საქართველოს კონსტიტუციის პიჯაკივით კომფორტულად მორგების ტრადიცია, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ხელისუფლებაში მოსული ყველა პოლიტიკური ძალა, თუ ლიდერი თამამად ცვლის კონსტიტუციას და ხშირად ის, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნისას სრულებით მისაღები იყო, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კრიტიკის საფუძველი ხდება.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, შორეული მიზნებისთვის გადაკეთებული კონსტიტუციის პირობებში დღეს, თავს სრულებით კომფორტულად გრძნობს ახალი მმართველი ძალა “ქართული ოცნება”, რომელიც არც წინა ხელისუფლების მიერ უუფლებოდ დატოვებული პრეზიდენტისთვის ჩქარობს უფლებების აღდგენას და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობის გამო გრძნობს უხერხულობას. მეტიც, მმართველი პარტიის წევრები ხშირად საუბრობენ პირველ რიგში, პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში დაბრუნების საჭიროებაზე და მიაჩნიათ, რომ ამით ქუთაისს ბევრი არაფერი დააკლდება. მათივე თქმით, პარლამენტარები იქ, მხოლოდ 2 კვირაში 2-ჯერ ჩადიან და ძირითად საპარლამენტო საქმიანობას კვლავ თბილისში ეწევიან, და მეორე – სრულებით არ არის საჭირო პრეზიდენტი მოსახლეობამ აირჩიოს, რადგან საპარლამენტო ქვეყნების უმრავლესობაში პრეზიდენტს ან პარლამენტი, ან საპარლამენტო კოლეგია ირჩევს.
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის მომავალი არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდეს. ოპოზიციაში ამას პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი “ქართული ოცნების” ნეგატიური განწყობით ხსნიან.
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, არსებული კონსტიტუცია ფაქტობრივად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამომავლო ინტერესებზე იყო მორგებული, რადგან, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მესამედ კენჭს ვერ იყრიდა და გეგმავდა, პრემიერ – მინისტრის პოზიციიდან ემართა ქვეყანა. შესაბამისად მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტის როლი განისაზღვრა, როგორც უმაღლესი არბიტრის, მისი უფლებები კი საკმარისზე მეტად შეიზღუდა. სხვა ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტს ჩამოერთვა საკანონმდებლო ინიციატივა და მხოლოდ ვეტოს გამოყენების უფლება შერჩა, რომელსაც დღეს თუ ხვალ, “ქართული ოცნება” ჩამოართმევს.
როგორც ჩანს, მმართველი უმრავლესობა ცდილობს, კიდევ უფრო დაასუსტოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და იქამდე მივიდეს საქმე, რომ ბოლოს გაჩნდეს ლეგიტიმური კითხვა – საერთოდ გვჭირდება თუ არა პრეზიდენტი?
ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილი და დაუშვებლად მიაჩნია, ფუნდამენტურ დოკუმენტს, რაზედაც უნდა შენდებოდეს სახელმწიფო, ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალები საკუთარი ერთჯერადი პოლიტიკური ინტერესის პრიზმაში უყურებდეს.
Dalma News-ის კითხვაზე, რამდენად განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას საპრეზიდენტო მოდელით იმართება ის, თუ საპარლამენტოთი? გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მართვის საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თუ ჰიბრიდული მოდელი ერთი მხრივ მორგებული უნდა იყოს კონკრეტული ქვეყანის კონკრეტულ მოცემულობაზე, ხოლო მეორეს მხრივ – სახელისუფლებო შტოებს შორის უნდა იყოს დაცული სწორი ბალანსი, რადგან კრიზისის შემთხვევაში ურთიერთგაწონასწორების და კონტროლის მექანიზმები მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.
“საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიდეთ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკასთან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ჩვენ დავამკვიდრებთ მულტიპარტიულ დემოკრატიას. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი წმინდა საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა. ასეთმა მოდელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს, თუ ქვეყანაში, რამდენიმე პოლიტიკური პარტია გვეყოლება. საპარლამენტო დემოკრატიის ასეთ პირობებში შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ პრეზიდენტის ირიბ არჩევნებზე, როდესაც ფაქტობრივად იქნება პოლიტიკური გარანტია, რომ ხელისუფლების უზურპაციის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იქნება”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ქართველი ექსპერტის შეფასებით დღეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაში ფაქტობრივად ორპოლუსიანი ვითარება გვაქვს, სადაც ერთი არის დომინანტი პოლიტიკური ძალა, მეორე – დაზიანებული ბრენდი, დანარჩენი პოლიტიკური ელიტა კი ძალიან სუსტია. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება ხელისუფლების უზურპაციის საშიშროებას ზრდის. ამდენად, გია ხუხაშვილის აზრით, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც სუსტი, მაგრამ პოლიტიკური იდილიისგან გამიჯნული პოლიტიკური შტოს არსებობა.
საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებები მოლოდინშია, თუმცა ხელისუფლება არ ჩქარობს. საქართველოს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, რამდენიმე დღის წინათ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი დააანონსა და განაცხადა, რომ პირველ სხდომებზე ისეთი საკითხებს განიხილავენ, რომელიც უმნიშვნელოვანეს სფეროს – კონსტიტუციურ მოწესრიგებას ეხება, მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხები.
„სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა კომისიის მუშაობის ფორმატი, რომელიც მუშაობას სამ ძირითად ეტაპად წარმართავს. პირველ ეტაპზე განიხილეს ინიციატივები თითოეულ ნორმასთან თუ თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე, რომელიც ერთ თვის შუალედში გაიმართება, განიხილავენ კანონპროექტის პირველად რედაქციას, ხოლო კიდევ დაახლოებით 2 თვის შემდეგ, უკვე კანონპროექტის შეჯერებული ვერსიის რედაქციული განხილვა შედგება.
სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ზოგადად ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობას, როგორიც საპარლამენტო რესპუბლიკაშია შესაძლებელი.
“ეს უნდა იყოს იმგვარი საპრეზიდენტო მექანიზმი და ინსტიტუტი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას და ურთიერთთანამშრომლობას”, – მიაჩნია კობა ნარჩემაშვილს.
მესამე ძალის მუდმივი ძიება…
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, უპირველესი საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს არის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომ ქართველი ამომრჩეველი მუდმივად მესამე პოლიტიკური ძალის ძიებაში არ იყოს და არ უწევდეს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის.
ექსპერტის თქმით, წინასაარჩვენოდ ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ ელექტორატში მესამე არჩევანზე იყო მაღალი მოთხოვნა, რადგან “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთად ხმების 37 %-საც ვერ აგროვებდნენ. ამომრჩეველი ამბობდა, რომ მას ჰყავდა ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია და ეძებდა მესამე არჩევანს.
“ძალაუფლება ფაქტობრივად ქუჩაში ეგდო, მაგრამ პოლიტიკური პროცესები ისე წარიმართა, რომ ამ ძალაუფლების ხელში ამღები მესამე ძალა არ, ან ვერ გამოჩნდა. უნდა შევქმნათ კანონმდებლობა, რომელიც შექმნის თანაბარ გარემოს პოლიტიკურ ძალებს შორის და შესაბამისად მივიღებთ მულტიპარტიულ დემოკრატიას, ამ პირობებში უნდა დავწეროთ კონსტიტუციის სხვა მუხლები. სააკაშვილს ვებრძოდი იმიტომ, რომ მან დაამკვიდრა სისტემა, რომელიც აგებული იყო ინსტიტუტების ერთი თავის ქვეშ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ორპოლუსიანი პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან გამოიყენებოდა, დღეს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ცნობილმა ფრაზამ “შუას გაკრეფის” პრინციპმა ჩაანაცვლა. ანუ დომინანტი პოლიტიკური ძალა ქმნის მტრის ხატს და ამგვარად ცდილობს ამომრჩეველთა ხმების საკუთარ კალათში მობილიზებას.
მიწების უცხოელებზე გასხვისება და ევროინტეგრაცია…
მას შემდეგ რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის პრიორიტეტი კონსტიტუციაში ჩაიწეროს. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილი და მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში ასეთი ტიპის ჩანაწერის განთავსება ნონსენსია. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ სამყარო დინამიკურია, ხოლო კონსტიტუცია მუდმივი დოკუმენტი, რომელსაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება ეყრდნობა, კონსტიტუცია მუდმივ ფასეულობებს უნდა ეყრდნობოდეს და ისე იწერებოდეს, რომ შიგ აღარაფერი იცვლებოდეს.
“წარმოვიდგინოთ ყველაზე ცუდი სცენარი. ხვალ ნატო, ან ევროკავშირი დაიშალოს და აღარ არსებობდეს. შეიძლება ასეთი რამეც მოხდეს. ამ ორგანიზაციებმა ფუნქცია ამოწურონ და დაიშალონ. მაშინ ხომ აბსურდში გადავდივართ? კონსტიტუციაში გვეწერება ორიენტირი იქით, რაც აღარ არსებობს? არ შეიძლება კონსტიტუციაში ჩაწერო ისეთი რაღაცას, რაც თეორიულად შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ არსებობდეს”, – მიაჩნია გია ხუხაშვილს.
ახალი პარლამენტის პირობებში კვლავ გააქტიურდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხი. პარლამენტში შიდა განხილვების დაიწყეს. დეპუტატებისა და ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში მიწებს ყიდულობენ, გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები უნდა დაეკისროთ. ნაწილს კი მიაჩნია, რომ მიწა ისეთი ფასეულობაა, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება. არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ უნდა ჰქონდეს ქართული მიწის, საბადოების, ქართული მდინარეებისა და წყაროების გაყიდვის უფლება და ეს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს.
“რამდენად არის ეს საკონსტიტუციო თემა დაბეჯითებით ვერ გიპასუხებთ, მაგრამ კანონი რომ უნდა არსებობდეს, ამაში დარწმუნებული ვარ”,- განუცხადა Dalma News-ს გია ხუხაშვილმა.
მისი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ხელისუფლებამ სხვადასხვა ზომები უნდა მიიღოს. დღეს ასეთი შეზღუდვები აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველი ინვესტორი უცხოელთან შედარებით არ არის კონკურენტუნარიანი.
“დღეს ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით გვაქვს პრობლემა, მაგრამ ხვალ, როდესაც ადგილობრივი ინვესტორი კონკურენტუნარიანი გახდება და მოძლიერდება, შესაძლებელია უცხოელ ინვესტორს მიწის მფლობელობის უფლებაც მივცეთ, მაგრამ დღეს ეს დაუშვებელია. ამიტომ მე ამას კონსტიტუციაში არ ჩავწერდი მაგრამ კანონით დავარეგულირებდი. ევროპის, რომელ ქვეყანაშია ადვილი მიწის ყიდვა? ჩვენც ხომ ევროპისკენ მივდივართ”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
P.S. დღეს არსებული მდგომარეობით, უცხოელები, ან უცხოური კომპანიები, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის, ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება.
შორენა პაპაშვილი