პირველი ივნისიდან სომხეთში, ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კონკრეტული საერთაშორისო ლიცენზიის გარეშე, მგზავრების რუსეთის ტერიტორიაზე არარეგულარულად გადაყვანას კრძალავს. ახალი კანონმდებლობის თანახმად, მგზავრების გადაყვანისთვის ლიცენზიას მხოლოდ ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც რუსეთში და რუსეთიდან რეგულარულ რეისებს ახორციელებს. რამდენიმე დღის განმავლობაში მძღოლებს “ბაგრატაშენის” საკონტროლო გამშვები პუნქტების გადალახვა აეკრძალათ, რამაც საპროტესტო განწყობა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაისში, სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, რუსულ მხარეს მიმართა თხოვნით, გადაავადოს ახალი წესების გააქტიურება სომხური კომპანიების იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც რუსეთში მგზავრები გადაჰყავთ. შეთანხმების თანახმად, სომეხი მძღოლები, სამი თვის განმავლობაში, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. თუმცა, ცხადია, გადავადება არ იქნება. ამგვარად, ათობით კომპანია და მძღოლები, რომლებიც არარეგულარულ რეისებს ახორციელებენ, სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან.
Dalma News-ის წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის ჩემპიონატის გამო, რუსული მხარე უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს. ამიტომაც, საეჭვოა, ამ საკითხის გადაჭრით უკმაყოფილო მძღოლების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
4 ივნისს, მთავრობის სახლის წინ, დილიდანვე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრას ითხოვდნენ. პრემიერთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, მაგრამ მთავრობამ მათი პრობლემა არ უგულებელყო. თუმცა, ცხადია, ამ საკითხის გადასაჭრელად მხოლოდ სომხური მხარის კეთილი ნება საკმარისი არ არის.
უკმაყოფილო მძღოლები, რომლების უკვე რამდენიმე დღეა რუსეთის საზღვარზე ვერ გადადიან, აცხადებენ, რომ შესაბამისი ლიცენზიების მიღების პროცესებში პრობლემები წარმოიშვა. მძღოლებისთვის თანაბარი პირობები არ არსებობს და სერიოზული გაურკვევლობაა, რადგან მძღოლი დაზღვეული არ არის იმისგან, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე არ დააჯარიმებენ. მაგალითად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ჯარიმა 120 ათას რუბლს შეადგენს. პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხშირ შემთხვევაში, მძღოლებს ნებართვის დამამტკიცებელი საბუთი თან აქვთ, თუმცა დოკუმენტს ძალა არ აქვს.
სწორედ ამიტომ, მძღოლები მთავრობისგან 50 ათასი და 150 ათასი დრამის სახელმწიფო გადასახადის გაუქმებას და ლიცენზიების ძველი სისტემის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს არ ქმნიდა და მძღოლებს ფინანსურად არ აზარალებდა. აქციის წარმომადგენლების თქმით, ახალი ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით, სამინისტროს საზოგადოებრივი განხილვა არ ჩაუტარებია.
როგორც გადაზიდვების პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით მელკონიანმა Dalma News-თან საუბარში განაცხადა, მგზავრების არარეგულარული გადაყვანისთვის შეთანხმების პროცედურა არ არსებობდა, თუმცა არსებობდა განსაზღვრული სახელმწიფო გადასახადი. ფაქტობრივად, ეს სფერო სახელმწიფოს კონტროლის გარეთ მოექცა – ადამიანები მუშაობდნენ და არ იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადს, ბევრი მძღოლი რეგულარულ რეისებს ახორციელებდა, თუმცა დარეგისტრირებას არც აპირებდა. ამიტომაც სახელმწიფომ თავისი მიდგომა შეცვალა და ყველა მსურველს დარეგისტრირებას სთავაზობს.
ცხადია, მოქალაქეები ამ პროცედურის გავლისგან თავს იკავებენ, რადგანაც გადასახადების გადახდა არ სურთ. მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბევრ პროტესტანტს არასწორი მიდგომა აქვს, ისინი მოითხოვენ პროცედურები იმ ადამიანებისთვის შეიცვალოს, რომლებიც მსხვილ გადაზიდვებს არ ახორციელებენ, რადგანაც მათი ავტომობილების მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
მაგრამ სახელმწიფოსთვის და მგზავრებისთვის გადაზიდვის მომსახურება თანაბარი უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს კომპანიის სიდიდეს, კომფორტი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. 6 ივნისს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა და მხარეებმა ამ რთული პრობლემის მოგვარების იმ ვარიანტებზე იმსჯელეს, რომლებიც მისაღები უნდა იყოს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე გადამზიდი კომპანიებისთვის.
გადაწყდა, რომ სახელმწიფოთაშორისი გადაზიდვების მწარმოებელმა კომპანიებმა, თანაბარი კონკურენტული პირობების დასადგენად, იმ ტენდერებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ტენდერებში გასამარჯვებლად კომპანიებმა, შეთავაზებული მომსახურების და უსაფრთხოების შესაბამისი დონე უნდა აჩვენონ. ამ პროცედურების გამჭირვალობისთვის კომისიაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირები ჩაერთვებიან.
ლინა მაკარიანი