დღეს მიგრაცია თანამედროვე საზოგადოების გარდაუვალ ნაწილად იქცა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ გლობალიზაციას. ბოლო დროს მიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი ევროპაში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან მიედინება ერაყის, სირიის, ლიბიის და სხვა კონფლიქტების ფონზე.

ამასთანავე, განვითარებული ქვეყნებისკენ, მეტ-ნაკლებად კარგი შემოსავლიანი სამსახურების საძიებლად, ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები ისწრაფვიან: ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში, დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და აზიის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან – საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და ა.შ.

გაეროს სტატისტიკის თანახმად, ამ მომენტისთვის მიგრაციულ მოძრაობაში 218 ქვეყანაა ჩართული, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 86%. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია თავის მხრივ პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის მიგრაციული აქტივობის მაჩვენებელი მსოფლიოში 300 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალი მიგრანტები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები აზერბაიჯანის პოზიტიურ მიგრაციულ ბალანსზე საუბრობენ, ბევრი აზერბაიჯანელი უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით ცდილობს საზღვარგარეთ გამგზავრებას.

ამგვარად, აზერბაიჯანის შრომის და სოციალური დაცვის მინისტრმა, სალიმ მუსლიმოვმა თებერვალში განაცხადა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, უმუშევრობის დონე აზერბაიჯანში დაბალია. მისივე თქმით, შარშან აზერბაიჯანში შექმნილმა დაახლოებით 60 ათასმა სამუშაო ადგილმა შესაძლებელი გახადა ქვეყანაში უმუშევრობის დონე 5,9%-ის მაჩვენებელზე შენარჩუნებულიყო.

 

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეროვნულმა ვალუტა – მანათმა ორჯერ განიცადა დევალვაცია, რამაც სერიოზულად დააზარალა ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.

აზერბაიჯანელების უმრავლესობა მეზობელ რუსეთში მიემგზავრება. სეზონური სამუშაოებისთვის ისინი თურქეთშიც მიდიან. ამასთანავე, აზერბაიჯანელები სხვადასხვა მიზეზებით უკრაინაში და ევროკავშირის ქვეყნებშიც მიემგზავრებიან. სხვადახვა მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე დღეს დაახლოებით 50 ათასი არალეგალი მიგრანტია აზერბაიჯანიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან საზღვარგარეთ, როგორც ასეთი, მასობრივი მიგრაცია არ არსებობს, ბევრი უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული შიდა მდგომარეობით და ამბობენ, რომ იქ “აკრძალულია თვითგამოხატვის უფლება”, არ არსებობს განათლების ნორმალური დონე, დაბალია სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი და არ არსებობს კარიერული ზრდის პირობები.

ამგვარად, ერთ-ერთ მიგრანტს, ალიბექს (სახელები შეცვლილია), რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მიაჩნია, რომ აზერბაიჯანში თავს დაძაბულად გრძნობს. “ადამიანს არ შეუძლია თვითგამოხატვა. კავშირების გარეშე ადამიანი გამუდმებით რაღაც რუტინაშია. ხალხი თითქოს მუდმივ სტრესშია. ეს კი ყველაზე მძიმე გავლენას ახდენს. ქვეყანაში არსებული საერთო ვითარება, ადამიანებისადმი დამოკიდებულება, უკანონობა, უსამართლობა გაიძულებს ბედნიერება სხვაგან ეძიო”, – დასძინა ალიბექმა.

მისივე თქმით, იგი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე და Green Cards-ის მოპოვების შემდეგ ოჯახთან ერთად ოცნება აიხდინა.

მან მიანიშნა, რომ აზერბაიჯანში დაბრუნებას არ აპირებს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მის მშობლებს დახმარება დასჭირდებათ.

თავის მხრივ, მოსკოვში გამგზავრებულმა იბრაჰიმმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებლები არასაკმარის განათლებას იძლევიან. “საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ცნობიერების გაფართოება მჭირდებოდა იმ სფეროში, რომელიც მაგისტრატურაში ავირჩიე. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონმცოდნეობა ირანის საკითხებში”, – განაცხადა მან.

 

 

მოსკოვის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ იგი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში მიიწვიეს სამუშაოდ. “დღეს მოსკოვში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ იმ მიმართულებით განვითარდე, რომელიც აირჩიე და მოგწონს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი პოლიტოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს სფერო წინ მიიწევს და აქტიურად ვითარდება”, – განაცხადა იბრაჰიმმა.

მისივე თქმით, დღეისათვის სწავლასთან და სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

დღეს ავსტრალიაში მცხოვრები, აზერბაიჯანის მოქალაქე – ისკენდერი აცხადებს, რომ სამშობლოდან მისი გამგზავრების მთავარი მიზეზი, ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო. „არ არსებობს ხვალინდელი დღის საუკეთესო მოლოდინი. გარდა ამისა, მალე შვილი მეყოლება. აზერბაიჯანში მე თვითონ მეშინია ექიმთან მისვლის და მათ ჩემი შვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს როგორ ვანდობ?!“- ამბობს ის.

ერთ-ერთ მიზეზად მან განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიც დაასახელა. “ის, განათლება, თითქოს არის, მაგრამ სინამდვილეში არ არის”, – მიაჩნია ისკენდერს.

მისივე თქმით, ავსტრალიამ იგი ღია იმიგრაციული პროგრამებით, კლიმატით და ცხოვრების მაღალი დონით მიიზიდა. “არსებობს კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა. საერთოდაც, მეტ-ნაკლებად გაწონასწორებული და მშვიდი ცხოვრება გინდება”, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანში ისკენდერის შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბრისას, მან მიანიშნა, რომ ამისთვის მზად არ არის. “ამ ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ყველაზე საუკეთესო პირობებიც კი ვერ დამარწმუნებს. აზერბაიჯანში გლობალური ცვლილებების მოხდენის კი დიდი ხანია არ მჯერა”, – მიაჩნია მიგრანტს.

მისი აზრით, რესპუბლიკაში ცვლილებები პირველ რიგში მედიცინის და განათლების სფეროებს უნდა შეეხოს. “უნდა გადაწყდეს კორუფციის პრობლემა. ხელფასები ცხოვრების ნორმალური დონის შესაფერისი უნდა იყოს. ასევე უნდა იყოს ნორმალური პენსიებიც, რომელზეც შესაძლებელი იქნება ცხოვრება”, – დასძინა მან.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანელები საზღვარგარეთ პირველ რიგში, ხარისხიანი განათლების, მედიცინის, სტაბილური სოციალური სფეროს მისაღებად მიდიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანაში პერსპექტივებს ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, მიგრანტებს აზერბაიჯანში დაბრუნება არ სურთ. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასეა.

სადიგ დადაშლი