უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან კავშირის გაღრმავების, მათი პრობლემების მოსმენისა და ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით, თბილისმა დისპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს – “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის” უმასპინძლა. ფორუმი 27 მაისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში ამ ადამიანების აქტიურ მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობა.
ჯანელიძის შეფასებით, საქართველო წარმატებით ადგას ევროპული განვითარების გზას და ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული დიასპორა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.
“ჩვენი მიზანია, სადაც არ უნდ იყოთ, გქონდეთ კავშირი თქვენს სამშობლოსთან. პროგრამა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ არის ამბიციური, მას სჭირდება სამოქმედო გეგმა და იმპლემენტაცია. პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები, არის ის რაც ყველას გვაერთიანებს, დარწმუნებული ვარ რომ ამ შემართებით, რაც დღეს ფორუმის მონაწილეებში იგრძნობოდა, ეფექტიანად მოვახდენთ პროგრამის რეალიზაციას. მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თქვენ აქტიურად იყოთ ჩართული ამ პროცესში”, – განაცხადა მინისტრმა.
ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც ესწრებოდნენ. მაგრამ, ღონისძიებას არ ესწრებოდა ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ამ ფაქტის მიმართ უარყოფითი შეფასებები არ დაიშურა ყოფილმა დიპლომატმა, ამჟამად პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ფორუმი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა გაეხსნა, თუმცა მისი მხრიდან, არ ყოფილა არც წერილი, არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ მოვიდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. დეპუტატის აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საკუთარი მფარველობის ქვეშ არ განიხილავს.
“ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი არ თვლის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები მისი მფარველობის ქვეშ არიან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე პირველად შეიმუშავა დიასპორის სახელწიფო სტრატეგია – “ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა”, რომელიც დამსწრე საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააცნო.
ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს პროფესიული ნიშნით მუშაობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. შეეძლოთ ინტერესების შესაბამის თემატურ ჯგუფებში გაწევრიანება, სადაც განიხილეს სხვადასხვა საკითხები: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართა დისკუსიები, ხოლო მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები, როგორც Dalma News-ს საგარეო უწყებაში განუმარტეს, შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებსა თუ პროექტების დაგეგმვაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ილია მეორემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს იმ სულიერი და მატერიალური დახმარებისთვის, რასაც ისინი საქართველოს უწევენ. მოუწოდა მათ არ დაიშურონ ძალები და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მათმა შვილებმა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, არ დაივიწყონ მშობლიური ენა.
“რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა და კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში და რომლებიც ჩვენი სულიერი კულტურის ცენტრები გახდა, ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ”, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა თხოვნით მიმართა დიასპორის წარმომადგენლებს, იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რადგან უცხოეთში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლოს მიმართ მოქალაქეობრივი მოვალეობები აღარ აქვთ.
“თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ”, – დასძინა პატრიარქმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, ქართული დიასპორის წარმომადგენლები დააიმედა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, განიხილება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ მოუწევთ საკუთარ სამშობლოში მოქალაქის უფლების აღსადგენად რთული პროცედურების გავლა. პრემიერის თქმით, ეს მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ ქართველ ემიგრანტებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ცხოვრებაში.
გიორგი კვირიკაშვილის იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი, ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში მიიღებს. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, რისთვისაც პრემიერმა მას მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავრობა, ამიერიდან სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წაახალისებს დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში. დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მიერ ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“გასული წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან იმედის მომცემია. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე გეგმავს საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს, უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდას. მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, მის ეფექტიან თანამშრომლობას სამშობლოსთან, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა თბილისსა და მცხეთაში, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთს, ლევილის სახელი მიენიჭა, სადაც, უახლოეს მომავალში სიმბოლური მონუმენტიც დაიდგმება.
ღონისძიებას, საქართველოში ვიზიტად მყოფი, ლევილის ვიცე–მერი დანიელ ესპრენიც დაესწრო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს ხელისუფლების სახელით მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მთავრობისა და ლევილის მერიის მიმართ, რომლებმაც, მისი თქმით, დიდი ძალისხმევა გასწიეს ამ დიდი ისტორიული დღის შესაქმნელად. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ლევილთან დაკავშირებით დიდი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. პროექტი პრემიერ-მინისტრის დავალებით და პირადი მეთვალყურეობით განხორციელდება, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებს საფრანგეთსა და საქართველოსო.
თავის მხრივ, ლევილის ვიცე – მერმა დანიელ ესპრენმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ საქართველოშია ლევილი ცნობილი, არამედ ლევილშიც იცნობენ საქართველოს და ქართველები, რომლებიც შატო ლევილის მამულში ცხოვრობენ ძალიან დაფასებულნი არიან.
“მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის არჩევნების შემდეგ ლევილის მერი აღარ ვარ, ჯერაც მუნიციპალური საბჭოს წევრი ვარ და ყოველთვის ვმონაწილეობ საქართველოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მოხარულები ვართ, რომ თბილისმა სანაპიროს მიანიჭა ლევილის სახელი. საქართველოს ლევილშიც იცნობენ”, – განაცხადა დანიელ ესპრენიმ.
P.S. დიასპორის ფორუმი 2017 ოფიციალურად დაიხურა. შეხვედრის მონაწილეებმა ფორუმის სამუშაო ჯგუფებში განხილული საკითხები შეაჯამეს და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რეგორიცაა სახალხო დიპლომატიაში დიასპორის პოტენციალის გამოყენება, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, კულტურული თვითმყოფადობის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და სხვა.
შორენა პაპაშვილი