ასტანაში საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენა “ექსპო -2017” დაიწყო. მთავარი თემაა “მომავლის ენერგია”. ენერგომოხმარების პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას 100 ქვეყანა და 10-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია წარადგენს.
ღირს ქვეყნის პიარი მილიარდები?
გამოფენა დამოუკიდებელი ყაზახეთის ყველაზე მასშტაბური პროექტია. ქვეყანას სავარაუდოდ 2 მილიონი ადამიანი ესტუმრება, საერთო დასწრება კი, 5 მილიონ ადამიანს შეადგენს. როგორც ეროვნული კომპანია “ასტანა ექსპო-2017”-ის ხელმძღვანელი აჰმეტჯან ესიმოვი აცხადებს, გამოფენის გახსნა რესპუბლიკას დაახლოებით 400 მილიარდი ტენგე (დაახლოებით 1,3 მილიარდი აშშ.დოლარი) დაუჯდა.
ამასთანავე, ყაზახური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტო რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ეროვნულ კომპანია “ასტანა ექსპო-2017”-სთვის 583 მილიარდი ტენგე გადაირიცხა, ხოლო დედაქალაქის ბიუჯეტიდან – 1,465 მილიარდი ტენგე.
ფულის ასეთმა ხარჯვამ, ცხადია საზოგადოების უკმაყოფილება ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. შემოწმებების შედეგად გამოფენის ორგანიზებაში ჩართული ზოგიერთი მოხელე დააკავეს, მათ შორის ეროვნული კომპანია “ასტანა ექსპო-2017”-ის მმართველი დირექტორი სულმაბეკ ბარკინჰოევი.
ნავთობის გაიაფების პირობებში, რაც ყაზახეთის ბიუჯეტზე სერიოზულად აისახა, ქვეყნის პიარისთვის დახარჯული თანხები სერიოზული დავის საგანი გახდა.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული ვნებათაღელვა “ექსპო-2017”-ის სტუმრებს და მონაწილეებს არ შეეხებათ. არა მხოლოდ მოხალისეები, ასტანას მოსახლეობაც თბილად შეხვდა გამოფენის უცხოელ დამთვალიერებლებს.
ალიევის უჩვეულო არ დასწრება
იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ქვეყანაში აღნიშნულ ღონისძიებას, მოწმობს მიწვეული სტუმრების ჩამონათვალიც. ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, წევრი ქვეყნების – რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის ლიდერებმა ექსპოს გახნის ცერემონიალზე გადაინაცვლეს. სტუმრებს შორის იყვნენ დსთ-ს და ევროპის ქვეყნების, რომლებიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში არ შედიან, მეთაურები (მაგალითად, ესპანეთის მეფე).
ამასთანავე, სომხეთის და ყაზახეთის პრეზიდენტების თბილი შეხვედრის ფონზე, უცნაურად სჩანდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის არყოფნა. სომხეთში ასტანა განიხილება, როგორც ბაქოს ინტერესების მთავარი დამცველი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში. ნებით, თუ უნებლიეთ, ჩნდება კითხვა: ამ ორ ქვეყანას შორის რაიმე პრობლემამ ხომ არ იჩინა თავი? ძნელი დასაჯერებელია, რომ ყაზახურმა მხარემ ამდენი ქვეყნის ლიდერი დაპატიჟა და უახლოესი სახელმწიფოს ლიდერი გამორჩა.
საბოლოო ჯამში, “ექსპო-2017”-ის გახსნაზე აზერბაიჯანული მხარე ენერგეტიკის მინისტრ ნატიგ ალიევს უნდა წარედგინა, თუმცა მინისტრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო აზერბაიჯანული მხარე არავის წარუდგენია.
ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი და განახლებადი ენერგეტიკა
რაც შეეხება თავად გამოფენას, ბევრმა მონაწილემ ენერგეტიკის სფეროში თავიანთი ქვეყნების მიღწევების ნაცვლად, “ექსპო” ტურისტული ღირშესანიშნაობების რეკლამის მოედნად აქცია. ამგვარად, თუ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოფენაზე ნავთობის და გაზის სფეროში თავისი მიღწევები (რასაც ენერგეტიკულ მომავალს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ) წარადგინა, ქართული პავილიონის ყურადღების ცენტრში ქართული ღვინო იყო. რაც შეეხება სომხეთს, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის ყველაზე პატარა პავილიონი ჰქონდა დათმობილი, გამოფენის კონცეფციას თემატურად ყველაზე მეტად შეესაბამებოდა.
“გამოფენის მთავარი თემა, როგორც იცით, მომავლის ენერგიაა. აქედან გამომდინარე, ჩვენს პავილიონში წარმოვადგენთ ენერგეტიკულ პროგრამებს, ინოვაციებს და სამომავლო გადაწყვეტილებებს. მეორე მხრივ, ეს არის სომხეთის ტურისტული სფეროს, მისი ინვესტიციური პროგრამების და საინვესტიციო მიმზიდველობის წარმოდგენის შესაძლებლობა”, – განაცხადა ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა სურენ კარაიანმა პავილიონის გახსნაზე.
სომეხ ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე დასძინა, რომ “ექსპო-2017”-ზე სამი თვის განმავლობაში სომხური კომპანიები თავიანთ პროდუქციას თანმიმდევრულად წარადგენენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული განცხადება გააკეთა განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის სომხური ფონდი დირექტორმა არმენ მელქიქიანმა.
“გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მომენტისთვის რთული სათქმელია ის, თუ რამდენი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ “ექსპოს” მედიის საშუალებით ვაშუქებთ და მზად ვართ სომეხი ბიზნესმენების ნებისმიერი განცხადება მივიღოთ და განვიხილოთ”, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მელქიქიანის თქმით, “ექსპოს” გამოფენაზე თავის პროდუქციას პირადად სომხური კომპანია „ლოკატორი“ წარმოადგენს. მის გარდა კიდევ 5-6 კომპანიის ბუკლეტები და სარეკლამო მასალაა წარმოდგენილი. ფონდი “ექსპო-2017”-ზე მზის, გეოთერმული და ქარის ენერგეტიკის სფეროში სომხეთის შესაძლებლობებსაც წარადგენს.
“ასტანა ექსპო-2017”-ის გამოფენაზე სომხეთის რესპუბლიკა განახლებადი ენერგეტიკის ამჟამინდელ საინვესტიციო შესაძლებლობებსაც წარადგენს. “ჩვენი რესურსებია: მზის, წყლის, გეოთერმული და ქარის. ჩვენ განსაკუთრებული საინვესტიციო ჟურნალი მოვამზადეთ, რომლის ელექტრონული ვარიანტიც აქ არის წარმოდგენილი და კონკრეტულად, ციფრებით ვაჩვენეთ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ ინვესტორებს, რომლებიც სომხეთში მოვლენ და შესაბამის ინვესტიციებს განახორციელებენ”, – განაცხადა მან.
გამოფენაზე ერთობ შთამბეჭდავი იყო კომპანია “ლოკატორი”
“ჩვენ ყოველთვის მართვის, ტელემეტრიის და ტელემექანიკის ავტომატურ სისტემებს წარვადგენთ. დღეისათვის ჩვენი კომპანია მართავს და აკონტროლებს მთელი სომხეთის სასმელ წყალს, სასწრაფო დახმარებას და მსგავს გლობალურ მომსახურებას. წარმოვადგენთ სისტემას, რომელსაც ელექტროენერგიის დაზოგვის, დიდ ქალაქებსა და საწარმოებში ელ.ენერგიის სწორად დისტრიბუციის ხელშეწყობა შეუძლია”, – განაცხადა კომპანია “ლოკატორის” თანამესაკუთრე და დირექტორმა არმენ ხაჩატრიანმა.
“სომხეთის შეთავაზებით უკვე დაინტერესდნენ ყაზახი ბიზნესმენები და განაცხადეს, რომ სომხეთი თავიდანვე მაღალი ტექნოლოგიების ქვეყანა იყო”, – დასძინა ხაჩატრიანმა.
“მათთვისაც საინტერესოა ჩვენთან თანამშრომლობა, რადგანაც “რკინა” აქვთ, მაგრამ არ აქვთ პროგრამული უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, მათ აინტერესებთ ის კომპანია, რომელსაც დღეს პროგრამული უზრუნველყოფის ამოუწურავი რესურსი გააჩნია. ჩვეულებრივ, ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც რომელიმე ობიექტის – მნიშვნელობა არა აქვს, წყლის იქნება, ელ.ენერგიის, თუ გაზის – კონტროლისთვის არის გამიზნული, სწორედ განსაზღვრულ მწარმოებელთან მუშაობს. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი უნივერსალურია ნებისმიერი მწარმოებლისთვის”, – განაცხადა ხაჩატრიანმა.
იმედია, “ექსპო-2017”-ის შედეგად “ლოკატორი” პარტნიორს, ხოლო განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის ფონდი – ინვესტორს იპოვის და, რაც მთავარია, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მომავალი წლისთვის, რაკი გამოფენაში მონაწილეობა გადაწყვეტილია, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ თავი ღირსეულად წარადგინოს და მისთვის გამოყოფილ პავილიონზე წარმომადგენლობის თვალსაზრისით მაინც, არაფრით ჩამორჩეს, თუნდაც რეგიონულ მეზობლებს.
მოამზადა აიკ ხალათიანმა