ნავთობის გაიაფებამ, აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და მთელმა რიგმა სხვა პრობლემამ, რომელიც აზერბაიჯანის ეკონომიკას შეეხო, რესპუბლიკის ხელისუფლება აიძულა სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებაზე.

ბუნებრივია, ვერცერთი სახელმწიფო შეძლებს მომენტალურად შეცვალოს საექსპორტო საქონელი და სტრუქტურა, რადგანაც დროის გარდა, საჭიროა გასაღების ბაზრის მოძებნა, კონკურენტუნარიანი საქონლის შექმნა და ა.შ. უცხოური ვალუტის მიზიდვის ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი მეთოდი შესაძლოა ტურიზმის განვითარება გახდეს. მით უფრო, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მზად არის. საჭიროა მხოლოდ სავიზო რეჟიმის გამარტივება და აზერბაიჯანში ტურისტული პროექტების მომზადება.

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზები და შეფასებები

 

აზერბაიჯანმა ბოლო დროს მართლაც დაიწყო ტურისტების მოზიდვა. ამას მოწმობს ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის მონაცემები, სადაც განხილულია გასული წლის მონაცემები და მომავალი წლის პროგნოზები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ტურისტების წყალობით აზერბაიჯანმა 2,678 მილიარდი მანათი (ძველი კურსით (1$–1,05 მანათი) დაახლოებით 2,5 მილიარდი აშშ. დოლარი) შეაგროვა. ეს 5-ჯერ მეტია, ვიდრე 2010 წელს (654 მილიონი მანათი – კურსი 1$ – 0.78 მანათი), 2011 წელს – 988 მილიონი მანათი დაფიქსირდა.

manat_dollar_euro

 

 

 

 

 

 

 

 

 

WTTC-ის ექსპერტების პროგნოზების თანახმად, 2016 წელს უცხოელი ტურისტები აზერბაიჯანს 2,848 მილიარდ მანათს მოუტანენ (1$—1,59 მანათის კურსით). ეს წინა წლებთან შედარებით 6,4%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, წლეულს, ექსპერტების პროგნოზებით, რესპუბლიკას 2,67 მილიონი ტურისტი ეწვევა.

ორგანიზაცია, რომელიც ტურიზმის სფეროს 10 წლით ადრე აანალიზებს, მოელის,რომ 2016 წელს აზერბაიჯანს 3,37 მილიონი უცხოელი ტურისტი ესტუმრება და მათი წყალობით რესპუბლიკა 5 მილიარდზე მეტს მოაგროვებს. WTTC-ი ასევე დასძენს, რომ ქვეყნის მოსახლეობა 2016 წელს მოგზაურობასა და ტურიზმზე 1,46 მილიარდ მანათს დახარჯავს, ხოლო 2026 წლისათვის ეს ციფრი თითქმის სამ მილიარდ მანათამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ყველაზე “მომგებიან” ტურისტებს, ისინი ჩინელები არიან. ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს მონაცემების მიხედვით, სწორედ ჩინეთის მოქალაქეებმა გაზარდეს 53%-ით საზღვარგარეთ დასასვენებელი ხარჯები და ამჟამად ეს თანხა 215 მილიარდ აშშ.დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლების წყალობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პირველია 184 ქვეყანას შორის.

აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ, აზერბაიჯანმა შემთხვევით არ გაამარტივა სავიზო რეჟიმი ახლო და შორი აღმოსავლეთის ქვეყნების, მათ შორის ჩინეთისთვისაც.

ნოვრუზის რეკორდული მაჩვენებლები

კრიზისი და დევალვაცია ყოველთვის ცუდი არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის. ტურიზმზე საუბრისას უნდა ითქვას,რომ სწორედ მანათის დევალვაციის გამო გახდა აზერბაიჯანი უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი. ამგვარად, დედაქალაქის ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი 200 მანათი, ანუ 125 აშშ. დოლარი ღირს.

ახლო წარსულში ბაქოს ირანელი და რუსი ტურისტები ესტუმრნენ. ზოგიერთი მონაცემით, მხოლოდ ნოვრუზის დღესასწაულზე აზერბაიჯანში დაახლოებით 400 ირანელი და 3 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა. მათ გარდა სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან ჩასული ტურისტებიც იყვნენ.

Bulvar Baku

აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტები მხოლოდ ბაქოს დათვალიერებით არ შემოიფარგლნენ. მაგალითად რუსებს მოსწონთ ქალაქი შეკი, მისი ისტორიული ძეგლები, არქიტექტურა, ბუნება, რეგიონალური სამზარეულო და ტკბილეული.

თავის მხრივ, “კომერსანტის” ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში დაჯავშნული ტურების რაოდება 50%-ით გაიზარდა. როგორც “НТК Интурист”-ის გაყიდვების დირექტორმა სერგეი ტოლჩინმა განაცხადა, აზერბაიჯანში ტურისტულ საგზურებზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურისტული საგზურების ზრდის ტენდენცია დამოუკიდებელი შეკვეთების ბაზარზეც შეინიშნება.

 

“აშკარაა ასევე ბაქოსა და თბილისში ტურისტული საგზურების მატებაც. წინა წელთან შედარებით, იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ამ მიმართულებით სამჯერ მეტი ბილეთი გაიყიდა”, – ამბობს “DaTravel”-ის გენერალური დირექტორი ვლადისლავ შევცოვი.

აზერბაიჯანი ზაფხულის მოლოდინში

 

საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, კერძოდ რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები, აზერბაიჯანსა და საერთოდ, მთელს სამხრეთ კავკასიას გარკვეულ უპირატესობას სძენს ტურიზმის სფეროში. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა, რუბლის დევალვაცია, რუსულ-თურქული კრიზისი, ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება, ტერორისტული საშიშროება თურქეთში – ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც სერიოზულად გაზარდეს ჩვენს რეგიონში, კერძოდ აზერბაიჯანში დასვენების მოთხოვნა. ამგვარად, რუსი ტურისტები დასასვენებლად თურქეთში აღარ გაემგზავრებიან, ხოლო ევროპაში, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დასვენება, ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე აზერბაიჯანში კასპიის ნაპირებთან.

მეორეს მხრივ, ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, მისი მოქალაქეების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ბუნებრივია, რომ ეს ამ ქვეყნიდან დაგეგმილ ტურისტულ საგზურებზეც აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ტურისტების რაოდენობა მატულობს, ზოგიერთი პრობლემა კვლავაც აქტუალურია. მაგალითად, დღესასწაულის დღეებზე ტურისტების მთავარი პრობლემა ფულის გადახურდავება იყო, რადგანაც უქმეებზე ბანკები დაკეტილია, ვალუტის გაცვლითი პუნქტები კი ცენტრალურმა ბანკმა გააუქმა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა გაუთვალისწინებლად ბევრი ფული დახარჯა. ისინი იძულებულნი გახდნენ მანათი “შავ ბაზარზე” შეეძინათ. თუ ოფიციალური კურსი 1.59 მანათი იყო, “შავ ბაზარზე” ერთი დოლარის სანაცვლოდ 1.45 მანათი შეიძინეს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ტურისტებს სერიოზული ხარჯი მიადგათ.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა მომსახურეობის სფეროა. ამ საკითხში აზერბაიჯანს თურქეთის, ან საქართველოს გამოცდილება გამოადგება. ამ ქვეყნების ბიუჯეტს ტურისტული სფეროს წყალობით, ბოლო წლებში სერიოზული თანხა შეემატა.

 

ამჟამად ხელისუფლება და ბევრი სასტუმრო საზაფხულო სეზონისათვის ემზადება და მთავარი მიზანი ის არის, რომ ტურისტები კმაყოფილები დარჩნენ. აზერბაიჯანისთვის დღეს მნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოს აჩვენოს თავისი სილამაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანს შეუძლია ტურისტებს შესთავაზოს, როგორც პლაჟზე, მთაში და ისეთ ქალაქებში დასვენება, როგორიცაა ლიანკორანი და ხაჩმაზი.

Nabran

ტურისტმა ხომ სრული კომფორტი უნდა იგრძნოს, მას ამ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი კვლავაც უნდა ჰქონდეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნებულმა სიამოვნებით გაიხსენოს დასვენების დღეები.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა