თბილისის ისტორიაში 2019 წლის 16 იანვარი ტრაგიკულ დღედ ჩაიწერა. გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი, გამოუცდელობა, უსაფრთხოების წესები უხეში დარღვევა – ამ ყველაფრის შედეგი 4 უდროოდ ჩამქრალი სიცოცხლეა. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია. შედეგად დაიღუპა 3 ახალგაზრდა ადამიანი და ერთი 4 წლის ბავშვი.

16 იანვარს, 20:33 საათზე, დიდ დიღომში, ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქდა შენობის მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინა. ტალღამ მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში გააღწია და ძლიერი ნგრევა გამოიწვია. დაინგრა სახლის რამდენიმე ბინა.

ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე სახლის ახალმოსახლეებმა გაზმომმარაგებელი კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს. შენობაში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იდგა. გამოძახებაზე კომპანიის სპეციალისტები მივიდნენ, თუმცა, როგორც გამოძიებამ დაადგინა, შენობაში არსებული გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში ტრაგედია დატრიალდა. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ კომპანია “L ჯგუფის” მიერ აშენებული კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ისე დაიწყეს ახალმოსახლეებმა საკუთარი ბინების რემონტი, ზოგი მათგანი კი უკვე ცხოვრობდა იქ.

სად არის დაშვებული შეცდომა და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება, ამის შესახებ Dalma News-ს სფეროს სპეციალისტები ესაუბრნენ.

არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილის შეფასებით, დაუშვებელია ახალაშენებულ შენობაში მოქალაქეს შესახლების უფლება მისცე, სანამ ყველა სამსახური შესაბამის დასკვნას არ დადებს და ქალაქის მერია შენობას ექსპლუატაციისთვის არ ჩაიბარებს.

არქიტექტორის აზრით, არასწორია მთელს ამ ტრაგედიაში მხოლოდ ორი პერსონის “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებიც დადანაშაულება და ჯოხის მათზე გადატეხა. საჭიროა გადაიხედოს ნაგებობის კონსტრუქციული სქემა. შემოწმდეს საყრდენი კედლების შემავსებლების ხარისხი. მთელი ამ ტრაგედიის საწყისი ის არის, რომ სახლის მობინადრეები თვითნებურად არიან შესულები, საკუთარი ინიციატივით აქვთ გაზის მოწყობილობები გამართული, რისი შედეგიც არის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაო. გაზმა გაჟონა, ფეთქებადი აირი დაგროვდა ერთ-ერთ ბინაში და ნათურის ანთებისთანავე აფეთქება გამოიწვია.

თამაზ დოგრაშვილის ინფორმაციით, სოციალიზმის ეპოქაში უსაფრთხოების ყველა ნიუანსი ზედმიწევნით იყო გათვლილი. სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების ნებისმიერი შემთხვევა, რასაც მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირებოდა სასტიკ სასჯელს ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება. სამზარეულო ოთახს, სადაც გაზის გამათბობელი იდგა, სტანდარტულად ჰქონდა პატარა ზომის სარკმელი, ხოლო მთლიანად ბინას შახტური ვენტილაციის სისტემა.

საბჭოთა ეპოქაში მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ბინის დატოვებისას სარკმელი ანუ “ფორტოჩკა” ღია დაეტოვებინათ. ეს იყო ერთ-ერთი აქტიური საშუალება იმისა, რომ გაზის გაჟონვის შემთხვევაში ის შენობაში დაგროვების ნაცვლად ატმოსფეროში გაფანტულიყო. სკოლებში სპეციალური საათები ეთმობოდა მსგავს გაკვეთილებს. მოზარდებს უნდა სცოდნოდათ, რომ როდესაც გაზის გაჟონვის საფრთხე რეალურია და დახურულ სივრცეში შედის ადამიანი, მან არც ნათურა უნდა აანთოს და არც ასანთი. უპირველესად უნდა გააღოს ბინის ფანჯრები და ის გაანიავოს.

როგორც თამაზ დოგრაშვილმა გვითხრა, ახალ სახლს ყოველთვის ახლავს სიურპრიზები. ავთანდილის ქუჩაზე მდებარე სახლის ისტორიაც ახლა იწყებოდა. პირველი 2 კვირა კი ტესტირების პერიოდია.

“არქიტექტორები ძალიან ვფრთხილობთ, როცა შენობაში კომუნიკაციები შეგვყავს. პირველი არის სახანძრო უსაფრთხოება, ხოლო მეორე ადგილზეა გაზის მოხმარების უსაფრთხოება. ყოველთვის ვცდილობთ, რომ სამზარეულოს ფანჯრები იყოს აღჭურვილი საკონტროლო პატარა სარკმლით, ხოლო სახლის სავენტილაციო სისტემა სწორად იყოს დაპროექტებული და დაანგარიშებული. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, შახტური ვენტილაციის სისტემაზე უარის თქმის ტენდენცია არსებობს. ასეთი სისტემები ძველ ბინებში არის, მაგრამ იქაც, მოქალაქეები, უცოდინრობით ანგრევენ მათ მცირე ფართის მისაღებად. მსგავსი თვითნებური ნგრევის დროს, მთელი კორპუსის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება”, – აცხადებს თამაზ დოგრაშვილი.

არქიტექტორი მიჯრით მიდგმულ კორპუსებზეც საუბრობს, რაც თბილისისთვის კიდევ ერთ თავსატეხად იქცა. ძველი ნორმატივის თანახმად, მაღალსართულიან სახლებს შორის დისტანცია მათი სიმაღლის შესაბამისი უნდა იყოს, თუმცა დღეს მსგავსი სტანდარტები სრულად უგულვებელყოფილია.

საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაშია, სახლის დანგრევის დროს, მან მეორე შენობა არ უნდა დააზარალოს. ან ვერტიკალურად უნდა ჩაიქცეს, ან ჰორიზონტალურად ნგრევის შემთხვევაში ისეთ მანძილზე უნდა იყოს აგებული, რომ ჰქონდეს თავისი ნანგრევის ატანის პირობა. ძველი თაობის არქიტექტორები შენობის პროექტის შედგენისას მიწისძვრის მაქსიმალურ ბალიანობას ითვალისწინებდნენ და თეორიულად მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს უშვებდნენ. ასეთ დროს მუშაობა უადვილდებათ სამაშველო ექსპედიციებს, მაგრამ როცა 2 შენობის ნაშთი ერთმანეთში აირევა, იქ გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნება.

არქიტექტორები ხშირად საყვედურობენ საქართველოს ხელისუფლებას არქიტექტურის სამინისტროს გაუქმებას. ქალაქის მერიის სამსახური უბრალოდ ვერ ართმევს ამ მოვალეობას თავს. იმ დროს, როდესაც სამშენებლო ბიზნესის ბუმია ქვეყანაში, არ არსებობს შესაბამისი უწყება.

“ფულის კეთების სურვილის გამო მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი განწირულია. თბილისის გადარჩენა აღარ ვიცი, რა გზებით უნდა მოხერხდეს. პროფესიონალი საზოგადოება გარიყულია. არჩევენ უნებისყოფო ხალხს, რომლებიც დიდი ხელფასის გამო ნებისმიერ პროექტზე მოაწერენ ხელს. არქიტექტურული საზოგადოება გვერდზეა გაწეული. ვწერთ საპროექტო და კრიტიკულ წერილებს, მაგრამ უშედეგოდ. არ გვაქვს კონცეტრირებული ცენტრი, სამინისტრო”, – აცხადებენ ძველი თაობის არქიტექტორები.

მათივე შეფასებით, თბილისში გაცხოველებული მშენებლობების გამო განსაკუთრებით საშიში რაიონებიც კი გაჩნდა. დაიკარგა ვაკის რაიონის ელფერი და ის ყველაზე ცუდი საცხოვრებელი რაიონი გახდა. განადგურების პირასაა საბურთალო, ყველაზე იმედის მომცემი იყო დიდი დიღომი, თუმცა იქაც მისწვდა ფულის კეთების ვნება. მრავალსართულიანი ცათამბჯენების მიჯრით დადგმა, არანაირ წესებს აღარ ექვემდებარება.

რაც დრო გადის შეცდომები თავის შედეგს თესავს და ფატალური შედეგები მომრავლდა. ანალოგიური პროცესები მიდის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში დარღვეულია შენობებს შორის დაშორებები, ქუთაისში კი ეს პროცესი ახალი დაწყებულია…

“წლები მივუძღვენი პროექტირებასა და მშენებლობას. გული მტკივა, რა გამართული სისტემა გვქონდა და როგორ ქაოსში აღმოვჩნდით. “ხრუშჩოვკები”, დღეს ალმაცერად რომ ვუყურებთ, საცხოვრებლად დღეს გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე თანამედროვე, ქაოსური კვარტლები. ძალიან იშვიათია მსგავსი ტრაგედიები ხრუშჩოვკებში, იმიტომ, რომ ყველაფერზეა ნაფიქრი – სახანძრო, გაზი, კანალიზაციის სისტემა და ა.შ. ძალიან არ მინდა, თანამედროვე არქიტექტორებმა პროფესიონალიზმში ბრძოლა წავაგოთ ძველებთან. ჯერჯერობით წაგებული გვაქვს”, – ამბობს თამაზ დოგრაშვილი.

პროფესორ მერაბ გუჯაბიძის თქმით, დღეს მოდური გახდა “სტუდიო ტიპის” სახლები, რაც დროებით საცხოვრისს უფრო შეეფერება. დაუშვებელია ოთახში სამზარეულოს არსებობა, ბინას უნდა ჰქონდეს იზოლირებული საძინებელი. დღის და ღამის ზონები გატიხრული უნდა იყოს, ამ ყველაფერს კი, უკვე ფული განსაზღვრავს. ადამიანები დღეს ყიდულობენ ფართს კვადრატულ-მეტრობით და არა ბინას, რაც იაფი უჯდება გაჭირვებულ ადამიანს.

“ძველად არსებობდნენ ქალაქმგეგმარებლები, რომლებიც სახელმწიფო სტრატეგიას შეიმუშავებდნენ და იმის მიხედვით შენდებოდა შენობები. ვინც დღეს 2 კაპიკი იშოვა, ყველამ სამშენებლო კომპანია შექმნა. ვერ გეტყვით რა წარმონაქმნია დეველოპერები. ბევრი რამ არის დამოკიდებული მშენებლის კეთილსინდისიერებაზე. რამდენად კვალიფიციურად დაიცავს ბეტონის მარკის სიმტკიცეს, ვალდებულია გააკონტროლოს კონსტრუქციის თანახმად მიდის თუ არა მშენებლობა, მაგალითად რკინის ბადე, რომელიც იქსოვება კონსტრუქციაში ყოველ 20 სმ-ით იყოს დაშორება და გადაბმული მავთულებით, დაიცვა ეს კონსტრუქცია თუ გააკეთა ეკონომია, მანძილები 25სმ-მდე გაზარდა, გამოათავისუფლა არმატურის ხარჯი და განსხვავება ჯიბეში ჩაიდო. ათასი საშუალება შეიძლება მოიძებნოს მშენებლის სასარგებლოდ, თუ არ არის კეთილსინდისიერი, ფულს მშენებლობის ხარჯზე გააკეთებს”, – აცხადებს მერაბ გუჯაბიძე.

მისივე თქმით, პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც პროექტში მითითებული იყო, რომ ბეტონის მარკა უნდა ყოფილიყო 250 სიმტკიცის და რეალურად აღმოჩნდა, რომ 120-საც ვერ აკმაყოფილებდა. ასევე, პრობლემაა საქმისა და სხვისი სიცოცხლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. პოპულარულია გამოთქმა, – მე ხომ არ უნდა ვიცხოვრო?…

“სიღარიბისა და არასწორი პოლიტიკის გამო, კვალიფიციური მშენებლები, სამწუხაროდ, სახლში სხედან. დამკვეთიც ხშირ შემთხვევაში სცოდავს, წუწკია. კვალიფიციური ინჟინერი რომ ეუბნება, 1 კვ/მ-ს 100 ლარად გავაკეთებ გარანტიითო, ის გუშინდელ მწყემსს ეძებს, რომელიც ამას 20 ლარად უკეთებს. ჩვენი სფერო, რატომღაც იურისტებმა ჩაიგდეს ხელში და ჰგონიათ, რომ არქიტექტურა მარტო კვადრატული მეტრების მშენებლობაა. ამიტომ არის თბილისი ამ დღეში. რეგულაციებს google -დან იწერენ და არაკვალიფიციურ სტანდარტებს აწესებენ”, – აცხადებს არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე.

პრობლემა რეალური და კომპლექსურია. თბილისი ბეტონის ჯუნგლებში იკარგება და მასთან ერთად ადამიანების სიცოცხლეც. არაერთი გამოცდილი გეოლოგი თუ არქიტექტორი რეკავს განგაშის ზარებს, მაგრამ ბეტონის გამოქვაბულებში, მათი ღაღადი აღარ ისმის. თანამედროვე თბილისის სახე თბილისელებსაც აშფოთებთ, მაგრამ, მარტო სურვილი არ კმარა…

შორენა პაპაშვილი