საქართველოს საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე, სულ ცოტა დრო რჩება. წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში, როგორც პარტიების აქტიური აგიტაციებით, პარტიული სიების წარდგენით, ისე სკანდალებით და ახალი სისხლის სამართლის საქმეებით გრძელდება. სკანდალებს შორის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც განიხილება.
საქართველოს ცესკომ 28 აგვისტოს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის პროცედურა დაასრულა. დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის 64 განაცხადიდან 45 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. როგორც ჩანს, 18-მა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მიიღო, თუმცა თითქმის ნახევარმა ცესკოს საარჩევნო ბლოკის ფორმირების მიზნით მიმართა. თანაფარდობა შემდეგნაირია: 25 პარტია და 7 წინასაარჩევნო ბლოკი.
იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს დღევანდელი შიდაპოლიტიკური ვითარება და რას უნდა ველოდოთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული გამოცემა “საქართველო და მშვიდობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთმა პროფესიონალმა პოლიტოლოგმა, ალექსანდრე ჭაჭიამ ისაუბრა. Dalma News-ის რედაქცია ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.
– ბატონო ალექსანდრე, დიდი ხანია, ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის ანალიზით ქართულ პრესაში არ გამოსულხართ. საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესების სერიოზული ანალიზის ნაკლებობაა, საერთოდ, საქართველოს შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური მასალების დიდი დეფიციტია…
– პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, საინტერესო არ არის. ანალიზისთვის ის ქვეყნებია საინტერესო, რომლებიც, საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ატარებენ ან ცდილობენ, გაატარონ დამოუკიდებელი პოლიტიკა. საქართველო ამ ქვეყნებს არ მიეკუთვნება. საქართველოს პოლიტიკური ქცევის ფორმულის გამოსაყვანად საკმარისია იცოდე წინა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის არსი. საქართველოს არავინ განიხილავს დამოუკიდებელ მოთამაშედ თუნდაც ამიერკავკასიაში, ამიტომ არც მსოფლიო მედია და არც სერიოზული პოლიტოლოგიური ცენტრები არ აანალიზებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკურ ვითარებას. პირადად მე კი, როგორც ცნობილია, საკმაოდ ბევრს ვწერდი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, თქვენ გაზეთშიც. შემიძლია გითხრათ, რომ ანალიზი, წინადადებები, რეკომენდაციები, რომლებიც მოცემული იყო თუნდაც 5-10-15 წლისწინანდელ სტატიებში, სამწუხაროდ, დღემდე აქტუალურია.
– რა არის ამგვარი პოლიტიკური სტაგნაციის მიზეზი?
– მიზეზი არის ის, რომ საქართველოში, მიუხედავად 25-წლიანი ფორმალური დამოუკიდებლობისა, ვერ ჩამოყალიბდა ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი პოლიტიკური კლასი. მეტიც, ვერ ჩამოყალიბდა მყარი იდეოლოგიური პლატფორმის, ალტერნატიული პოლიტიკური და ეკონომიკური კონცეფციების მქონე პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორისაც ელექტორატი შეძლებდა მისთვის მისაღები ძალის არჩევას. დააკვირდით, რა ესმის დღეს ამომრჩეველს პოლიტიკური ლიდერებისგან:
“მე ვარ პროდასავლური კურსის მომხრე, ვოცნებობ ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე, მიყვარს ამერიკა და ამერიკული ფასეულობები, ხოლო სხვებისგან იმით განვსხვავდები, რომ ნამდვილი მომხრე ვარ, გულწრფელად მიყვარს და გულწრფელად ვოცნებობ, ამიტომ უნდა ვიყო პრემიერი, ჩემი ცოლი – თავდაცვის მინისტრი, ჩემი ნათესავი – შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემი საყვარელი – საგარეო საქმეთა მინისტრი და ა.შ.”
სხვათა შორის, ანალოგიური რამ ესმის ამ ლიდერებისგან ამერიკის ელჩსაც:
“დამიჭირეთ მხარი, მე უფრო ყოჩაღად შემიძლია ამერიკის ინტერესების დაცვა, ვიდრე არსებულ ხელისუფლებას!”
ამასთანავე, როგორც ზოგადად პოლიტიკა, ასევე საარჩევნო პროცესი, პარტიების შექმნა-დანაწევრება, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაც ტოტალური უმუშევრობისა და სიღარიბის პირობებში მცირე ბიზნესის ნაწილად იქცა, სადაც იდეების, კონცეფციების, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროგრამებისთვის ადგილი არ არის.
– მიუხედავად ამისა, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. თქვენ საქართველოში ბევრი მომხრე გყავთ, თქვენს შეხედულებებს იზიარებენ, გენდობიან… ვის მიმართ ხართ კეთილგანწყობილი?
– პირადი პოლიტიკური კეთილგანწყობა, ისევე, როგორც, ალბათ, ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობას, არ გამაჩნია. თუმცა არსებობს მიზანშეწონილობის საკითხი, რომლითაც, როგორც ჩანს, ისარგებლებს კიდეც ჩვენი ამომრჩეველი. საქმე ის არის, რომ, როგორც წინა, ასევე, ამჟამინდელ არჩევნებშიც ძირითად მეტოქეებად “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” გვევლინებიან. “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, პარტია არ არის, არანაირი რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური პროგრამა და შესაბამისი ინტელექტუალური პოტენციალი მას არ გააჩნია და “ინტერესთა კლუბს” უფრო წარმოადგენს. ინტერესი კი დღეს ერთია – არ დავუშვათ “ნაცმოძრაობის” რეინკარნაცია, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. იმ გარემოებამ, რომ “ქართული ოცნების” მეტოქე “ნაცმოძრაობაა”, მას ერთხელ უკვე მოუტანა გამარჯვება და, მიუხედავად მოსახლეობის სრული იმედგაცრუებისა, ამჟამინდელ არჩევნებშიც უზრუნველყოფს “ოცნების” დამაჯერებელ გამარჯვებას. საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს, ასეთი კი უმრავლესობაა საქართველოში, ესმის, რომ ნაციონალები – ეს არის უბედურება, სირცხვილი და ქვეყნისთვის პატივის აყრა. ამერიკელებიც კი, რომლებმაც შექმნეს და ხელისუფლებაშიც მოიყვანეს ნაციონალები, დაჟინებით აღარ ითხოვენ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად მის შენარჩუნებას და ამჟამინდელი არჩევნები ამის ნათელი დასტური იქნება: ამერიკელები აღარ მოითხოვენ არჩევნების გაყალბებას ნაციონალების სასარგებლოდ.
სხვა საქმეა, რომ პოლიტიკურ არარაობაში “ნაცმოძრაობის” გადაბარგებასთან ერთად “ქართული ოცნების” საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ნულისკენ დაექანება და შემდეგი არჩევნებისთვის როგორც ეს პარტია, ასევე მთავრობის “არნახული წარმატებებით” მუდამ აღფრთოვანებული მისი არაფორმალური ლიდერი მოსახლეობაში მხოლოდ ირონიას გამოიწვევენ.
– საზოგადოებაში არის შიში, რომ “ნაცმოძრაობა” არ შეურიგდება დამარცხებას და ვითარების დესტაბილიზაციას შეეცდება.
– არ არის გამორიცხული, ეს მათი სტილია. “ნაცმოძრაობა” ხომ ასევე არ არის პარტია იდეებით, კონცეფციებითა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიით, სამაგიეროდ, ეს არის პოლიტტექნოლოგიების, მათ შორის ძირგამომთხრელი პოლიტტექნოლოგიების, პარტია. თუმცა ძალის გამოყენებით მასშტაბურ დესტაბილიზაციაზე “ნაცმოძრაობა” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამერიკელებს გადაწყვეტილი აქვთ, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ხელახლა შექმნან ცხელი წერტილი. ამერიკის თანხმობისა და უშუალო დახმარების გარეშე ნაციონალები მასშტაბურ დესტაბილიზაციას ვერ გაბედავენ. რა თქმა უნდა, იქნება ექსცესები – ჩხუბი, მიტინგები, არჩევნების გაყალბების ბრალდებები, მაგრამ ამაზე შორს საქმე არ წავა.
– ხომ შეიძლება, ივანიშვილის მხრიდან დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად, მისთვის, ასე ვთქვათ, “ადგილის მისაჩენად” ამერიკელებმა ნაციონალების დესტრუქციას დაუჭირონ მხარი?
– ამის არანაირი აუცილებლობა არ არის. ივანიშვილის კაპიტალი დასავლეთში, ამერიკულ ბანკებშია. ეს კი საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯს. შეუძლებელია, ღარიბი ქვეყნის მდიდარი მმართველი პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს.
– რამდენიმე პარტია ცდილობს, “მესამე ძალად” წარმოაჩინოს თავი. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე მიილტვოდა ამ სტატუსისკენ.
– დიახ, არის ათი თუ ოცი პარტია, მათ შორის, ბურჭულაძის, ალასანიას, ნათელაშვილის, რესპუბლიკელების, რომლებიც გაიძახიან, რომ “სულით ხორცამდე პროდასავლურები”, “ჭეშმარიტად პროამერიკულები” არიან. ასეთ პოლიტიკოსებზე უკვე ვისაუბრეთ, მათ არ აქვთ პერსპექტივა. “მესამე ძალა” რომ გახდე, პირველი ორის ალტერნატივა უნდა იყო. ეს პარტიები კი ერთ პოლიტიკურ ველზე ძოვენ, ველზე, რომელიც უკვე განაწილებულია და იქ მათთვის ადგილი არ არის.
– ალტერნატიულ თვალსაზრისს გამოთქვამენ თოფაძე, მეჭიაური, ბურჯანაძე…
– თუკი გაერთიანდებოდნენ, მათ ჰქონდათ “მესამე ძალად” ჩამოყალიბების შანსი. არ ვიცი, რა უშლით ხელს – პირადი ამბიციები თუ “მეგობრების რჩევა”, მაგრამ ისინი მხოლოდ აბნევენ და ფანტავენ იმ ელექტორატს, რომელსაც ქვეყნის განვითარების ალტერნატიული მოდელი სურს. როგორც ვატყობ, ქვეყნის განვითარების მკაფიო სტრატეგიაც არ აქვთ. აქვთ დეკლარირებული მიზნები, მაგრამ მათი მიღწევის საშუალებები და მეთოდები გაუგებარია. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძეს მაინც აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. საქართველოში დღეს ხელსაყრელი ნიადაგია მისი ამჟამინდელი, ხაზს ვუსვამ, ამჟამინდელი პოლიტიკური მსოფლმხედველობისთვის; ხოლო, თუკი ვერ მიიღებს საჭირო რაოდენობის ხმებს, ესე იგი ხალხმა მას წარსული პოლიტიკური ქცევა არ აპატია, არ დაიჯერა მისი ტრანსფორმაცია და პოლიტიკური შეხედულებების 180 გრადუსით შეცვლა.
– ბოლო პერიოდში გაიზარდა “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერთა რაოდენობა. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ამ პარტიას?
– ეს პარტიაც ცდილობს, დაუმტკიცოს ამერიკელებს, რომ მათიანია და სანდოა. ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად ამ პარტიის ჩამოყალიბების პერსპექტივა დღეს არ ჩანს, მაგრამ პარლამენტში შესვლა შეუძლია, რადგან, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, “პატრიოტთა ალიანსს” უდავოდ აქვს დამსახურება ქართველი საზოგადოების წინაშე. სწორედ მათ, გაასაჯაროეს რა ნაციონალების მხეცობის ვიდეოკადრები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არჩევნებში “ნაცმოძრაობის” დამარცხებაში. ვფიქრობ, ამ სკანდალური კადრების გარეშე “ოცნება” ასე დამაჯერებლად ვერ მოიპოვებდა ხმათა უმრავლესობას. საგარეჯოს არჩევნებში მაქინაციების მხილებითაც “ალიანსმა” აჩვენა, როგორ “პატივს სცემს” რესპუბლიკური პარტია კანონსა და დემოკრატიულ ღირებულებებს. გარდა ამისა, “ალიანსმა” სწორი, ეროვნულად ორიენტირებული პოზიცია დაიკავა თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ექსპანსიის მიმართაც. ასეთი ხალხი საჭიროა პარლამენტში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს წლებში თურქეთთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები გველის. აჭარელი ნაცების ლიდერმა აჭარლებს ხომ უკვე უწოდა თურქი ერის ნაწილი, ხოლო თუ “ერთიანი ერი” გახლეჩილია, მოვა მისი “გაერთიანების” დროც.
– გამოდის, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ცხოვრებაში თვისობრივ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ…
– ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში თვისობრივი ცვლილებები არ იქნება. თვისობრივად არც დეპუტატთა კორპუსი გაუმჯობესდება. ხომ იცნობთ პარტიულ სიებს. კი, ყველა სიაში არის საზოგადოების ორი-სამი ავტორიტეტული წარმომადგენელი და პარლამენტში შეიძლება მოხვდეს ათიოდე სერიოზული ადამიანი, მაგრამ ეს ხომ არაფერია გადაწყვეტილების მიღებისას. ათიოდე გონიერი დეპუტატი წინა პარლამენტშიც იყო, მაგრამ რა ხეირი?
ამ არჩევნების დანიშნულება არ არის კვალიფიციური და ეროვნულად ორიენტირებული პარლამენტის არჩევა, ასეთის ასარჩევად არჩევანი არ გვაქვს; ტოტალური გარე კონტროლის პირობებში ეროვნული პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამ არჩევნების დანიშნულება და მნიშვნელობა არის ის, რომ საბოლოოდ დასამარდეს “ნაცმოძრაობის” პრეტენზია ძალაუფლებაზე, რათა ამერიკას ვაჩვენოთ, რომ “ნაცმოძრაობა” არ არის სერიოზული პოლიტიკური ძალა საქართველოში. ამიტომაც ყველა, ვისაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია, უნდა მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს ეს პოზიცია. მთავარია, რომ ამ არჩევნების შედეგებით ამერიკელებმა ჩამოწერონ ნაციონალები, დარწმუნდნენ მათი შემდგომი მხარდაჭერის უპერსპექტივობაში. ისინი, რა თქმა უნდა, მალევე შექმნიან “ახალ ნაციონალებს” სხვა სახელით (ათეულობით პარტია დგას რიგში და ელოდება თავის ჟამს), მოამზადებენ მათ შემდეგ არჩევნებში გაკოტრებული “ქართული ოცნების” ჩასანაცვლებლად, მაგრამ ამ ყველაფერს 2-3 წელიწადი დასჭირდება. ამასობაში კი, შესაძლოა, პატრიოტულმა ძალებმა შეძლონ კონსოლიდირება, რადგან კატასტროფის პირას, ქართველებში, როგორც წესი, თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს.
ესაუბრა ირაკლი თოდუა