არგენტინელი ფოტოხელოვანი პაბლო ფერარი საქართველოს ორი წლის წინათ, სულ რაღაც სამი დღით ესტუმრა. მან სოციალური ქსელის მეშვეობით ჯერ ცნობილი ქართველი ფერმწერის ავთო ვარაზის ქალიშვილი ლიზი გაიცნო, შემდეგ კი საქართველო აღმოაჩინა. ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე შემოიარა, შთაბეჭდილებები კი ფოტონამუშევრებად აქცია. არგენტინელი ფოტოგრაფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი მუსიკოსების ალბომების გარეკანზე მუშაობდა, უკვე ორი წელია თბილისში ცხოვრობს და ამ დღეებში, მეოთხე თბილისური ექსპოზიცია გამართა. მისმა ფოტოებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში მოიყარა თავი და 40 ნამუშევარი საერთო სათაურის, “ლაბირინთის” ქვეშ გაერთიანდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პაბლო ფერარის, არა მხოლოდ საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების ფოტო ვერსიები, არამედ არგენტინაში, პარიზსა და სტამბულში გადაღებული ფოტოები. გამოფენამ ორ დღეს გასტანა. დამთვალიერებელს ფერარის ფოტოების შეძენაც შეეძლო.
გამოფენამდე…
ექსპოზიციის მოწყობამდე, პაბლო ფერარი, მეუღლესთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობას ეწვია და საკუთარი ფოტოკოლექცია, რამდენიმე ახალი ფოტოთიც გაამდიდრა. ფოტოხელოვანი ყველაზე მეტად აღაფრთოვანა შენობის არქიტექტურამ და კედლის მხატვრობამ, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი ღუზა, რომელიც მას საქართველოდან არ გაუშვებს.
როგორც Dalma News-ს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნინო გედენიძემ განუცხადა, არგენტინელი ფოტოგრაფი ბიბლიოთეკაში სწორედ მან მიიწვია. სტუმარს ბიბლიოთეკის სამივე კორპუსი და ის სამკითხველო დარბაზი დაათვალიერებინა, სადაც 1962 წელს, რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმისთვის “თოჯინები იცინიან”, რამდენიმე ეპიზოდია გადაღებული. დარბაზში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, დარბაზში შესვლისას პაბლო ფერარის უთქვამს – ბორხესის სამყარო…
შესაძლოა სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, გამოფენისთვის არგენტინელი მწერლის, რეალიზმის ლათინო-ამერიკული სკოლის ფუძემდებლის, ხორხე ლუის ბორხესის საპატივსაცემოდ “ლაბირინთი” დარქმეოდა.
“ძალიან უყვარს არგენტინელი მწერალი ბორხესი. უფრო მეტიც, პაბლოს ოჯახის წევრები მეგობრობდნენ ბორხესთან და ბუნებრივია მან, რაღაცით დააკავშირა ნანახი გარემო მწერალთან”, – გვითხრა ნინო გედენიძემ.
ქართველების არგენტინელ სიძეს, საქართველოს დედაქალაქის ყველა უბანი ლამის ფეხით აქვს შემოვლილი, ამის მიუხედავად, ბიბლიოთეკის შენობაში ნანახით იმდენად მოიხიბლა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში აღფრთოვანებული დადიოდა კორპუსიდან კორპუსში, დარბაზიდან დარბაზში, იღებდა ფოტოებს, ამოწმებდა მზის სხივების რაკურსს. ავიდა შენობის კოშკზე, ჩავიდა სარდაფში… აქ ნანახი კედლების ფერწერა, ლამის აღმოჩენა იყო ადამიანისთვის, რომელსაც ნახევარი მსოფლიო აქვს შემოვლილი.
“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ ფრესკული მოხატულობის ფასი, მაგრამ ეტყობა თვალი შეეჩვია. უცხოელი კი სხვაგვარად ხედავს და, თანაც, თუ ამ სფეროს პროფესიონალია, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს მისთვის ამ ყველაფერს”, – აცხადებს ნინო გედენიძე და დასძენს, რომ შენობის ფრესკულ მოხატულობაში პაბლო ფერარის ტიბეტური მარადიულობის სიმბოლოც აღმოუჩენია.
ფოტოობიექტივი…
პაბლო ფერარი ფოტოგრაფიით 7 წლის წინათ დაინტერესდა. უყვარს მუსიკა და სამხრეთ ამერიკული როკ-ჯგუფების გადაღება დაიწყო. ახლა კი, სურს გადაიღოს ისტორია. მის ფოტო ობიექტივში ყველაზე ხშირად ხვდება თბილისური ეზოები, ჩუქურთმიანი კიბეები და ძველი აივნები. უყვარს ნისლი და მთები, მოხიბლა მთაწმინდამ, ერთ ნისლიან საღამოს კი, სურათი გადაუღო პეიზაჟს – ნისლში გახვეული მთაწმინდის პარკი და “ეშმაკის ბორბალი”.
“საქართველოში მეძლევა შესაძლებლობა გადავიღო ისტორია. ძალიან საინტერესოა თანამედროვე ადამიანების ნახვა ძველი ქართული არქიტექტურის ფონზე. გამიმართლა, როდესაც ეს ქვეყანა აღმოვაჩინე. მინდა, რომ საქართველო ჩემი ნამუშევრებით, ჩემს სამშობლოს, არგენტინას გავაცნო. მე ძალიან ახალგაზრდა ქვეყანაში დავიბადე, საქართველო კი მიზიდავს თავისი ისტორიით. მიდიხარ მცხეთაში და ნახულობ IV საუკუნის ეკლესიას. ჩამოდიხარ თბილისში და უძველეს ნაგებობებს ხედავ, რომლებიც ამერიკის აღმოჩენამდე აშენდა. უნიკალურია თქვენი ენა და დამწერლობა, უძველესი კულტურა, რომელმაც ისტორიულ ქარტეხილებს გაუძლო”, – ამბობს პაბლო ფერარი.
როგორც ფოტოხელოვანმა Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, ფოტოს გადაღებისას, ხან წინასწარ გეგმავს რისი აღბეჭდვა სურს ფირზე, ხან კი, უბრალოდ სეირნობისას იღებს. თბილისის ძველი არქიტექტურის მიმართ აღფრთოვანებას არ მალავს, თუმცა თანამედროვე შენობების შეფასებისგან, როგორც სტუმარი თავს იკავებს.
“თბილისი დიდი ისტორიისა და კულტურის ქალაქია, თავისი ულამაზესი ქუჩებითა და სახლებით. მინდა ავსახო ეს ჩემს ფოტოებში. საქართველოში ლიზისთვის ჩამოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნის სილამაზით და ამან ჩემს შემოქმედებაზეც იმოქმედა. ვიმოგზაურე სამრეთ ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და აი ახლა საქართველოში ვარ. ჯერჯერობით არ ვყოფილვარ სომხეთში და აზერბაიჯანში, მაგრამ დაგეგმილი მაქვს გავეცნო ამ ქვეყნებს”, – გვითხრა პაბლო ფერარიმ.
სიყვარულია ისტორია…
ლიზის და პაბლოს სიყვარულის ისტორია ძალიან თანამედროვედ, სოციალური ქსელ Facebook-დან დაიწყო. არგენტინელ ფოტოხელოვან მამაკაცსა და ქართველ მხატვარ ქალბატონს ბევრი საერთო აღმოაჩნდათ.
“მე მისი ფოტოები მომწონდა, მას კი ჩემი ნახატები. შემდეგ 10 თვეზე მეტ ხანს Skype-ს საშუალებით ვსაუბრობდით. ბევრი საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა და აი ჩამოვიდა კიდეც. აქ დარჩა, რადგან ერთად მართლაც ბედნიერები ვართ”, – გვითხრა ლიზი ვარაზმა.
“ლიზი შემიყვარდა, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანია. არგენტინელებს და ქართველებს ძალიან მიახლოებული ტემპერამენტი გვაქვს”,- გვითხრა პაბლომ.
ქალბატონი ლიზი ცნობილი ქართველი ფერმწერის ავთო ვარაზის (ვარაზიშვილი) ქალიშვილია, რომლის შექმნილი ტილოები მსოფლიოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება. ავთო ვარაზის ბევრი ნამუშევრის ბედი კი, დღემდე უცნობია. თუმცა, ცნობილი მამის შესახებ, არგენტინელმა სასიძომ, მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეიტყო.
ლიზისაც მიაჩნია, რომ მათ სიყვარულს ხელს არ უშლის ის ფაქტი, რომ განსხვავებული ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლები არიან.
“ალბათ, უნდა იგრძნობოდეს ეს განსხვავება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა. პაბლო ძალიან კარგი ადამიანია. ის მართლაც ჩემი მეგობარია. ჩვენ მისმა შემოქმედებამ შეგვახვედრა”, – აცხადებს ლიზი.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც არგენტინელმა ფოტოხელოვანმა გვითხრა, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, რომელ ქვეყანაში დარჩენა სამუდამოდ საცხოვრებლად. მაგრამ ფაქტია, რომ ლიზისთან ერთად მის გულში თბილისის სიყვარულსაც შეუღწევია. მოსწონს ყოველ დილით, სახლის ფანჯრიდან მთაწმინდის ცქერა, რომელიც ხან ნისლში ეხვევა, ხან მზის სხივებით ერთობა, ხან კი მთვარის შუქზე მდუმარებს.
არგენტინელმა სიძემ ქართული ენა ჯერ არ იცის, მაგრამ ერთი სიტყვა აქვს ამოჩემებული, რომელსაც კონტექსტის შესაბამისად და ძალზედ შთამბეჭდავად ამბობს – “უკაცრავად”.
შორენა პაპაშვილი