ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ფერხული, რომელიც ნაყოფიერების ღმერთის პატივსაცემად შესრულებულ რიტუალს ჰგავს. დროთა განმავლობაში მას მოჰყვა მნიშვნელოვანი ცეკვები: “ქართული,” “ფერხული”, “ხორუმი”, “სვანური”, “ხევსურული,” “აჭარული” და სხვა.
ცნობილია ასამდე ქართული ცეკვა, ცეცხლოვანი ტემპით შერულებული, სააზროვნო ელემენტებით დატვირთული, განსაცვიფრებელი და განუმეორებელი, როგორიც ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, თვითმყოფადი და მდიდარი კულტურაა.
ქართველებს მთებში მოფარიკავე ვაჟკაცური ცეკვების გარდა, რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიც მრავლად გვაქვს. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად მიიჩნევა ცეკვა “ქართული” – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვა. ეს თეატრალიზებული სინთეზური სანახაობა ქართული კულტურის წიაღში XI-XII სს-ებში ჩაისახა. ამ ცეკვაში ქალების ცეკვა გედის სინარნარეს ჰგავს, ვაჟები კი მრავალნაირ გასმებს ისე აკეთებენ, რომ ტანს არც კი არხევენ.
ქართული ცეკვა ხასიათდება სისწრაფით, მიმიკით, თავდაჭერილობით, ჰარმონიული მოძრაობებით, რომლებსაც ხშირად თან ახლავს შეძახილები, სიმღერა, ან ტაში. ქართულ ცეკვას, მსოფლიოს ყველა ცეკვას შორის, უძლიერესი ემოციები ახლავს, რითაც უცხოელებს აჯადოებს და ხიბლავს. დროთა განმავლობაში ქართული ცეკვები თეატრალიზებული გახდა და ის კლასიკური ბალეტის სიმაღლემდე აიყვანეს. ქართული ცეკვა თანამედროვეობას ფეხდაფეხ მიჰყვება და ახალ ილეთებს იძენს, რომლებიც ორგანულად ერწყმიან ტრაციდიულ ფესვებს.
ქართული ცეკვის ქორეოგრაფები ყოველი ახალი ცეკვის შექმნისას ფიქრობენ იმაზე, რომ ცეკვაში ქართული ხასიათი და ადათ-წესები ჩადონ, მაგრამ ამავდროულად გასაგები იყოს უცხო ქვეყნის მაყურებლისთვისაც.
ქალთა ცეკვებში გვხიბლავს უმანკოება, მოკრძალებულობა და კეთილშობილური გრაცია. ვაჟთა ცეკვები კი შესანიშნავად გახსნილი, ემოციური და მთიელი კაცის ტემპერამენტითაა დატვირთული.
ქართული ცეკვების კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ თითქმის ყველა კუთხის ცხოვრებას და ადათებს გადმოგვცემს. ცეკვა თითქმის ყველა კუთხეს აქვს და მათი ხალხური ელემენტები სიცოცხლეს ახლად დაბადებულ ცეკვებში განაგრძობენ.
მართალია შესავალი ერთობ ვრცელი გამოგვივიდა, მაგრამ არც უამისობა ივარგებდა. ამჯერად Dalma News-ის მკითხველს ერთ-ერთი რაჭული ცეკვის “ტაში ბოშო გიორგუნას” შესახებ ვუამბობთ. ამ სიმღერის მოსმენისთანავე ყველას რაჭა გვახსენდება.
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში მდებარეობს. ცეკვაცა და სიმღერაც “ტაში ბოშო გიორგუნა” სწორედ ამ მხარეში, სოფელ ხიმში, სხირტლაძეების ოჯახში დაიბადა და საქართველოს ამ კუთხის განუყოველ ნაწილად იქცა. გიგა სხირტლაძის ტექსტი დღეს ბევრს ხალხური ჰგონია, მისმა შვილმა, ქორეოგრაფმა დავით სხირტლაძემ კი, მამის ლექსი მოგვიანებით ცეკვას მოარგო და რაჭულის ცნობილი ილეთები შექმნა.
“ჩვენი ოჯახი რაჭაში სპეციფიკურად ცოტა გამორჩეულია, იმიტომ, რომ აქ დაიბადა რაჭული ცეკვის ის ვარიანტი, რომელიც ცნობილია საქართველოში და ამ ცეკვის მეორე ინტერპრეტაცია არის “ტაში ბოშო გიორგუნა”. როცა ამ ცეკვაზე ვფიქრობდი, მინდოდა ისეთი ილეთები შემერჩია, რომლებიც უფრო სპეციფიკური და დამახასიათებელი იქნებოდა ჩვენი კუთხისთვის. ასეთი ილეთების მცოდნე იყვნენ ასაკოვანი ადამიანები. როდესაც ასაკშია ადამიანი, უფრო მეტი რამ იცის წარსულის შესახებ, როგორი იყო ცეკვის დასაწყისი, მისი დასასრული. ეს ყოველივე ცეკვის დადგმისთვის მჭირდებოდა,” – გვიამბობს ქორეოგრაფი დავით სხირტლაძე.
ერთ დღეს, როდესაც ის ცეკვის ვარიანტებზე ფიქრობდა და ინფორმაციებს ეძებდა, მამის კრებული გადაშალა და წააწყდა ლექსს:
ტაში ბოშო გიორგუნა, არ გოუშვა ეგ გოგუნა, თორემ გავა საჯვარესა, სხვა ბიჭს გამოაჯავრებსა…
დავით სხირტლაძე ქართული ცეკვების ცნობილი ანსამბლის “სუხიშვილების” ყოფილი წევრია. სურდა თავისი წვლილი შეეტანა მშობლიური რაჭის ისტორიაში, მის ყოფაში და წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა მისი კუთხის პოპულარიზაციისთვის გამოეყენებინა.
“არ მასვენებდა ამ ცეკვის შექმნის სურვილი. “ტაში ბოშო გიორგუნას” ვარიანტმა კარგად იმოქმედა ხალხზე და 15-ე წელია ეს ცეკვა არსებობს. ვფიქრობ, ამ ცეკვას იუბილეც კი გადავუხადოთ. ჩვენს ოჯახში ყველა ხელოვნებასთან ვართ დაკავშირებულნი. ბედნიერი კაცი ვარ, როცა ქუჩაში მივდივარ, ახალგაზრდები მაჩერებენ და ჩემთან სურათის გადაღებას მთხოვენ,” – ამბობს ქართველი ხელოვანი.
მისი აზრით, რაჭული და საერთოდ ქართული ფოლკორი ძალიან ახლოს არის სტუმართმოყვარეობასთან, მარანთან, რთველთან, ლხინთან. უამრავი სიმღერაა შექმნილი ამ თემებზე. ნათქვამია:
მარნის კარი გიმღეროდეთ, თვითონ იყოთ ხვავიანი, თქვენი მოშენება იყოს, თქვენი მრავალჟამიერიო!
დავით სხირტლაძე ამბობს, რომ რაჭაში კარგ ოჯახში მარნის კარმა არ უნდა დაისვენოს.
რაჭული ქორეოგრაფიული ხელოვნების ჩამოყალიბებაში საერთო ქართული ტრადიციების გვერდით ძალიან დიდი როლი ითამაშა ისტორიულ-გეოგრაფიულმა გარემომ, ცხოვრების წესმა. რაჭული ცეკვები უმეტესად სიმღერის თანხლებით სრულდება, ის ცეკვის ერთგვარი აკომპანიმენტია.
შ.ქარჩავა Dalma News-თვის