მიმდინარე წლის აგვისტო საქართველოსთვის ჩვეულებრივზე უფრო ცხელი აღმოჩნდა. როგორც წესი, რამდენიმეკვირიანი ცხელი და მშრალი ამინდი ტყის ხანძრების ალბათობას ზრდის. ამ მხრივ გამონაკლისი, არც საქართველო ყოფილა, რომლის ტერიტორიაზეც სხვადასხვა ადგილას ხანძრის კერები გაჩნდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ბორჯომში – ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაფიქსირდა, შედეგად უნიკალური რელიქტური ტყის ათობით ჰექტარი გაანადგურა.
ბორჯომი სამართლიანად ითვლება ყველაზე პოპულარულ ქართულ კურორტად, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე შორეულ საზღვარგარეთაც. სწორედ აქ მდებარეობს ბორჯომის ცნობილი მინერალური წყლები და დასასვენებელი სანატორიუმები.
20 აგვისტოს, სოფელ დაბასთან გავრცელებული ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ სახელმწიფოებს სთხოვა.
ხელისუფლებამ საგანგებო შტაბი შექმნა, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. სტიქიის ზონაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტმა ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში სამხედრომოსამსახურეების ჩართვის ბრძანება გასცა. როგორც წესი, პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მანამდე არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების და მრავალსაუკუნოვანი უნიკალური ტყის დასაცავად, მმართველმა პარტიამ და მის ოპოზიციაში მყოფმა სხვა პარტიებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტის ინიციატივას.
საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ამ ერთობისთვის ყველა პარლამენტარს მადლობა გადაუხადა.
ხარაგაულის ტყის და ზემო ბოშურის სოფელთან ახლოს გამძვინვარებულ ხანძარს, დაახლოებით 500 მეხანძრე მაშველი, 100 მეტყევე, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ებრძოდა. მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ცეცხლის დროულად ჩაქრობას ხელს უშლიდა მთის რთული რელიეფი და გაძლიერებული ქარი, რომელმაც თითქმის ჩამქრალი ცეცხლი ხელახლა გააღვივა. სამხედროები საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ ებრძოდნენ სტიქიას სოფელ ზემო ბოშურთან, მათმა თავდაუზოგავმა მცდელობამ შედეგი გამოიღო.
სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს ბელორუსი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი, არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, არამედ ავიატექნიკითაც დაეხმარნენ.
საქართველომ დახმარება დიდად დააფასა
“ჩვენ დავინახეთ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს. რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს: სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები. პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მას ჩრდილოელი მეგობარი – რუსეთის ფედერაცია არ უხსენებია. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთმა საქართველოს დახმარება არ ისურვა?
როგორც გაირკვა, რუსეთმა საქართველოს დახმარება შესთავაზა, მაგრამ ქართული ხელისუფლების მხრიდან თანხმობა არ მიიღო. მთავრობის ხელმძღვანელის პრესსამსახურში განმარტეს, რომ სტიქიის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დახმარების აუცილებლობა აღარ არსებობს. თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზედ კორექტული იყო.
“მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რუსეთთან დაკავშირებული საკითხი, რადგანაც ბოლო დღეებში აქტიური განხილვების საგნად იქცა. რუსეთმა ჩვენს მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ წინადადებას უნდა მივესალმოთ. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე და ამ მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რუსეთთან რთული ურთიერთობის გათვალისწინებით, მსგავს შემოთავაზებას უნდა მივესალმოთ”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
კვირიკაშვილის ამ განცხადების შემდეგ კიდევ დიდი დრო დასჭირდა ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციას. შესაძლოა, რუსეთის დახმარება ზედმეტი ნამდვილად არ ყოფილიყო, რადგანაც ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შესაძლებლობები ბევრად აღემატება თურქეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის და სომხეთის შესაძლებლობებს. ამას მოწმობს სომხეთში, “ხოსროვის ტყეში” – მეფე ხოსროვ მესამის მიერ მეხუთე საუკუნეში დაარსებულ ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავმა Ил-76-მა ცეცხლის ალს მოკლე დროში, რამდენიმე ათეული ტონა წყალი გადაასხა, რითაც მალე მოაგვარა პრობლემა.
რუსეთის დახმარებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება საქართველოში ბევრს არ მოეწონა. ცნობილმა პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ ირონიულად განაცხადა, რომ საქართველომ უარი თქვა თავისი “ისტორიული მტრის” – რუსეთის შედარებით უფრო ეფექტიან დახმარებაზე, სამაგიეროდ სიამოვნებით დასთანხმდა “ისტორიული მეგობრის” – თურქეთის ნაკლებად ეფექტიან დახმარებას.
მაგრამ საქმე ისტორიულ პარალელებში არ არის. ჯონდი ბაღათურიას აზრით, საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა იმ რისკზე, რომ რუსეთისგან დახმარება მიიღოს, თუ ამისთვის წინასწარ ოკეანის გადაღმა მყოფი მეგობრის თანხმობა არ ექნება.
ანტირუსული სანქციები, რუსოფობია – დღეს წამყვანი დასავლური ბრენდია და საქართველოს ხელისუფლება ამ დინებიდან ამოვარდნას ვერ გაბედავს.
საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება. ძალოვნები ბუნდოვნად საუბრობენ დივერსიის შესაძლებლობაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის ადგილას აღმოაჩინეს ბოთლები და ე.წ. კანისტრა, რომელშიც სავარაუდოდ საწვავი უნდა ყოფილიყო ჩასხმული. ეს თემა აქტიურად აიტაცეს ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მესვეურებმა, რომლებმაც სოციალურ ქსელში დივერსიის ორგანიზატორი აქტიურად დაასახელეს. ძველი რომის იურიდიული პრინციპებით რომ ვიხელმძღვანელოთ, დანაშაულის გამოძიებისას უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ ვისთვის არის ის მომგებიანი. ეს კი მომგებიანი მხოლოდ შეუქცევადად აქტიური ოპოზიციონერებისთვისაა.
პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა ამ საკითხში თავშეკავება გამოავლინონ და დივერსიის თემა მეტად არ განავითარონ.
საინტერესოა, ცეცხლის ალზე მიშტერებით კიდევ რა მოსაზრები გაჩნდება.
მოამზადა ირაკლი ჩხეიძემ