თბილისში, Black&White Gallery-ის საგამოფენო სივრცე, სომეხი ფოტოგრაფის გერმან ავაქიანის გამოფენამ – “თბილისის სახეები” (Faces of Tbilisi) მოიცვა. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი, ერთ ფონზე გადაღებული სხვადასხვა ადამიანების შავ-თეთრი ფოტოები, მაგრამ გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი უმალვე მიხვდება მთავარ იდეას, ეს არის თბილისი, მრავალეთნიკური ქალაქი, რომელიც თავის პატარა ამბავს, ამ ადამიანების საშუალებით მოგითხრობთ.
თავად ფოტოხელოვანი გერმან ავაქიანი თბილისელი არ არის, თუმცა საქართველოშია დაბადებული და ოჯახური პირობების გამო, სხვადასხვა დროს საქართველოს, რამდენიმე კუთხეში უცხოვრია. დაიბადა ხონში, გაიზარდა კახეთში. მამა სამხედრო პირი ჰყოლია და 20 წლის ასაკამდე თელავში, სამხედრო გარნიზონში მოუხდა ცხოვრება. თბილისში 7 წლის წინათ, სამსახურეობრივი მიზეზით ჩამოსულა და ერთი დანახვით შეჰყვარებია ჩვენი დედაქალაქი, რომლის კოლორიტი დღემდე აოცებს და აღაფრთოვანებს. სამშობლოში დაბრუნებულს კი სურდა თან განსაკუთრებული რამ წაეღო. ასე გაჩნდა პროექტ “თბილისის სახეების” შექმნის იდეაც.
“როდესაც მივდიოდი, მინდოდა თან რაღაც, ისეთი წამეღო… ლამაზი ქუჩები და სახლები, ეს კარგია, მაგრამ ამას ხომ ყველა აკეთებს. დღეს ყველა ფოტოგრაფია. ტელეფონით იღებენ უკვე ფოტოებს. უცებ მოვიფიქრე, რომ თბილისის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. სწორად გამიგეთ. მე მონონაციონალური ქვეყნიდან ჩამოვედი და უცებ ვხედავ ამდენ სხვადასხვა კუტლურას, ერთად იხარშებიან, ერთმანეთისგან რაღაცას იღებენ. უცებ კულტურული შოკი მივიღე, რომ შემიძლია ურთიერთობა მქონდეს აზერბაიჯანელებთანაც, ქართველებთან, ებრაელებთან, რუსებთან… მათგან ავიღო რაღაც და რაღაც მეც მივცე. როგორც ფიზიკაში ამბობენ, საჭიროა განსხვავებული პოტენციალი რომ იყოს ძაბვა, ბიძგი, მოძრაობა, ენერგია”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბარში გერმან ავაქიანმა.
როგორც თავად ამბობს, თბილისში, ნებისმიერ ამინდშიც კი, უჩნდება ფოტოების გადაღების სურვილი, რასაც, სამწუხაროდ ერევანში მოკლებულია. “ერევანში შემიძლია დეპრესიის, თუ ცუდი ამინდის გამო 20 დღის განმავლობაში სახლიდან არ გავიდე. აქ კი, ნებისმიერ ამინდში შემეძლო ფოტოები გადამეღო. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ქალაქის მთავარი სიმდიდრე ის ადამიანები არიან, რომლებიც აქ ცხოვრობენ და მერე დანარჩენი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საქმეები”, – ამბობს იგი.
სომეხმა ფოტოხელოვანმა გადაიღო მეგობრების, ნაცნობების, თუ უცნობი ადამიანების ფოტოები და ერთი პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ისტორია შეკრა. სურდა თბილისის ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აღებეჭდა მის ფოტოობიექტივს, მაგრამ არ იცოდა, შეძლებდა კი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯენელების გადაღებას? ერთი შეხედვით ურთულესი ამოცანა, უჩვეულოდ მარტივად და სწრაფად მოგვარდა. ეს ხომ თბილისია, სადაც არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტები, სადაც ტოლერანტობა და სტუმართ – მასპინძლობის ტრადიცია ყველაზე ღირებულია, სადაც მეზობელს დაუპატიჟებლად შეგიძლია დაუკაკუნო კარზე და მცირედი ძღვენითაც კი ასიამოვნო.
“თითქმის ყველა გადავიღე… არ ვიცოდი, როგორ დამემყარებინა კონტაქტები აზერბაიჯანელებთან. მივმართე მეგობარს და ვთხოვე დახმარება, მან კი პირდაპირ მოლა ვაგიფს დაურეკა. მანაც მეჩეთში მიმიპატიჟა და მითხრა: – გადაიღე ვინც გინდაო. არანაირი პრობლემა არ ყოფილა”, – გაგვენდო ფოტოხელოვანი.
მისი თქმით ფოტოების უმეტესობა გადაღებულია რუსული ეკლესიის, ან სომხური ეკლესიის კედლებთან, მაგრამ თავად ეკლესიები არ ჩანს, რადგან დამთვალიერებლეს მზერა ლამაზი შენობისკენ არ გაქცეოდა. “ეს ადამიანები მარიოტის ფონზე რომ გადამეღო, თქვენ მარიოტს დაუწყებდით ყურებას. არ მინდოდა ადამიანების დანახვაში ხელი რამეს შეეშალა. მეც ძალიან დიდი ემოცია მივიღე ამ ფოტოებით. ჩემთან მოვიდნენ ადამიანები და მეუბნებიან, რომ ფოტოებზე თავიანთი ახლობლები ამოიცნეს, რომლებიც თურმე უკვე აღარ არიან ცოცხლები”, – განაცხადა ფოტოხელოვანმა.
მისივე თქმით, ფოტოები 2010 წელს არის გადაღებული. ერთ-ერთ დამთვალიერებელს ფოტოზე, ორი წლის წინათ გარდაცვლილი მამა ამოუცნია. თავისდაუნებურად გერმან ავაგიანმა აღბეჭდა ისტორია, ცალკეული ადამიანების და მთლიანად ქალაქის ისტორია. მართალია თავს პროფესიონალ ფოტოგრაფად არ მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ ეს ფოტოგრაფია მისი ცხოვრების ნაწილია და, როგორც ადამიანს არ ეკითხებიან, როგორ სუნთქავს, ასევე მას არ უნდა ჰკითხონ, რატომ არის გატაცებული ფოტოგრაფიით.
გამოფენის გახსნას ესწრებოდა თავად ყოფილი მოლა, სრულიად საქართველოს მუსლიმანთა კონგრესის თავმჯდომარე შეიხ ვაგიფ აქპეროვი, რომელმაც Dalma News-ს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
“ერთ დღეს გერმანი მეჩეთში მობრძანდა და გაგვაცნო თავისი პროექტი. როგორც ვიცი გერმანს აშშ-შიც უცხოვრია და, როგორც თავად ამბობს დასავლური ღირებულებების მქონე პიროვნებაა. მაშინ შეიხი ვიყავი და დახმარება მთხოვა. ეს ძალიან დიდი პატივი იყო. ფოტოებზე ბევრი ნაცნობი ვნახე. მათ შორის არის თურქეთის მოქალაქე, ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის წევრი ემი შაქაში, მოლა იასინა, ვერელი ბიჭები. პირველი ფოტო მე გადამიღო”, – გვითხრა ვაგიფ აქბეროვმა.
შეიხის თქმით მისი და გერმანის მეგობრობაზე გავლენა არ მოუხდენია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს. “მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემი ვალია, ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთან დავამყარო ის ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მენტალობას. გამოფენა მომეწონა. ეს არის ნამდვილი თბილისური ხასიათი, სადაც შესაძლებელია ეთნიკური მრავალფეროვნება გადასცე. უნიკალური თბილისი იმით არის, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შეუძლიათ ერთად, სხვადასხვა პროექტები და სასიკეთო საქმე გააკეთონ”, – დაადგინა მან.
თბილისში მოღვაწე ეროვნებით სომეხი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის შეფასებით, გამოფენა “თბილისის სახეები” არის იმ დიდი სიყვარულის გამოხატულება, რომელიც გერმან ავაგიანის აქვს თბილისელებისადმის.
“მას ყოველთვის აწუხებდა თბილისის ფენომენის გაგება, რომ ეს ქალაქი არ არის მხოლოდ შენობები, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ქმნიან თბილისის იერს. ამ უბრალო წესით მას სურდა, აქ მაცხოვრებელი ხალხის გამოკვლევა. უნდოდა მათ სულში ჩაგვეხედა, ეს არ არის ადვილი საქმე. დამთვალიერებელმა უნდა შეაფასოს, რამდენად გამოუვიდა. ქალაქი იცვლება, თბილისური ხასიათი კი რჩება. საერთოდ ქართველი კაცის ფენომენი იმაშია, რომ მაშინ არის კმაყოფილი, როცა გასცემს. ეს კულტურული კოდი არის ყველა ეროვნების მიერ აღიარებული, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ამ კულტურული კოდით გაერთიანება ნიშნავს თბილისელობას. ამ შემთხვევაში კი, არც ეროვნებას და, არც აღმსარებლობას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ყველას შეგვიძლია ფოტოების გადაღება. ხელოვანი ფოტოგრაფი მიზნობრივად აკეთებს განაცხადს, ამით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ფოტომოყვარულისგან”, – აცხადებს იური მეჩითოვი.
სომეხი ხელოვანის გამოფენა თბილისში ორგანიზაცია “კავკასიური თანამშრომლობის” ინიციატივით, გაიხსნა. თავად ორგანიზაციის დამფუძნებელი საქართველოში სომხეთის ყოფილი ელჩი ჰოვანეს მანუკიანია, გამოფენაც სწორედ მან გახსნა: “ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ფესვებით თბილისთან არიან დაკავშირებულნი. ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციაც პირველად თბილისში გავმართეთ, რადგან ეს არის ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ავსებენ ერთმანეთს, ქმნიან საერთო კოლორიტს და ამდიდრებენ საერთო კულტურას”, – განაცხადა მან.
საქართველოს დედაქალაქში სტუმრობამდე, “Faces of Tbilisi”-ის ფოტოები ფართო საზოგადოებამ პირველად 2010 წელს, სტამბოლში გამართულ ფოტოგრაფთა ფესტივალზე IFSAK-ზე იხილა, თუმცა სომეხი ფოტოხელოვანის ნამუშევრების შეფასების შესაძლებლობა, ჯერ კიდევ არ მისცემიათ ერევნელებს. ასე, რომ მათ წინ დიდი სიამოვნება ელით.
მოემზადა შ. ქარჩავა
ფოტოები იური აკულიანი და ნინი დეისაძე