“სიგარეტზე დაჭერილმა მოქალაქემ ქრთამი მისცა, იქნებ გაუპატიურების მცდელობის მუხლით გაასამართლოთო”, – ასე ხუმრობენ სომხეთის სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც გარკვეულ ადგილებში სიგარეტის მოწევა უდიდესი თანხით ჯარიმდება.
კანონი ძალაში 2018 წლის პირველ ნოემბერს შევა. ყველაზე დაბალი ჯარიმა – 50 ათასი დრამი (დაახლოებით 103 აშშ.დოლარი) ავტომობილში მოწევისთვის, ხოლო ყველაზე მაღალი – 800 ათასი დრამი (დაახლოებით 1 700 აშშ.დოლარი) გათვალისწინებულია სიგარეტის იმპორტისას ნიკოტინის დაშვებული შემადგენლობის დონის გადაჭარბების შემთხვევაში. სიგარეტის რეკლამა 700 ათასი დრამით (დაახლოებით 1460 აშშ.ოლარი) ჯარიმდება. ლიფტში, ოფისებში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სიგარეტის მოწევა 250 ათასი დრამით დაჯარიმდება. აღნიშნული კანონის ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია 500 ათასი დრამის ჯარიმა სამი თვის განმავლობაში.
კანონის თანახმად, თამბაქოს პროდუქციის რეალიზება აიკრძალება სამედიცინო და საგანმანათლებლო, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების, საკონცერტო კომპლექსების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კინოთეატრების, გასართობი ცენტრების, სპორტული დარბაზების და სტადიონების ტერიტორიებზე.
სიგარეტის ცალობით გაყიდვაზე ჯარიმა 300 ათასი დრამი (დაახლოებით 620 აშშ. დრამი) დაწესდება, ხოლო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 100 მეტრის რადიუსში სიგარეტის გაყიდვა 500 ათასი დრამით (დაახლოებით 1030 აშშ. დოლარი) დაჯარიმდება.
როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ინიციატივის მიზანია შემცირდეს და აღიკვეთოს თამბაქოს და მისი შემცვლელი პროდუქციის მოხმარება, მოქალაქეებს დაეხმარონ მოწევისთვის თავის დანებებაში, ასევე, მეორადი კვლამლის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაში.
ამ ინიციატივის მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ მავნე ჩვევის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ასეთი რადიკალური მეთოდებით შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 800 ათასი კოლოფი სიგარეტი იყიდება. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 16 წელს გადაცილებული მამაკაცების ნახევარზე მეტი სიგარეტის აქტიური მომხმარებელია. ამასთანავე, თითქმის ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე ზემოთ აღნიშნული ჯარიმები არარეალური და შეუსაბამოა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ კანონში გათვალისწინებული არ არის “წინასწარი გაფრთხილების” სანქცია.
“საერთოდ, რატომ არ აიკრძალება სიგარეტის წარმოებაც და იმპორტიც. გამოდის, რომ პროდუქტის წარმოებას ვუშვებთ, მის მოხმარებას – ვკრძალავთ”; “ამ ქვეყანაში ან საერთოდ არაფერი კეთდება, ან ბოდავენ. როგორ შეიძლება სიგარეტის ცალობით გაყიდვა 300 ათასი დრამით დაჯარიმდეს? სიგარეტი როგორ გაიყიდება, რა მნიშვნელობა აქვს?!”; “მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსა და ავტობუსებში განთავსებულია მოწევის ამკრძალავი ნიშანი, მძღოლები მაინც ეწევიან და ეს არავის უკვირს. ვინმემ თუ შენიშვნა მისცა, მაშინვე უხეშობენ და შეურაცხყოფაზე გადადიან”; “როცა ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 55 ათასი დრამია, მოქალაქემ როგორ უნდა გადაიხადოს 500 ათასიანი ჯარიმა? ცხადია, ყველაფერი ქრთამით დამთავრდება. ჩაუდებ ჯიბეში “სამართალდამცავს” 10 ათასს და პრობლემაც მოგვარებულია. ფულის შოვნის კიდევ ერთი საშუალება”, – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.
ჯანდაცვის მინისტრმა ლევონ ალთუნიანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “ფულად ჯარიმებს თუ შევამცირებთ, ამას ბიუჯეტის შევსების საშუალებად ჩათვლიან. მაღალი ჯარიმები აკრძალვის ფორმაა, დაბალი – ვაჭრობის, ანუ თამბაქოს მოწევისთვის ცოტა ფული რომ გადაიხადონ. ჩვენ სიგარეტის მოწევის საერთოდ აკრძალვის გზას ვადგავართ”.
“თავად მინისტრი იმით იწონებს თავს, რომ სიგარეტს წლების განმავლობაში ეწეოდა და თავის დანებება შეძლო. “სომეხი ხალხი მწეველი ერია, სიგარეტის მოწევა კი წარუმატებელი ადამიანის საქმიანობაა”, – მიაჩნია ალთუნიანს.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვას აღნიშნული ჯარიმების დაწესებაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაფერი საპარლამენტო განხილვებზეა დამოკიდებული.
სპეციალისტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, არსენ ტოროსიანმა Dalma News-ის კორესპონდენტთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ უჭერს მხარს თამბაქოს წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას.
— გარკვეულ ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა აუცილებელია ორი მიზეზით: პირველი – არამწეველი ადამიანების თამბაქოს მეორადი კვამლისგან დაცვა და მეორე – მწეველი ადამიანების რაოდენობრივად შემცირება. ეს იმ ცივილიზებული ქვეყნების მრვალწლიანმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომლებმაც მსგავსი აკრძალვები დააწესეს. ამ საკითხში ჩვენთან შედარებით საქართველო და აზერბაიჯანი დაწინაურდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი თამბაქოს მოხმარებას კი არ კრძალავს, არამედ მოხმარების ადგილებს ზღუდავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ შესანიშნავად ვიცით, სიგარეტის მოწევას რა შედეგები მოჰყვება, მის მოხმარებას არავინ არავის უკრძალავს და არც მათ უფლებებს ზღუდავს. შეგიძლია სიგარეტი იქ მოწიო, სადაც სხვებს ზიანს არ მიაყენებ. ასეთი ადგილი საკმაოდ ბევრია. მსგავსი წესები ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც ადგილობრივ კანონებს მშვიდად ემორჩილებიან. ძალიან მიკვირს, ამ საკითხს ჩვენთან ხალხი ასე მტკივნეულად რატომ აღიქვამს.
– მოქალაქეები ყველაზე მეტად ჯარიმის სიდიდემ აღაშფოთა. თქვენის აზრით, რამდენად გამართლებულია ამხელა ჯარიმების დაწესება ქვეყანაში, სადაც სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია?
– მე, როგორც სპეციალისტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება ცოტა ადამიანი იყოს თამბაქოს მომხმარებელი. ამ მიზნით გამოყენებული ინსტრუმენტები ჩემთვის მეორეხარისხოვანია. არსებობს პრაქტიკა, როდესაც ჯარიმა გარკვეულ ქცევას კრძალავს, ხოლო გადასახადი უფლებას გაძლევს. 5-10 ათასი დრამის ოდენობის ჯარიმის დაწესებას აზრი არ აქვს, რადგანაც ეს ნიშნავს არა აკრძალვას, არამედ ფულის სანაცვლოდ სიგარეტის მოწევას. მთელი ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ კანონის დამრღვევმა იმხელა ზარალი უნდა ნახოს, რომ სიგარეტის მოწევის სურვილი არ გაუჩნდეს. აღნიშნული კანონპროექტი ბიუჯეტის შევსებას არ ისახავს მიზნად, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ. შესაძლოა, ჯარიმა 250 ათასის ნაცვლად 100 ათასი დრამი იყოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ის მაღალი უნდა იყოს.
– დღეს მოქმედი კანონით, საზოგადოებრივი თავშეყრის გარკვეულ ადგილებში თამბაქოს მოხმარება შედარებით დაბალი ჯარიმით ისჯება, მაგრამ არ ამართლებს. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს საჭესთან სიგარეტის მოწევა ეკრძალებათ, მაგრამ ისინი კანონს მაინც არღვევენ და მათ არავინ აჯარიმებს. სად არის იმის გარანტია, რომ ახალი კანონპროექტი ეფექტიანი იქნება?
— დიახ, პრობლემა მართლაც არსებობს. ასეთი კანონების ამოქმედებას სირთულეები ყოველთვის ახლავს თან, მაგრამ როდესაც არსებობს წესი, მის შესრულებაზე უნდა ვიმუშაოთ და თუ კანონი არ არსებობს, მაშინ სამუშაოც არ არის. დღეს კანონი არსებობს, მაგრამ ის არასრულყოფილია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიგარეტის მოწევაზე ჯარიმა 20 ათასი დრამია, თუმცა კანონის დამრღვევებს არავინ აჯარიმებს. იმის გარანტიასაც ვერავინ მოგვცემს, რომ ახალი კანონი სრულყოფილად იმუშავებს – ამის გამო უარის თქმა არ შეიძლება. ჩვენ არ გვჭირდება მწეველების ქვეყანა ვიყოთ, ჩვენ ჯანმრთელი და ჯანსაღი სახელმწიფო გვჭირდება.
– რა ინსტრუმენტების გამოყენებაა საჭირო კანონის ასამოქმედებლად?
— კანონპროექტის მიხედვით, სრულუფლებიანი ორგანო არის პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ტრანსპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო. პოლიცია გააკონტროლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში კანონის დაცვას. ჩემის აზრით, ბარებსა და რესტორნებში ჯარიმის გამოწერის უფლება პოლიციის გარდა ჯანდაცვის სამინისტროსაც უნდა ჰქონდეს. ვერ გეტყვით კონკრეტულად რა მექანიზმები ამოქმედდება, თუმცა შესაძლებელია რეიდების მოწყობა, ოფისების და ბარების შემოწმება. კანონდამრღვევებს ერთხელ რომ დააჯარიმებენ, მეორედ ფრთხილად იქნებიან. გარდა ამისა, ვფიქრობ, საჭიროა ბევრად უფრო აქტიური ინფორმაციული კამპანია: ჯანდაცვის სამინისტრომ კანონი წარადგინა, მაგრამ მის პროპაგანდას არ ეწევა. ამით დოკუმენტის ავტორები უნდა იყვნენ დაინტერესებულები და მოქალაქეების ყველა კითხვას პასუხობდნენ.
– ბევრ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სიგარეტები ძვირდება. იქნებ, უკეთესი იყოს სომხეთმაც ეს გამოცდილება გაიზიაროს?
— ეს ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, მაგრამ სომხეთში ეს ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მე სწორედ ასეთი ღონისძიების მომხრე ვარ. როდესაც სიგარეტი 500 დრამიდან, ვთქვათ, 2 ათას დრამამდე გაძვირდება, მისი შეძენაც შემცირდება. ეს განსაკუთრებით ეხებათ მოზარდებს, რომლებსაც ახალი დაწყებული აქვთ თამბაქოს მოხმარება, რადგანაც მათ საკუთარი და თანაც ამხელა შემოსავალი არ აქვთ.
– კანონის საწინააღმდეგო არგუმენტად ის ფაქტიც მოჰყავთ, რომ თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები დღეს სომხეთში გადასახადების ყველაზე დიდი გადამხდელები არიან. შეზღუდვების დაწესებასთან ერთად შემცირდება გაყიდვებიც, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტშიც ნაკლები თანხა შევა.
— ეს ჩემთვის კონტრარგუმენტი არ არის. ეს პრობლემის დამახინჯებაა. უნდა გავერკვეთ: ჯანმრთელი საზოგადოება გვირჩევნია, თუ დიდი ბიუჯეტი. თუ ჯანმრთელი მოქალაქეები არ გვჭირდება, მაშინ მოწევა არც სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არ უნდა აიკრძალოს. ჩვენი ამოცანაა – სუფთა ჰაერის და ჯანმრთელი საზოგადოების უზრუნველყოფა. ამის გამო, ქვეყნის ბიუჯეტი დაზარალდება თუ არა – ეს უკვე სხვა საკითხია. სახელმწიფომ თავისი შემოსავლების პრობლემა სხვა მექანიზმებით უნდა გადაჭრას.
ერევანში ბარ Yankee-ს დამფუძნებელს მანუკ სუქიასიანს მიაჩნია, რომ შეზღუდვები აბსურდულია, ჯარიმები კი – კატასტროფული.
“ისეთ დაწესებულებებში, როგორიც რესტორანია, მფლობელს აიძულებ ცალ-ცალკე მოაწყოს დარბაზები მწეველებისთვის და არამწეველებისთვის. მაგრამ ე.წ. პაბებში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი – რედ.) არ მესმის, როგორ უნდა აკრძალო, ან გააკონტროლო სიგარეტის მოწევა. სად უნდა მოწიო ისეთ ადგილას, რომ ახლო-მახლო არც გაჩერება იყოს, არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი? კანონის ავტორები გვთავაზობენ, ხალხმა სიგარეტი პაბების გარეთ მოწიონ, როგორ წარმოგიდგენიათ, ლუდის ბარიდან სიგარეტის მოსაწევად ქუჩაში გასული ნასვამი კაცები?! მაგალითად, რამდენიმე ახალგაზრდა კაცი ბარში შევიდა, დალია და სიგარეტის მოწევა მოუნდათ. ბარის ხელმძღვანელობამ, ან ოფიციანტმა ასეთი ვითარება როგორ უნდა გააკონტროლონ? ასეთ ვითარებაში, ვიღაცამ რომ სიგარეტი არ მოწიოს, მთელი დღე – დილიდან საღამომდე – გარჩევები და კონფლიქტები უნდა იყოს. შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ უკიდურესობაში არ უნდა გადავეშვათ”, – დასძინა მან.
სუკიასიანის აზრით, კანონის ამოქმედება არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ პაბების ბიზნესს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. “ეს პატარა ბიზნესია. ერთი პატარა დაწესებულება რამდენიმე ოჯახს კვებავს. ბევრ მათგანს პატარა შენობა აქვს, სადაც მწეველთა და არამწეველთა დარბაზებს ერთმანეთისგან ვერანაირად გამიჯნავ. ასეთი დაწესებულებების საერთოდ დახურვას გვთავაზობთ?”.
კითხვაზე, გაამართლებს თუ არა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი, სუკიასიანმა განაცხადა, რომ სომხეთში, როგორც წესი, მხოლოდ იმ კანონების გახორციელებას ადევნებენ თვალს, რომლებიც ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. “თუ ამ კანონს პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება, მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. მაგრამ აქ მთავარი ფინანსურ-ეკონომიკური ასპექტია – ჩართულები არიან იმპორტიორები, თამბაქოს პროდუქციის მწარმოებლები, ბიუჯეტის შემოსავლები და ა.შ”, – დასძინა მან.
სომხეთის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში სამი მილიარდი სიგარეტი და სიგარა შევიდა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 40,5 მილიონი აშშ. დოლარია. ექსპორტმა 209 მილიონი აშშ.დოლარის ღირებულების 20,9 მილიარდი სიგარეტი შეადგინა. იმავე წელს რესპუბლიკაში 137,2 მილიარდი დრამის (386 მილიონი აშშ.დოლარის) ღირებულების 23,7 მილიარდი სიგარეტის წარმოება დაფიქსირდა.
თუმცა, სხვა სტატისტიკაც არსებობს: ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშების მიხედვით, 40 წელიწადში 18700 ადამიანი გადაურჩება თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეულ დაავადებებს და სიკვდილს.
მოამზადა ლუსინე დავთიანმა