გასაკოტრებლად ფული აღარ არის… ამ პრობლემას ყველაზე ხშირად მოვალეები აწყდებიან. მაგალითად, კანადაში, სადაც 36 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სამჯერ უფრო მეტი მოქალაქე კოტრდება, ვიდრე რუსეთში. ამგვარად, 2016 წელს, რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გაკოტრდა, ხოლო კანადაში – 63 ათასი.
როგორი ვითარებაა აზერბაიჯანში?
Dalma News-ის კორესპონდენტი, იურისტს და ექსპერტს საბანკო საკითხებში აქრამ ჰასანოვს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ გაკოტრების ინსტიტუტი თანამედროვე ცივილიზაციის და ნაწილობრივ სამართლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
გაკოტრება გულისხმობს ადამიანის ქონებრივ პასუხისმგებლობას მისი ვალების მიმართ”
“ძველად ადამიანი ვალის სანაცვლოდ სხეულის ნაწილებს (მათ კვეთდნენ), ან თავისუფლებას (ციხეში, ან მონობაში ხვდებოდა)კარგავდა. მაგრამ ისლამურ სამყაროში მეშვიდე საუკუნიდან, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში მეცხრამეტე საუკუნიდან ადამიანები ვალს, მხოლოდ საკუთარი ქონების ფარგლებში აბრუნებენ. თუ დავალიანება (პასივი) ქონებას (აქტივი) აღემატება, მაშინ ადამიანი გაკოტრებულად ცხადდება, ხოლო ვალები ჩამოეწერება. პირველ რიგში, ეს გამოწვეულია ადამიანზე და მის ოჯახზე ზრუნვით. თუმცა, ასეთ მიდგომას რაციონალური საფუძველიც აქვს. ამგვარად, გაკოტრების ინსტიტუტი აიძულებს კრედიტორებს საკრედიტო რისკის დროს წინდახედულობა და გონიერება გამოიჩინონ”.
მეორე მხრივ, სამოქალაქო ბრუნვა განსაზღვრული უნდა იყოს და შეუძლებელია დიდი დროის განმავლობაში უიმედო ვალების შესახებ ინფორმაციას ეყრდნობოდეს. გარდა ამისა, ამ ბრუნვის სუბიექტებმა უნდა იცოდნენ, რა არის გაკოტრება, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. რაც მთავარია, ვალების ჩამოწერა ადამიანის რესურს აქტიურ ეკონომიკურ პროცესებში აბრუნებს, რადგან თუ ადამიანს ვალები არ ეპატია, იგი არასოდეს დაუბრუნდება შრომით საქმიანობას, რათა მთელი გამომუშავებული ფული კრედიტორებმა არ წაიღონ.
სწორედ ამიტომ, იმ ქვეყნებში, სადაც მრეწველობა განვითარებულია, ფიზიკური პირების გაკოტრება ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, იგივე კანადაში. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს – ფიზიკურ პირებს გაკოტრება ან ძალიან ძვირად უჯდებათ, ან ფიზიკურად შეუძლებელია. რუსეთში ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, აზერბაიჯანში კი, ამ საკითხს კანონი არეგულირებს.
აქრამ ჰასანოვმა ისაუბრა 1997 წლიდან მოქმედი, “გადახდისუუნარობის და გაკოტრების შესახებ” კანონის თაობაზე.
“აღნიშნული კანონის მიღებიდან 2015 წლამდე გაკოტრების შესაძლებლობა გათვალისწინებული იყო მხოლოდ იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. ხოლო 2015 წლიდან კანონის მეორე მუხლის შესწორების თანახმად, მათ ფიზიკური პირიც დაემატა”.
მიმდინარე წლის აპრილში, ბანკის შესახებ კანონის 57-10.6 მუხლის თანახმად, “გადახდისუუნარობის და გაკოტრების შესახებ” კანონის შესაბამისად, ბანკის ადმინისტრატორები (ისინი ფიზიკური პირები არიან) შეიძლება გაკოტრებულად გამოცხადდნენ თავიანთი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების უუნარობის შემთხვევაში.
ამგვარად, დღეისათვის, გაკოტრების შემთხვევაში, ნებისმიერ გადახდისუუნარო მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სასამართლო განხილვაში კრედიტორებიც ჩაერთვებიან და, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დადებითი გადაწყვეტილებას გამოიტანს, გაკოტრებული მოქალაქის დავალიანება მისი უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე ანაზღაურდება. მაგრამ, თუ მის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება, დავალიანება ჩამოიწერება.
ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ორი მომენტი. პირველი – როდესაც მოქალაქეს ხელფასის, ან პენსიის სახით შემოსავალი აქვს და ეს შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. მეორე – როდესაც მოქალაქეს ქონება (სახლი, ავტომობილი და ა.შ.) აქვს და ეს ქონება დავალიანების დასაფარად არასაკმარისია.
“მაგალითად, ოჯახი მშობლებისგან და ორი არასრულწლოვანი ბავშვისგან შედგება. თითოეული მშობლის საარსებო მინიმუმი 164,5 მანათს შეადგენს, ხოლო თითოეული ბავშვის – 136,6 მანათს. ამგვარად, ამ ოჯახის საარსებო მინიმუმი 602,2 მანათია. ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობს. მისი თვიური ხელფასი 500 მანათია. დავალიანებაც მას ეკუთვნის. აშკარაა, რომ იგი გადახდისუუნაროა, რადგანაც მისი ყოველთვიური შემოსავალი ოჯახი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის 2002 წლის 5 ივნისის №89-ის დადგენილების თანახმად, დასახელდა დავალიანების მქონე მოქალაქის ხელშეუხებელი ქონება, თუ ის ვალის სანაცვლოდ არ არის ჩადებული. ეს ქონებაა: ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი, ერთ ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამურნეო მიწა, გარკვეული რაოდენობის ავეჯი, ტანსაცმელი, პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო მოწყობილობები და საგნები და ა.შ. ეს ის ქონებაა, რომელიც ვალის სანაცვლოდ მოქალაქეს არავითარ შემთხვევაში არ ჩამოერთმევა”, – ამბობს აქრამ ჰასანოვი.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, აზერბაიჯანის კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის შეზღუდვა, რომელიც მოვალეს გაკოტრების შემთხვევაში გარკვეული დროის განმავლობაში დაუწესდება.
გაკოტრება – იძულებითი ზომაა, რომლის გამოც მთლიანად ეკონომიკა და კრედიტორები ზარალდებიან. ამიტომ გაკოტრების შემთხვევაში, გარკვეული შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს, რათა დაცული იყოს საზოგადოება და სამოქალაქო ბრუნვა. რაც მთავარია, გაკოტრების რეესტრი საჯარო უნდა იყოს.
“მაგრამ აზერბაიჯანში ფიზიკური პირების გაკოტრებულად გამოცხადების პრაქტიკა არ არსებობს. სასამართლოები გაკოტრებულად ძირითადად მხოლოდ ბანკებს აღიარებენ. სრული დისკრიმინაცია გამოდის: ბანკს ერთ წუთში შეუძლია თავისი კრედიტორების გაწბილება, სხვა დანარჩენები კი ბანკებს მსგავსად ვერ მოექცევიან. ეს როგორ? კანონი ხომ ნებისმიერს აძლევს უფლებას თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს?! საქმე იმაშია, რომ ამ სფეროში არსებული უფლებების შესახებ, ხშირად არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც არ არიან ინფორმირებულები”, – ამბობს ჰასანოვი.
ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანში ძალიან იშვიათად ხდება, რომ, როდესაც ბანკების გარდა, ფიზიკური პირიც მიმართავს სასამართლოს გაკოტრების ასაღიარებლად, მოსამართლების სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ, ასეთი განცხადებები არ განიხილონ. თუმცა, ამ განცხადებების რაოდენობა თანდათან მატულობს და მოსამართლეები იძულებულები გახდებიან კანონის ფარგლებში მოიქცნენ.
“ამგვარად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს მოქალაქის, რომელსაც კონსულტაცია მე გავუწიე, გაკოტრების შესახებ განცხადება. ბაქოს სააპელაციო სასამართლომ კი ჩათვალა, რომ ჩვეულებრივი ფიზიკური პირი თავის თავს გაკოტრებულად ვერ გამოაცხადებს და რომ ეს, მხოლოდ იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსამართლეს წარმოდგენაც არ აქვს, 2015 წელს კანონში შეტანილი შესწორების თაობაზე. უკვე შევიტანე საკასაციო საჩივარი ქვეყნის უზენაეს სასამართლოში და ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერს წერტილი დაესმება”, – ამბობს ჰასანოვი.
რატომ არიდებენ თავს სასამართლოებში მოქალაქეების განცხადებების განხილვას?
ექსპერტს მიაჩნია, რომ მიზეზი ორია: პირველი – ამ სფეროში მოსამართლეების უცოდინარობა და პირადი გამორჩენის გარეშე ხანგრძლივი პროცესისთვის თავის არიდება; მეორე – საბანკო ლობის გავლენა, რომელსაც აზერბაიჯანში გაკოტრების ინსტიტუტის ამოქმედება არ სურს.
“პრობლემური კრედიტების დაბრუნებას ნახევრად კრიმინალური და კრიმინალური მეთოდებით ახდენენ. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები და სასამართლო აღმასრულებლები ხშირად მიმართავენ დაშინებას, ძალადობას, შეურაცხყოფას და ადმინისტრაციულ დაკავებასაც, რაც ჩვენი ეროვნული სირცხვილია!”.
ფაქტობრივად, აზერბაიჯანში ჯერ კიდევ არსებობს ძველი დროის გადმონაშთი, როდესაც ადამიანი ვალს საკუთარი „სხეულით“ იხდიდა. აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებების და თავისუფლების შესახებ (პროტოკოლი #4 მუხლი 1), პირდაპირ ითვალისწინებს იმას, რომ არავის უნდა ჩამოერთვას თავისუფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულება. ჩვენ კი, ამ ოქმს მხოლოდ ერთი პირობით შევუერთდით: უკონტროლო ტერიტორიებზე მისი განხორციელება არ შეგვიძლია!
“გამოდის, რომ ბანკებმა დაიპყრეს? ამიტომ არ მოქმედებს კონვენცია? დღესდღეიობით ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში რამოდენიმე საჩივარია შეტანილი იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს თავის მოვალეობას და გადახდისუუნარო მოვალეებს აპატიმრებს. ამასთან დაკავშირებით ევროპის სასამართლოში უკვე დაწყებულია განხილვები”, – ამბობს ჰასანოვი.
სხვათა შორის, ამ საკითხზე საჩივარი ჯერ არც ერთი ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი პირველი სახელმწიფო იქნება, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო განაჩენს სწორედ ზემოთ აღნიშნული მუხლის მიხედვით გამოიტანს.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანელი ბანკირები ვიღაცის ბოროტი ზრახვების გამო, ქვეყანაში სოციალურ დაძაბულობას ამწვავებენ, ართულებენ კრიმინოგენულ ვითარებას და ზიანს აყენებენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტაბილურობას.
“იმას არ ვამბობ, რომ გაკოტრების ინსტიტუტით ზოგიერთმა თაღლითმაც უნდა ისარგებლოს. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკის სერიოზული ნაწილი ჩრდილოვანი ხასიათისაა, რაც თაღლითების ჭეშმარიტი აქტივების დაფარვის საშუალებას იძლევა. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლები თვითნებური და წარმოსახვითი გაკოტრების შესახებ. თუმცა, სასჯელი საკმაოდ რბილია. გაკოტრების ინსტიტუტის ბოროტად გამოყენებისთვის ნებისმიერი თაღლითი მკაცრად უნდა დაისაჯოს და მათ გამო არ უნდა დაზარალდნენ კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც რეალურად გაკოტრდნენ”, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმალური გაკოტრების ინსტიტუტის გარეშეც, ფაქტობრივად გაკოტრებული მოქალაქეები არ შეიძლება დაისაჯონ. სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება მისი შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში შეწყდება, თუ იგი გამოწვეულია გარემოებით, რომელზეც არც ერთი მხარე არ პასუხობს. ამ შემთხვევაში კრედიტორს არ აქვს უფლება მოვალისგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ხოლო “სამართალწარმოების შესახებ” კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მოვალის დევნის სააღსრულებო წარმოება წყდება, თუ მას არ აქვს ქონება და შემოსავალი, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს. ანუ, გაკოტრების ინსტიტუტის გარეშეც კი, აზერბაიჯანის კანონმდებლობა, ყველა ცივილიზებული ქვეყნის მსგავსად, მოვალეს ათავისუფლებს ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი ვალს ვერ იხდის.
“გაკოტრების მაჩვენებელი კანადაში უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში, თუმცა, ეს სულაც არ აისახება კანადის კეთილდღეობაზე. იმის გამო, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ფორმალური გაკოტრება არ არსებობს, სულაც არ ვართ ჩრდილოელ მეზობელზე უკეთ აყვავებული. ამიტომ საჭიროა ბანკირების შეჩერება, რომლებიც გაურკვეველია ვის მიზნებს ემსახურებიან ქვეყანაში გაკოტრების ეფექტიანი ინსტიტუტის დანერგვით”, – აცხადებს აკრამ ჰასანოვი.
“არსებობს ამერიკელი მკვლევარის დევიდ გრებეტის წიგნი „ვალი. პირველად 5000 წლიან ისტორიაში”. ამ წიგნში ერთი ასეთი ციტატაა: “…ათასობით წლის განმავლობაში, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ბრძოლა ხშირად კრედიტორებსა და მოვალეებს შორის კონფლიქტის ფორმას ღებულობდა. ეს იყო დავა სამართლიანი და უსამართლო პროცენტების, დავალიანებების, ამნისტიის, დავალიანების სანაცვლოდ ქონების ჩამორთმევის, ქონების დაბრუნების, წვრილფეხა საქონლის ჩამორთმევის, ვენახების ჩამორთმევისა და მოვალის შვილების მონებად გაყიდვის შესახებ”.
იმავდროულად, უკანასკნელი 5 ათასი წლის განმავლობაში, სახალხო აჯანყებებს ყოველთვის ერთი საფუძველი ჰქონდა. ეს იყო დავალიანების ვალდებულების ჩანაწერების განადგურება. ამის შემდეგ მეამბოხეები, როგორც წესი, მიწის აღრიცხვის და საკუთრების შეფასების წიგნების ჩანაწერებისთვის იბრძოდნენ”.
როგორც ძველი ანტიკური ისტორიის სპეციალისტი მოსე ფინლი ხშირად ამბობდა, ძველ სამყაროში ყველა რევოლუციურ მოძრაობას ერთი ლოზუნგი ჰქონდა: “ვალის ჩამოწერა და მიწის გადანაწილება”, – დასძინა აკრამ ჰასანოვმა.
მოამზადა მამედ მამეძადემ