რაუფ ჯანიბეკოვი 1956 წელს დაიბადა და ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. 1973 წელს საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ნ.ნარიმანოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. ქირურგად 30 წელზე მეტხანს იმუშავა. 2010 წლიდან, როდესაც ქირურგიას თავი დაანება, რაუფ ჯანიბეკოვმა უცხოურ კომპანიაში საერთო პროფილის ექიმად დაიწყო მუშაობა.
ექიმი რაუფ ჯანიბეკოვი – თვითნასწავლი მხატვარია. ბავშვობაში მხატვრობით იყო გატაცებული. დაწყებით სკოლაში სწავლისას, მშობლებმა ზეთის საღებავები და ფუნჯები უყიდეს, რამაც ძალიან გაახარა ახალგაზრდა მხატვარი. იგი არასოდეს დასწრებია ფერწერის გაკვეთილებს და ხელოვნების ეს სფერო თავად შეისწავლა. ამჟამად მხატვარს 600-ზე მეტი ნამუშევარი აქვს, რომელთა უმრავლესობაც მის მშობლიურ ქალაქს, ბაქოს ეძღვნება. აზერბაიჯანში, ხელოვნების სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების შესახებ Dalma News-თან ინტერვიუში თავად რაუფ ჯანიბეკოვი საუბრობს.
– თქვენი ნამუშევრების დიდი ნაწილი ბაქოს ეძღვნება, გაჯერებულია ძველი ქალაქისადმი სიყვარულით და ნოსტალგიით. ბაქო დღითიდღე იცვლება, შენდება ახალი ცათამბჯენები, ქალაქი ახალ თანამედროვე იერს იძენს. როგორ აფასებთ დედაქალაქში ასეთ ცვლილებებს, არის შენარჩუნებული ძველი ბაქოს სული?
– რა თქმა უნდა, ბაქო თანამედროვე ქალაქად იქცა. ის ყოველთვის ლამაზი ქალაქი იყო, მაგრამ დღეს ძველი ბაქოს შარმი აღარ არსებობს. ის დრო მენატრება. ცხადია, პროგრესის წინააღმდეგი არ ვარ და ისიც მესმის, რომ ასე უკეთესია, მაგრამ ჩემის აზრით, ქალაქის სახე არ უნდა შეიცვალოს. მიმაჩნია, რომ ახალი ცათამბჯენები ქალაქის ცენტრში კი არ უნდა აშენდეს, არამედ, სადმე პერიფერიებში. ბაქოს ცენტრალური ქუჩების შეცვლა არ შეიძლება, საჭიროა მათი რესტავრაცია. ზღვისპირა ბულვარიც ძალიან ლამაზია – რესტავრირებული და გამწვანებული.
– თქვენის აზრით, როგორი ვითარებაა აზერბაიჯანში სახვითი ხელოვნების სფეროში?
– ჩემთვის ამის შესახებ საუბარი რთულია, რადგანაც არანაირი სამხატვრო განათლება არ მაქვს. არც სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებაში მისწავლია და არც კერძო მასწავლებელი მყოლია. თვითნასწავლი ვარ. ამიტომაც უფლება არ მაქვს თავი პროფესიონალ მხატვრად გამოვაცხადო. მაგრამ ჩემის აზრით, აზერბაიჯანში ხელოვნების თვალსაზრისით, არც ისე სახარბიელო მდგომარობა გვაქვს. ჩემს ბავშვობაში მახსოვს მხატვრებს, რაღაც გარკვეული ავტორიტეტი ჰქონდათ. მატერიალურ კეთილდღეობას არ ვგულისხმობ.ხალხი მხატვრებს, საერთოდ კი შემოქმედებით ადამიანებს დიდად აფასებდა. მხატვრების შემოქმედება ამ დროისთვის არც ისე დიდ დონეზეა შეფასებული. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება დღეს სავალალო მდგომარეობაშია. თუმცა, უკვე შეინიშნება ხელოვნების აღორძინების ტენდენცია. ამოქმედდა გალერეები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში ხელოვნებისადმი მცირედი ინტერესი გაღვივდა. იმედი ვიქონიოთ ეს პროცესი შემდგომშიც განვითარდება.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ, რომელმა მხატვარმა იქონია თქვენზე გავლენა?
– ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მხატვარია რემბრანდტი, რომლის შემოქმედებასაც ვეთაყვანები. არასოდეს მიცდია სხვა მხატვრისთვის მიბაძვა. ყოველთვის მინდოდა მათი მუშაობის ტექნიკა გამომეყენებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი მეთოდიკით ვმუშაობ. ხელოვნების სხვა ნიმუშების დათვალიერებისას ადამიანი ბევრ საინტერესოს წააწყდება და იქიდან სარგებელსაც ამოიღებს. ძალიან მიყვარს დიდებული ოსტატების ნამუშევრების დათვალიერება და ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი ცოდნის მარცვალს მატებს ჩემს შესაძლებლობებს. ჩემთვის სწორედ ეს არის შესწავლა.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ, რომელმა მხატვარმა იქონია თქვენზე გავლენა?
– ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მხატვარია რემბრანდტი, რომლის შემოქმედებასაც ვეთაყვანები. არასოდეს მიცდია სხვა მხატვრისთვის მიბაძვა. ყოველთვის მინდოდა მათი მუშაობის ტექნიკა გამომეყენებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი მეთოდიკით ვმუშაობ. ხელოვნების სხვა ნიმუშების დათვალიერებისას ადამიანი ბევრ საინტერესოს წააწყდება და იქიდან სარგებელსაც ამოიღებს. ძალიან მიყვარს დიდებული ოსტატების ნამუშევრების დათვალიერება და ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი ცოდნის მარცვალს მატებს ჩემს შესაძლებლობებს. ჩემთვის სწორედ ეს არის შესწავლა.
– უცხოეთში აზერბაიჯანელ მხატვრებზე არის მოთხოვნა?
– ჩვენ, რამდენიმე მოთხოვნადი მხატვარი გვყავს და ერთ-ერთი მათგანია საქით მამედოვი. აღარაფერს ვამბობ ისეთ გამოჩენილ აზერბაიჯანელ მხატვრებზე, როგორებიც არიან ტაირ სალახოვი, ტოგრულ ნარიმანბეკოვი, რასიმ ბაბაევი. ვისურვებდი, უფრო მეტი ასეთი პიროვნება გვყავდეს გვერდით. ესა თუ ის ქვეყანა მსოფლიოს, “ფორმულა ერთით” და “ევროვიზიით” არ ეცნობა. ეს მხოლოდ დროებითი გართობაა. ქვეყანა მსოფლიოში ცნობილი ხდება ხელოვნების, შემოქმედების და კულტურის წყალობით. თუ შევძლებთ ჩვენი კულტურის იმ სახით წარმოჩენას, რა სახითაც ის არსებობს, ყველა გაგვიცნობს და დაგვაფასებს.
– რას ურჩევთ ახალგაზრდა, დამწყებ მხატვრებს?
– ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და გავიმეორებ: რწმენა, იმედი, სიყვარული. ეს ძველი გამონათქვამია იმის შესახებ, რომ ადამიანს, მხოლოდ საკუთარი თავის და ძალების უნდა სჯეროდეს, მხოლოდ კარგი მომავლის იმედი ჰქონდეს და უყვარდეს თავისი სამუშაო, თავისი შემოქმედება და ის საქმე, რასაც აკეთებს. ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი ბაქოს ხელოვნების ინსტიტუტში დიზაინერის საქმეს ეუფლება. მისი ჯგუფელები, რამდენიმეჯერ მოვიდნენ ჩვენთან, ჩემი ნამუშევრები დაათვალიერეს და დაინტერესდნენ. მაშინ მივხვდი, რომ აზერბაიჯანში ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. მათ ხელოვნება უყვართ და შემოქმედებითი ცეცხლი წვავთ. მთავარია, მათ ფრთები არ შეაჭრან და სრული განვითარებისთვის საჭირო პირობები შეუქმნან. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ რა თქმა უნდა, ისინი რწმენას, იმედს და სიყვარულს არ დაკარგავენ.
ესაუბრა ჩინარა გურბანქიზი