საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3640 ლარი იქნება, დღეს კი, დოლარის შეძენა 2.3336 ლარად შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0304 -ით გაუფასურდა.კომერციულ ბანკებში კი, გაცვლითი კურსი უფრო მაღალია. მაგალითად, “თი-ბი-სი” ბანკში, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.4000 ლარად შეიძლება. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარი შეადგინა.
როგორც kvira.ge წერს, მოსახლეობა ვალუტის გადაცვლისგან თავს იკავებს, ბაზარზე კი დოლარის დეფიციტი შეინიშნება.
ექსპერტების შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია უახლოეს პერიოდში შენარჩუნდება. ipn.ge-სთან საუბარში ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენები ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს, ამიტომ ხელისუფლებამ ვალუტის დასტაბილურების მიზნით საბიუჯეტო ხარჯები კიდევ უნდა შეამციროს.
“არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ მიმდინარე მოვლენები ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს. ვხედავთ, რომ არასახარბიელო ვითარებაა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ასევე მკვეთრად შემცირებულია ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, სუსტია კაპიტალის ბაზრები აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ნავთობის ფასი დაცემულია, რუბლი კიდევ უფრო გაუფასურებული”, – აცხადებს ეკონომისტი.
ბედინეიშვილის მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია. ipn-ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ გადასახადებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასთან ერთად, მთავრობამ სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკაც უნდა შეცვალოს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემა მეზობელ ქვეყნებსაც შეექმნათ. თურქულმა ლირამ და რუსულმა რუბლმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწიეს. აზერბაიჯანში სავალუტო რეგულაციებში ჩარევა აზერბაიჯანის ეროვნულ ბანკს მოუწია. სომეხი ეკონომისტების პროგნოზით, გაუფასურების საფრთხის წინაშეა სომხური დრამიც.
ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის დასტაბილურებისთვის საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს არ დგამს. როგორც გოცირიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, “მსოფლიო ეკონომიკებში პროცესები ჩვენს თვალწინ იცვლება, უცვლელია მხოლოდ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა”.
ქართველი ექსპერტებისგან განსხვავებით, ხელისუფლება ოპტიმისტურადაა განწყობილი.
როგორც გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას კონსულტაციები ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან და ექსპერტებთან, რომელთა მოსაზრებით, საქართველომ “კრიზისული პერიოდი უკვე გაიარა”.
“ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების აზრით, ეს ასე აღარ მოხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.