულერთი. ბატონი ბიძინა არ არის მისი აზრის მონოპოლიზების მომხრე, მისი განზრახვაა ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი უფრო კომპეტენტური იყოს”, – აცხადებს დეპუტატი ნოზაძე.
მისივე თქმით, საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა არსებობს ირიბი მტკიცებულებები იმისა, რომ ზურაბიშვილი თავის კანდიდატურას წარადგენს. უმრავლესობაში კი მიმდინარეობს მსჯელობა უნდა ჰყავდეს თუ არა მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი.
სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი არ გახდება “ქართულ ოცნებაში” განხეთქილების მიზეზი, – ირწმუნება უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ბექა ნაცვლიშვილი, თუმცა, თავისი თანაგუნდელებისგან გასხვავებით მიაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები არ არის პროგრამული არჩევნები, ეს არის პიროვნების არჩევნები და ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ქვეყნის მორალური სახე. ამას კი არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის იმ ფილოსოფიასთან, რა ფილოსოფიის საფუძველზეც აპირებს “ოცნება” განზე გადგეს.
სალომე ზურაბიშვილი, ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. ის საფრანგეთში დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამჟამად საქართველოს მოქმედი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია.
წამზომი ჩაირთო… არჩევნების თარიღი გარკვეულია. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან კონსულტაციების საფუძველზე არჩევნები 28 ოქტობერს ჩანიშნა. არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან ირთვება საათი და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მთელი რიგი წესები ამოქმედდება. მათ შორის, უფასო საეთერო დროის გამოყოფა, საარჩევნო კომისიების ფორმირება და რაც მთავარია საარჩევნო კამპანიები.
როგორც Dalma News-ს კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი მკვეთრად არის შერყეული, ის მაინც აღემატება ყველა სხვა პარტიის რეიტინგს და შესაბამისად მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გავა პირველ ადგილზე. თუმცა, კითხვა მდგომარეობს იმაში, იქნება კი ეს უპირატესობა საკმარისი პირველ ტურში გასამარჯვებლად. მეორე ტურის პრობლემა კიდევ ცალკე საკითხია, როგორი იქნება ელექტორატის აქტიურობა განმეორებით არჩევნებში.
ხმალაძის თქმით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი არ აღიქმება ოპოზიციურ კანდიდატად. მას აუცილებლად მოუწევს მმართველ პარტიასთან გარიგებაზე წასვლა. რაც შეეხება იმას, უნდა ჰყავდეს თუ არა საქართველოს ქალი პრეზიდენტი, ხმალაძე აცხადებს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია სქესის მიხედვით ნებისმიერი კვოტირების. თანამდებობაზე უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ყველაზე უკეთ გააკეთებს საქმეს. იქნება ის ქალი, თუ კაცი.
ოპოზიციური პარტიების ერთი კანდიდატის გარშემო კონსოლიდაცია ამჯერად ვერ ხერხდება. “ახალ მემარჯვენეებსა” და “თავისუფალ დემოკრატებს” სურთ მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მეორე ვადით იყაროს კენჭი. ოპოზიციის ერთ ნაწილს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტად, პარლამენტის ექსთავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს. 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ – “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელეს, რასაც მაშინვე მოჰყვა შეფასებები მმართველი გუნდიდან.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაშაძის სახით, სუსტი კანდიდატურა მიზანმიმართულად დაასახელა, რადგან ბოლო მომენტში სხვა კანდიდატის მხარდასაჭერად მოხსნან. ამ სვლაში კი გარკვეული პოლიტიკური გათვლები იმალება.
“ახალ მემარჯვენეებს” მიაჩნიათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არაპარტიული კანდიდატი, სამეცნიერო წრის წარმომადგენელი უნდა იყოს. მანანა ნაჭყებიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ნიშნული იმისთვის, რომ ქვეყანა გარკვეული მოჯადოებული წრიდან გამოვიდეს.
“საქართველოში პრეზიდენტი კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიმღებია, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მალე აღარ იქნება პირდაპირი წესით არჩეული და ექნება ნაკლები ლეგიტიმაცია, მისი გავლენა მაინც ძალიან მაღალია ქართულ პოლიტიკაზე”, – მიაჩნია მანანა ნაჭყებიას.
მარათონი დაიწყო და პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთის მიყოლებით “გამოიჩეკებიან”. საქართველოს მოსახლეობას ცხელი ზაფხულის შემდეგ, პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა ელის. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის ქვეყნის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატებს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამოწურა თავისი თავი.
როგორც Dalma News-ს ხაინდრავამ განუცხადა, ქართული პოლიტიკის სერიოზული პრობლემაა დღეს ის, რომ არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ჯანსაღი პაექრობა არ მიმდინარეობს, რაც ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
“პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამოწურა თავისი თავი, დაწყებული პირველი პრეზიდენტით, ყველა მომდევნო პრეზიდენტს უბედურების მეტი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. იმ სკამზე ჯდებიან თუ არა გონებას კარგავს ყველა. ევროპის ცივილიზებული ნაწილი საპარლამენტო მმართველობით არსებობს და მგონია, რომ ქართველებისთვისაც ერთპიროვნული მმართველობა კარგი შედეგის მომტანი არ არის”, – მიაჩნია გოგა ხაინდრავას.
რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეორე ვადის პრეზიდენტობის შანსებს, გოგა ხაინდრავას აზრით, მარგველაშვილის შანსები სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მას საკუთარ უბანშიც არ აირჩევენ.
პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, პარლამენტის ექსთავმჯდომარე, დავით უსუფაშვილია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რად გიორგი მარგველაშვილმა მეორე ვადით პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოქმედი პრეზიდენტი დავით უსუფაშვილის მხარდამჭერი იქნება. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.
გიორგი ქართველი