მოქანდაკის, მხატვრის და დიზაინერის აშოტ არამიანის აზრით, ადამიანში შემოქმედებითი უნარის ჩამოსაყალიბებლად კარგი სკოლაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მან ერევნის სამხატვრო-თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, თავის სკოლად მაინც, მშობლების გარემოცვას მიიჩნევს. არამიანი ისეთი ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, როგორიცაა მაგალითად, პოეტი გევორგ ემინი.
კეთილი ემინი პარკში ვაშლებით და კატით
გევორქ ემინის ძეგლის ავტორი, სწორედ აშოტ არამიანია. 2000 წელს ერევანში, ბაგრამიანის გამზირზე “შეყვარებულების პარკში, სადაც პოეტი ბევრს სეირნობდა, მისი ძეგლი გაიხსნა. ძეგლის შექმნის იდეა მის ვაჟს, არტაშეს ემინს ეკუთვნის.
“ჩვენი მშობლები ახლო მეგობრები იყვნენ, ხოლო ემინის სახლის საოცარ ატმოსფეროს ბავშვობიდან ვიცნობ. არტაშეს შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ესკიზი მოსკოვში შეიქმნა. წარმოვიდგინე გევორქ ემინი ბალახზე ფეხშიშველი, ვაშლებით ხელში. მის წინ კატა, მაშო, რომელიც არტაშესმა მშობლებს შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე მიუყვანა, რათა არ მოეწყინათ”, – იხსენებს აშოტ არამიანი.
ემინის ძეგლი არამიანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ერევანში დგას. გარდა ამისა, იგი არნო ბაბაჯანიანის სახელზე შესრულებული ბარელიეფით ამაყობს. მოქანდაკეს სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობდა.
არამიანი აღიარებს, რომ ბავშვობაში ძალიან უყვარდა ხატვა, მათემატიკას კი ორგანულად ვერ იტანდა. “ხატვა მარტო ბავშვობაში კი არა, მოზარდობის ასაკშიც მიყვარდა. პატარა ფიგურებს ფანქრისგან და ბლის კურკებისგან ვაკეთებდი. პროცესი ყოველთვის მსიამოვნებდა”, – ამბობს არამიანი.
იძულებითი გამგზავრება
სამხატვრო-თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ არამიანი პარონიანის თეატრში მუშაობდა. გარდა ამისა, წელიწადში ორ-სამჯერ, ისევე, როგორც ყველა მოქანდაკე, შეკვეთებს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი კავშირის და სხვა უწყებებისგან იღებდა. მ დროისთვის ჰონორარიც კარგი იყო და მოქანდაკისადმი თბილი და პატივისცემის გამომხატველი დამოკიდებულება ჰქონდათ.
გადატრიალების პერიოდში სომხეთი რთულმა, ბნელმა და ცივმა წლებმა მოიცვა. შეუძლებელი გახდა ოჯახის გამოკვება. არამიანი პეტერბურგში გაემგზავრა, მაგრამ 90-იან წლებში სამსახურის შოვნა და თავის რჩენა იქაც რთული იყო. მაშინ მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა, სადაც სამსახურის შოვნა უფრო ადვილი აღმოჩნდა.
მოსკოვში, სერიოზულ კომპანიებში დიზაინის სფეროში მუშაობდა და სერიოზულ ანაზღაურებას იღებდა. ძირითადი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების შემდეგ შემოქმედებით ადამიანს კერძო კოლექციების და კორპორატიული შეკვეთებისთვის დრო ყოველთვის აქვს. მან არაერთი სერიოზული ნამუშევარი შექმნა. მათ შორის, სასტუმრო “არარატ პარკ ჰაიათი” ნეგლინის ქუჩაზე და უამრავი სურათი და ძეგლი.
“ბევრი ჩემი ნამუშევარი კერძო კოლექციების ნაწილია. ორ-ორი პერსონალური გამოფენა მოსკოვშიც მქონდა და სანქტ-პეტერბურგშიც. ჩემი ნახატები გამოფენებზეც გაიყიდა, თუმცა ძირითადად კლიენტები “სარაფანოს რადიოს” წყალობით მოდიან – ერთმა მეორეს უთხრა, მეორემ მესამეს და ა.შ. საწუწუნო არაფერი მაქვს”, – იცინის არამიანი.
საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა
ალბათ, იმის გამო, რომ არამიანს მშობლიური ერევნისგან შორს უწევს ცხოვრება და მუშაობა, მისთვის განსაკუთრებულია სამშობლოში და მისგან შორს ცხოვრების თემა. ეს ის საკითხია, რომელსაც პოტენციური და უკვე შემდგარი ემიგრანტები, ასევე პოლიტიკოსები და სხვადასხვა მოხელეები აქტიურად განიხილავენ. ბოლო დროს, ქვეყნიდან სომხების პანიკურად გაქცევის ტენდენცია წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს.
რა არის იმის მიზეზი, რომ ისინიც კი, ვინც 1988-1991 წლებში სომხეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ტოვებენ მას და გარბიან. მთავარი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, რომელიც წლიდან-წლამდე უარესდება. უმუშევრობა, ინფლაცია, კორუფცია და მონოპოლია სომხეთიდან ხალხს, პირდაპირი გაგებით ყრის.
მეორე მიზეზი ეს არის უპერსპექტივობა არა მხოლოდ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის, არამედ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის. ისინი ხედავენ, ხომ სომხეთში შეუძლებელია მაღალ თანამდებობებზე ნაცნობ-მეგობრების და ნათესავების დახმარების გარეშე მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა და ხსნას ემიგრაციაში ხედავენ.
“სომხეთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. მათი უმრავლესობა შესანიშნავი მხატვარი, მუსიკოსი, ან მოქანდაკე გაიზრდება. ისინი უცხოეთისკენ იყურებიან, რადგან დღეს, ქვეყანაში ხელოვნებისადმი შესაბამისი სამინისტროების და შემოქმედებითი კავშირების დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ძალზედ სავალალოა”, – ამბობს არამიანი და დასძენს, რომ ასეთი ახალგაზრდების დარწმუნება, დარჩნენ უპერსპექტივო ქვეყანაში, ძნელია.
სომხეთის დედაქალაქის ძეგლები
სომხეთის დედაქალაქში ძეგლების დადგმას ბევრს არ ანდობდნენ, მხოლოდ ყველაზე ცნობილ, ავტორიტეტულ და დამსახურებულ მოქანდაკეებს, როგორიცაა, მაგალითად კოჩარი. დამოუკიდებლობის პირველ წლებში კი, ძეგლებს საერთოდ აღარავინ დგამდა. პირიქით, ადრე დადგმულს იღებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ამ ტენდენციას კატასტროფული მასშტაბები არ მიუღია.
ბოლო ათწლეულში ქალაქის გარეგნულ იერზე და მის გალამაზებაზე დაიწყეს ზრუნვა. გაჩნდა ახალი ქანდაკებებიც – ზოგჯერ კარგი, შესანიშნავიც, ზოგჯერ კი საშინელი, უგემოვნო და უადგილო. თუმცა, ამ საკითხზე არამიანი დუმილს ამჯობინებს. იგი მხოლოდ არნო ბაბაჯანიანის გედების ტბასთან დამონტაჟებული ძეგლის გარშემო ატეხილ ამბავს იხსენებს. ფაქტია, რომ ეს ერთ-ერთი ძეგლია, იმ მცირეთაგან, რომელიც ერევნის სიმბოლოდ იქცა.
“არნო ბაბაჯანიანის ძეგლის ავტორი დავით ბეჯანიანი ზუსტად ჩაწვდა კომპოზიტორის სულს. არადა, რა აღარ თქვეს მასზე და როგორ აღარ გაამწარეს. საბოლოო ჯამში, შეუძლებელია ამ ყველაფერს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ემოქმედა. სხვათა შორის, ძეგლის თავდაპირველ ვარიანტში არნოს გრძელი თითები, ნოტებად ქცეული გრძელი ფრჩილებით უნდა ყოფილიყო გაფორმებული. საბედნიეროდ, მაქსიმუმი, რაც დავითის ოპონენტებმა შეძლეს, არნოსთვის ფრჩხილების დაჭრა იყო. დანარჩენი ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით შესრულდა”, – ამბობს არამიანი.
ასე რომ, არამიანის ღრმა და მრავალbმნიშვნელოვანი ქანდაკებების და ფერწერული ნამუშევრების ხილვა შესაძლებელია მოსკოვში, ძირითადად კერძო კოლექციებში. ვიმედოვნებთ, აშოტ არამიანი თავის სახელოსნოში ბევრ შესანიშნავ ნაწარმოებს შექმნის.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა