იანვრის მეორე ნახევარში სომხეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: სომხეთის პრეზიდენტმა სერჯ სარგსიანმა თავისი სავარაუდო მემკვიდრე დაასახელა, ხოლო ოპოზიციურმა ბლოკმა “ელკ”-მ (“გამოსავალი”) ფასების გაძვირების წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები დააანონსა. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთანაა კავშირში, რადგანაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ ვითარებას და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას აჩვენებს.
საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს თითქმის ყველა საქონლის და მომსახურების გაძვირებას. ბუნებრივია, ოპოზიციურმა ბლოკმა, “ელკ”-მა, რომელიც თავს ქვეყანაში არსებული ოპოზიციური ველის ლიდერად აცხადებს, გადაწყვიტა არსებული ვითარებით ისარგებლოს და საპროტესტო მსვლელობა მოაწყოს დევიზით – “არა გაძვირებას და საგადასახადო ტვირთის დამძიმებას”.
მოსახლეობისთვის ასეთი მტკივნეული საკითხის მიუხედავად, ოპოზიცია ვერ გაერთიანდა და ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანა. მსვლელობაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის ლიდერები კარგი ორატორები და ხელისუფლების წინააღმდეგ გაბედული მებრძოლები არიან. პარადოქსია ის, რომ ხალხი ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით უკმაყოფილოა, მაგრამ გაპროტესტება არავის სურს.
ბოლო წლებში სომხეთში ოპოზიციური ლიდერებისადმი აშკარა იმედგაცრუება შეინიშნება. პოლიტიკური მოღვაწეების და პარტიების მიერ ინიცირებული ბოლო ფართომასშტაბიანი ქუჩის საპროტესტო აქცია 2013 წელს გაიმართა, როდესაც პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ პარტია “მემკვიდრეობის” ლიდერის რაფფი ოვანისიანის მომხრეები ქუჩაში გავიდნენ. თუმცა, კონკრეტულ მოქმედებებზე უარის თქმამ, გაურკვეველმა შეთანხმებებმა ხელისუფლებასთან და ამა თუ იმ ოპოზიციურ ლიდერებთან თანამშრომლობის შესახებ ჭორებმა საზოგადოების ოპოზიციისგან დაშორება გამოიწვია.
მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ბოლოდროინდელი საპროტესტო ქუჩის აქციები სამოქალაქო აქტივისტების ინიცირებული იყო და არა – პოლიტიკური პარტიების. თავად ოპოზიციური ველის ტრადიციულმა ლიდერებმა – ლევონ ტერ-პეტროსიანის სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა და რაფფი ოვანისიანის “მემკვიდრეობამ” – შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი დარტყმა მიიღეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ოპოზიციური ველის ტრანსფორმაციას და ახალი ლიდერების გამოჩენას, რომლებიც სახალხო მხარდაჭერას მოიპოვებენ და საჭიროების შემთხვევაში ქუჩაში თუნდაც ათას ადამიანს გამოიყვანენ.
ძალზედ საინტერესოა, შეძლებენ ნიკოლ პაშინიანი, ედმონ მარუკიანი, ან ზარუი პოსტანჯიანი ლიდერის ადგილის დაკავებას. ისინი პოლიტიკურ შოუმენებს უფრო ჰგვანან, რომლებიც ქუჩის საპროტესტო აქციებს, ერევნის უხუცესთა საბჭოს და პარლამენტის სხდომის დარბაზს იუმორისტულ შოუდ გადააქცევენ ხოლმე. მით უფრო, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი შესანიშნავად უბამს მხარს მათ უადგილო, ცინიკური და სომხური რეალობისგან მოწყვეტილი განცხადებებით.
სახარბიელო ვითარება, არც პოლიტიკური ველის სახელისუფლებო ნაწილშია, რასაც მოქმედი პრეზიდენტის და სომხეთის მემარჯვენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერის სერჟ სარგსიანის საკადრო პოლიტიკაც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა, ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე (პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და ა.შ.) პრეზიდენტმა ის ადამიანები დანიშნა, რომლებიც სახელისუფლებო პარტიას არ უკავშირდებიან. მხოლოდ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ისინი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრები ხდებიან და მას, თავიანთი ქარიზმითა და რეიტინგით ეხმარებიან, როგორც ეს მაგალითად პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ “რესპუბლიკელები” პრეზიდენტის ამგვარ გადაწყვეტილებას პარტიის განახლების სურვილით ამართლებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს თავისი თანაპარტიელების შესაძლებლობების არ სჯერა.
ამ ლოგიკის ნაწილია დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩ არმენ სარქსიანისთვის შეთავაზებული წინადადება, სომხეთის მეოთხე პრეზიდენტად არჩევის თაობაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკონსტიტუციო რეფორმების და სახელმწიფოს მართვის სპარლამენტო ფორმაზე გადასვლის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნა გარანტირებული ექნება.
ერთი მხრივ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უნდა მივესალმოთ, რადგან არმენ სარგსიანი საკმაოდ მრავალმხრივი და წარმატებული პიროვნებაა – დიპლომატი, მეცნიერი, წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც საზღვარგარეთ კარგი კონტაქტები აქვს. იგი 4 თვის განმავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო, სანამ 1997 წელს, მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან, აწ გარდაცვლილ ვაზგენ სარგსიანთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებული ჭორების გამო არ დატოვა თანამდებობა.
თუმცა, 2016 წლის ოქტომბერში ბრიტანული Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მედიით და სოციალური ქსელით გავრცელდა, არმენ სარგსიანის მეუღლე ნუნე სარგსიანმა მომავალი პრეზიდენტის სახელმწიფოს მეთაურთან კავშირებზე ისაუბრა.
საქმე ის კი არ არის, რომ მომავალ პირველ ლედის, რომელიც სომხეთშია გაზრდილი, ლონდონი უყვარს და სიცოცხლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში სურს ცხოვრება.
ნუნე სარგსიანის განცხადებამ იმის შესახებ, რომ მისი ვაჟები თავს ბრიტანელებად მიიჩნევენ, მაგრამ ამაყობენ თავიანთი წარმომავლობით, საზოგადოება აღაშფოთა. საინტერესოა, როგორ შეძლო სომხეთის ელჩმა, ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა და ერევნის მოქალაქემ, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა, შვილების ისე აღზრდა, რომ ისინი თავს სომხეთის მოქალაქეებად კი არა, ბრიტანელებად მიიჩნევენ, რომლებიც “თავიანთი წარმომავლობით ამაყობენ”.
რა თქმა უნდა, საუბარი რომ იყოს სომხური დიასპორის, რომელიმე წარმომადგენლის ოჯახზე, მსგავსი პოზიცია გასაგები იქნებოდა. მაგრამ საუბარია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე, რომელიც შეიძლება პრეზიდენტი გახდეს.
მე, როგორც სომხეთის მოქალაქეს, ვისურვებდი, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფი მოხელეების ოჯახის წევრები და განსაკუთრებით შვილები, თავიანთ მომავალს ამ ქვეყანას უკავშირებდნენ და არა – ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რადგან ეს დამატებითი გარანტიაა იმისა, რომ მათი მშობლები სომხეთს განიხილავენ არა როგორც თავიანთი „ბიზნესის“ ნაწილად და შემოსავლების წყაროდ, არამედ ქვეყანას, სადაც მათმა შვილებმა და შთამომავლობამ უნდა იცხოვროს. ასეთ შემთხვევაში ისინი თავიანთ მოვალეობებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობით შეასრულებენ.
აიკ ხალათიანი